EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« 10 რჩევა, როგორ არ გადავიღოთ ცუდი ფოტო »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-11-18 00:36:58

10 რჩევა, როგორ არ გადავიღოთ ცუდი ფოტო

13-წლიანი ფოტოჟურნალისტური საქმიანობა მაბედინებს, “ფოკუსის” მკითხველს გაგიზიაროთ გამოცდილება და მარტივად და გასაგებად გითხრათ, როგორ არ გადავიღოთ ცუდი ფოტო გარეთ, არასტუდიურ გარემოში.
აი, კარგ ფოტოს რაც შეეხება, ეს გემოვნების საკითხია და თავად უნდა განსაზღვროთ, ვის როგორი კადრით მოაწონოთ თავი და რა საშუალებებით შეკმაზოთ.
მთავარი არ არის, რითი გადავიღებთ. მთავარია, რას გადავიღებთ.
რჩევები ეფუძნება იმ შეცდომებს, რასაც ხშირად ვაწყდები მოყვარული ფოტოგრაფების კადრებში.

მაშ ასე _

რჩევა 1
როდესაც არქიტექტურას ვიღებთ ან ბუნებასა და ხედებს, სასურველია ცა იყოს ლურჯი; ხოლო თუ ალაგ-ალაგ თეთრი ქულა ღრუბელიც იქნება, ფოტო უფრო ლამაზი გამოვა. მზე ბუნებასა და შენობებს უფრო ცოცხალ ფერს აძლევს, ლურჯი ცა კი ხელს უწყობს მთავარი აქცენტის გამოკვეთას.
წარმოიდგინეთ თოვლიანი მთები და თეთრი ცა. თქვენ ძნელად აღიქვამთ სხვაობას ორ თეთრ ნაწილს შორის; ხოლო თუ იმავე თოვლიან მთებს ლურჯი ცის ფონზე გადავიღებთ, მაშინ ყველაფერი მკვეთრად და ლამაზად გამოჩნდება.
მზის შუქი ფოტოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნის კითხვა ნათურის შუქზე უკეთესია, ვიდრე ნავთქურის ან სანთლის. ფოტოსთვისაც მზეს ასეთივე უპირატესობა აქვს. განსაკუთრებულ ფერებს კი ის საგნებს დილისა და საღამოს საათებში, აგრეთვე, შავი ღრუბლებიდან გამონათების დროს აძლევს.
ამიტომ, კიდევ უფრო კარგ ფოტო გამოგივათ, თუ გადასაღებად ამ დროს ხშირად შეარჩევთ.

რჩევა 2
ხშირად მინახავს, როდესაც ადამიანები რომელიმე ცნობილი ნაგებობის წინ სამახსოვრო ფოტოს იღებენ, ჩრდილში დგანან, ფონი კი მზით განათებულია.
ასეთ შემთხვევაში, ჩრდილში მდგომი ადამინი ფოტოზე ბნელი იქნება, სახე არ წაიკითხება და თვალთ თუ ხელთ მხოლოდ განათებული ნაგებობა შეგვრჩება.
იმისთვის, რომ ადამიანიც კარგად ჩანდეს, ჩრდილს უნდა მოცილდეს. გადასაღები ადამიანიცა და ფონიც, ეს იქნება ნაგებობა თუ ხედი, მზეზე უნდა იყოს, ან ორივე ჩრდილში უნდა მოხვდეს, რომ თანაბარი განათების კადრი გამოვიდეს.

რჩევა 3
ხშირად მინახავს ტაძრის გუმბათწაჭრილი კადრი. იმისთვის, რომ ფოტო ნაკლიანი არ გამოვიდეს, გუმბათი და მასზე დამაგრებულ ჯვარი ბოლომდე უნდა ჩანდეს. ასეა სხვა ნაგებობების შემთხვევაში. გამოსახულება აუცილებლად უნდა დაასრულოთ.

