EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საქართველოს კულტურა »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2014-04-03 16:28:05
„არის ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია და იმ პატარა სამოთხეში ცხოვრობს ერთი პატარა ერი, რომელსაც უცემს დიდი გული კაცობრიობის წარმატების, სიკეთისა და ბედნიერებისათვის“, - წერდა უდიდესი ქართველი განმანათლებელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მედროშე, ქართული სულის გენია ილია ჭავჭავაძე.
ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ისევე ძველის-ძველია, როგორც კაცობრიობა. მაგრამ, როგორც ცნობილია, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კულტურა არ არსებობს დამოუკიდებლად, განყენებულად. კულტურულ ერებს შორის ურთიერთგავლენა მარადიულია.
იდუმალებით სავსე, მიუწვდომელი ქვეყანა - კოლხეთი და იბერია - ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი საოცრება იყო. ქართველური ტომების უძველესი დამწერლობა, ოქროს მოპოვებისა და დნობის საიდუმლოება, მითოსური სამყარო (ყოველთვის ალაბათ რეალობიდან გამომდინარე) ისტორიულ საქართველოს შთაგონების წყაროდ აქცევდა. ცივილიზებული სამყაროსთვის ცნობილია მითი არგონავტების შესახებ.
„ქართული ენა მშვენიერი ენაა, მოქნილი და ზუსტი, ორიგინალური აგებულობისა“, წერდა ფრანგი ენათმეცნიერი, დიდი ქართველოლოგი რენე ლაფონი.
ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ქართული ენა სასაუბრო ენაცაა და სამწერლობოც, სალიტერატუროც. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ენათაგანია. ქართულ სალიტერატურო ენას დიდი ისტორია აქვს - სულ ცოტა 1500 წლისაა.
ცნობილია, რომ დედამიწაზე რამდენიმე ათასი ენაა, მაგრამ აქედან ანბანი მხოლოდ თოთხმეტია. ქართული ანბანი მსოფლიოს თოთხმეტ ანბანთაგან ერთ-ერთი უძველესია. იგი, სავარაუდოდ, შექმნილია ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე (VII) საუკუნეში. ქართულმა ანბანმა დღემდის ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რომ სამი სახის დამწერლობა ჩამოყალიბდა მრგლოვანი (ასომთავრული), ნუსხური და მხედრული. მხედრული ანბანია დღემდის.
გვაქვს უძველესი ქართული წარწერები:
1. პალესტინის უდაბნოს ქართული მონასტრის წარწერა (429-444 წლები).
2. ბოლნისის სიონის წარწერა, საქართველოში (492-493 წლები).
3. მცხეთის ჯვრის მონასტრის წარწერები (VI-VII საუკუნეები).
4. ატენის სიონის წარწერა (IX-XI საუკუნეები).
ყოველი ერის სულიერ სამყაროს მისი ლიტერატურული მონაპოვარი წარმართავს. ქართულ მწერლობას ფესვები შორეულ წარსულში აქვს. ერთია წერილობითი ძეგლები და მეორე - ხალხური ზეპირსიტყვიერება (ფოლკლორი). რა შეედრება ხალხურ „ეთერიანს“, „ამირანიანს“, -„ლექსი ვეფხვისა და მოყმისას“ . . .
მაგრამ ქართველი ხალხის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო ქრისტიანობის მიღება. ამ მოვლენამ წარმართა ქართველთა კულტურული ცხოვრება, განსაზღვრა ერის ზნეობრივი იდეალები, ახალი მსოფლმხედველობა: „ღმერთი სიყუარული არს“ და განსაკუთრებით „გიყუარდეს მოყუასი შენი“.
