EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – ეშმაკისა და სასულიერო პირის დიალოგი »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2013-12-06 21:03:23
ეშმაკი: “კაცობრიობისადმი ჩემი მტრობა საკუთარი თავის მიმართ შენს მტრობაზე მეტი როდია! შენ ლოცავ მიქაელ მთავარანგელოზს,რომელსაც შენთვის არა ურგია რა! ჩემს სახელს კი შეაჩვენებ ჩემი დაცემის ჟამს,მაშინ როცა ვიყავი და აქამდე ვარ შენი სიმშვიდისა და ბედნიერების მიზეზი! ნუთუ უარყოფ ჩემს წყალობას და არ სცნობ ჩემს სიკეთეს?! შენ ხომ ჩემი არსებობის ჩრდილში ცხოვრობ! განა ჩემი არსებობა შენ ხელობად არ გაგიხდია,ჩემი სახელი კი შენი ქმედებების კონსტიტუციად?! განა ჩემი წარსული ჩემს აწმყოსა და მომავალს შეგიცვლის? თუ შენი სიმდიდრე იმ ზღვართაგანაა მისული,რომ მიმატებას ვეღარ აუვა?! განა არ იცი,რომ შენი ცოლი და მრავალრიცხოვანი წვრილშვილები ჩემი დაკარგვით საარსებო წყაროს დაკარგავს,მეტიც – ჩემი სიკვდილის შემდეგ შიმშილით დაიხოცება?! რას იზამ,ბედისწერამ ჩემი გაქრობა რომ განაჩინოს?! სხვა რა ხელობა გამოგივა კარგად,ჩემი სახელი რომ განქარდეს?! ოცდახუთი წელია,მთის სოფლებში დაეხეტები,ხალხი ჩემი მზაკვრული ფანდების თაობაზე რომ გააფრთხილო და ჩემს მახეს აარიდო! ისინიც,შეგონებათა სანაცვლოდ,თავიანთ ქონებასა და საკუთარი მინდვრების მოსავალს გიყოფენ.ხვალ რით გადაგიხდიან,როცა შეიტყობენ,რომ ეშმაკი,მათი მტერი,მომკვდარა და მისი ინტრიგებისა და ხლართებისაგან საფრთხე აღარ ელით?! რა ფუნქციას მოგიძებნის ხალხი,თუ ეშმაკის სიკვდილით მასთან მებრძოლის როლი დაკარგე?! შენ,ყოვლისმცოდნე ღვთისმეტყველმა,ხომ მაინც იცი,რომ ეშმაკის არსებობამ გააჩინა მისი მტრები,ღვთისმსახურნი, და ეს ძველთაძველი მტრობაა სწორედ იდუმალი ხელი,ოქროსა და ვერცხლს მორწმუნეთა ჯიბეებიდან მქადაგებელთა და მოძღვართა ჯიბეებში რომ გადაიტანს ხოლმე! შენ გამოცდილმა მეცნიერმა,განა არ იცი,რომ მიზეზის გაქრობით შედეგიც ქრება?! მაშ,როგორ მოგანიჭებს კმაყოფილებას ჩემი სიკვდილი,თუკი ამით არსებობის სახსარი მოგესპობა,ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ დაგრჩება?!