რჩევა 4
თუ არქიტექტურის გადაღება გვინდა, გარდა იმისა, რომ უნდა გვახსოვდეს მზის განათება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შენობას შეიძლება ხელს დენის მავთულები უშლიდეს ან ხეები ისე ახლოს იყოს დარგული, რომ ტოტები მას ფარავდნენ.
ამიტომ, მავთულებს ისე უნდა დავშორდეთ ან ობიექტივის უკან ჩამოვიტოვოთ, რომ კადრში შენობას ზედ არ გადაეფაროს; ხოლო ხეების შემთხვევაში, თუ ახლოს არის დარგული, არქიტექტურის გადაღება მაშინ არის სასურველი, როდესაც ფოთოლი უკვე გაცვენილი აქვს და შენობას დიდად აღარ ფარავს.

რჩევა 5
პორტრეტის გადაღების დროს ხშირად შეცდომა ის არის, რომ სახის გარდა, კადრში სხვა დეტალები ან მოქმედება შემოდის. მაგალითად, ვიღაც გარბის, მანქანის ნაწილი ჩანს და ასე შემდეგ. თუ ჩვენ მხოლოდ პორტრეტის გადაღება გვინდა და ხაზს არ ვუსვამთ გადასაღები ადამიანის საქმიანობას ან გარემოს, სადაც ის იმყოფება, კადრში მისი სახის გარდა, არაფერი უნდა გამოჩნდეს. მარტივად რომ ვთქვათ, სახე უნდა შევავსოთ. შეგვიძლია, თავიც შუბლთან ისე წავაჭრათ, რომ ადამიანზე წარმოდგენა შეგვექმნას. ამ ხერხს ფოტოგრაფები მაშინ მიმართავენ, როდესაც გმირს მეტყველი თვალები ან სხვა საინტერესო დეტალი აქვს სახეზე.
იგივე რჩევა გამოდგება საგნების გადაღების დროსაც. ვთქვათ, თუ ვიღებთ მაგიდაზე დადებულ წიგნს, მოვარიდოთ ყველა ზედმეტი დეტალი. ეს იქნება კადრში შემოვარდნილი სკამის თავი, მაგიდაზე დადებული კალმისტარი, ფურცელი, საშაქრე თუ სხვა.
მაგრამ თუ სხვა დეტალის გამოჩენა მაინც გინდათ, დააკვირდით, რომ კადრში ცუდად არ ჩამოგეჭრათ _ ეს იქნება ადამიანი, შენობა თუ ნივთი.

რჩევა 6
ალბათ, შეგიმჩნევიათ მოგზაურობიდან ჩამოტანილ ფოტოებში რომელიმე ცნობილ ძეგლთან გადაღებული ადამიანი რა პატარად ჩანს, ისე, რომ ვერც გაარკვევთ, ვინ არის.
ეს იმის ბრალია, რომ გადასაღები ადამიანი ძეგლთან ძალიან ახლოს მიდის. ავიღოთ ეიფელის კოშკი ან ხეოფსის პირამდა. თუ ადამიანს ახლოს მივიყვანთ და ისე გადავიღებთ, რომ მისი სახე მსხვილად ჩანდეს, კოშკის ან პირამიდის დიდი ნაწილი მოიჭრება. არადა, გადასაღებ პირებს სურთ, რომ ძეგლი სრულად გამოჩნდეს. ჰოდა, აბა, წარმოიდგინეთ, ეიფელის კოშკის ძირთან რომ დგახარ და გინდა, ის მთლიანად გამოჩნდეს, ფოტოგრაფი იძულებული იქნება, უკან მანამდე დაიხიოს, ვიდრე კოშკი არ გამოჩნდება. ამასობაში, რაც უფრო უკან მიდის, თქვენ კადრისთვის სულ უფრო პატარავდებით. ეს შეცდომა რომ ავირიდოთ, გამოსავალი მარტივია – რაც უფრო მაღალია ნაგებობა, გადასაღები პიროვნება მისგან მით უფრო შორს უნდა დადგეს, რომ ორივე კარგად გამოჩნდეს. თან, კადრში თუ ადამიანს ბარძაყებთანაც გადაჭრით, კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. კიდევ ერთი ხერხი ის არის, რომ ფოტოგრაფს შეუძლია ჩაკუზვა და ობიექტივის ქვემოდან ზემოთ მიმართვა.

