EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აი ამ ისტორიას ასწავლიდა სტალინი ბაშვებს. »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2014-05-12 23:27:14

აი ამ ისტორიას ასწავლიდა სტალინი ბაშვებს.
evpatori.ge

საქართველო    

კავკასია  ბრინჯაოსა  და  ადრინდელ  ხანაში

ბრინჯაოს  ხანა  საქართველოში

 ხეთა-მიტანის    სამეფოების  ხანაში  კავკასიის  მიწა-წყალი   ხეთურ-სუბარული  მოდგმის  მოსახლეობას  უჭირავს.  ეს  მოსახლეობა  თავისი  იარაღისათვის  ძირითადად  უკვე  ბრინჯაოს  ხმარობდა.  ხეთურ-სუბარული  მოდგმის  ხალხების   უმთავრესი  კულტურული  ცენტრები  მაშინ,  როგორც  ვიცით,  სამხრეთით  მდებარეობდა.  მაგრამ  აქ,  კავკასიაშიც,  განსაკუთრებით -  დღევანდელი  საქართველოს  ტერიტორიაზე,  კულტურა  ვითარდებოდა  საკმაოდ  სწრაფად,  იმ  დროის  კვალობაზე.  ეს   განსაკუთრებით  თვალსაჩინო მეორე  ათასწლეულის  დამლევს,  ძველი  წელთაღრიცხვით.

   ჩვენი  ქვეყნის  იმდროინდელი  კულტურის  შესახებ  ჩვენ  არქეოლოგიური  მასალის  საშუალებით  ვმსჯელობთ.  საქართველოს  ნიადაგში  აუარებელი  ძეგლი  და  ნივთია  ჩამარხული,  ჩვენი  წინაპრების  ნახელავი  და ნაკვალევი.  ზოგი  მათგანი  საფლავში  ჩაუტანებიათ,   ზოგი   განძად  შეუნახავთ,   ზოგიც  სხვა   შემთხვევის  გამო  არის  გადარჩენილი.  ამ  მიწაში   ჩამარხული    ისტორიული   ძეგლების   მეცნიერული  შესწავლა  ეხლახან  დაიწყო.  მხოლოდ   საბჭოთა   მთავრობის  დახმარებით  მოახერხეს  არქეოლოგებმა   ფართო  და  წესიერი  გათხრების  მოწყობა  საქართველოში.  დიდმა  გათხრებმა  მცხეთაში,  გათხრებმა  კოლხეთის  დაბლობში,  თრიალეთში,  ჩვენ  უმდიდრესი  მასალა  შეგვძინა.  ნივთიერი  კულტურის  ეს  ნაშთები  წარსული   კულტურის  უტყუარი   მოწმეა.

  თრიალეთში,  1936-1939  წლების  გათხრის  დროს,  გახსნილ  იქნა  სხვადასხვა  დროის  მრავალი    სამარხი.  მათ  შორის  განსაკუთრებით  საყურადღებოა  ყორღანული  (ამობორცვილი)   სამარხები  მეორე  ათასწლეულის  უკანასკნელი  საუკუნეებისა,  ძვ.  წ.  უზარმაზარ     საფლავებში (  ზოგჯერ  --  100-175  კვადრატული  მეტრის  ფართობისა )  იმდროინდელი  წარჩინებული  ხალხია   დაკრძალული,    შესალოა   მთავრები  და  მათი  ოჯახის   წევრები.  ერთ  სამარეში  აღმოჩნდა  ოთხთვლიანი   ხის  ეტლი,  რომლითაც,  ჩანს,  მიცვალებულთათვის   თან  ჩაუტანებიათ  უძვირფასესი  ნივთები -  ოქროს,  ვერცხლის  და  ბრინჯაოს  ჭურჭელი,  იარაღი  და  სამკაული,  თიხის  მოხატული  ჭურჭელი  და  სხვა. ლითონისაგან  გაკეთებული  ნივთები  ნაირი  ორნამენტებით,  ფერადი   თვლებით (ფირუზით, სარდიონით  და  სხვ.)  და  რელიეფურად  შესრულებული  სურათებით,  რომლებშია  ადამიანები,  სხვადასხვა  ცხოველი  და  მცენარეა  გამოსახული.  თრიალეთში  ნაპოვნი  როგორც  ოქრომჭედლობის  ნივთები,  ისე  თიხის  ჭურჭელი  ხელოსნობისა   და  ხელოვნების  განსაცვიფრებელი  ძეგლებია.  ისინი  თვალსაჩინოდ  ამჟღავნებენ  საქართველოს  იმდროინდელი   მოსახლეობის  განვითარების  მაღალ   დონეს,  კერძოდ - ხელოსანთა  და  ხელოვანთა   დახვეწილ  ოსტატობას. 

