EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლევან სანიკიძე – გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (დასაწყისი) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-03-12 16:27:40

ლევან სანიკიძე გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი | vaxtang gorgasali

ლევან სანიკიძე – გორგასლიადა

დაიმტკიცა ზეკაცობა,
არვინ ჰყავდა ქვეყნად ტოლი;
მეფეებში ერჩეოდა,
მარგალიტი ვით ობოლი.

აკაკი

ლევან სანიკიძე – გორგასლიადა | ვახტანგ გორგასალი (დასაწყისი)

ყრმობა და სიჭაბუკე

დგა 442 წელი.
მეოთხე წელი მეფე მირდატისა და დედოფალ საგდუხტის პირმშო ასულის, ხვარანძეს დაბადებიდან.
მცხეთის სასახლე დიდ სიხარულს და ზეიმს მოეცვა.
გვირგვინოსებს მეორე შვილი შესძენოდათ. ძე, ტახტის მემკვიდრე.
სახელად დაარქვეს ვახტანგი.
აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს _ საურმაგს.
ვახტანგის შობიდან მეექვსე წელს მეფე-დედოფალს კიდევ გაუჩნდა ერთი ასული, რომელსაც სახელად მირანდუხტი დაარქვეს და აღსაზრდელად კასპის ერისთავს გაატანეს.
449 წელს მოკვდა მირდატ მეფე.
ვახტანგი შვიდი წლისა დარჩა.
მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამა მისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეიანი ცეცხლთაყვანისმცემელი იყო, სპარსულ პოლიტიკაზე იდგა, საქრისტიანოს მტრობდა და სიძე-ხელმწიფის მიმართაც გულში ფარულ სიძულვილს ინახავდა. საგდუხტმა მშობლის ხასიათი კარგად იცოდა, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. მის წინაშე მოიყარა მუხლი, ამოიყარა ძუძუნი, მოეხვია ფეხებზე, მოუშვა ცრემლი და შეჰვედრა: ნურც ქრისტიანობის დატევებას მაიძულებ და ნურც ქმრისა და მამამთილის ნაქმნართათვის ჩემს ოჯახს და უფლისწულ ვახტანგს მოჰკითხავო.
ბარზაბოდმა „შეიწყალა ასული თვისი“, მაგრამ დიდი საფასურით: მცხეთაში ჩემგან წარმოგზავნილი ცეცხლმსახური მოგვები უნდა დასხდნენო და ხალხმაც თავის ნებით აირჩიოსო სჯული, _ ვისაც სურს _ ქრისტიანად დარჩეს, ვისაც უნდა _ მაზდეიანობა მიიღოსო.
დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.
მოვიდნენ მაზდეიანი მოგვები და დასხდნენ მოგუთას.
მათი უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარან, რომელიც „ასწავებდა ქართველთა სჯულსა თვისსა“.
მართლაც ბევრი ქართველთაგანი, განსაკუთრებით „წვრილი ერიდან“, ქრისტიანობას გადაუდგა და ცეცხლს ეთაყვანა.
ქრისტიანული სამწყსოს მეთაურიც სპარსეთის აგენტი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდან, გარეგნულად მართლმადიდებელი ქრისტიანი, შინაგან წარმართი, მავნე წერილთა მჯღაბნელი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე, დიდი კრიზისების დრო დადგა საქართველოში.
მცირე ხანიც გამოხდა და ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდ, სპასპეტი საურმაგ (ვახტანგის მამამძუძუ) და ეპისკოპოსი მობიდან.
საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში.
მიქაელი ენერგიული კაცი აღმოჩნდა და ძალიან მძაფრად „წინაღუდგა ბინქარან მაცთურსა“.
მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.
თბილისშიც ხომ სპარსელი „პიტიახში“ იდგა.
ვახტანგი მეათე წელში გადასულიყო, როცა ჩრდილოეთიდან გადმოიჭრნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლის ველ-მინდვრები, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის უმცროსი დაი, სამი წლის მირანდუხტ. აქედან გავიდნენ რანსა და მოვაკანს, აიკლეს, იავარჰყვეს და დარუბანდის კარით ჩრდილოეთს დაბრუნდნენ.
ახლა ბიზანტიელებმაც შემოუტიეს დასავლეთიდან. ადრე კლარჯეთი დაიჭირეს.
ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს
შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მოატანეს.
ასე, მტერი ყოველი მხრიდან მოიწევდა.
ქვეყანა იქცეოდა და „ყოველნი ქართველნი იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა“.
ძლივს გაატანა კიდევ ხუთმა ბებერმა წელიწადმა.
ვახტანგი თხუთმეტი წლისა შეიქნა.

„დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“

457 წელი იდგა და თხუთმეტი წლის ვახტანგ საქართველოს ტახტზე დაბრძანდა.
მაშინვე „მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად“.
შეიკრიბა დარბაზი.
მაღალ საყდარზე (ტახტზე) ავიდა და დაბრძანდა ჭაბუკი მეფე.
დინჯად ანიშნა სპასპეტ ჯუანშერს და ეპისკოპოს მიქაელს, ისინიც დასხდნენ მათთვის განკუთვნილ „საყდრებზე“, _ მარჯვნივ მთავარსარდალი, მარცხნივ მღვდელთმთავარი.
სელის უზურგო სკამზე დასხდნენ ერისთავნი, ხოლო დანარჩენი დარბაზის ერნი იდგნენ ფეხზე.
ეს ვახტანგის პირველი სადარბაზო და სახელმწიფო გამოსვლა იყო. ჭაბუკი გვირგვინოსანი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა მდგომარეობა ქართველთა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღსდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასვწრივ უნდა აღიმართონო.
ყველამ იცოდეს, ჭაბუკი ვარ, მაგრამ „არა დავითმინო კიცხევა“ მტერთაგან ჩემთა და ჩემი სამშობლოისა.
პირველი გალაშქრებაც დანიშნა იმ დღეს მეფემ _ ჩრდილოეთისკენ.
წამოდგა სპასპეტი ჯუანშერი, გახელმწიფება მიულოცა და ქებადიდებით შეამკო მეფე, ჩრდილოური ლაშქრობის განზრახვაც მოუწონა. მხოლოდ სთხოვა, შენ ნუ ინებებო ლაშქრად წასვლას, რამეთუ მხედრული ასაკი არ შეგსრულებია ჯერეთ, და უკეთუ მეფე დავკარგოთო, ვინღა იქნება მისი შემცვლელიო. ამიტომ რომელიმე ჩვენთაგანს უბრძანე ლაშქრობის მთავარსარდლობაო.
ვახტანგმა უარი უთხრა სპასპეტის თხოვნას და მტკიცედ გამოაცხადა, რომ თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
ერთხმად იგრიალა დარბაზმა:
„ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, დაამტკიცენ მეფობა შენი“.
ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს (საგურამო) იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგან აოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ, ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი _ „ბუმბერაზი“.
ოვსეთში იცოდნენ ახალგაზრდა ქართველი მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
აღლუმზე განაწყო ვახტანგმა ლაშქარი.
წინ თოროსნები იდგნენ, მძიმედ შეჯავშნული მხედრობა. ამათ ფრონტალური დარტყმით უნდა გაერღვიათ მოწინააღმდეგის პოზიციები.
მათ მოსდევდა ძირითადი საომარი ძალა _ ქვეითი ლაშქარი, რომელსაც ერთიანი, მიბრჯნილი შეტევით უნდა დაეჭირა თოროსანთაგან გადათქერილი მტრის განლაგებანი.
შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დასდევნებოდა გაქცეულ მტერს.
ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელიც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდათ ძირითად ძალებს.
შვიდი დღის შემდგომ თიანეთიდან გავიდა ლაშქარი.
დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ.
მდინარის მეორე ნაპირზე უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი.
შვიდი დღე ერთიმეორის პირისპირ იდგნენ მდინარის იმიერ და ამიერ.
„ამა შვიდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა“.
ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი.
გავიდა ბარდაველი ფარსმან-ფარუხი.
გაალმასებით ეძგერნენ ერთურთს, თარხანმა „უხეთქნა ხრმალი“ და უსულოდ გადმოაგდო ცხენიდან თავგაპობილი მოპირდაპირე.
მეორე დღეს კვლავ გამოვიდა თარხან, ზვიადი გულით და უშვერი სიტყვით.
ახლა თვითონ მეფემ გაიწია საომრად.
წინაღუდგნენ წარჩინებულნი, არ ანებებდნენ, _ ჯერ კიდევ საომრად უმწიფარიაო და სავსებით გამოუცდელი ვახტანგ, თექვსმეტი წლის „ყმაწურილი“.
მაგრამ არ დაიშალა ვახტანგმა, მოახტა ჰუნეს და გავიდა, თითო ხელში თითო შუბით შეჭურვილი.
გამოეგება თარხან, შორიდან გოლიათი ეჩვენა ვახტანგი. ახლოს მივიდა და სავსებით უწვერული ყმაწვილი შეიცნო ხაზარმა. სიცილი დააყარა: სად მე, „გმირთა გამოცდილთა მბრძოლი“, და სად შენ, „ყმაწურილი“, მაგრამ რა გაეწყობა, შენზედაც დავიმდაბლებ თავსო.
„აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას“.
გაექანა ვახტანგ, ორივე შუბი გაწვართა და სარტყელს ზემოდ აძგერა თარხანს.
აძგერა, ასწია და შუბებზე აგებული გადაისროლა ცხენიდან. წამსვე გადასწვდა მახვილით და წარკვეთა თავი.
შემობრუნდა მეფე ძლევამოსილი.
აღფრთოვანებით შეხვდნენ ქართველნი.
ზარგანხდილი იდგა ხაზართა ურდო.
მომდევნო დღეს ოვსთა რიგი დადგა.
ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარ, „ბუმბერაზი“, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გამოსჩენია სარკენალ ველზე. თორმეტმტკავლიანი მშვილდი აეკიდნა მხარზე, ექვსმტკავლიანი ქეიბურებით აევსო კაპარჭი.
ალმაჭურად აღჭურვილი მოადგა გოლიათი მხედარი მდინარეს და ხმამაღლა შემოუძახა ქართველთა ბანაკს: ვახტანგ მეფევ, ნუ განლაღდები თარხანის მოკვლით; აბა, ჩემთან გაბედე გამოსვლა და ნახავ, როგორადაც გადამირჩებიო!
ვახტანგმა მშვიდად გაჰხედა ახალ მოპირდაპირეს და პასუხად გასძახა: „არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან“.
ეს სთქვა, ლაშქარი საბრძოლოდ გააწყო და თვითონაც სასწრაფოდ აღიჭურვა.
ვიგრის ტყავიანი ფარი აიღო, ამხედრდა და მდინარისაკენ დაეშვა.
მივიდა და უყვირა ბაყათარს: მე არ გადმოვალ მდინარეზე, არამედ შენ უნდა გადმოხვიდე ჩემ კერძო, რამეთუ მე მეფე ვარ, ხოლო შენ _ მონა. მეფის დაღუპვით მისი ჯარიც დაიღუპება, ხოლო შენებრ მონის დაღუპვით ოვსთა ლაშქარსაც არაფერი ვნება მიადგებაო.
ბაყათარმაც შემოუძახა: კარგი, მე გადმოვალ შენი მომკვლელი, მაგრამ მდინარის პირისგან სამი უტევანი დაიხიეო (ალბათ შიშობდა, მდინარის გადალახვისას არ მესროლოსო მოპირდაპირემ).
უკუდგა ვახტანგი. გადმოიარა მდინარე ბაყათარმა და როგორც კი ხმელზე შემოდგა, უგრძეს ისართა სეტყვა დაუშინა მეფეს.
ისარზე უსწრაფესია ფიქრი.
ისარზე უბასრესია ალმასი.
ხოლო ვახტანგს ფიქრზე უმალესი და ალმასზე უბასრესი მზერა ჰქონდა. ამიტომ იგი „სიფიცხლითა თვალთათა, და სიმახვილითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა“.
ორივე ბანაკი უსაზღვრო გაოცებითა და აღტაცებით უცქერდა გმირთა უჩვეულო რკენას. ორივე მხრიდან იდგა გრიალი ბუკთა და დაფდაფთა, ყიჟინა, ღრიალი და ზახილი, „რომლით იძვროდეს მთანი და კლდენი“.
