« ქართული ღვინო / Georgian Wine »
კატეგორია: ვიცოდეთ
ავტორი: admin
თარიღი: 2014-04-02 21:09:45
ქართული ღვინო
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.
ქართული ღვინის ისტორია
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო ღვინის აკვანია. ასეთი აღიარების ამბავი 1987 წელს დაიწყო, როდესაც ჰიუ ჯონსონი ჩამოვიდა პირველად საქართველოში. მაშინ იგი ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების სერიაზე მუშაობდა (Vintage: History of Wine - 1989) და მიუხედავად სპეცსამსახურების დიდი წინააღმდეგობებისა საარქივო მასალების მოპოვების საქმეში, მაინც მოახერხა ღვინის სათავეებამდე მიღწევა. არქეოლოგიის მუზეუმში ნაპოვნი მასალები მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, არც ელოდა თუ ასეთ დამაჯერებელ საბუთებს მიაკვლევდა სადმე.
საუბარია კულტურული ვაზის პირველ ნაკვალევზე, რომელიც ძვ. წ. VI-V ათასწლეულით თარიღდება და რომელიც საქართველოში, შულავერის გორაზე და მის სიახლოვეს აღმოაჩინეს. არადა 1987 წლამდე ჯონსონმა თითქმის არაფერი იცოდა ქართულ მეღვინეობაზე, არც ლიტერატურა არსებობდა ამ თემაზე და მისი ცოდნა ორიოდე ღვინით ამოიწურებოდა, რომელიც შემთხვევით მოხვდა ევროპაში დეგუსტაციაზე და რომელიც ჯონსონმა გასინჯა.
მალე ჰიუ ჯონსონს მეცნიერებმაც მიბაძეს და წლების შემდეგ, უკვე ბიომოლეკულური არქეოლოგიის ყველაზე აღიარებულმა სპეციალისტმა, პატრიკ მაკგოვერნმა, თავის წიგნშიAncient Wine: The Search for the Origins of Viniculture (2004)მთელი თავი მიუძღვნა საქართველოში მოგზაურობას და ამ საკითხის კვლევას.
დღეს, უკვე ყველა თანხმდება, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევია შემორჩენილი.
პირველი წიპწები
ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის ნაკვალევი ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორა ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI-V ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera-ს მიაკუთვნეს.
საქართველოში ასეთი მასალა წლების მანძილზე გროვდებოდა, არსებობდა შულავერის გორაზე ნაპოვნი V-IV ათასწლეულის, ხიზანაანთ გორის IV ათასწლეულის, მდ. ივრის ხეობაში, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ძეგლზე, ქვაცხელებშინაპოვნი წიპწები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძვ. წ. XIV-XI საუკუნეების წიპწები, რომელიც ს. დიღმის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარში იპოვნეს - ეს წიპწები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საღვინე და სასუფრე ჯიშების წიპწები ერთად აღმოჩნდა. თუმცა დანგრეულ გორაზე გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ ყველაფერი გადაფარა. გაირკვა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ პირველი კულტურული ვაზი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება.
სამი საფეხური
საქართველოში კიდევ ბევრი არქაული კვალია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მევენახეობის ის ფორმებია, რომლებიც კარგადაა შემორჩენილი ჩვენს ქვეყანაში. ცნობილია, რომ მეცნიერები კაცობრიობის განვითარების სამ საფეხურს გამოყოფენ, რომელსაც სამი ტიპის მევენახეობა შეესაბამება. პირველ რიგში ესაა მაღლარი – ანუ ექსტენსიური მევენახეობა, როდესაც ვაზი ხეზეა გაშვებული და ადამიანი მინიმალურად ერევა მცენარის განვითარებაში. მეორე ტიპია ოლიხნარი, როდესაც ვაზს მაღალ სარებზე ან დაბალ ხეებზე უშვებენ, რაც პირველი ნაბიჯია მევენახეობის ყველაზე კულტურული ფორმისკენ, დაბლარისკენ. ეს უკვე ინტენსიური მევენახეობაა, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ერევა ვაზის განვითარებაში, აკონტროლებს რაოდენობას, ხარისხს, ყალიბდება სხვლისა და მწვანე ოპერაციების კულტურა. საქართველოში, ყველა ეს ფორმა არსებობს, ხელუხლებლადაა შენარჩუნებული პირველი ორი, ყველაზე არქაული ფორმებიც (განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოს ეხება) და ერთ სოფელში ადამიანს მევენახეობის (და შესაბამისად, კაცობრიობის) განვითარების სრულ გზას შეუძლია თვალი მიადევნოს.