პირველი   ათასწლეულის  დასაწყის  საუკუნეებში,  ძვ. წ.,  საქართველოს  ტერიტორიაზე  კულტურის  ორ  წრე   ჩამოყალიბდა  -  დასავლური  და  აღმოსავლური.  ეს  ბრინჯაოს  კულტურა  იყო,  - იარაღის   მასალად   აქ  უპირატესად  ბრინჯაო    იხმარებოდა.   ეს  ორი  კულტურა  წრე  ქართველი  ტომების  გაერთიანებას   შეესაბამება - დასავლურ-ქართულსა  და  აღმოსავლურ-ქართულს.

  დასავლური  კულტურის  წრე  შეიცავდა  მთელს  დასავლეთ   საქართველოს,  ჩრდილოეთ-კავკასიის  მთიანეთს  მდ.  თერგის  დასავლეთით,  მდინარე  ჭოროხის  ხეობასა   და  შავი  ზღვის   სამხრეთ  სანაპიროსაც.  ეს  ის  ტერიტორიაა,   რომელიც  შემდეგში  კოლხეთად  იწოდებოდა.  ეს  ძველი  კოლხური  ბრინჯაოს  კულტურა  განვითარების  მაღალ  დონეზე  იდგა.  ნაპოვნი   არის  იმდროინდელი   სასოფლო-სამეურნეო  იარაღი  -  თოხი  და  წალდი (ისეთი   ფორმისა,  დღესაც   რომ  დასალეთ  საქართველოში   ხმარობენ),  ნამგალი,  მეცხოველეობის  იარაღი (ცხენის   აკაზმულობის   ნაწილები,  ლაგამი  და   სხვ.) და  სახელოსნო   ხელსაწყო  -  განსაკუთრებით  ხის   დამუშავებისათვის   სახმარი  საჭრეთლები,  სატეხები  და   სხვა.

ბევრია  აღმოჩენილი  იმდროინდელი  საბრძოლო  იარაღი:  სატევარი,  შუბისა   და  ისრის  პირები,  ლახტისთავები,  განსაკუთრებით- კი  -  საომარი  ცული.  ეს  ძველი  კოლხური  საომარი  ცული   ძალიან   ნიშანდობლივია  ამ  კულტურისათვის.

  კოლხური  ბრინჯაო  უმთარესად  იმ  სპილენძისაგან  კეთდებოდა,  რომლის    მადნები   დღესაც  არსებობს  ჭოროხის  ხეობაში.

  აღმოსავლური   კულტურის   წრე  შეიცავდა   აღმოსავლეთ  საქართველოს  ალაზნის  გაღმა  მხარით,  სევანის  ტბის  მხარესა   და   არაქსის  ხეობაშიაც   ჩადიოდა.

   დღევანდელი  ქართლი,  ჩანს,    მაშინაც  ისეთი  ცენტრალური   თემა  იყო,  სადაც  ერთმანეთს   ხვდებოდა   და  თავის  თავის  გამოცდილებას   უზიარებდა  დასავლეთ  და  აღმოსავლეთ  საქართველოს   მოსახლეობა.   აქ  პოულობენ  ხოლმე    როგორც  აღმოსავლური, ისე   დასავლური  კულტურის  ძეგლებს.