როკავდა მეფე-მხედარი, გასროლილ ისართა მხედველი.
უსაზმნოდ სტვენდნენ ბაყათარისგან ნატყორცნი ქეიბურნი.
მხოლოდ ორი ისარი მოახვედრა ბაყათარმა ვახტანგის ფარს. ვიგრის ტყავმა აისხლიტა ორივ ნასროლი. მაშინ ცხენს დაუმიზნა ოვსთა რჩეულმა. იწივლა ქეიბურმა.
ყალყზე აღიმართა ვახტანგის ტაიჭი და მოსხლეტით დაეშვა. თითქოს წამიერად სიკვდილის ნება წაართვა მეფემ ერთგულ ცხოველს, ძირს დაცემამდე მიაგდო ბაყათარს და ელვის უსწრაფეს ალმედად მოიქნია ხმალი. მხარ-იღლივ გადაჰკვეთა ბაყათარ, მარჯვენა მხრიდან მარცხნივ გულამდე.
წამიერ იყო ყველაფერი.
ძირს ეყარნენ მკვდარნი _ ბაყათარ და ცხენი ვახტანგისი.
ხოლო ვატხანგ, ბაყათარის ცხენზე ამხედრებული, თავისიანთ შემოუბრუნდა და შესძახა: „მხნე იყვენით და განძლიერდით!“
ფრთაშესხმული ქართველთა ჯარი მტრისკენ დაიძრა. ოვსთა ბანაკი ისრის სეტყვით დაუხვდა მდინარეზე გადმომავალ მოპირდაპირეს. ვახტანგის თოროსან-ჩაბალახოსანმა მხედრობამ პირველმა აათავა ქარაფოვანი აღმართი და ოვსთა ბანაკს მიეჭრა. ქვეითი ლაშქარიც მიჰყვა ფეხდაფეხ. ორივე მხარე იბრძოდა მხნედ და გახელებით. გამაყრუებელ ღრიანცელში მკვეთრად გამოირჩეოდა ვახტანგ მეფის ზახით აღსავსე ყიჟინა, „ვითარცა ხმა ლომისა“, თავისიანთა გამამხნევებელი და მტერთა გულშემზარავი. იგი ყველგან იყო: „უკეთუ მარჯუენით-კერძო იბრძოდის, მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯუენით-კერძო ძრწოდიან“.
მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ ორნი: არტავაზ საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული.
ბრძოლა დასრულდა. ქართველები ზეიმობდნენ დიდ გამარჯვებას. ვახტანგს მორჩილება გამოუცხადეს და მძევლები მოსცეს ოვსთა მთავრებმა.
ადრე დატყვევებული დაი მირანდუხტ გამოიხსნა მეფემ, მასთან ბევრი ტყვექმნილი თანამემამულეც.
დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნენი ჩააყენა.
ამიერიდან ჩრდილოეთიდან ამ გზით ვერავინ გამოივლიდა „თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა“.
ვახტანგმა მირანდუხტი ამალით არაგვის ხეობით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. იგი ოვსეთიდან დასავლეთით გაეშურა, იალბუზის მთის გასწვრივ.
გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი.
იქნებ მაშინვე, მის ლაშქარშივე დაიბადა საოცარი სიმღერა „იალბუზის გმირზე…“
დაამარცხა ყივჩაღები,
დაამარცხა პაჭანიგები.
დაიპყრო ჯიქეთი.
ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია უკვე ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა.
ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტანგ მეფე.
აფხაზეთსა და ეგრისში ბიზანტიელები ბატონობდნენ.
ყველა დასავლურ-ქართული ციხე-ქალაქიდან გააძევა ვახტანგმა ბიზანტიური ციხიონები. კეისარი ლეონ პირველი ვერაფერს გახდა.
დასავლეთ საქართველოს გათავისუფლებისა და შემომტკიცების შემდგომ ვახტანგ მეფე თავისი ძლევამოსილი ჯარებით მცხეთისაკენ გამოეშურა.