ამის მიუხედავად, მაღლარისა და დაბლარის მოსავლებს მაინც განარჩევდნენ ხოლმე ერთმანეთისგან. მაგალითად, საქართველოს გამაქრისტიანებელის, წმ. ნინოს ცხოვრების ერთ-ერთი რედაქციიდან ირკვევა, რომ მცხეთაში, მირიან მეფის სამოთხეში (ანუ ბაღში) მაღლარი ვაზი ნაძვზე იყო გაშვებული. მაღლარს ძველად კიდევ ერთი სახელი ჰქონდა, ბაბილო და არსებობდა ასეთი ცნებაც, საბაბილო ჭური, რაც ადასტურებს, რომ მაღლარის ღვინოს ცალკე ინახავდნენ ხოლმე.
საქართველოში დაბლარ მევენახეობაზე გადასვლა ჯერ კიდევ II-I ათასწლეულებშია სავარაუდებელი, რაზეც მეტყველებს დიდი რაოდენობით სასხლავი ნამგლები, ჭურჭლეული და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა ნივთები, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეშია აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა აზრით, საქართველოში კულტურული მევენახეობა ძვ. წ. III-II ათასწლეულიდან, მეღვინეობა კი ნეოლითის პერიოდში ჩამოყალიბდა.
საინტერესოა, რომ საქართველოში მეღვინეობის კვალი ისეთ ადგილებშიცაა აღმოჩენილი, სადაც შეუძლებელი იყო ვაზს ეხარა. 1966 წელს, თეთრიწყაროს რაიონში, ბედენის გორაზე, ზღვის დონიდან 1700-1800 მ. სიმაღლეზე ყურძნის წიპწები და ვაზის რქები აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერებმა ძვ. წ. II ათასწლეულს, ანუ ე.წ. თრიალეთის კულტურას მიაკუთვნეს. ვაზის რქები ვერცხლის თხელფურცლოვანი ფირფიტებითაა დაფარული და ცხადია ასეთი პატივი მხოლოდ ვაზის, როგორც კულტის ნიშანი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა ამას გარდა, ეს აღმოჩენა კიდევ ერთ მოვლენაზე მეტყველებს, რაც დღემდეა საქართველოში შენარჩუნებული. საუბარია ე.წ. “სამთო მეღვინეობაზე”: საქართველოში დღესაც ააქვთ მთაში ტკბილი დასადუღებლად, ასეთ შემთხვევებს დასავლეთ საქართველოშიც შეხვდებით და აღმოსავლეთშიც, ასე იყო XVIII საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც მეფე ვახტანგ VI-ის ბრძანებით კოჯორში,ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრზე აჰქონდათ ტკბილი.
ასე იყო ადრექრისტიანულ ხანაშიც. საერთოდ კი, ცნობილია, რომ საქართველოში მთად და ბარად დაყოფა მევენახეობის გავრცელებაზე იყო დამყარებული. ანუ სადამდეც ვაზი ხარობდა და მოსავალს იძლეოდა, ის ადგილები ბარად იწოდებოდა, სადაც არა – მტად.
