EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რას იწვევს ნაადრევი აბორტი »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: natasha

თარიღი: 2014-04-26 20:40:44

რას იწვევს ნაადრევი აბორტი

ბოლო წლებში საქართველოში ნაადრევი აბორტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგონები ამ ნაბიჯს გაუცნობიერებლად დგამენ, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობენ. ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სიცრუისა და იმედგაცრუების უმძიმეს ტვირთს უკვე რამდენიმე წელია, ატარებს:

ნინო: 
- ადამიანი, რომლის გამოც ჩემი ცხოვრება დაინგრა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გავიცანი. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. ორი წლის განმავლობაში უბრალოდ, შეყვარებულები ვიყავით. სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან დავახლოვდით და 17 წლისა არც ვიყავი, როდესაც მისგან ფეხმძიმედ დავრჩი. როგორც აღმოჩნდა, მას ცოლ-შვილის მოვლის საშუალება არ ჰქონდა, ხოლო მისმა მშობლებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს: ნაბიჭვარი რატომ უნდა ვზარდოთო?! ჩემი ოჯახის წევრებიც გამუდმებით ამას იმეორებდნენ და როგორც ხდება ხოლმე, აბორტი გამაკეთებინეს. ჩემი "რომეო" კი პასუხისმგებლობას გაერიდა და საქართველოდან წავიდა. ამ ამბის შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა, მაგრამ ვერც ის სტრესი დავივიწყე და ვერც ჩემს იარას ვუშველე!

ცნობილი ფაქტია, რომ აბორტი, მით უმეტეს, ადრეულ ასაკში გაკეთებული, დამანგრევლად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე - ამას სპეციალისტებიც ერთხმად ამტკიცებენ და არასპეციალისტებიც, თუმცა პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება და კიდევ უფრო მწვავდება.

მერაბ ხიდაშელი, კავკასიის აბორტსაწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელი: 
- აბორტი საშინელებაა, მაგრამ ჩვენში ძალიან გავრცელებულია უფრო დიდი საშინელება - გვიანი აბორტი. საერთოდ, აბორტი ჰქვია მანიპულაციას, როცა 2,5 თვის ნაყოფი იფხიკება და იდევნება დედის სხეულიდან, მაგრამ როდესაც დედა 6-7-თვიან ბავშვს იცილებს, ეს უკვე მკვლელობაზე უარესია! პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, ამ დროს რაც ხდება: იწვევენ ხელოვნურ მშობიარობას. ხშირ შემთხვევაში ნაყოფი ცოცხალი იბადება, მერე თავში ბლაგვ საგანს ურტყამენ და კლავენ. დიახ, ამას აკეთებენ დედა და მამა - XXI საუკუნეში!.. რაც შეეხება ჩვეულებრივ აბორტს: ჩვენი მონაცემებით, ყოველ წელიწადს საქართველოში 400 ათასამდე აბორტი კეთდება - გაცილებით მეტი, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. აქედან ნახევარზე მეტი არის კრიმინალური აბორტი, რომელიც კეთდება სახლში და რომელსაც "კუხნის აბორტს" ეძახიან. ამ აბორტების 80% სწორედ ნაადრევი აბორტია, რომელსაც ზოგჯერ 14-15 წლის მოზარდებიც კი იკეთებენ. უმძიმესი მდგომარეობაა 13-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. 

- რას ნიშნავს აბორტი ნაადრევ ასაკში? 
- ეს არის შემდგომი უნაყოფობა, ანთებები, სეფსისები, რეპროდუქციული წყვეტა და დანგრეული ფსიქიკა... იაპონელმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს: როდესაც დედას გაკეთებული აქვს აბორტი და მეორედ დაორსულდება, ნაყოფს უკვე ფსიქოზი მოსდევს: თურმე საშვილოსნო იმახსოვრებს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადრე ვიღაც მოკლეს, მეორე ბავშვი ამას ხვდება და ყოველდღიური შიში აქვს, რომ მასაც მოკლავენ... სამწუხაროდ, ეს ხდება ყველგან - თბილისშიც და მთელ საქართველოშიც. ბავშვებს ვაგ­დებთ ნაგვის ყუთში, ტუალეტში "ვრეცხავთ"!.. ამაზე ფიქრიც კი აუტანელია! სხვათა შორის, ძალიან მაღალია ხელოვნური აბორტების რი­ცხვი იმერეთის რეგიონში და მაღალმთიან აჭარაში. არადა, ქვეყანაში ბევრი უშვილო დედაა და მათ ბავშვის აყვანის სურვილი აქვთ! კიდევ ერთი უბედურება: ნაადრევი აბორტების ინიციატორი უმეტესად არის ოჯახი - გოგონას დედა, მამა, ბიძა და ა.შ. - ანუ ნათესავები, 

