EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სამაჩაბლო (და არა სამხრეთ ოსეთი - გაგრძელება გვ. 2) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: uchi
თარიღი: 2014-03-13 22:20:25
IX. პერსპექტივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს აქვს ორი ასპექტი. ერთი (და გადამწყვეტი) არის ის, რომ რუსეთი იბრძვის ამიერკავკასიისათვის, კავკასიონის სამხრეთით საიმედო პლაცდარმის შექმნის მცდელობის სახით. მეორეა ის, რომ ოსი ეთნოსი იბრძვის მიწისათვის და დამატებითი ტერიტორიისათვის საქართველოს ხარჯზე.
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ოსებში არიან ადამიანები, რომელთა ცნობიერებაში ქართველი ერის გენოციდის დიდი ისტორიული მეხსიერება ცოცხლობს. ოსური ლაშქრობის მიერ ჯავის გაუკაცრიელების ფაქტი (XVII ს.) ზემოთ უკვე ვახსენეთ. უახლესი ისტორიის ფაქტია ქართული სოფლების დარბევა, ჟლეტა, განადგურება და აყრა 1921 წლის თებერვლის შემდეგ, როცა საქართველო რუსეთის მიერ მეორედ იქნა ანექსირებული და მის ყველა მტერს, რუსეთის წინაშე უკვე დიდი დამსახურების მქონე ოსური რაზმების ჩათვლით, სამოქმედოდ ხელი გაეხსნა. არსებობს ამ დროს ცხინვალის მიმდებარე რამდენიმე ქართული სოფლის მაცხოვრებელთა კოლექტიური განცხადება გასაბჭოებული საქართველოს მთავრობის სახელზე, სადაც აღწერილია გენოციდის ეს პროცესი1 (ის სოფლები _ მონასტერი და კიდევ რამდენიმე სხვა – მას შემდეგ მართლაც აღარ არსებობენ, როგორც ქართული სოფლები. იქ ახლა მხოლოდ ოსები ცხოვრობენ). იგივე გენოციდი გრძელდება ახლაც. მაგალითად, 90-იან წლებში მოისპო ქ. ცხინვალში ინკორპორირებული წმინდად ქართული სოფლები გუჯაბაური და მამისაანთ უბანი. ზნაურის რაიონში მოისპო 11 ქართული სოფელი: მოსახლეობა აყარეს რუსის ხიშტის საფარს ქვეშ და ისეთი მეთოდების გამოყენებით (სხვასთან ერთად), როგორიც იყო, მაგალითად, მოხუცებული ბუზალაძის ქალის დაწვა საკუთარ სახლთან ერთად (ადამიანთა ცოცხლად დაწვას, როგორც მეთოდს, ოსებმა მიმდინარე კონფლიქტში მრავალჯერ მიჰმართეს. მსურველს შეუძლია ნახოს მათი პატარა ჯგუფის ფერფლის საფლავი გორის რაიონის ს. ტყვიავის ცენტრში). 40 ქართული სოფლიდან, რომელიც ძალადობით შეიყვანეს “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შემადგენლობაში 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტით, დღეს თითქმის ნახევარი უკვე აღარ არსებობს. ეს გაბედა ოსურმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ავტონომიურ ოლქში, რომელიც პირწმინდად უკანონო იყო და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია დღემდე რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალის მასში დგომის გარეშე. ადვილი წარმოდსადგენია, რას გაბედავს იმავე ოსების ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მსოფლიოში დღეს ტრიუმფალური სვლით მავალი დასავლური დემოკრატიის სანქცია ტერიტორიის სამართავად! ჩვენ არ ვართ ისეთი პესიმისტები, რომ ქართველთა გენოციდის ზემოხსენებული ისტორიული ტენდენცია ყველა ოსს მივაწეროთ. ეს სულისკვეთება, მით უმეტეს _ მისი ქმედებაში რეალიზაციისათვის მზაობა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის, რა თქმა უნდა, ადამიანთა მხოლოდ მცირე პროცენტშია მოცემული მკაფიო სახით. მაგრამ ამ მცირე პროცენტში იგი არის. საკმარისია, მას შესაბამისი სოციალური და პოლიტიკური პირობები შეექმნას (მაგალითად, ოსების სასარგებლოდ ქართული ტერიტორიის მიტაცების “კეთილშობილური პატრიოტული ამოცანის” კონტექსტში), რათა ამ ინსტიქტმა სტიქიური ძალით იფეთქოს და უხვი ახალი მოსავალი მოიტანოს.
