EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქართული დიპლომატიის ისტორია (გვერდი 4) »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-04-02 20:09:35
მაგრამ 1989 წელს საერთო სიტუაცია სსრ კავშირში უკვე სრულიად სხვა იყო. 9 აპრილის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობამ რესპუბლიკაში ყოველგვარი გავლენა დაჰკარგა. ეროვნული მოძრაობა გახდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სამწუხაროდ, ამ მოძრაობის ლიდერთა შორის ერთსულოვნება არ იყო. მ. კოსტავა, რომელიც ცდილობდა ეროვნულ ძალთა ერთიანობის შენარჩუნებას, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ძალები საბოლოოდ გაიყვნენ ორ ბანაკად, რომელთაგან მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერით, პირველ რიგში, სარგებლობდა პოლიტიკური ბლოკი "მრგვალი მაგიდა". ამ ბლოკის აღიარებული ლიდერი იყო ყოფილი დისიდენტი ზვიად გამსახურდია (1938 - 1993). სწორედ მისმა პირადმა პოპულარობამ საზოგადოების გარკვეულ წრეებში განაპირობა "მრგვალი მაგიდის" დამაჯერებელი გამარჯვება (ხმათა 62%) 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში (პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში 1921 წლის შემდეგ). ასე მშვიდობიანად მოეღო ბოლო საქართველოში კომუნისტების მმართველობას.
ზ. გამსახურდია მალე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში შიდაპოლიტიკური სიტუაცია სერიოზულად დამძიმდა. უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობა ხელისუფლებაში მოსულ "მრგვალ მაგიდასა" და ეროვნულ მოძრაობის ოპოზიციაში დარჩენილ ნაწილს შორის. დაიძაბა ვითარება ავტონომიებშიც, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუ აფხაზებთან მოხერხდა ნაწილობრივი კომპრომისის მიღწევა 1991 წელს, ოსებთან კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საბჭოთა ცენტრთან ურთიერთობაში გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის კურსს ადგა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია.
1991 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ ფეთქებადსაშიშ დონეს მიაღწია. კატალიზატორის როლი შეასრულა თბილისში პოლიციის მიერ ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის დარბევამ. განხეთქილება მოხდა თვით გამსახურდიას უახლოეს გარემოცვაშიც. პრეზიდენტს განუდგა მისი ძირითადი ძალოვანი სტრუქტურის - ეროვნული გვარდიის - დიდი ნაწილი. 1991 წლის 22 დეკემბერს ამბოხებულ გვარდიასა და პრეზიდენტის სასახლის დაცვას შორის სამხედრო მოქმედებები დაიწყო. "თბილისის ომი" 6 იანვრამდე გაგრძელდა და დასრულდა გამსახურდიას საქართველოდან გაქცევით.
საქართველოს იურიდიული აღიარება, აქ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო შედარებით გაჭიანურდა. ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება და გარდამავალი პერიოდის დროებითი უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს სათავეში ჩადგომა, გახდა სიგნალი იურიდიულად ეცნოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა (1992 წ., მარტი). უკვე 1992 წლის 23 მარტს ეს გააკეთეს ევროკავშირის ქვეყნებმა, იმავე წლის 31 ივლისს კი საქართველო მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მის 179-ე სრულუფლებიან წევრად. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია", რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.
გამოყენებული ლიტერატურა:
საქართველოს ისტორიის ნარკვევი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე; http://www.parliament.ge/pages/archive_ge/history
ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ნაწილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
გვერდი 4