EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ტიგრან გულოიანი: დიახაც, სწორედ ის ტიგრანა ვარ, დუმბაძის თანასაკნელი!(ექსკლუზივი) »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-02-27 00:14:03

ტიგრან გულოიანი: დიახაც, სწორედ ის ტიგრანა ვარ, დუმბაძის თანასაკნელი!(ექსკლუზივი)

ტიგრან გულოიანი: ”დიახაც, სწორედ ის ტიგრანა ვარ, დუმბაძის თანასაკნელი!”(ექსკლუზივი)                    

ტიგრან გულოიანი
 
  ”კვირის პალიტრის” არქივიდან - ექსკლუზიური ინტერვიუ ტიგრან გულოიანთან!

  24 თებერვალი, 2001 წელი

  პირადად ჩემთვის თითქმის დაუჯერებელი ინფორმაცია - ”თეთრი ბაირაღების” ერთ-ერთი   გმირი, ტიგრან გულოიანი ცოცხალია და რუსთავში ცხოვრობსო - კოლეგისგან მივიღე. ჩვენს    ”პაპარაცისთან” ერთად მაშინვე მეტალურგთა ქალაქს მივაშურე და ნოდარ დუმბაძის    წყალობით, მილიონობით ადამიანისთვის კარგად ცნობილი კანონიერი ქურდი მართლაც იქ    ვიპოვე...

  - დიახაც, სწორედ ის ტიგრანა ვარ, დუმბაძის თანასაკნელი! - გვიღიმის ბერიკაცი,    თუმცა ინტერვიუზე უარს გვიცხადებს, - რაც დასაწერი იყო, ნოდარმა უკვე    დაწერაო...
 მოლაპარაკებაში სასწრაფოდ ვრთავთ იქვე მოვაჭრე ადამიანებს და ჩვენთან საუბარზე  სწორედ ისინი ითანხმებენ გულოიანს.
 - ჯანდაბას, მოგცემთ ინტერვიუს, ახალგაზრდები რომ ხართ, იმიტომ...
 მეჩვენება, რომ მსახიობი გივი ბერიკაშვილი, ასე ბრწყინვალედ რომ ასრულებდა ტიგრანას  როლს, ნამდვილ გულოიანს მართლაც რაღაცით ჰგავს... საშუალო სიმაღლე, ეშმაკური  გამოხედვა, წელგამართული, თავდაჯერებული და იმავდროულად მიამიტიც...  ოღონდ ნაღდ ტიგრანას დღეს წვერი აქვს მოშვებული, სიარული უჭირს და სმენაც  დაუქვეითდა... ძველი თაობის ქურდული სამყაროს უკანასკნელ მოჰიკანს ბაზრის  განაპირას პატარა დახლი გაუმართავს და ძველმანებით ვაჭრობს.

- ძია ტიგრან, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
- 86 წლის კაცი ვარ. 1914 წელს თბილისში, თათრის მოედანზე დავიბადე. პირველ ”სროკზე” ომის დროს, 1943 წელს გამიშვეს - თბილისში ცნობილი კბილის ექიმის ბინა ”გავაკეთე”, ბლომად ოქროულობა წავიღე, მაგრამ მალევე დამიჭირეს და სამწლიანი პატიმრობა შემიფარდეს. ციხეში ”ოტ ზვანკა, დო ზვანკა” ვიჯექი და ისევ თბილისს დავუბრუნდი. მძიმე წლები იყო, ცხოვრება მაგრად გამიძნელდა და კვლავ ვიქურდე. ლენინის მოედანზე ერთი პატარა მაღაზია იყო, იქიდან რამდენიმე ჯიბის საათი მოვიპარე. მილიციამ ადგილზევე დამიჭირა და ამჯერად რვა წელი მომისაჯეს. ის ”სროკიც” მოვიხადე და სახლში დავბრუნდი. ორჯერ ნასამართლევ კაცს ყველა კარი ჩარაზული დამხვდა და იძულებული გავხდი, ”შავი ცხოვრებით” მეცხოვრა. მომდევნო პატიმრობა უკვე მკვლელობისთვის მომისაჯეს...

- მართლა მოკალით კაცი?
- ჰო, მართლა მოვკალი... ნაძირალა ადამიანი იყო, ალი ფაშა ერქვა და მილიციაში მუშაობდა. მახსოვს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და უმიზეზოდ შემიჩნდა, - გინდა თუ არა, აქედან წაეთრიეო. ჯერ ხმას არ ვცემდი, მაგრამ ძალიან რომ ”გამიჩმახა”, უბიდან პისტოლეტი დავაძრე და შუბლი გავუხვრიტე.