მომისმინე,შე უმეცარო ამპარტავანო! იმ ჭეშმარიტებას დაგანახვებ,რომლის ძალითაც ჩემი არსებობა შენსას უკავშირდება! დრო-ჟამის დასაწყისში,როცა ადამიანმა პირი იქცია მზისკენ,ხელები ზევით აღაპყრო და პირველად შეჰყვირა: “ზეცათა მიღმა კეთილისმოქმედი ძლევამოსილი ღმერთია!” მერე,მზის შუქს ზურგი რომ შეაქცია,მიწაზე გართხმული თავისი ჩრდილი დაინახა და შესძახა: “ქვესკნელში ბოროტის მქმნელი წყეული ეშმაკია!’ მერე თავისი გამოქვაბულისკენ გაემართა ბუტბუტით: “ორ უზარმაზარ ღვთაებას შორის ვარ მოქცეული; ერთი ის ღმერთია,რომელსაც ვეკუთვნი,მეორე – ის,რომელსაც ვებრძვი”. ეპოქა ეპოქას მისდევდა,ადამიანი კი ორ აბსოლუტურ ძალას შორის რჩებოდა.ერთი მათგანი იყო ძალა,რომელიც მის სულს აღამაღლებდა და წყალობით ავსებდა,ხოლო მეორე – ძალა,რომელიც მის სხეულს უკუნ უფსკრულში გადაჩეხავდა და წარწყმედდა.ერთი ის არის,რომ არც კურთხევის და არც შეჩვენების მნიშვნელობა არ იცოდა და მათ შორის – ერთი თუ მოსავდა,მეორე აშიშვლებდა.როდესაც ადამიანმა ცივილიზაციის გარიჟრაჟს მიაღწია და გაჩნდა ჯერ ოჯახი,მერე კი ტომი,შრომითი საქმიანობა მიდრეკილებების მიხედვით გადანაწილდა.წარმოიშვა სხვადასხვა ხელობა გემოვნებისა და მიზნების მიხედვით.ზოგმა მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი,ზოგმა – თავშესაფართა შენებას,ზოგმაც – შესამოსი ქსოვილის რთვასა და ლითონის დნობას. იმ შორეულ ეპოქაში გაჩნდნენ ღვთისმსახურნიც დედამიწაზე.ეს ის პირველი ხელობაა,რომელიც ადამიანმა გამოიგონა სასიცოცხლო აუცილებლობისა და მასზე ბუნებრივი მოთხოვნილებების გარეშე! დიახ,სწორედ იმ დროს გაჩნდნენ ღვთისმსახურები დედამიწაზე.
თებეში ჩემთან მებრძოლს მზისა და მთვარის ძეს ეძახდნენ.ბიბლოსში,ეფესოსა და ანტიოქიაში თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს მსხვერპლად სწირავდნენ ჩემი მტრის საამებლად.იერუსალიმსა და რომში ჩემს სიძულვილსა და დევნაში დახელოვნებულებს თავიანთ სულებს მიანდობდნენ.მზისქვეშეთში გაჩენილ ყოველ ქალაქში ჩემი სახელი იყო ღერძი,რომლის გარშემოც ტრიალებდა რელიგიური,სამეცნიერო და ფილოსოსფოსთა წრეები.ტაძრები მხოლოდ ჩემს ჩრდილში შენდებოდა,ინსტიტუტები და სკოლები მხოლოდ ჩემი გამოსახულებით ჩნდებოდა.კოშკები და სასახლეები ჩემი მდგომარეობის სიმაღლით იგებოდა.მე ვარ ძლევამოსილება,რომელიც შობს ძლევამოსილებას ხალხში.მე ვარ იდეა,ადამიანთა ხელებს რომ ამოძრავებს.მე ვარ ეშმაკი,მარადიული,დაუსაბამო.მე ის ეშმაკი ვარ,ხალხს რომ ებრძვის,რათა მათ არსებობა არ შეწყვიტონ.მათ რომ ხელი აიღონ ჩემთან ჭიდილზე,მათ აზრებს განურჩევლობა და აპათია დაეუფლება,მცონარება მოკლავს მათ სულს და უსაქმურობა გახრწნის მათ სხეულებს.მე ვარ ეშმაკი,მარადიული,დაუსაბამო.მე ის ძლიერი,უხმო ქარიშხალი ვარ,კაცის გონებას და ქალის გულს რომ წამოუბერავს და მათ ზრახვებს მონასტრებისა და სენაკებისკენ მიერეკება,რათა ჩემდამი შიშით განმადიდონ,ანდა გართობისა და ბიწიერების ადგილებისკენ,რათა მამხიარულონ ჩემი ნება-სურვილისადმი სრული მორჩილებით.