საქართველოს დღევანდელ ფარულად პრორუსულ ხელისუფლებას მოვლენათა განვითარება სწორედ ამ მიმართულებით მიჰყავს. მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოებმა, რომელთა ერთმა ნაწილმა, ეუთოს საქართველოს მისიის სახით, სამწუხაროდ, გამოთქვა ძირფესვიანად არარეალისტური და ასევე ძირფესვიანად ანტიქართული რეკომენდაცია საქართველოში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნის შესახებ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ხსენებული მიმართულების ხელისუფლება საქართველოში მუდამ არ იქნება. მისი არსებობა ისტორიული შემთხვევითობაა, მძიმე რუსულ-აგენტურული მემკვიდრეობით განპირობებული, და, ამდენად, წარმავალია. საქართველოში დემოკრატიული გზით არჩეული წარმომადგენლობითი ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში გააუქმებს საქართველოში უკანონო “ოსეთს”, რომლის შექმნა ქართველი ერის შეურაცხმყოფელია და სახელმწიფოს ძირის მომთხრელი. დღეს მისი შექმნა იქნება არა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის გამარჯვებით დამთავრება, არამედ ამ ბრძოლის მხოლოდ გადავადება. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ მძიმე დამარცხების რისკი ამ ბრძოლაში (რაც, ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო შეთქმულებასთან ბრძოლაა), არსებობს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ საქართველო წინააღმდეგობის გაუწევლად დასთანხმდეს თავისი ისტორიის ესოდენ სამარცხვინო დამთავრებას, ან საბოლოო დამარცხება განიცადოს, ძალიან მცირეა.
ქართველი ხალხი არ დათმობს ტერიტორიას, არც დაუშვებს (ჯამში) თავისი დღესდღეობით უბოროტესი და უსახიფათოესი მტრის _ რუსეთის _ ოფიციალურსა და კანონიერ გადმობიჯებას კავკასიონის ქედზე. იქნება მუდმივი ბრძოლა ცვალებადი წარმატებით, რომელშიც ქართველი ხალხი ან გაიმარჯვებს და გააგრძელებს თავის მიწაზე ცხოვრებას და განვითარებას, ან დამარცხდება და შეუქცევადად დაადგება დედამიწის პირიდან თანდათანობით აღგვის გზას (რადგან კავკასიონზე ზღუდემორღვეული საქართველო გეოპოლიტიკურად არასიცოცხლისუნარიანი ხდება).
შენიშვნები: საკითხის სინათლისთვის საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენს წინამდებარე განცხადებას რამდენიმე შენიშვნა დავურთოთ.
1. უკვე მრავალი წელიწადია, რაც რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო ურთიერთობათა ყველა ნორმის დარღვევით რუსეთის მოქალაქეობას აძლევს მის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის _ მოსახლეობას, რათა საბაბი ნახოს თავისი უხეში ჩარევისათვის შეიარაღებული ძალით (თუმცა კანონიერ საბაბად ამისათვის ამ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების ყოფნა არ კმარა). ამ პრაქტიკაზე ეფექტიანი რეაგირება არ მიუცია არც შეცვარდნაძის ხელისუფლებას, არც დღევანდელს. ასევე, არ ყოფილა მათგან ამ წლების მანძილზე ოფიციალური განცხადება და შესაბამისი იურიდიული ნაბიჯები იმის გამო, რომ რუსეთი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ, ანუ ომს საქართველოს წინააღმდეგ, _ რომ, მაშასადამე, საქართველოს ომები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში არის ქართულ-რუსული ომი, რომელიც გრძელდება.
ხსენებული ორი ფაქტის გათვალისიწნება აუცილებელია ყველა იმისათვის, ვისაც ჰსურს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შეფასება მის მიერ გამოცხადებულ კაპიტულაციათა მომავალი საქართველოსათვის სავალდებულოობის ან არასავალდებულოობის თვალსაზრისით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებათა მიერ განხორციელებული კაპიტულაციები თავისუფალი მომავალი საქართველოსათვის სავალდებულო ვერ იქნება.
2. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში სულ 164 ათასი ოსი ცხოვრობს, ამათში 100 ათასი _ ყოფილი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” ფარგლებს გარეთ. დღეს ხელისუფლებას (საფიქრებელია, რუსული დავალებით) ამ უკანასკნელი რაოდენობის შემცირების ტენდენცია აქვს, რათა შეინიღბოს ის ფაქტი, რომ ოსი მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის _ მის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა ორიენტირებული უნდა იყოს იმ 100 ათასზე, და არა მარტოოდენ უკანონო ტერიტორიულ-პოლიტიკური ავტონომიის და რუსეთთან შეერთების მაძიებელ 60 ათასზე. ამიტომ საჭიროა იმის გათვალისიწინება, რომ
_ ოსური მოსახლეობის მკვეთრი შემცირება კონფლიქტის პირველ (მწვავე) სტადიაზე არ მომხდარა. რუსული პროპაგანდა საქართველოდან “ლტოლვილთა” რიცხვად ასახელებდა 40, 60, 80 და 120 ათას სულს, თუმცა სინამდვილეში მათი რიცხვი, საქართველოს მთავრობასთან არსებული ქართულ-ოსური ურთი-ერთობების დროებითი კომისიის (თავმჯდომარე ნ. ნათაძე) გამოთვლით, იყო 19 ათასზე ნაკლები. მათი დიდი უმრავლესობა დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს. მართალია, დღეს საქართველოდან არის უზარმაზარი ემიგრაცია სამუშაოს საძებნელად, მათ შორის, ცხადია, ოსებისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გამოაკლდნენ საქართველოს მოსახლეობას (რადგან იგულისხმება, რომ საშოვარზე გასული ადრე თუ გვიან შინ ბრუნდება)
3. ეუთოს საქართველოს მისიამ (პირველი დამფუძნებელი _ დიარმატი, უნგრეთი, შემდეგი თავმჯდომარე _ ცვეტკოვი, უკრაინა, შემდეგი თავმჯდომარე _ აიფი, გერმანია, შემდეგი თავმჯდომარე _ ბოდენი, გერმანია) შეიმუშავა და საქართველოს ხელისუფლებას წარმოუდგინა “რეკომენდაციები” ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, რომელიც თავისი ანტიქართული მიკერძოებით, ულოგიკობით, ფაქტებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით და პოლიტიკური აზროვნების არაადექვატურობით, ალბათ, ერთერთი ყველაზე არასასახელო ტექსტია დიპლომატიის პრაქტიკაში და პოლიტიკური აზრის ისტორიაში. მოვიყვანთ შემდგენელთა მსჯელობის რამდენსამე ნიმუშს.
ულოგიკობის მაგალითი (ერთი მრავალთაგანი)
ზოგადი წანამძღვრიდან “საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და ეუთოს პრინციპები მოითხოვენ, რომ ვითარების შეფასებისას მხედველობაში მიღებულ უნდა იქნან ფაქტები, და არა მათი წარმოშობის ისტორია”, რაც თავისთავად მანკიერი პრინციპია (რადგანაც უგულებელყოფს ერის, ქვეყნისა და ადამიანის უფლებასაც, რომ ჰქონდეს ისტორიული მეხსიერება, და გუშინდელი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უპირატესობების დღეს გამოყენების აღკვეთის უფლებასა და მოვალეობასაც) ორი სხვადასხვა კონკრეტული სუბიექტისათვის ორი სხვადასხვა დასკვნა კეთდება. სახელდობრ, იმ ფაქტიდან, რომ “არსებობს “სამხრეთ ოსეთად” წოდებული ერთეული, რომლის მოსახლეობაშიც ჭარბობენ ოსები” (თუმცა ეს ერთეული შექმნილია უცხო ოკუპანტის მიერ და არსებობის სულ 70 წლის ისტორია აქვს, ისიც მხოლოდ რუსული რეგულარული ჯარის იქმყოფობის პირობებში), ერთის მხრივ, კეთდება დასკვნა, რომ, სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს ოსების პოზიციის საზარალოდ, მეორე მხრივ კი დასკვნა, რომ, ოსების ნების შესაბამისად, იგი უნდა შეიცვალოს ქართველების საზარალოდ, _ რომ ოსებს უნდა მიეცეთ მრავალი ახალი უპირატესობები ამ ტერიტორიაზე, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ.
