EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სხეულის რომელ ადგილას არ შეიძლება სვირინგის გაკეთება და რომელი ნახატი ხდება ადამიანისთვის მფარველი ძალის მქონე »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2014-01-18 00:13:07

სხეულის რომელ ადგილას არ შეიძლება სვირინგის გაკეთება და რომელი ნახატი ხდება ადამიანისთვის მფარველი ძალის მქონე

ზაფხულის ცხელ სეზონზე ახალგაზრდები ათასგვარი ნახატითა თუ ორიგინალური ორნამენტით მოხატული სხეულით ცდილობენ თავის მოწონებას. ტატუ და პირსინგი, განსაკუთრებით ბოლო წლებში შემოვიდა მოდაში და მას არა მარტო ახალგაზრდები, თინეიჯერები და მოდას აყოლილი მოზარდები იკეთებენ, არამედ ასაკში შესული ადამიანებიც. ისინი აკითხავენ სალონებს და საგულდაგულოდ არჩევენ სხეულზე დასახატ ფიგურებს. მოთხოვნა და სურვილი დიდია, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ სხეულზე გაკეთებულმა უმნიშვნელო ნახატმაც კი, შესაძლოა, მომავალში პრობლემა შეუქმნას, უდიდესი ზარალი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, აურა დაუზიანოს და ამით ბედზეც კი მოახდინოს უარყოფითი გავლენა. იმასაც ამბობენ, მოდა მსხვერპლს მოითხოვსო. ჰოდა, თუ თქვენც ასე არ ფიქრობთ, მაშინ ასტროლოგ მიშა ცაგარელის რჩევები ამ საკითხში ნამდვილად დაგეხმარებათ.


body tatoo


მიშა ცაგარელი: მე ყველა ადამიანს ვურჩევ, დიდი სიფრთხილით მოეკიდოს ამ ერთი შეხედვით უვნებელ მოდას. მართალია, დღეს ტატუ აღარ მიიჩნევა მხოლოდ ციხის გადმონაშთად და ის სხეულის გალამაზების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და დაიცვათ. ტატუ და პირსინგი განსაკუთრებით ახალგაზრდებშია მოდაში, თუმცა მის გაკეთებაზე არც ასაკში შესული ადამიანები ამბობენ უარს, ანუ, მინდა გითხრათ, მათ გააზრებულად უნდათ სხეულზე რაიმეს დახატვა ან სხეულის რომელიმე ადგილის გახვრეტა. ამიტომ, გააზრებულადვე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს, რამდენად საშიშია ეს მათი ჯანმრთელობისთვის, უფრო სწორად, არასწორად შერჩეული ნახატის ამოსვირინგება და გასახვრეტად არასწორად შერჩეული სხეულის რომელიმე ადგილი.

– კერძოდ, რა ზემოქმედებას ახდენს სხეულის მოხატვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა საფრთხეს უქმნის ის მის პატრონს?

– მერწმუნეთ, ამ ნახატებს უდიდესი ზემოქმედების უნარი აქვს. გასაგებია, რომ ეს ინფორმაცია ბევრმა არ იცის. გეტყვით, რომ სხეულზე ამოტვიფრული თითოეული ნახატი იმის მაჩვენებელია, სინამდვილეში რა ძალებსაც ემსახურებით. ბევრ ახალგაზრდაზე მინახავს გველის, მგლისა თუ სხვა ცხოველის ტატუ. გველი იმის მანიშნებელია, რომ გველის ტოტემი იწყებს მასზე გაძლიერებულ ზემოქმედებას, მგელი კი ნეგატიური ძალების ერთ-ერთი მოციქულია. ადამიანი ვერ ხვდება ამას, მაგრამ ქვეცნობიერად ამ ტატუირებით ერთიანდება მგლის, ანუ შავი ძალების ენერგიებთან. სწორედ სხეულის რომელიმე ნაწილზე ამოტვიფრული მგლის გამოსახულება აძლიერებს თქვენში აგრესიასა და ნეგატიური ხასიათის შტრიხებს, ასევე, ველურ თვისებებს. ბევრი ვერ ხვდება, რატომ აქვს რთული ცხოვრება, არ უმართლებს ბედ-იღბალში, ექმნება პრობლემები პირად თუ კარმულ ცხოვრებაში. ყველა ნახატს თავისებური ძალა აქვს და ის თქვენზეც აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას. თქვენ გგონიათ, რომ სხეულზე ნახატი არის უბრალო გამოსახულება, სიმბოლო. არადა, სინამდვილეში, როგორც კი ეს სიმბოლო და გამოსახულება თქვენთან ერთიანდება, უფრო სწორად, მას შეიგრძნობს თქვენი ენერგეტიკა, იღებს ენერგიას და იწყებს მოქმედებას, იმ გამოსახულების თვისებები „შემოდის“ თქვენში და, შესაძლოა, მან საფრთხე შეგიქმნათ. შეიძლება, მოხდეს აურის დაზიანებაც – თუ არასწორად გაიკეთეთ ტატუ, ის აურას დაგიზიანებთ, ეს კი შემდგომში პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის მხრივაც.