სამი წელი (458-461 წწ.) გაგრძელებულიყო ვახტანგ მეფის „ჩრდილოურ-დასავლური ლაშქრობანი“.
დიდი ამბით შეეგება სატახტო ქალაქი საკვირველი გმირობით აღზევებულ 19
წლის ხელმწიფეს.
მის ასაკში ალექსანდრე მაკედონელსაც არ ჰქონია ასეთი მქუხარე ტიტული.
მოდიოდა „იალბუზის გმირი“.
გაეგებნენ დედა საგდუხტ, დები _ ხვარანძე და მირანდუხტ. მთელი მოსახლეობა, ქალი და კაცი, ბალღი და მოხუცი.
აღარ იცნობოდა მეფე.
პირტიტველა, „წვერგამო“ ყმაწვილი ახსოვდათ.
წვერულვაშაშლილ ვაჟკაცად მოდიოდა, ტანაშვეტილი, პირმშვენიერი.
ფეხქვეშ ყვავილებსა და ფარჩა-ქსოვილებს უფენდნენ. თავზეით ვერცხლის ფულს ესროდნენ, ხოტბას აღავლენდნენ და ზეცამდე განადიდებდნენ: „რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგევითარი ძლიერი წყობა (ბრძოლა)“.
მცხეთა დიდხანს ზეიმობდა. მეფემ დიდძალი საბოძვარი გასცა „წვრილ ერთა“, ღატაკთა და უპოვართა დასაპურებლად. „გასცა ნიჭი ერსა თვისსა“. პანაშვიდი გადაუხადა ომებში დაღუპულებს, დააწინაურა ყველა, ვინც საომარ ველზე თავი გამოიჩინა სიმამაცით და საზრიანობით, დიდი ძღვენით დაასაჩუქრა ერთგული ქვეშევრდომნი და ერისმთავარნი. თავის დედის ძმას, ბარდავის ერისთავ ვარაზ-ბაკურს ომში ერთგული თანადგომისათვის ათასი მონა და ორიათასი ცხენი აჩუქა.
ვარაზ-ბაკურ ბარზაბოდის ძე სპარსეთსა და საქართველოს შორის იდგა.
ვახტანგსაც მაშინ სპარსეთთან მშვიდობიანობა ერჩივნა მტრობას, რადგან იცოდა ბიზანტია აფხაზეთ-ეგრისის დაკარგვას არ შეურიგდებოდა და, ამას გარდა, თვითონ ვახტანგი, მარტო დასავლეთ საქართველოს კი არა, სამხრეთ-დასავლეთ და „პონტოურ-ქართულ“ მიწათა გათავისუფლებასაც აპირებდა ბიზანტიელთაგან. ერთი სიტყვით, დღეს თუ ხვალ, საქართველოსა და ბიზანტიას შორის ომი უნდა ატეხილიყო. ამიტომ მსოფლიოს მეორე დიდ მონარქიასთან, სპარსეთთან, მტრობა ვახტანგს ხელს არ მისცემდა. მას კიდევაც უნდა ესარგებლა იმით, რომ იმ ხანად კეისარ ლეონ პირველსა და შაჰინშაჰ ჰორმიზდ მესამეს შორის საომარი მდგომარეობა იყო. ასეთ რთულ ვითარებაში სპარსეთის მეფე თვითონ უფრო იყო დაინტერესებული საქართველოსთან სამოკავშირეო და სამოყვრო გზების ძებნით.
მალე კავშირიც დაიდო და მოყვრობაც გაეწყო.
ვახტანგ მეფემ ცოლად შეირთო ჰორმიზდ მესამის ასული ბალენდუხტ, რომელსაც დიდ ამალასთან ერთად მცხეთაში მოჰყვა მისივე გამზრდელი მამამძუძე, სპარსეთში სახელგანთქმული წარჩინებული და პოლიტიკოსი.
ბალენდუხტის გამზრდელმა ვახტანგს ჰორმიზდის პატრუცაგი გადასცა.
სიმამრი სიძეს ხელმწიფურ ტიტულატურაში „ათთა მეფეთა მეფე ახოვანს“ უწოდებდა და თან ატყობინებდა, რომ მან თავის ასულს „მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად“, და აქვე, კეისრის წინააღმდეგ საომრად გასვლას სთხოვდა.
სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ომი დაწყებული იყო. მესოპოტამიაში უკვე შეევიწროებინათ კეისრის ლეგიონებს სპარსელები.
ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა, _ დაეწყო ბრძოლა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემოსაერთებლად.
მეფემ სალაშქრო წვევა ბრძანა.