ფაქტების არასწორი კონსტატაციის (სიცრუის) მაგალითი
(ერთი მრავალთაგანი)
მისია აცხადებს, რომ ოსების დასახლება საქართველოში მოდის XIV საუკუნიდან. ეს ტყუილია. ამ საუკუნეში იყო ოსების ლაშქრობა საქართველოზე (მონღოლთა ლაშქრობის კონტექსტში), მაგრამ მას დემოგრაფიული შედეგი არ ჰქონია: ოსები განდევნეს ისე, რომ მათი დასახლება არ მომხდარა. ამგვარად, ოსური დასახლების დასაწყისი ამ საუკუნეს არ ეკუთვნის (და რომც ეკუთვნოდეს, ამით მაინც არ ირღვევა ის ფაქტი, რომ ოსები საქართველოს ავტოხთონური მოსახლეობა არ არიან, არამედ ავტოხთონური ქართული მოსახლეობის მყოლ უცხო ტერიტორიაზე მოსული მოსახლეობა (დიასპორა) არიან).
კონფლიქტის დაცხრობის ამოცანისადმი
მისიის ამორალური მიდგომის მაგალითი
(ერთი მრავალთაგანი)
მისიის რეკომენდაციებში ვკითხულობთ: “კოლექტიურ დონეზე, შეიარაღებულ კონფლიქტს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისა და ოსებისათვის. კონფლიქტის ქართველ მონაწილეთა შორის მეტისმეტად მრავალს ჰქონდა იმის განცდა, რომ დადგა დრო “სამხრეთ ოსეთის” დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლისა და ისტორიის “შესწორებისა”. ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო უკანასკნელი და ყველაზე მხეცური შედეგი პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ისახავდა ოსების განდევნას და მოსპობას… თვეთა მანძილზე ოსები ცხინვალში და მის გარშემო თავისი არსებობისათვის გარდუვალი საფრთხის წინაშე იდგნენ. ამიტომ ქართულ მხარეს ჰმართებს დამაჯერებელი მოქმედება, რათა ოსები დაარწმუნოს, რომ მათ საქართველოში მომავალი აქვთ”. ეს სიტყვები ცილისწამებაა ქართული მხარის მიმართ. ჯერ ერთი, ქ. ცხინვალი მთელი კონფლიქტის მანძილზე ღია იყო მიმოსვლისათვის ჯავისა და წუნარის (“ხეთაგუროვოს”) მიმართულებებით, მაშასადამე, მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილება შეეძლო. მეორეც, არც ერთი ქართველის მიერ არ გამოთქმულა დემოგრაფიული სურათის შეცვლის და ისტორიის “შესწორების” სურვილი, არამედ ფიგურირებდა (და ძალაშია) მხოლოდ იმის სურვილი, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ამ ტერიტორიისათვის მინიჭებული ყალბი სახელი “სამხრეთ ოსეთი” აღარ აღდგეს. (ამგვარი განზოგადებული ბრალდებების წამოყენებას ფაქტის დამოწმება უნდა, რასაც მისია არ იქმს და ვერ იქმს). მესამეც, მოგონილია (რუსული პროპაგანდის მიერ) ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა ქართველების მიერ. ამის მაჩვენებელია ის, რომ ცხინვალში საარტილერიო ცეცხლით მიყენებული დაზიანება არავის უნახავს. საქართველოში ხელისუფლების ფაქტობრივი აღარარსებობის პირობებში ცხინვალის გარშემო დაეხეტებოდნენ რუსული სამხედრო ქვეგანაყოფის “ღამურას” მებრძოლები მძიმე ტექნიკით, რომელთა ღია “მიზანიც” იყო თავისი სამსახურის შეთავაზება მხარეებისათვის, ნამდვილი დავალება კი (რაც ყველასათვის ცხადი იყო) _ პროვოკაციების მოწყობა (იმ საარტილერიო “დაბომბვის” _ ფუჭი ჭურვების, “ბალვანკების” გამოყენებით _ სიმულირება და ა. შ.). მოყვანილ ტექსტთან დაკავშირებით მისიის პოზიციის ამორალობა იმაშიც გამოიხატება, რომ იგი მალავს ოსების მიერ (რუსების ხიშტებს ამოფარებით) ქართველთა ეთნიკური წმენდის და, მაშასადამე, გენოციდის ფაქტს, აგრეთვე 1989 წელს რუსების მიერ პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის მანძილზე ცხინვალის რაიონში ორი ქართული სოფლის და ყოფ. ზნაურის რაიონში ყველა ქართული სოფლის (ავნევისა და ნულის გარდა) განადგურების ფაქტს, ისევე როგორც ოსების მიერ ქართველ მოქალაქეთა ცოცხლად დაწვის, ხერხით “დრუჟბა” გადახერხვის, ქვაბში მოხარშვის, დაჩეხვის და მრავალი სხვა სახით წამების მრავალრიცხოვან ფაქტებს, რომლებიც დოკუმენტირებულია.