რაიონის მილიციის უფროსი პატიოსანი პიროვნება იყო. მივირბინე მასთან, ჩემი ”პარაბელუმი” მაგიდაზე დავუდე და ვეუბნები: ”შალვა ლუკიჩ, ეს წუთია შენი ერთ-ერთი ძაღლი გავაგორე!” რას მელაპარაკები, ვინ მოკალიო? - გაოცდა. აი, ის დამპალი ალი ფაშა-მეთქი. ვახ, შენს მარჯვენას ვენაცვალეო, - გაიხარა. ფაშა მილიციელებსაც კი სძულდათ... ერთი სიტყვით, ლუკიჩი ჩემს მხარეს დადგა, შემდეგ ნაცნობ ექიმს დაურეკა, - გურამ, სასწრაფოდ მოდი მილიციაშიო. ექიმი რამდენიმე წუთში მოვიდა. იმან ჩემზე ანიშნა: ”გურამ, ეს ბიჭი კარგი ვინმეა. წეღან ალი ფაშა შემოაკვდა და ამისთვის, შესაძლოა, დახვრიტონ. ვუშველოთ რამე - გიჟის ცნობა გავუკეთოთ.” ექიმმაც მაშინვე შეადგინა ყალბი დოკუმენტი - ესა და ეს კაცი აფრენსო...

- დახვრეტას იმ ცნობის წყალობით გადაურჩით?
- მაშ, კაცო... თუმცა ძალიან კი გავწვალდი, შეშლილის როლის თამაში ძნელი საქმე აღმოჩნდა. წამიყვანეს საგიჟეთში, ავლიპ ზურაბაშვილთან. ორი თვის მანძილზე, დილიდან საღამომდე უაზროდ ვყვიროდი, ხელებს ვიქნევდი, ”გულიც მიმდიოდა...” მოკლედ, როგორც შემეძლო, ისე ვსიმულანტობდი. ავლიპმა, ეტყობა, ვერაფერი გამიგო და გამოსაკვლევად რუსეთში, სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ ცენტრში გამგზავნა.

მახსოვს, შემიყვანეს პალატაში, იქ კი ვიღაც გოლიათი დამხვდა. იმხელა კაცი იყო, გამიკვირდა, - ნეტავ, ამ კარში როგორ შემოეტია-მეთქი. ხელ-ფეხი სქელი თოკით ჰქონდა შეკრული. ექთანმა ჩამჩურჩულა - ”ბუინი” გიჟიაო. საწოლზე მოვკალათდი, ის გოლიათი კი გამართული რუსულით მეკითხება: ”ბოშა ხარ?” ”არა, ძმაო, თბილისელი სომეხი ვარ!” ”ქართული იცი?” ”ვიცი, აბა, რა!” შევატყვე, ესიამოვნა. ცოტა ხანს მათვალიერა და ისევ მომმართა: ”იცი, ვინ ვარ?” წარმოდგენაც არ მაქვს-მეთქი. ”დურუ, ვარ, ხურცილავა!”

მისი სახელი არაერთხელ მსმენია. ვიცოდი, მკვლელი რომ იყო. ისიც ვიცოდი, მეტად ჯანიანი რომ ბრძანდებოდა და მის დასამშვიდებლად ციხის ”ნადზირატელები” რკინის ”ლომებს” იყენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ისიც მიცნობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და დურუ დავმეგობრდით და ერთმანეთის გარეშე პურს არ ვჭამდით.

- ნოდარ დუმბაძეს როდის შეხვდით?
- სანამ ნოდარს გავიცნობდი, ჯერ ”პაბეგი ავიკიდე”, ანუ კოლონიიდან გავიქეცი. თეთრიწყაროს რაიონში ვიმალებოდი. იქ ერთი მეტყევე მოვკალი - როგორც დუმბაძე ამბობს, იმიტომ, რომ გლეხებს შეშას არ აძლევდა და სულ თავისთვის მიჰქონდა... სწორედ მაშინ შევიცვალე გვარ-სახელი. სინამდვილეში არტუშ გრიგორიანი ვარ, მერე კი ტიგრან გულოიანი გავხდი... მაინც დამაკავეს და კვლავ ციხეში მიკრეს თავი. ნოდარიც იქ ვნახე.