უძველესი ქვევრები
ქვევრის პროტოტიპი ჭურჭელი ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში შეიქმნა. საქართველოში ადრებინჯაოსა და შუაბრინჯაოს ხანის არაერთი ქვევრია აღმოჩენილი, თუმცა პირველი ქვევრი, რომელზეც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ღვინის შესანახად გამოიყენებოდა, ადრე რკინის ხანისაა (ძვ. წ. VII ს.), ესაა ბრტყელძირიანი და ქვის სარქველიანი ქვევრი, რომლის მხრებსაც ირგვლივ სამი სწორი და ორი ტალღული ორნამენტი მიუყვება. გარდა ამისა, ქვევრს სიმბოლური ნიშანიც აქვს დატანილი მხარზე.
ძვ. წ. VI საუკუნიდან, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ქვევრი ფართოდ გამოიყენებოდა მეღვინეობაში. ამ პერიოდის ქვევრები ძალზე ბევრია აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთშიც, თანაც, ერთიანი პრინციპის მიუხედავად, დასავლური და აღმოსავლური, კოლხური და იბერიული ქვევრები (დასავლეთ საქართველოში ქვევრს ჭურს უწოდებენ) საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფორმით, ტექნიკით, ფერით და მოხატულობით. მოხატულობა განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ არ იყო მიღებული ქვევრის მიწაში დაფლვა. იგი მიწის ზედაპირზე იდგა.
მართალია, დღეს არსებული ქართული ქვევრების ფორმა არსებითად ჯერ კიდევ III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა, მაგრამ ძვ.წ. III საუკუნემდე ყველგან პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1 მეტრს არ აღემატებოდა, ჰქონდათ ბრტყელი ძირი, განიერი მუცელი და ისინი ან მიწის ზემოთ იდგა, ანდა ძირით იყვნენ მიწაში ჩადგმული.
ძვ.წ. III საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიებზე აღმოჩენილ ქვევრებს ძირი დაუვიწროვდათ, ფორმაც შეიცვალა, ზუსტად ისე, რომ მიწის ზეწოლისთვის გაეძლო და სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდშივე დაიწყეს საქართველოში ქვევრების მიწაში ჩადგმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქვევრები მხრებამდე იყო ჩადგმული, ახ. წ.-ის IV საუკუნისთვის კი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ყელამდეც დაიწყეს ქვევრების ჩამარხვა.
ქართული ტრიადა
ანტიკური კოლონიზაციის პერიოდიდან, ანუ ძვ. წ. VI საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში მეღვინეობის აღმავლობის ხანა იყო. სწორედ ამ პერიოდიდან გვხვდება პირველი ცნობებიც ანტიკურ წერილობით ძეგლებში. ამ დროს საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებულ ადგილობრივ თუ შემოსულ კულტებთან ერთად, დიონისეს კულტიც იკიდებს ფეხს, თუმცა მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად საქართველოში ვენახმა და ღვინომ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა.
ღვინისა და მაცხოვრის სისხლის იგივეობის გარდა, რაც მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო დამახასიათებელი, საქართველოში კიდევ ერთ საინტერესო კომპლექსს ვხედავთ, რომელსაც ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ეს კომპლექსი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა. ეკლესია – ვენახი - სარწყავი არხი, და ეს ტრიადა ფაქტობრივად მცირე ადმინისტრაციულ ერთეულს ქმნიდა თეოკრატიული მმართველობით. აქედან გამომდინარე, მევენახეობა და ვენახი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მთლიანობის უზრუნველყოფაშიც იღებდა მონაწილეობას, ანუ იგი იყო სამყაროს მოწესრიგების ერთგვარი საფუძველი (სხვათა შორის, იმ წყაროებშიც, რომელიც საქართველოში ქრისტიანობამდელ ვითარებას ასახავს, სარწყავი არხის გაყვანა და ვენახის გაშენება სახელმწიფოებრიობის დაარსებას გულისხმობდა).