მისიის რეკომენდაციათა ავტორების არაადექვატური პოლიტიკური აზროვნების მაგალითი (ერთი მრავალთაგანი)
მისია მსჯელობს “სამხრეთ ოსეთის” ოსი მოსახლეობისათვის ტერიტორიულ-პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების საჭიროების შესახებ, მაგრამ არ თვლის საჭიროდ დააკონკრეტოს, რა განაპირობებს ავტონომიის ამ საჭიროებას. თუ მას განაპირობებს შინაგანი მართვის ეფექტიანობა, მაშინ ამ მიზნის მიღწევისათვის სავსებით საკმარისია რეალიზებული დემოკრატიული თვითმმართველობა ეფექტიანი საარჩევნო სისტემის პირობებში; თუ ამ საჭიროებას განაპირობებს მოქალაქეთა დაცვის საჭიროება დისკრიმინაციისაგან, მაშინ ამ მიზნისათვის საკმარისია საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის (ამ ზონაში) დემოკრატიულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი ერთგულების ხარისხი, რის მიღწევაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა საერთაშორისო დოკუმენტის ხელმომწერი სახელმწიფოა; თუ ავტონომიის შექმნას მისია საჭიროდ თვლის იმის გამო, რომ მოწყობის ეს ფორმა ასახიერებს ერის (ეროვნული ჯგუფის) თვითგამორკვევის უფლებას, მაშინ მან უნდა განსაზღვროს ოსების ამ ინტერესის პრინციპული და პრაქტიკული მიმართება ამავე რეგიონის დანარჩენი, სახელდობრ, ქართველი მოსახლეობის, აგრეთვე მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან და ყველა ამ ინტერესთა დაბალანსების ფორმა მოძებნოს. მისია მდუმარე წანამძღვრად იღებს იმას, რომ საქართველოს ერთი ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიული თვითგამორკვევის უფლება აქვს, რაც არანაირი სამართლებრივი და უფლებადაცვითი ნორმით არ დასტურდება. მისიის მცდელობა სეპარატისტების და მათდამი თავისი სიმპათიის გამართლებისა უნაყოფო მცდელობაა, ვინაიდან სეპარატისტული სურვილი _ “სამხრეთ ოსეთის” სეცესია (გამოყოფა) საქართველოსაგან და მისი შემდგომი შეერთება რუსეთთან _ ცალსახა და ექსპლიციტური მოთხოვნაა როგორც 1918-20 წლების ოსი სეპარატისტებისა, ისე ახლანდელებისა. ხოლო თუ ავტონომიის შექმნის აუცილებლობა (გარდუვალობა) განპირობებულია არა ამა თუ იმ პოზიტიური მიზნით, არამედ მხოლოდ მიზეზით, სახელდობრ, ოსთა გამარჯვებით ქართველებზე და მათთვის თავისი ნების მოხვევით ამის შედეგად, მაშინ მისიას ჰმართებს, ჯერ ერთი, იმის ცოდნა, რომ ამ ტერიტორიის დღესდღეობით საქართველოს ფაქტობრივი იურისდიქციის გარეთ ყოფნა არ არის ოსების გამარჯვება ქართველებზე, არამედ რუსების გამარჯვებაა, რომელთა სამხედრო თანამყოფობის გარეშე (ვიმეორებთ) “სამხრეთ ოსეთს” ისტორიაში არც ერთი საათი არ უარსებია და ვერც იარსებებს. მისიას ჰმართებს აგრეთვე იმის გათვალისწინება, რომ (ვიმეორებთ) პრეცედენტი _ ტერიტორიის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა მასზე მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესთა დინამიკის მიმართულებისა და ტემპის მიხედვით _ არის ყოველი ეთნიკური ჯგუფის შიშის წყარო ყველა დანარჩენის დემოგრაფიული კეთილდღეობის წინაშე, მაშასადამე _ ეთნიკური წმენდის სტიმულირება მთელ მსოფლიოში ევროპის ჩათვლით.
II. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე ქვემორე ხელისმომწერ ორგანიზაციათა და პირთა პოზიცია
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი აზრი და სულისკვეთება ასახავს ქართველი ერისას საერთოდ, ვაცხადებთ:
1. საქართველოში კიდევ ერთხელ “სამხრეთ ოსეთის” შექმნა არის როგორც კანონის, ისე მსოფლიოში დღეს მოქმედი უფლებადაცვითი ნორმების წინააღმდეგ სვლა.
2. იგი არის საქართველოს სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ სვლა და, ამდენად, სახელმწიფოსა და ერის ღალატი
3. “სამხრეთ ოსეთი” გაუქმდება დაუყოვნებლივ, როგორც კი საქართველოს სათავეში რეალური, ერის მიერ კორექტული არჩევნების შედეგად ხმამიცემული ხელისუფლება მოვა.
III. დამატება. კონფლიქტის მოგვარების პრინციპული გზა
კონფლიქტის დარეგულირების გზას პირველ ყოვლისა წაეყენება ის მოთხოვნა, რომ იგი იყოს სამართლიანი, ამავე დროს _ რეალისტური, რაც შეკავებათა და ბალანსთა (ცჰეკს ანდ ბალანცეს) ადექვატური სისტემის გამოყენებასაც გულისხმობს. ეს გზა შედგება, ერთის მხრივ, დემოკრატიული თვითმმართველობის მექანიზმთა მაქსიმალური განვითარებისაგან, მეორეს მხრივ, ფუნქციური (და არა ტერიტორიული) ავტონომიისაგან საქართველოს მთელი ოსი მოსახლეობისათვის, ისევე როგორც ყველა დანარჩენისათვის ქართველების ჩათვლით (იხ. ლ.მატარაძე, ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტებისა და მისი დარეგულირების შესაძლებლობების შესახებ”, კრებული ОСЕТИНСКИЙ ВОПРОС – Тбилиси, 1994. გვ. 322-330).
თქმული გულისხმობს, რომ:
_ მაქსიმალურად ვითარდება ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული არჩევნების ბაზაზე, რაც უმრავლესობას იმის გარანტიას უქმნის, რომ იგი განახორციელებს თავის ყველა არაკანონსაწინააღმდეგო ინტერესებს ადგილობრივი კომპენტეციების შესაბამისად. ბუნებრივია, რომ იმ ადგილებში, სადაც ოსები უმრავლესობას წარმოადგენენ, გარანტირებული იქნება მათი პრევალირება ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხთა გადაწყვეტაში. ამგვარად, ასეთ ადგილებში ოსების ნეგატიური დისკრიმინაცია (ანუ შევიწროება) ვერ მოხდება. არაოსური მოსახლეობის (ანუ უმცირესობის) უფლებები ამ ადგილებში დაცული იქნება კანონით დადგენილი საშუალებებით, სახელდობრ, იმავე საშუალებებით, რომლითაც დაცული იქნება ოსური თუ ყველა სხვა უმცირესობის უფლებები საქართველოს ყველა სხვა ადგილებში, სადაც ეს სხვანი უმრავლესობას არ წარმოადგენენ.
_ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა უფლებამოსილებანი და მათი გამიჯვნა ხელისუფლების უფრო მაღალი ორგანოებისაგან, სახელმწიფო ორგანოების ჩათვლით, აგრეთვე მათი გამიჯვნა ქვემდგომი ორგანოებისაგან დგინდება კანონის მიერ მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი წესით, იმ რეგიონთა ჩათვლით (აფხაზეთის გარდა), სადაც არაქართველი მოსახლეობაა.