- ის რატომღა მოხვდა საპატიმროში?
- ნოდარი სტუდენტი იყო. აიღეს ბიჭებმა პირველი სტიპენდია და საქეიფოდ ზემელზე, რესტორან ”გემოში” წავიდნენ. პურ- მარილი ეშხში რომ შევიდა, რესტორანში შუქი ჩაქრა. უცებ, რაღაც აყალმაყალი ატყდა, თუმცა მიზეზი კაციშვილმა ვერ გაიგო. რამდენიმე წუთში დენიც მოვიდა და მოქეიფეებმა ასეთი სურათი იხილეს: შუა დარბაზში, სისხლის გუბეში მცურავი მამაკაცი ეგდო, თავი შამპანურის ბოთლით ჰქონდა გაპობილი. მილიცია მაშინვე ”გემოში” გაჩნდა და ყველა იქ მყოფი, 48 ადამიანი დააპატიმრა. ნოდარიც მათ შორის აღმოჩნდა.

- მასთან პირველ შეხვედრას ხომ არ გაიხსენებდით?
- ის დღე საუცხოოდ მახსოვს. ”ნარებზე” ვიწექი და დაძინებას ვაპირებდი. მოულოდნელად, კარი გაიღო და საკანში სიმპათიური ბიჭი შემოიყვანეს. მან დაბნეულად მიიხედ-მოიხედა, თავისუფალი ადგილი ვერსად შენიშნა და კუთხეში მდგარ ”პარაშასთან” (მაშინ ტუალეტები არ გვქონდა) ჩაჯდა. ეგ ახალმოსულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, დავიძინე, თუმცა მალევე გამაღვიძეს, - ”ნადზირატელმა” რაღაც ბარათი მოგიტანაო. სკოლა ცხოვრებაში არ მინახავს, წერა-კითხვა არ ვიცი და ბარათის წაკითხვა ერთ-ერთ პატიმარს, მეტსახელად ”თინათინს” დავავალე...

- ”თინათინი” კაცს ერქვა?!
- კაცს კი არა, არაკაცს. მაგ ტილიანმა უწინ პატიმრობაში მყოფი თავისი ძმაკაცის ცოლს, თინათინს, არშიყი დაუწყო და ქალის სახელიც ამიტომ დავარქვი (როგორც ჩანს, ”თინათინი” იგივე გოგოლაძეა, ”თეთრი ბაირაღებიდან”. - მ.ჩ.).

- რაო, მერე ”თინათინმა”?
- ბარათი ჩემთვის მეზობელი საკნიდან ცნობილ კანონიერ ქურდს, ქუთაისელ ”თაგუნას” გამოეგზავნა. მწერდა, - ”გიჟუა”-ჯან (ფსიქიატრიულებში მოგზაურობის შემდეგ ასეთი ”კლიჩკა” შემარქვეს), შენთან კარგი ბიჭი მოვიდა, ნოდარა დუმბაძე და თუ ძმა ხარ, მიხედე, არავინ დაჩაგროსო. მაშინვე ”შოშიას” მივუბრუნდი...

- მაპატიეთ, ”შოშიაც” რეალური პიროვნებაა?
- ჰო. მას სახელმწიფოსთვის ორი თუ სამი მილიონი მანეთი ჰქონდა მოპარული და გადამალული. მაგ საქმისთვის იჯდა... ყოველდღე ვცემდი, - მითხარი, ფული სად დამარხე-მეთქი, მაგრამ ვერაფრით გამოვტეხე... ჰოდა, იმას ვამბობდი: ”შოშიას” მივუბრუნდი და ვეუბნები, აეთრიე და იმ ბიჭს ადგილი დაუთმე-მეთქი. ის, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ დამემორჩილა და ”პარაშას” ჩაეხუტა. ასე გავიცანი ნოდარი და სანამ ერთ საკანში ვისხედით, ვპატრონობდი კიდეც.

- ის კიდევ, ამაგს არ გივიწყებდათ და ჭადრაკში გამარცხებდათ, არა?
- ვინა, ნოდარა? (ტიგრან გულოიანი გულიანად იცინის) ეგრე დაწერა, ტიგრანას ვუგებდიო, არა? აბა, როგორ გითხრა... ჭადრაკს ჩინებულად ვთამაშობდი (თუმცა ”ზარში” უფრო მაგარი ვიყავი) და თითქმის ყველას ვჯობნიდი... ”ლიმონა” დევდარიანსაც კი!