ქართული მწერლობა მსოფლიოს საგანძურია. ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება-განვითარებამ ხელი შეუწყო ქართველი ხალხის პატრიოტიზმს, კეთილშობილებას, სხვა ერების პატივისცემას, რელიგიურ შემწყნარებლობას. სიკეთისათვის ბრძოლა წარმართავდა ქართულ სულიერებას და, რაც მთავარია, ქართველურ ტომებს ერთადერთი სალოცავი და სალიტერატურო ენა ჰქონდათ - ეს იყო და არის ქართული ენა. ქართულ სალიტერატურო ენაზე წერდნენ, თარგმნიდნენ დასაბამიდან დღემდის. ქართულ სამწერლობო ენაზე წერდა ქართლელი სულხან-საბა ორბელიანი, პირველი ქართული ლექსიკონის ავტორი, თბილისქალაქელები - გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, კახელები - ილია ჭავჭავაძე და გიორგი ლეონიძე, იმერლები - აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე, მეგრელები - დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია) და კონსტანტინე გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი, ქართლელი მღვდლის შვილი იყო ვარიანელი იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც ერს „წიგნთა წიგნი“, უკვდავი საელმძღვანელო „დედა ენა“ შეუქმნა! ფშაველი ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) რომ არ გვყოლოდა, ქართულ მწერლობას ასეთი მითოსური სამყარო არ შერჩებოდა! მოხევე ალექსანდრე ყაზბეგი რომ არ ყოფილიყო, მამულიშვილობის ასეთი საოცარი განცდა არც იქნებოდა. გურული ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებმა ერს სიკეთე და სიცოცხლე შეაყვარა. ქართული მწერლობა მსოფლიოს საგანძურია, მაგრამ ასევე იყო ქართველისათვის სხვა ერების მწერლობის ათვისება აუცილებელი.
XI-XII საუკუნეებისათვის საქართველოს ათვისებული ჰქონდა ცივილიზებული სამყაროს მთელი კულტურული მონაპოვარი. საქართველო ოდითგანვე კულტურათა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა იყო, ამიტომაც ქვეყანა ეზიარებოდა როგორც ქრისტიანულ-ფილოლოგიურ პრობლემებს, ასევე ქართველებისათვის უცხო არც სპარსულ-მაჰმადიანური კულტურა იყო. ქართველობა პოლიტიკური მტრის მწერლობას, ხელოვნებას უდიდეს პატივს სცემდა, თარგმნიდა, სწავლობდა.
მსოფლიო კულტურის მონაპოვარია გელათის საგანმანათლებლო კერა, რომელიც „მეორე იერუსალიმად და სხუად ათენად“ იწოდებოდა. საქართველო და ქართველი ეცნობოდა როგორც აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურულ მონაპოვარს, ასევა დასავლეთის ქვეყებისაც. საქართველოს ქართული კულტურის კერები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში. ქართული კულტურისათვის უდიდესია შავი მათისა და ათონის მთის (მთაწმინდელების სკოლა) სავანეთა დიდი ტრადიციები, პეტრიწის მონასტერი (დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია). ქართული კულტურის საუნჯეა იყალთოს აკადემია. ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებში ყოფილა ფაზისის (ახლანდელი ფოთი) რიტორიკული სკოლა სადაც თვით ბერძენი ორატორები იწრთობოდნენ და შემდეგ ელინთა დღესასწაულებზე ბრწყინავდნენ. კაცობრიობის შენაძენია იოანე პეტრიწი თუ არსენ იყალთოელი.
დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ეპოქაში ქვეყანამ არნახულ წარმატებას მიაღწია. ქართული არქიტექტურა, ქართველთა მთარგმნელობითი მუშაობა, ქართული ფილოსოფიური სკოლა ამ დროს ყვაოდა.
ამ ეპოქისაა შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“. „ვეფხისტყაოსანი . . . არის სულიერი განძი, რომელიც ჩვენს ერს ჩვენმა წარსულმა სამკვიდროდ და სასახელოდ უანდერძა“, - ილია ჭავჭავაძე.
„რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე „ვეფხისტყაოსანი“, - ვაჟა-ფშაველა.
ეს დიდებული ქმნილება ქართველობამ გაითავისა, გაახალხურა და ქვეყნის სიამაყედ დაისახა. ქალ-ვაჟის ფაქიზი სიყვარული, მეგობრობა, ქალის კულტი, რაინდობა, პატრიოტიზმი და განსაკუთრებით მოყვასისათვის (მეგობრისათვის) თავდადება ასულდგმულებდა პოემის გმირებს. რამდენად თანადროულია ხალხთა მეგობრობისათვის ეს უკვდავი სიტყვები: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.
„ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი: ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, უკრაინულად, პოლონურად, უნგრულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, აფხაზურად, ოსურად, იტალიურად, ესპანურად, იაპონურად, რუმინულად, ჩეხურად, ძველ ებრაულად, ბულგარულად, ლიტვურად და სხვა ენებზე.
„ვეფხისტყაოსნის“ პოპულარობას დიდი ამაგი დასდო 1937 წლისა და, განსაკუთრებით, 1966 წლის იუბილეებმა.
1966 წელი იუნესკოს გადაწყვეტილებით, რუსთაველის წელი იყო და ეს იუბილე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა.
მსოფლიო კულტურის მონაპოვარია ქართული რომანტიზმი, ქართული რეალიზმი, ქართული კრიტიკული რეალიზმი, იმპრესიონიზმი, ფუტურიზმი, სიმბოლიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი . . . განსაკუთრებით უძლიერესია XIX-XX საუკუნეების ქართული მწერლობა.
ცივილიზებულ სამყაროში ცნობილია ქართული ფილოსოფიური, მათემატიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ენათმეცნიერული, ისტორიული, არქეოლოგიური, სამედიცინო და სხვა მეცნიერული სკოლები.
ქართული ქორეოგრაფია, ქართული ხალხური სიმღერების მრავალხმიანობა, ქართული საგალობლები, ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნება მსოფლიო კულტურის საგანძურია.
საქართველო უმდიდრესია უნიკალური მუზეუმებით. როგორც ცნობილია, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია სპორტი. ქართული სპორტი უძველესია. ქართველისათვის მშვილდოსნობა, ფარიკაობა, შუბის ტყორცნა, ცხენოსნობა, ნადირობა, ჩოგანბურთი, ლელობურთი, ჭიდაობა, ცურვა, მთამსვლელობა (ალპინიზმი), მოძრავი ხალხური თამაშები თავიდანვე ჩადგა საქართველოს მკვიდრთა საარსებო საშუალებათა მოპოვების, ფიზიკური და მორალური წრთობის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სამსახურში. საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ, პლანეტას ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის მრავალი ჩემპიონი მისცა. განსაკუთრებით ცნობილია ქართული საჭადრაკო სკოლა.
საქრთველო მდიდარია ხუროთმოძღვრული (არქიტექტორული) ძეგლებით: ბოლნისის სიონი, მთლიანად ძველი სატახტო ქალაქი მცხეთა თავისი განუმეორებელი სვეტიცხოვლით, მცხეთის ჯვრის მონასტერი, ატენის სიონი, ყინწვისის მონასტერი თავისი ყინწვისის ანგელოსით, ნიკორწმინდის მონასტერი (რაჭა), ალავერდის მონასტერი (კახეთი) . . .
ქართულმა კლასიკურმა მწერლობამ კი ამ ისტორიულ ძეგლებს თავისებური სიდიადე შესძინა. გალაკტიონ ტაბიძის „ქებათა-ქება ნიკორწმინდას“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, ლევან გოთუას „ყინწვისის ანგელოზი“ ქართული კულტურის, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების დიდებული საგალობელია.
ქართული განათლებისა და ქართული კულტურის უძველეს ძეგლებს 1918 წლის 8 თებერვალს (დავით აღმაშენებლის ხსოვნის დღეს) შეემატა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც „იბარტყა“ და ერს უდიდესი მეცნიერული კადრები და მრავალი უმაღლესი სასწავლებელი შესძინა.
თბილისი საქართველოს დედაქალაქია. თბილისი ხალხთა ძმობის ქალაქია. აქ გვერდი-გვერდ მეგობრულად ცხოვრობს მრავალი ერის ადამიანი. აქ ყვავის ქართული კულტურა, ქართული სული. თბილისი მთელი საქართველოს კულტურული ცენტრია. აქ არის ბევრი უმაღლესი სასწავლებელი, სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, რელიგიური ნაგებობები, ხუროთმოძღვრული ძეგლები, ისტორიული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები. ის სულ ცოტა 1500 წლისაა . . .