_ ფრონეს, ლიახვის, ლეხურასა და ქსნის ხეობათა ზედაწელების დარაიონება შეიძლება დაზუსტების პროცესში იყოს მანამდე, სანამ არ მოინახება ოპტიმალური ვარიანტი ანუ ისეთი, რომელიც მინიმალურს გახდის ეროვნებათშორის კონფლიქტს ყოფითი საკითხების გამო (თუმცა ეს გადასინჯვა სრულებითაც არაა აუცილებელი). ადგილობრივი მოსახლეობის (ამ შემთხვევაში _ ოსურის) ის ინტერესები, რომელთა დაკმაყოფილება არაა ადგილობრივი ორგანოების შესაძლებლობათა ფარგლებში (მაგალითად, საყოველთაო სწავლება ყველასათვის თავთავის დედაენაზე ანუ საამისოდ თანხების გაღება) უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ კანონის და სხვა არსებული ნორმების საფუძველზე.
_ სასურველია, რომ უმცირესობათა უფლებები ადგილზე, როგორც ეს განსაზღვრულია ზემოთ, ერთი და იგივე იყოს ყველა იმ უმცირესობისათვის, რომელთა ეთნოსსაც (ეროვნებასაც) მოეპოვება თავისი ეთნიკური დასახელების ტერიტორიულ-პოლიტიკური სახელმწიფო წარმონაქმნი საქართველოს რესპუბლიკის გარეთ, რადგანაც უთანაბრობა ამ შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს უფლებათა გაფართოებით დაინტერესებას და, მაშასადამე, კონფლიქტებსაც. მაგრამ დასაშვებია, გარემოებებისა და სპეციფიკური ვითარებისდა მიხედვით, გარკვეული ასიმეტრიაც.
_ ადგილობრივ დემოკრატიულ თვითმმართველობასთან ერთად ვითარდება ფუნქციური ავტონომია, რომლის ოპტიმალური ფორმაა ოსური ეროვნული თემი ან სათვისტომო, რომელიც, მათი სურვილის შემთხვევაში, მოიცავს საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ოსს. თემს შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური, კულტურული და ყველა სახის ინიციატივათა უფლება, რომლებიც მიმართული იქნება ოსთა ეროვნული ვინაობის დაცვა-შენახვისაკენ, ქვეყანაში მათი გავლენის გაზრდისაკენ, ეკონომიკური კეთილდღეობის მომატებისაკენ, კულტურისა და განათლების განვითარებისაკენ და ნებისმიერი სხვა კანონიერი ეროვნულად მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისაკენ. იგი შეიძლება იყოს მუდმივი ბაზა და ფონი, კანონის შესაბამისად, პოლიტიკურ მოძრაობათა შექმნისათვის, რომელთაც ოსებისათვის საინტერესო მიზნები და პროგრამები აქვთ. მას (თემს) შეუძლია, იმ პარტიათა გზით, რომელთაც მხარს დაუჭერს საქართველოს ოსი მოსახლეობა, და სხვა კანონიერი გზებით გავლენა მოახდინოს პარლამენტის არჩევნებზე და მიჰმართოს თვითორგანიზაციის ყველა სხვა არაკანონსაწინააღმდეგო გზებს სახელმწიფოს, როგორც მთლიანის, მასშტაბით. ამგვარად, ოსებს (ისევე, როგორც სხვა ეროვნულ უმცირესობებს) შეუძლიათ იქონიონ გავლენა ცენტრალურ პოლიტიკაზე თავისი რიცხვის პროპორციულად. გარდა ამისა, მათ, ისევე როგორც ყველა სხვა ეროვნულ ჯგუფებს (ქართველების ჩათვლით), შესაძლებლობა აქვთ, გავლენისა და კეთილდღეობის ყველა ფორმის მოპოვებას ეცადონ თავისი უნარის პროპორციულადაც.