ამ საფუძველზე დამყარებული ქვეყანა ცხადია მუდამ იქნებოდა ღვინით უზრუნველყოფილი. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა. მაგალითად, ნეკრესის მონასტრის მარანში, რომელი 200 კვ. მ. ფართობზე იყო აგებული, ხუთი საწნახელი მუშაობდა, სადაც ერთდროულად 10 ტონა ყურძნის დაწურვა ხერხდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას გელათის, ალავერდის მონასტერზე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსზე, სადაც რამდენიმე მარანია დღემდე შემორჩენილი, ე.წ. სალხინო და საცივო მარნები.
რამდენიმე ცნობა წერილობითი წყაროებიდანაცა გვაქვს შუასაუკუნეების ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დეტალების შესახებ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში და გიორგი მთაწმინდელის “იოანე და ექვთიმეს ცხოვრებაში” (X-XI ს.) იმ სირთულეებზეა საუბარი, რომელიც ვენახის მოვლასთანაა დაკავშირებული. XII-XIII საუკუნეების პოეტთან, იოანე შავთელთან კი ვხვდებით ცნებას “კეთილგანსხლული ვენახი”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაშინ ვენახის გასხვლის ფასი კარგად იცოდნენ და შესაბამისი წესებიც კი არსებობდა.
მონღოლთა შემოსევებმა ეს კულტურა დროებით მოარღვია, თუმცა XVI საუკუნიდან ქართულ მევენახოებაში კვლავ გამოცოცხლება იგრძნობა, ჩნდება ახალი მარნები, იწყება ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან. თეიმურაზ მეფისა და ვახტანგ VI-ის პერიოდიდან პირველი ადგილარმოშობებიც დასტურდება, გვხვდება ცნობები, სადაც აქებენ და ახასიათებენ ბოლნურ, ხორნაბუჯულ, კონდოლურ, ატენურ, გავაზურ და სხვ. ღვინოებს.
XIX-დან დღემდე
XIX საუკუნე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის პირველი 4 ათწლეული ძალიან მძიმედ აისახა ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობაზე, თუმცა 30-იანი წლების ბოლოდან თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის, შემდეგ კი მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის მონდომებით, ქართული ღვინო ევროპულს დაუახლოვდა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაჩნდა პირველი დასავლური ყაიდის მარნები, ჩამოვიდნენ უცხოელი მეღვინეები, გაიზარდა ქართველი მეღვინების ახალი თაობები.
ძალიან გავრცელდა ვენახების ფართობი საბჭოთა პერიოდშიც, გამოჩნდა აუარება ახალი დასახელება, ჩამოყალიბდა ადგილწარმოშობის დასახელების სისტემა, ჩამოისხა ბევრი ახალი ღვინო, ამ მხრივ გარდატეხა XX ს-ის 30-იან წლებში მოხდა, როცა სახელმწიფოს დავალებით მეცნიერთა ჯგუფმა მოიძია და აღადგინა XIX საუკუნეში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობის დასახელება. ამ პერიოდში საქართველო აწარმოებდა 56 დასახელების ღვინოს, აქედან 12-ს ადგილობრივი მეთოდით. მოგვიანებით, 60-იანი წლებიდან ქვეყანის მეღვინეობა ძირითადად რაოდენობაზე იყო ორიენტირებული და ასეთმა დამოკიდებულებამ წლების მანძილზე ძალიან შეცვალა ქართული ღვინო.
ახალი ქართული ღვინის ისტორია 1997 წლიდან იწყება, პირველი თანამედროვე ტიპის ღვინის მარნები სწორედ ამ პერიოდიდან გაჩნდნენ საქართველოში, თანაც ამას ისიც დაემთხვა, რომ ამ წელს განსაკუთრებულად კარგი მოსავალი მოვიდა.
XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული ქართული ღვინო გამუდმებით ვითარდება, დიდი მარნების გარდა, გაჩნდნენ მცირე მარნებიც, საქართველოში ჩამოყალიბდა რამდენიმე ბიო და ბიოდინამიკური მეურნეობაც. წინსვლაზე ვერც 2006 წლის რუსულმა ემბარგომ მოახდინა გავლენა. პირიქით, ქართული ღვინო უფრო ხარისხიანი გახდა, რადგან რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ ქართველმა მეღვინეებმა შედარებით მკაცრ და რთულ ბაზრებზე შეღწევაც სცადეს და საკმაოდ წარმატებითაც. ისტორია გრძელდება.
