EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ოცნების რკინის ფარდა - რა შემთხვევაში დაგაკავებენ საზღვრის გადაკვეთისას »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2013-09-30 17:28:28
2013-09-30 16:28
თუ საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტთ, გარკვეული ეჭვების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება დააკავონ. ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვის დაწესებას უფლებადამცველები საქართველოსთვის "რკინის ფარდის" ჩამოფარების მცდელობას უწოდებენ.
პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მსჯელობას იწყებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება უარი უთხრან.
ამჟამად მოქმედი კანონი "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" ამგვარი უარის თქმის საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუ პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან ყალბ საბუთებს ფლობს.
კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქის "ქვეყნიდან გაუსვლელობის" გადაწყვეტილებას იღებს "კომპეტენტური ორგანო", და არა სასამართლო. თუმცა მოქალაქეს, რომელიც საზღვარზე აღმოაჩენს, რომ ქვეყანას ვერ დატოვებს, კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს.
განმარტებით ბარათში ისიცაა ნათქვამი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქემ არ უნდა იცოდეს მისი "გაუსვლელობის" რეალური მიზეზი და ამ მიზეზს სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაშიც ვერ გაიგებს.
"კანონში "სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების" დებულების შემოტანით ახალი არაფერი არ იდება.
ამ მხრივ სიტყვასიტყვით გადმოდის ის, რაც დღეს კონსტიტუციაში წერია და კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. ამასთან, თუკი საკითხის განხილვისას მიჩნეული იქნება, რომ აღნიშნული ნორმა დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ", - აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ირინა იმერლიშვილი.
კონსტიტუციის 22-ე მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია, თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამასთან, კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
პარლამენტის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებას უარყოფითად აფასებენ პოლიტოლოგები და უფლებადამცველები. "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ კანონის ახალ რეგულაციას ხელისუფლება არასასურველი პირებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად გამოიყენებს.
"მიმაჩნია, რომ სრულიად გაუმართლებელი ცვლილებაა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ყოვლად გაურკვეველი მოსაზრებებით. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების გამო არანაირი კანონი არ არსებობს, ამით კონკრეტულ ჩინოვნიკს ან ჩინოვნიკთა ჯგუფს მიეცემა საშუალება, რომ ეს ახსნა სათავისოდ გამოიყენონ.
"ხელისუფლებას შეუძლია, ეს ცვლილება გამოიყენოს არასასურველი პირების უცხოეთში გამგზავრების შესაზღუდად, არ უნდა გაემგზავროს, რომ ინფორმაცია არ მიაწოდოს უცხო ქვეყნებს არსებულ მდგომარეობაზე ან ნებისმიერი სხვა მიზეზი. ასეთი რამ არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. განმარტება, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის, არის არასერიოზული არგუმენტი", - უთხრა კაპანაძემ "მთელ კვირას".
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ კანონპროექტის დეტალებს არ იცნობს.
"არ ვიცნობ კანონპროექტს, ინფორმაცია არ მაქვს, თუ რა ფორმულირებით შეაქვთ ეს ცვლილება და რა სახის შეზღუდვაზეა საუბარი. ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ზოგადად რაც შემიძლია გითხრათ, ამ ინფორმაციის წაკითხვა ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. გასარკვევია, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, ალბათ რაღაც დასაბუთება ექნებათ. ვიღაც უმრავლესობის დეპუტაციის განცხადებებზე დაყრდნობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ პირადად არ წავიკითხავ, რა წერია პროექტში", - უთხრა ლაგაზიძემ "მთელ კვირას".
უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი საკანონმდებლო ინიციატივას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობად აფასებს.
"ეს არის ავტორიტარული მმართველობისკენ და ადამიანის უფლებების შელახვისკენ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ადამიანის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას ქმნის სათანადო სამართლებრივი წინაპირობების და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ცვლილება შეიძლება მიმართული იყოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ან პირადი ანგარიშსწორებისათვის.
"უსაფრთხოების საფარქვეშ მთელი რიგი ავტორიტარული რეჟიმები აწესებენ ფარულ და სხვა ტიპის შეზღუდვებს, ასეთი მაგალითები მსოფლიოში დღესაც ბევრია. მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება კავშირში იყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასაწყისთან, არ ვეთანხმები, რადგან სამართლიანობის აღდგენას არ სჭირდება არანაირი დამატებითი მექანიზმები, საქართველოსთვის დიდი მავთულხლართის შემოვლება და რკინის ფარდის ჩამოფარება. ამისთვის სრულიად საკმარისია არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება, რაც თავის დროზე უნდა ყოფილიყო გამოყენებული", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს.
"იმდენად მოულოდნელი ცვლილებაა, ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს. აშკარად იგრძნობა, რომ საქმე გვაქვს ადამიანის უფლების ძალიან სერიოზულ დარღვევასთან. ერთი მხრივ, ხელისუფლება თავს იწონებს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზრო რეჟიმით და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირთან მიაღწია და, მეორე მხრივ, სავსებით დაუსაბუთებლად ახდენს პიროვნების ნების შეზღუდვას, გადაადგილდეს თავისუფლად, თუკი მის მიმართ არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, ან თუ სამოგზაურო დოკუმენტს არ გაუვიდა ვადა, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული იყო.
"სამწუხაროა, რომ ეს პროექტი წარდგენილია იმ პარლამენტარების მიერ, რომლებმაც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი დაჰპირდენ მათ სამართლიანი გარემოს აღდგენას. როგორც ჩანს, არათუ სამართლიანობის აღდგენას არ აპირებენ, არამედ ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო მეტად აპირებენ, შეზღუდონ ადამიანის უფლებები", - განმარტავს ლორთქიფანიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
თამთა ვირსალაძე
გაზეთი ”რეზონანსი”