რჩევა 7
ანარეკლებით გადაღება ბევრს უყვარს. კადრი მართლაც ლამაზი გამოდის. შეცდომა ის არის, რომ ანარეკლს ბევრი არ ასრულებს და არეკლილი საგანი თუ ძეგლი გადაჭრილია. ამიტომ, როდესაც რამეს გადავიღებთ, კარგად დავაკვირდეთ, რომ არაფერი გადავჭრათ. აღსანიშნავია, რომ საგნები და ნაგებობა დამდგარ წყალში უფრო კარგად ირეკლება. თუ ზედაპირზე ქარით ან ქვის ჩაგდებით გამოწვეული ტალღებია, გახსოვდეთ, რომ მკვეთრი ანარეკლი არ გამოგივათ. დაელოდეთ წყლის დადგომას. ასევე, ანარეკლი კარგად ჩანს მუქი ლურჯი და შავი მანქანის სუფთა და პრიალა სახურავებიდან.

რჩევა 8
დამწყებ ფოტოგრაფებს ხშირად დაყირავებული კადრები გამოსდით. ეს იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევენ თარაზულ (ჰორიზონტალურ) ხაზებს. როდესაც ფოტოაპარატის სახედიდან იყურებით, დააკვირდით, რომ შიდა ეკრანის ოთხკუთხა ჩარჩოს ქვედა თუ ზედა ხაზი გაუსწოროთ გადასაღები საგნისა თუ ხედის ხაზს. უსწორმასწორო მთებზეც კი იპოვნით სწორ თარაზულ ხაზს.

რჩევა 9
დასახლებების, უბნების, ქუჩების, შენობების გადაღებისას უნდა დავაკვირდეთ, ხელს ხომ არ გვიშლიან გამვლელები ან მანქანები. აქაც მავთულების პრინციპს ვიყენებთ – ან დაველოდოთ, როდის ჩაივლის მანქანა ან ისე დავშორდეთ გადასაღებ ობიექტს, რომ კადრი გაჭუჭყიანებას გადავარჩინოთ. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ ზურგშექცეულ ადამიანებს წინა ხედზე არ მოახვედრებთ, თუ საგანგებო ჩანაფიქრი არ გაქვთ. :D

რჩევა 10
დიდი დასახლებების გადაღება კარგია ქარის ან წვიმის შემდეგ. ბუნების ამ მოვლენების შემდეგ ქალაქი ჰაერში ავარდნილი მტვრისა და ბუღისგან იწმინდება და გამოსახულება სუფთა და ხასხასაა.
რაც შეეხება სხვა შეცდომებს, რასაც სტუდიაში ან სხვადასხვა ღონისძიებების გადაღებისას უშვებენ, სადაც ხშირია წითელი თვალები, ეს ცალკე თემის საკითხია. უაღრესად საინტერესოა ღამის გადაღებები. როდის როგორ შევარჩიოთ პარამეტრები და განათება, რომ მკვეთრი და ლამაზი კადრი გამოგვივიდეს. ამ საკითხებს ტექნიკური რჩევები ჭირდება, რისთვისაც უშუალო კონტაქტია საჭირო და საჟურნალო რჩევებით ძნელად აიხსნება.
მთავარია, გადაიღოთ ის, რაც გინდათ, რომ კადრში გამოჩნდეს, დანარჩენი კი ობიექტივის მიახლოებით ან თქვენი ადგილის შეცვლით დამალეთ. თუ გინდათ, კადრში, ვთქვათ, ზღვაში შესული ბავშვი გადაიღოთ, რაც შეიძლება ახლოს მიდით ნაპირთან და ნუ გამოაჩენთ სანაპიროზე მყოფ ადამიანებს.
ასევე, საითაც იყურება ან მიმართულია გმირი, ასევე, ცხოველი, საგანი და ასე შემდეგ, იმ მხარეს მეტი სივრცე უნდა დავუტოვოთ.
სხვათა შორის, ზოგჯერ შეცდომით გადაღებული კადრიც ლამაზი გამოდის; შეიძლება ამან ფოტოს შინაარსი და დრამატიზმიც კი შესძინოს. მაგრამ სულ უფრო და უფრო უკეთესად რომ გადავიღოთ, საჭიროა ფოტოაპარატის ხშირი გამოყენება. არ იზარმაცოთ.

გისურვებთ კარგი ფოტოების გადაღებას.