ლაშქრობა პონტოს საქართველოში

იდგა 464 წელი.
იდგა ლაშქარი აღლუმად.
ელოდა მეფეს.
გამოვიდა ვახტანგ.
„ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე!“ _ იგრიალა ლაშქარმა.
ღიმილით დამშვენებული მოემართებოდა მეფე.
22 წელი შესრულებოდა.
ტანად იყო გოლიათზე უდიდეს: სიმაღლით „თორმეტი ბრჭალი“ (2 მეტრი და 40 სმ?!!)
მკერდამდე ვერ წვდებოდნენ თვითონაც ახოვანი, ტანაშვეტილი ვაჟკაცები მისი ამალისა.
ღვთიური სიმშვენიერე დაჰფენოდა მის მამაცურ სახეს.
უზღვავი ძალა გამოსჭვიოდა დაქნილ სხეულში.
უკვე ყველამ იცოდა: გაფრენილ ირემს საომარი იარაღით ალმაჭურად შეჭურვილი ფეხდახფეხ დაედევნებოდა, დაეწეოდა და რქებში ხელჭდობით შეიპყრობდა.
შეჭურვილ ცხენს მხრებზე თოხლივით მოიგდებდა და მცხეთიდან არმაზ-ციხეზე მუხლ-ჩაუკრეფლად ავიდოდა.
მოდიოდა ქართველთა ხელმწიფე.
თეთრ გიორგის ჰგავდა თეთროსანზე ამხედრებული.
ხელმარჯვნივ მოჰყვებოდა სპასპეტი ჯუანშერ.
ხელმარცხნივ _ ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკურ და ძუძუმტე არტავაზ, ძე საურმაგ სპასპეტყოფილისა.
ლაშქარი მზად იყო სალაშქროდ.
მოეწონა ვახტანგს სიმრავლითა, ცხენკეთილობითა, აღკაზმულობითა და „იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით“.
და წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად.
გზად, ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ ერისთავნი სომხითისა: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.
მიადგნენ კარნუ-ქალაქს (ერზერუმს).
ბიზანტიელთა გარნიზონი ძლიერად დაუხვდა ქართველთა მეწინავე ჯარს…
ვახტანგს წინ გაჭრა ეშურებოდა, პონტოს სიღრმეში. ამიტომ კარნუ-ქალაქის საალყოდ თორმეტი ათასი მეომარი დატოვა ორი ერისთავის სარდლობით.
ქართველთა ძირითადი ძალები პონტოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ზედიზედ აიღეს დიდი ციხესიმაგრენი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი.
მერე ზღვის პირს გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ პონტოს სანაპირო ძველი ბერძნული ქალაქები.
კონსტანტინოპოლისკენ მიემართებოდნენ ქართველნი.
წინმიმავალ ვახტანგს საშინელი კათცაკვლის ამბავი აუწყეს უკანაკერძიდან მოვარდნილმა შათირებმა: ქართველთა თანამოლაშქრე ბარდაველი და ადარბადაგადანელი (აზერბაიჯანელი) ცეცხლთაყვანისმცემელნი ადგილობრივ მოსახლე ქრისტიანებს ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, სახლკარიანად აწიოკებდნენ და ძუძუში დაკვრით სიცოცხლეს უსპობდნენ. ხალხი სოფელ-ქალაქებიდან დედაბუდიანად იყრებოდა და თავშესაფრის საძებრად ტყე-ღრეში იფანტებოდა.
უსაზღვროდ აღშფოთდა ვახტანგი.
ლაშქარი შეაყენა და რისხვეული გაფრთხილებით მიმართა ჯარს: ამიერიდან აღარავინ გაბედოს ხალხის ძარცვა, რბევა-აწიოკება და უდანაშაულოთა სისხლისღვრა; სულ ერთია, ვინც უნდა იყოსო, ბერძენი თუ რომაელი, ამიკრძალია ყველას სიკვდილი, ვინაც იარაღით ხელში არ აღმდგარა ჩვენს წინააღმდეგ; მით უფრო, რომ კეისარი უკვე მოეშურება ჩვენს შესახვედრადო.
ეს სთქვა, ტყვეები გაათავისუფლა, ქადაგნი განავლინა და დაფანტულ-გადაკარგულ ხალხს მოუწოდა, უშიშრად გამოსულიყვნენ თავიანთ სამალავთაგან და სრული იმედიანობით დაბრუნებოდნენ მშვიდობიან ცხოვრებას.