ეროვნული ვინაობის გარანტირებული შენახვისა და დაცვისათვის _ ანუ ისეთისათვის, რომელიც არ მოითხოვს აქტივობას შესაბამისი უმცირესობის წარმომადგენელთა მხრიდან _ ოსებისათვის, ისევე როგორც საქართველოს და, ალბათ, მთელი მსოფლიოს ყველა სხვა დიასპორებისათვის, განსაკუთრებული პერსპექტიული და ნაყოფიერი, ალბათ, ეროვნული თვითორგანიზაციის სწორედ ეს მექანიზმი _ ეს ცენტრალური მექანიზმი _ აღმოჩნდება და არა მოცემული ეროვნების ადგილობრივი უმრავლესობების ორგანიზაცია ტერიტორიული ნიშნით. ასევე, ერთიანი ორგანიზაციის ფუნქციაა, მაგალითად, ოპტიმალურ კანდიდატთა მოძებნა პარლამენტში მონაწილეობისათვის, რაციონალურად დაბალანსებული განაცხადების მოძებნა განსაზღვრა კანონმდებლობისათვის, რაციონალურად დაბალანსებული განაცხადების შედგენა ბიუჯეტიდან ამა და ამ თანხების მიღებისათვის მოცემული ჯგუფის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, ეროვნული კადრების მომზადება, დედაენაზე განათლების სისტემის დაგეგმვა და ლობირება და ა. შ.. ეთნიკური (ეროვნული) შეფერილობის კონფლიქტთა წარმოშობის შემთხვევაში ადგილებზე ეროვნული თვითორგანიზაციის ამ ცენტრალური მექანიზმის არსებობა გააადვილებს ზოგადმნიშვნელადი ანუ მთელი დიასპორის ინტერესთა შესაბამისი გადაწყვეტილებების პოვნას, რითაც გაადვილდება გაღიზიანების, ჯავრის ყრის სურვილის და სხვა დესტრუქციული აფექტების ნეიტრალიზაცია გადაწყვე-ტილებათა მიღების პროცესში.
საქართველოსათვის ეროვნებათშორისი ურთიერთობების რეგულირების ამგვარი მეთოდის მიზანშეწონილების სასარგებლოდ შეგვიძლია ორი გარემოება დავიმოწმოთ. პირველი: საქართველოში ეროვნული უმცირესობები ტრადიციულად (1801 წლამდე) განიხილებოდნენ, როგორც თვითრეგულირების საკუთარი მექანიზმის მქონე და საკუთარ ლიდერთა მყოლი ერთიანობები, და ეს ლიდერები თავისთავში ასახიერებდნენ მოცემული უმცირესობების უფლება-მოვალეობებს საერთოდ. მეორე: საქართველოში, ისევე როგორც კავკასიაში საერთოდ, ეროვნული ვინაობის შენახვას ტრადიციულად ერთ-ერთი უმაღლესი ადგილი უჭირავს ღირებულებათა შკალაზე და ამ მხრივ იგი არ ჩამოუვარდება ინდივიდის იმ უფლების ღირებულებას, რომ დაცულ იქნას დისკრიმინაციისაგან ეროვნული (ეთნიკური) ნიშნით.
მთლიანად საქართველოს ოსებისათვის თვითორგანიზაციის ზემოხსენებულ საერთო ფორმას შეიძლება ეწოდებოდეს “თემი”, “სათვისტომო”, “ცენტრი”, “კომიტეტი”, “საბჭო”, “ასოციაცია” ან სხვა რამ სახელი და მისი შექმნისა და პერიოდული განახლების მექანიზმები შეიძლება მდგომარეობდეს რაღაც დემოკრატიულ პროცედურაში მის წევრთა შორის ან მასში შესვლის მსურველთა შორის არჩევნებით ან დემოკრატიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სხვა რამ გზით. ასევე, რაღაც მექანიზმი შეიძლება მოიძებნოს იმის განსასაზღვრავად, რა ფორმით მიიღებს ესა თუ ის უმცირესობა მონაწილეობას პარლამენტში მომავალი კონსტიტუციის შესაბამისად. ყველა შემთხვევაში ზემოხსენებულ ოსურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ კანონით დაშვებულ ფარგლებსა და ფორმებში ეკონტაქტოს სამთავრობო, არასამთავრობო და ეროვნებათშორის ორგანიზაციებს საქართველოს გარეთ. უნდა მოიძებნოს მექანიზმი მისი მონაწილეობისათვის ოსებისათვის სპეციფიკურად მნიშვნელოვან ყველა სხვა პროცესებში მმართველობითი ან სათათბირო სტრუქტურების სახით.
საქართველოს ოსური მოსახლეობის მიერ ეროვნული თვითორგანიზაციისა და თვითრეგულირების ზემოხსენებული ფორმის ქონა რეალური განხორციელებაა ოსების მონაწილეობისა სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, რელაური ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.
გვერდი 2