– ძირითადად, ზურგზე იკეთებენ ტატუს. არის ეს საშიში ზონა? და, საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, სად გაიკეთებს მას ადამიანი?

– დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ სად იკეთებთ სვირინგს. ენერგოზონები უნდა გამორიცხოთ. თუ გულის ენერგოზონაში იკეთებთ ტატუს, შესაძლოა, სერიოზულად დაიზიანოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა. დროთა განმავლობაში კი ამას, შესაძლოა, შეუქცევადი პრობლემები მოჰყვეს გულთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩხვლეტა, არითმია და ასე შემდეგ. თუ ყელის ენერგოზონაში გაიკეთეთ ნახატი, შესაძლოა, ყელის მხრივ შეგექმნათ პრობლემა. რაც შეეხება ხერხემალს, ამან, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგამდეც კი მიგიყვანოთ. ხერხემლის ერთ-ერთი ჩაკრა თანდათან შექმნის პრობლემებს, და არ არის გამორიცხული, რომ ფილტვების დაავადებაც მოჰყვეს. საერთოდ, სხეულის მოხატვის ტრადიცია უხსოვარი დროიდან მოდის. ჩვენი წინაპრებიც დადიოდნენ მოხატული სხეულებით, მაგრამ ისინი კარგად ერკვეოდნენ იმაში, თუ სხეულის რომელი ნაწილი იყო ამ მხრივ მისაღები და რომელი – არა. წინათ ყველაზე გავრცელებული იყო ტატუირება ხელზე. ეს შედარებით ისეთი ზონაა, რომელიც არ აზიანებს ადამიანის შინაგან ორგანოებს, ფეხების ზონაც ასევე უსაფრთხოა.

– დღეს მოდაში შემოვიდა ინტიმ-ტატუები. ამაზე რას იტყვით?

– აქაც იგივე შემიძლია, გითხრათ. კერძოდ, თუ ინტიმურ ადგილას ნეგატიური ენერგიის მქონე ნახატია ამოსვირინგებული, ის აუცილებლად შეუქმნის ადამიანს პრობლემას რეპროდუქციული სისტემის თვალსაზრისით. ასევე, მოგვიანებით, შესაძლოა, სექსუალურმა პრობლემამაც იჩინოს თავი და ვერ მიხვდეთ, რისი ბრალია ეს. პირადად მე, გირჩევთ, თუ მაინცდამაინც ტატუს გაკეთება გსურთ, არჩევანი ყვავილზე გააკეთოთ ან თქვენივე ზოდიაქოს ნიშანი დაიხატოთ სხეულზე. ასეთი ნახატები, ანუ ასტრალურ-ზოდიაქური სვირინგი, თქვენი მფარველის როლს იკისრებს და ზიანს არ მოგიტანთ. თუ მაინც არჩიეთ რომელიმე ცხოველის ამოსვირინგება, მაშინ, გირჩევთ, ისე დაახატვინოთ ის თქვენს სხეულზე, რომ კეთილი და მშვიდი გამომეტყველება ჰქონდეს. აგრესიის გამომეტყველებით ამოსვირინგებული ცხოველის გამოსახულება სხეულზე ადამიანს უბედურებასაც უქადის. ამით თქვენ მტრებს გაიჩენთ და, მგონი, ეს არ უნდა გინდოდეთ. ისე კი, ყველას ვურჩევ, ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდონ საკუთარი სხეულის ნებისმიერ ადგილს მოხატვის დროს, სწორად შეარჩიონ დასახატი ფიგურა, ცხოველი თუ სიმბოლო, რათა შემდგომში მთელი რიგი პრობლემები და უსიამოვნებები აიცილონ თავიდან და შესაბამისად, თავიც დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.