ვახტანგმა გზა განაგრძო დასავლეთისკენ.
ქართველთა ჯარები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, ხოლო ქალკედონი აზიიდან პირდაპირ გასცქეროდა ბოსფორის გადაღმა აღმართულ ბიზანტიონს.
გამალებულნი მოეშურებოდნენ კეისრის ლეგიონები.
მოუძღოდათ სახელგანთქმული მხედართმთავარი პოლიკარპოს.
შეიბნენ ქართველნი და ბიზანტიელნი.
ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ერისთავი ბარდავისა და დედის ძმა ვახტანგ მეფისა.
შლეგიანად იბრძოდა პოლიკარპოს, „ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი გამძვინვებული“.
ბერძენთა დომესტიკი პირისპირ ბრძოლაში იწვევდა ქართველთა მეფეს.
თვალი ჰკიდეს ერთიმეორეს.
ვახტანგმა მკერდზე დაკიდული ჯვარცმა მიამთხვია ხმალს და დინჯად დასძრა ცხენი.
გრიგალივით გამოექანა პოლიკარპოს, მკლავისსიმსხო ლახვარი აძგერა.
ვახტანგმა შეაგება ფარი ვიგრისა, მაგრამ ლახვარმა გაგლიჯა ფარი.
მარცხენა ხელი აიქნია ვახტანგმა და ლახვარი გაგლეჯილ ფარიანად ჰაერში აატყორცნინა მოპირდაპირეს.
წამსვე მისმა ხმალმაც იელვა.
თავგაპობილი გადმოეშვა ცხენიდან პოლიკარპოს.
ახალი მხნეობით მიეტევნენ ქართველები სარდალმკვდარ ბიზანტიელთ. ბრძოლა გუნდ-გუნდად გაჩაღდა. ზღვის პირს მიიმწყვდიეს ქართველებმა ბრძოლიდან გაქცეული მოწინააღმდეგენი. ბევრი გაწყდა ბიზანტიელნი. ბევრი ტყვედ ჩავარდა.
მცირეოდენმა გაასწრო სამშვიდობოს.
კეისარი ლეონ პირველი იძულებული გახდა სპარსეთთან ჭიდილისას მოპოვებულ მიღწევებზე ხელი აეღო და იმპერიის გულისაკენ მიმავალ ქართველებს წინ გადასდგომოდა.
დიდძალი ლეგიონებითა და დრომონებით შემოეგება კეისარი ქართველთა მეფეს.
მოპირდაპირენი ბანაკად დადგნენ.
კეისარმა შეხვედრა და სამშვიდობო მოლაპარაკება ითხოვა.
რაკი მას ნაკლები იმედი ჰქონდა, რომ ამდენი გამარჯვებებით გალაღებული ქართველი მეფე ზავზე არც ისე იოლად დათანხმდებოდა, ამიტომ ფრიად გამოცდილი დიპლომატები და ღვაწლმოსილი საეკლესიო მოღვაწეები გამოუგზავნა დიასპანებად _ პეტრე და სამოელ.
ესენი დიდხანს არწმუნებდნენ მეფეს, არ ეგების ქრისტიანი ხელმწიფისაგან ქრისტესმიერ ძმათა აკლება, ტყვევნა და ჟლეტაო; შენ ქვის ეკლესიებს აშენებ და ხორციელ ეკლესიებს (ადამიანებს) არღვევო, ხოლო „ეკლესიანი ხორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესიანი ქვათა ოდესმე დაირღუეს და აღაშენიან მითვე ქვითა; ხოლო ეკლესიანი ხორცთაგანი ოდეს დაირღუენ, ვერვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერცა მკურნალი და ვერცა მეფე“. სიტყვით ქრისტეს სჯულს აღიარებ, ქრისტეს სჯულს ქადაგებ და საქმით ქრისტეს მიმდევრებს ებრძვიო; ჩვენ კი არ გვინდა იყო, „ვითარცა კაცი, რომელი მარჯუენით იქმნ და მარცხენით არღუევნ; და არცა ვითარცა რომელნი პირითა მათითა აკურთხევდნენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ“. წმინდა ნინოს მოაგონებდნენ და მის სულს აფიცებდნენ, ეს შენს მიერ დანთებული ცეცხლი შენვე დაშრიტე და თანამოძმე და თანამორწმუნე კეისარს შეურიგდიო.