- არ ვიცოდი, დევდარიანიც თუ რეალური პიროვნება იყო...
- გამაგიჟებს ეს ბიჭი! (ძია ტიგრანი გაკვირვებულია). ”ლიმონას” სახელი არ გსმენია?! მაგისთანა ქურდი ბარე ორი არ გვყოლია! ”ლიმონა” ყველაზე ”დასტოინი” და სამართლიანი ქურდი იყო ”საიუზში”. სათქმელს ყველას პირში ეუბნებოდა და არავის ერიდებოდა... გახსოვს, ”თეთრ ბაირაღებში” ის ეპიზოდი, ექიმის გასაძარცვად რომ წავიდა, იქ კი თავისი ახლობლის ფოტოსურათი იპოვა და მსხვერპლს ოქრო უკანვე დაუბრუნა? ეგ ნაღდი ამბავია!

- ბოდიში, ძია ტიგრან, მაგრამ წიგნი როგორ წაიკითხეთ, წერა-კითხვა ხომ არ იცით?
- მე რომ არ ვიცი, სხვებმა ხომ იციან! ათჯერ მაინც წამიკითხეს... ისე, ტელევიზორში თეატრიც მაქვს ნანახი. ძალიან მომეწონა. ნოდარს სიმართლე დაუწერია... თუმცა ჭადრაკისა რა მოგახსენო..
.
- სულ რამდენი წელი გაატარეთ ციხეში?
- ოცდათვრამეტი! მახსოვს, ცხონებული მამაჩემი მაკითხავდა ხოლმე, ”პერედაჩა” მოჰქონდა. დადგებოდა მერე ციხის გალავანთან და მიყვიროდა: ”შვილო, როგორ ხარ?” ”მამა, კარგად ვარ!” ”ჰო, შვილო, კარგად იყავი და სულ მანდ იყავი!” ამ სიტყვებისთვის თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, შემდეგ ქურდებმა მითხრეს, ”გიჟუა”-ჯან, ნახე, მამაშენი რას გეუბნება, სულ მანდ იყავიო... ჩემი გამოსწორების იმედი მამას აღარ ჰქონდა, თან იცოდა, ციხეში ქურდები არცთუ ურიგოდ რომ ვცხოვრობდით და, ალბათ, ამიტომ ამბობდა ასე... მინდა, მამაზე კიდევ გიამბოთ... სახელად ჯანგირა ერქვა და თბილისში განთქმული კაცი იყო. მოხდენილი ფაეტონი ჰყავდა. შეაბამდა სამ ცხენს და ქალაქში დაქროდა. ქეიფი და დროსტარება უყვარდა ძალიან. თბილისის ყველაზე გამოსულ ბიჭებთან ერთად ”გრიალებდა”...

- თქვენ კი, ვხედავ, ძალიან გიჭირთ. არადა, დღეს რუსთავში ლამის ყოველ კორპუსში ცხოვრობს კანონიერი ქურდი. ასეთ ცნობილ კაცს არავინ გეხმარებათ?
- ჯერ ერთი, არავის დახმარება არ მჭირდება და მეორე: სადღაა, ჯიგარო, ნაღდი ქურდი? ესენი რა ქურდები არიან... აი, ჩვენ დროს იყო, თუ იყო... ”ბაჯაჯღანა”, ”თავერა”, ”თაგუნა”, ”ჭინკა”, ”ლიმონა”, ”ნალბოა”, ”თუთიკა”, ”ქაჩალა”, ”შოენა”, არჩილა ჩხეიძე, ჯაბა...

- რომელი ჯაბა, იოსელიანი?
- მაშ, კაცო. ჯაბა ძალიან მაგარი ქურდი იყო, ”ზონებს” აზანზარებდა! ერთი ხანობა ვძმაკაცობდით. ციხეში ერთად არ ვყოფილვართ, ლაღიძის წყლებთან ვხვდებოდი ხოლმე. იქ იკრიბებოდა საქართველოს მთელი ქურდული ელიტა. ჯაბა ნაკითხი და დახვეწილი ბიჭი გახლდათ.