 

რომლებსაც არ უნდათ, რომ მათ ოჯახში "უკანონო ნაბიჭვარი" იზრდებოდეს. ამავე დროს, მასმედიაში სექსის აღვირახსნილი პროპაგანდა ხდება და ეს ბავშვები - ჩვენი მომავალი თაობა გაორებულ, გაურკვეველ სიტუაციაშია. ეს ურთულესი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოაგვაროს და მოაწესრიგოს. 

ლადო კახაძე, გინეკოლოგი: 
- ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით, 40 ათასამდე რეგისტრირებული აბორტი კეთდება, რაც ძალიან მაღალი ციფრია. სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა აბორტის ასაკიც. ბოდიშს ვიხდი ყველასთან, მაგრამ მე აბორტს უკულტურობასა და გაუნათლებლობას დავარქმევ. თუ მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას ადრე იწყებენ, ამას ხელს ვერ უშლის ვერც საზოგადოება, ვერც ოჯახი და ვერც რელიგია, ის მაინც უნდა ასწავლონ, რომ არასასურველი ორსულობა თავიდანვე უნდა აიცილონ, რამეთუ პირველი აბორტი არის უშვილობის უპირველესი და უმთავრესი მიზეზი. ეს არის ურთულესი პროცესი, რომელმაც შეიძლება, მთლიანად დაანგრიოს მომავალი დედის ჯანმრთელობა და გოგონა დედობას საერთოდ ვეღარ ეღირსოს. მე ვარ მამა, ბაბუა, ექიმი და ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს! სხვათა შორის, იყო პერიოდი, როდესაც აბორტი აკრძალული გახლდათ, მაგრამ მაშინ არალეგალური აბორტების რიცხვი გაიზარდა და, გახშირდა დედების სიკვდილიანობა, ექიმების დასჯა-დაჭერაც. მოდაში შემოვიდა ის, რომ ლიბერალური საზოგადოების წევრები გავხდით და ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევთ თავს, ვნებას აყოლილ ადამიანს კი ბევრი ცოდვის ჩადენა შეუძლია. მორალი და ზნეობა ბევრს საჭიროდ აღარ მიაჩნია იმიტომ, რომ მორალი ბევრ რამეზე უარის თქმას მოითხოვს. 70-80-იან წლებში სამშობიარო სახლში ვმუშაობდი და მაშინ ახალგაზრდებში აბორტი იშვიათობა იყო. თავისუფლები გავხდით თუ არა, ეტყობა, ზნეობისგანაც გავთავისუფლდით. ეს ეტაპი გაიარა დასავლეთმა, ქართველები კი ახლა გავდივართ, თუმცა უნდა ვაღიარო: როგორც კი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ელემენტი შემოვიდა, ქართველმა ქალმა ამ მხრივაც ბევრს აჯობა.

- მაინც რა პროცესები ვითარდება ქალის ორგანიზმში აბორტის შემდეგ? 
- შევეცდები, მკითხველს ეს ყველაფერი პოპულარული ენით ავუხსნა: როდესაც ქალი დაფეხმძიმდება, მის ორგანიზმში უამრავი იმუნური ჯარისკაცი ჩნდება. ეს იმუნური ჯარისკაცები შეიარაღდებიან და დგებიან მომავალი სიცოცხლისა და დედის ჯანმრთელობის სამსახურში. ისინი მუდმივ მზაობაში არიან, რომ მაქსიმალურად დაიცვან ახალი სიცოცხლე და დედის სხეულიც, - სწორედ ეს არის მათი ფუნქცია მთელი ორსულობის მანძილზე. როგორც კი ფეხმძიმობა მშობიარობით დასრულდება, იმუნური ჯარისკაცები იარაღს უკან აბარებენ და თვითლიკვიდაციას იწყებენ.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აბორტი კეთდება? 
- იმუნური ჯარისკაცები თავიანთ იარაღს მიუშვერენ დედის სხეულს - მის ნერვულ სისტემას, ენდოკრინულ თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ანადგურებენ. ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ამიტომ აბორტი არა მხოლოდ მკვლელობაა, არამედ - თვითმკვლელობაც! 

ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი ”გზა”