ვახტანგს ამდენი დარწმუნებაც არ სჭირდებოდა, თვითონაც კარგად იცოდა, რომ ბიზანტიის დაკნინება და სპარსთა აღზევება მის ქვეყანას არაფრად წაადგებოდა. ეს „ბერძნული ლაშქრობა“ მას მხოლოდ ბერძენთაგან მიტაცებული ქართული მიწების გასათავისუფლებლად სჭირდებოდა. ხოლო ეს ძველი, ქართველთა მამაპაპისეული მიწებიც უკვე მთლიანად მის ხელთ იყო.
ახლა შეიძლებოდა და დროც იყო ზავზე ლაპარაკისა.
ვახტანგ მეფე და ლეონ იმპერატორი ერთმანეთს შეხვდნენ.
ზავზე საუბრის დაწყებამდე კეისარმა ვახტარგს სთხოვა, შენს ლაშქარში მყოფი
სპარსელები ქართველებიდან განარიდე და ჩემს ჯარს მივუსევ და გავაჟლეტინებო.
ქართველთა მეფე გააოცა ასეთმა მოულოდნელმა, მუხანათურმა წინადადებამ. მან რისხვა ძლივს ჩაიქცია და სთქვა: ასეთი რამ არც შენს კეისრობას შვენის და არც არავითარ შემთხვევაში მე არ ჩავიდენო, „რამეთუ ღადრობა , არა ხელ არს კაცთა პატიოსანთა“. თუ მაინცდამაინც სპარსელთა სისხლის დაქცევა გსურს, მაგის დროც დადგება და მაშინ გამოიჩინე შენი ვაჟკაცობაო.
კეისარმა სილა გადაყლაპა.
მერე ვახტანგმა წაუყენა თავისი წინადადებანი. მან გადაჭრით მოითხოვა ყველა ქართული მიწა-წყალი, რომელიც აქამდე უკანონოდ ეპყრა ბიზანტიას.
იმპერატორი დათანხმდა საქართველოს შეერთებოდა ტაო-კლარჯეთი, ციხე თუხარისი და ტერიტორიები შავი ზღვიდან სამხერთით არსიანთამდე, ძველი პონტოურ-ქართული სამფლობელოები. კეისარმა მხოლოდ აფხაზეთის საკითხზე სცადა შესწორების შეტანა ვახტანგის მოთხოვნაში. კერძოდ, ეგრის წყლიდან (ენგურიდან) კლისურამდე (კელასურამდე) აფხაზთა მიწას ჩემი სახელი ერქვას და, თუ ჩემს ასულს ცოლად შეირთავ, აღნიშნულ მიწებს მზითვად გამოვატანო, ხოლო დანარჩენი აფხაზეთი, კელასურიდან ჯიქეთამდე, ბიზანტიას უნდა დაუბრუნდესო.
შეთანხმდნენ. ზავი დაიდო.
ბიზანტია და საქართველო კვლავ მოკავშირე-მეგობრებად ცხადდებიან და სპარსეთის წინააღმდეგ ერთად იომებენ.
სამოყვრო პირობაც გარიგდა: ვახტანგი ცოლად შეირთავდა ლეონის ასულს.
ქართველები ზეიმით ბრუნდებოდნენ უკან.
ერთ ხანს კლარჯეთში შედგა ვახტანგი.
მერე თუხარისად მოიწია. კარგა ხანს ათვალიერა აქაური ციხესიმაგრე და ბოლოს აღტაცებით შესძახა:
„ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე!“
საკმარისი იყო ლეგენდისათვის, _ სახელწოდება „თუხარისი“ ვახტანგის ამ თქმიდან წარმოსდგაო…
აქ, კლარჯეთის ერისთავად ვახტანგმა დატოვა თავისი ძუძუმტე არტავაზი.
აქვე ვახტანგმა დიდად მოიწონა სოფელი არტანუჯი და მის თავზე აღმართული კლდეები.
მაშინვე ახალ ერისთავს უბრძანა არტანუჯში ციხესიმაგრე და ეკლესია აეშენებინა.
ვინ იცისო, ეუბნებოდა ვახტანგი არტავაზს, როგორ დაგვჭირდება არტანუჯი;
რომ ღმერთი გაწყრეს და მტერი მოგვერიოს, „საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს“.
არტავაზმა აღასრულა სათაყვანო მეფის ბრძანება: აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერი ოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. მან აქვე, ახიზში განაახლა ძველი ციხე, რომელსაც დიდი ქვაბული მიუმატა სადგომად და თავშესაფარად.
ვახტანგ მეფე მცხეთად მობრუნდა.
კვლავ დიდი ზეიმით ზეიმობდა სატახტო საქართველოსი.

 

გვერდი 1

გვერდი 2

გვერდი 3

გვერდი 4

გვერდი 5