- ეგებ, ნოდარ დუმბაძეზე კიდევ მოგვითხროთ რამე.
- ერთ საკანში, თუ არ ვცდები, თითქმის ცხრა თვე დავყავით. მერე რუსეთში გადამიყვანეს და ნოდარის გათავისუფლების ამბავი იქ გავიგე. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე დუმბაძის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ერთხელაც, მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ, მისი ნახვა გადავწყვიტე.
ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჯეელობაში მართლაც ოქროს ხელები მქონდა - ციხეში, ჩვეულებრივი პურისგან ჩინებულ მაკეტებსა და ფიგურებს ვძერწავდი. ვიფიქრე, ნოდარს ჩემი ხელით დამზადებულ საჩუქარს მივართმევ-მეთქი. დიდხანს ვიწვალე და ”ვეფხისტყაოსნის” გმირები: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი გამოვძერწე. შესანიშნავი ფიგურები გამომივიდა. დავაკარი ფიცარზე, ზედ წავაწერინე: ”ჩემს ძმას, ნოდარს, ”გიჟუასგან” და თბილისისკენ გამოვწიე.

დუმბაძე ვაკეში ცხოვრობდა. მივედი და ზარი დავრეკე. კარი უცნობმა მანდილოსანმა, როგორც შემდეგ შევიტყვე, ნოდარის მეუღლემ გამიღო. მიყურებს და უცებ, მეუბნება, - თქვენ ტიგრანა ხომ არ ხართო? გაოცებისგან პირი დავაღე. ქალმა პირველად მნახა და მაშინვე მიხვდა, ვინც ვიყავი! როგორც ჩანს, ჩემი გარეგნობა ნოდარმა აღუწერა.

ქალბატონმა შინ მიმიწვია და დიდებულად მასადილა. ”სად არის ჩემი ძმაკაცი?” - ვეკითხები. ინფარქტი აქვს და სოხუმის საავადმყოფოში წევსო. მოგიკვდეთ-მეთქი ”გიჟუა”! უმალ ებრაელებთან გავიქეცი, ყველაზე დეფიციტური წამლები გამოვართვი, პარკში ჩავაწყვე და იმავე საღამოს სოხუმში ჩავედი.
”მშვენიერო გოგონავ, შენი ჭირიმე, შემიშვი ”ბალნიცაში”! - ვეხვეწები საავადმყოფოს კარში მდგომ ვიღაც უმახინჯეს ბაბაიაგას. შენც არ მომიკვდე, არ მიშვებს! მაშინ წვერს ვატარებდი და, ეტყობა, მეტად საეჭვო კაცის გარეგნობა მქონდა.

ერთსაათიანი მუდარის შემდეგ დუმბაძეს (მაშინ ის უკვე დიდი კაცი იყო) შეუთვალეს, ვიღაც გაბურძგნილი ტიგრანა თქვენთან აუდიენციას ითხოვსო. სიხარულით გადარეულა ნოდარი, - ახლავე შემოუშვითო. ამაღელვებელი შეხვედრა გვქონდა... მერე ისევ დამიჭირეს და ნოდარი მას შემდეგ აღარ მინახავს...

- ქურდობას როდის დაანებეთ თავი?
- თითქმის ოცი წლის წინ. მაშინ უკევ ბებერი გახლდით, ჯანი აღარ მომდევდა. თანაც, ძალიან კარგი შვილი მყავს და იმან დამიყოლია. ქურდებს ვუთხარი, - ძმებო, ჩვენი ტრადიციებისთვის არასოდეს მიღალატია, მაგრამ დავუძლურდი, სნეულებები მაწუხებს და გამიშვით-მეთქი. შემომითვალეს, - წადი, ტიგრან, დაისვენე, ოღონდ მილიციასთან არ ითანამშრომლოო. ასეც მოვიქეცი. ვდგავარ ახლა აქ და მიქელგაბრიელს ველი... ზოგი მეუბნება, - ლეგენდარული კაცი ხარო... რა ვიცი, ასეთად არასოდეს მიმაჩნდა თავი...
ტიგრან გულოიანმა ბოდიში მომიხადა, - მეტს ვერაფერს გეტყვი, ახლა საქმეს უნდა მივხედოო. სიგარეტი ”დააბიჩოკა”, პალტოს ჯიბეში შეინახა, წამოდგა, ხელჯოხი მოიმარჯვა და თავისი ძველმანებით სავსე დახლისკენ სვენებ-სვენებით გასწია...

მიხეილ ჩერქეზია