ბერი,რომელიც ღამის სიჩუმეში ლოცულობს თავისი მოსასვენებელი ადგილიდან ჩემს განსადევნად,იმ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ჰგავს,მე რომ მიხმობს თავისი საწოლისაკენ.მე ვარ ეშმაკი,მარადიული,დაუსაბამო.მე ვარ მონასტრებისა და სენაკების შიშის საფუძველზე ამშენებელი! თუ მე არ ვიარსებე,გაქრება შიში და ყველა ამქვეყნიური სიამე! ამ ორის გაქრობით კი გაქრება ყოველგვარი ზრახვა და იმედი კაცთა გულებში.ცხოვრება,უკაცრიელ,გაყინულ სასაფლაოდ იქცევა,სიმებდაწყვეტილ,გვერდებდამტვრეულ ქნარს დაემსგავსება! მე ვარ სიცრუის,ცილისწამებისა და მზაკვრობის,ფლიდობისა და აბუჩად აგდების შთამაგონებელი და თუ ესენი გადაშენდა ამქვეყნად,კაცობრიობა მიტოვებულ ბაღს დაემსგავსება,სადაც მხოლოდ სათნოების ეკალნი ხარობენ.მე ვარ ეშმაკი,მარადიული,დაუსაბამო.მე ვარ ცოდვის წყარო და თუ ცოდვა აღარ იქნება,აღარც მასთან მებრძოლნი იარსებებენ! აღარც შენ იქნები,აღარც შენი შვილები და შვილიშვილები,კოლეგები და თანამოძმენი! მე ვარ ცოდვის წყარო,მაშ გინდა,ცოდვაც მოკვდეს ჩემი სიკვდილით?! გინდა,ჩემი გულისცემის გაჩერებით კაცობრიობის მოძრაობაც შეწყდეს?! გინდა,მიზეზის მოსპობამ შედეგებიც მოსპოს?! მე ვარ დადგენილი მიზეზი და ნუთუ გინდა უკაცრიელ,უდაბურ ადგილას მოვკვდე? მიპასუხე ღვთისმეტყველო! ნუთუ გსურს,გაწყდეს პირველსაწყისი კავშირი მე და შენს შორის?!”
სასულიერო პირი: “ახლა უკვე ვიცი ის,რაც აქამდე არ ვიცოდი.მომიტევე უგუნურება.ვიცი,რომ შენ ამქვეყნად გამოსაცდელად არსებობ.ცდუნებით გამოცდა კი ის საწყაოა,რომლითაც უფალი ადამიანთა სულების შემძლეობას წონის.მეტიც – ეს ის სასწორია,რომელსაც უფალი,ძლევამოსილიმც არს იგი და დიდებული,ამ სულთა სიმძიმისა თუ სიმსუბუქის გასაგებად იყენებს.ახლა უკვე ვიცი,რომ შენ თუ მოკვდი,ცდუნებაც მოკვდება,ხოლო ცდუნების სიკვდილით ის მორალური ძალაც გაქრება,რომელიც ადამიანს სიფხიზლესა და სიფრთხილეს სძენს! მეტიც – აღარ იქნება მიზეზი,რაც ადამიანს ლოცვას,მარხვასა და ღვთის თაყვანისცემას აიძულებს.შენ უნდა იცოცხლო,რადგან შენ თუ გაქრი და ეს ხალხმა შეიტყო,ჯოჯოხეთის შიშსაც დაკარგავს,ღვთის თაყვანისცემას თავს დაანებებს და ცოდვაში ჩაეფლობა.ამიტომ უნდა იცოცხლო,რადგან შენს სიცოცხლეშია მანკიერებისაგან ადამიანთა მოდგმის ხსნა! მე კი შენდამი ჩემი სიძულვილი ადამიანთა მოდგმის მიმართ ჩემი სიყვარულის სამსხვერპლოზე მიმიტანია!
P.S ამ დიალოგის შემდეგ,უკაცრიელ ადგილზე მყოფი,დაჭრილი ეშმაკი სასულიერო პირმა ზურგზე მოიკიდა და სახლისაკენ გასწია: “მდუმარებით მოცულ და ღამის საბურველში გამოხვეულ ხეობაში ხური სამყანი (სასულიერო პირი) თავისი სოფლისაკენ მიდიოდა ზურგზე მოკიდებული ტვირთისგან – შიშველი სხეულისგან – წელში მოხრილი.შავი სამოსი და მოზრდილი წვერი ეშმაკს ჭრილობებიდან გადმომდინარე სისხლის წვეთებით მოსვროდა.
P.S. ჯიბრან ხალილ ჯიბრანის მოთხრობიდან – “ეშმაკი”