ქართული ღვინისა და ყურძნის გამოფენა, XIX საუკუნის ბოლო
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის,ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა.
მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.
სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გარდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.
ვაზის სახეობები
საქართველოში 500 - ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი
ქართული სამარკო ღვინოები
სუფრის მშრალი ღვინოები: წინანდალი (თეთრი), გურჯაანი (თეთრი), ნაფარეული (თეთრი), ბახტრიონი (თეთრი), მანავი (თეთრი), ვაზისუბანი (თეთრი), ციცქა (თეთრი), ცოლიკაური (თეთრი), რქაწითელი (თეთრი), ტიბანი (თეთრი), თელავი (თეთრი), სვირი (თეთრი), , სამება (თეთრი), თელიანი (წითელი), ნაფარეული (წითელი), ყვარელი (წითელი), მუკუზანი (წითელი),
სუფრის მშრალი ორდინალური ღვინოები: ჰერეთი (თეთრი), გარეჯი(თეთრი), გელათი (თეთრი), კახეთი (თეთრი), დიმი (თეთრი), ბოდბე (თეთრი), შუამთა (თეთრი), საფერავი (წითელი),
მახევრადმშღალი ღვინოები: აგუნა (თეთრი), საჩინო (წითელი), მთაწმინდა (წითელი), ანაკოფია (თეთრი), თბილისური (თეთრი), ფიროსმანი (წითელი), ბარაკონი (წითელი).
ნახევრადტკბილი ღვინოები: ახმეტა (თეთრი), ტვიში (თეთრი), თეთრა (თეთრი), ჩხავერი (თეთრი), სავანე (თეთრი), ფსოუ (თეთრი), ალაზნის ველი (თეთრი), ხვანჭკარა (წითელი), ოჯალეში (წითელი), ქინძმარაული (წითელი), ახაშენი (წითელი), თავკვერი (წითელი), უსახელაური (წითელი), აფსნი (წითელი), ლისნი (წითელი), ალაზნის ველი (წითელი), ალადასტური (წითელი).
მაგარი ღვინოები (პორტვეინი): კარდანახი (თეთრი), ანაგა (თეთრი), სიღნაღი (თეთრი), ივერია (თეთრი), კოლხეთი (წითელი), ტარიბანა (თეთრი), ლელო (თეთრი), მარაბდა (თეთრი),
სადესერტო ღვინოები: საამო (თეთრი), ხიხვი (თეთრი), სალხინო (წითელი), აფხაზეთის თაიგული (თეთრი),
წერილობითი ცნობები
საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.
ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.
სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.
პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.
ქართველების ვაზისადმი სიყვარული მტრისთვისაც იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ თემურ-ლენგმა საქართველოში თავისი მეხუთე ლაშქრობის დროს, ვაზის ამოძირკვა მთლიანად ერის განადგურებასთან გააიგივა. ამიტომ აწარმოა ”ეკონომიკური ომი” საქართველოსთან და კახეთში ვაზი თავის ჯარს მთლიანად გააჩეხინა, თუმცა მიზანი განუხორციელებელი დარჩა და უდიდესი ზიანის მიუხედავად, ქართველმა გლეხმა არა თუ აღადგინა ვაზის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ ყველა ვაზის ჯიშის გადარჩენაც შესძლო.
მრავლის მეტყველელია ის ფაქტიც, რომ შაჰ-აბასის დროს კახეთიდან ირანში ღვინო ხარკის სახით გაჰქონდათ, ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა იმ ეპოქისთვის და შაჰის კარზე ქართლ-კახურ ღვინო ”ედემის სითხედ” იწოდებოდა.