    ამ  აღმოსავლური   კულტურისათვის  ნიშანდობლივია  წვერკვეთილი  მახვილები,   ჩუგლუგები  ნახევრად  მრგვალი   პირით,  ბრტყელი   ისრის  პირები,   გრძელი   შუბის   პირები.  იმდროინდელი  საომარი  იარაღიდან  გვხვდება   აგრეთვე   ფარი.  მაშინდელი  მშვილდი  კაცზე  უფრო  მაღალი  ყოფილა.  ნაპოვნია  აგრეთვე  სასოფლო-სამეურნეო  იარაღი   და   შინამოსაქმეობის  ხელსაწყო:  კევრი,  სხვადასხვანაირი   ცული,  ნამგალი,  დანა,  ნემსი,  სადგისი,   კვირისტავი;  სამოსელთან  დაკავშირებული  საგნები:  სარტყლები,  მათი  ბალთები,  აბზინდები,  ღილები,  შესაბნევები  და   სხვა.

  დიდი  რაოდეობით  არის  აღმოჩენილი  ჭურჭლეულობაც ,  უძველეს  ხანაში -  მეტწილად  თიხისა   და  ნაწილობრივ  -   ბრიჯაოსი,  ვერცხლისა,  ოქროსი.

  როგორც  აღმოსავლეთ,  ისე   დასავლეთ  საქართველოს  ამ  ძველს,  ბრინჯაოს  ხანის   სამარხებში  დიდი  რაოდენობით   გვხვდება  სხვადასხვა   სამკაულები:   ბეჭდები,  რაც  ჩვენს   წინაპრებს   განსაკუთრებით  ჰყვარებიათ,  საყურეები,  სამაჯურები,  ათასნაირი  მძივები,  სარტყლის    შემკულ-მოჩუქურთმებული  ბალთები.

მუსიკალური  ინსტრუმენტებიდან  სამთავროში  ნაპოვნია  ძვლის    სალამური. 

evpatori.ge 

განვითარების   დონე.  იმ  ხანაში  რომლის  ნივთიერი  ნაშთები   ჩვენს  ზემოთ  გავიცანით,   საქართველოს  მოსახლეობა  უკვე  ძირითადად  მოქმედებას  მისდევდა.  მოჰყავდათ  სხვადასხვა    პურეული -   ხორბალი,  ქერი,  ფეტვი.  იმდროინდელი  ხორბლეულის  ნაშთები  ნაპოვნია  ჩვენს  ნიადაგში.  მისდევდნენ  მევენახეობასაც -  განათხარ  მასალებში  ყურძნის   კურკაც  არის  აღმოჩენილი.            

   ფართოდ  იყო  განვითარებული  მესაქონლეობაც.  შინაური  პირუტყვიდან  ჰყავდათ  ცხვარი,  ძროხა,  ღორი,  ცხენი,  ძაღლი.  მაღალ  დონეზე   იდგა  ხელოსნობა.  უკვე  იყვნენ  კარგად  გაწაფული  ოსტატები,  რომელნიც  აკეთებდნენ  მშვენიერს,   ზოგჯერ  საუცხოოდ   მოხატულს,  თიხის  ჭურჭელს,  საუკეთესო  ბრინჯაოს  იარაღს,  ლამაზ  ორნამენტით   შემკულს,  მატყლისა   და  სელის   ქსოვილებს.  ხმარობდნენ    ოთხვათვალა  და  ორთვალა  ურმებსა  და  ეტლებს.  ორთვალა  ეტლი,  რომელშიაც   ცხენს  რომელშიაც  ცხენს  უბამდნენ,  საომარი  საშუალება  იყო.

განვითარებული  ყოფილა  იმდროიენდელ   საქართველოში   ხელოვნებაც.  თითქმის   ყველა   ნივთს,  განსაკუთრებით  -  კი -  სამკაულებს,  ჭურჭლეულობას,  იარაღს,  საყოფაცხოვრებო   საგნებს.  (მაგ.,  სარტყლის  ბალთებს)   ალამაზებდნენ,  რთავდნენ  ჩუქურთმით,  ადამიანის  შინაური  დ ა  გარეული  ცხოველების,  მცენარეების  გამოსახულებით.  ნივთების  ეს  მორთულობა  და  მოხატულობა  მოწმობს   იმდროინდელი  ხელოვანთა  დაოსტატებისა   და  გემოვნების  დონეს.  ამასვე  ამჟღავნებს  თვით  ნივთების   ნაკეთობაც.         

  ხუროთმოძღრების   ყველაზე   ძველი  ძეგლები  ჩვენს   ქვეყანაში   მეგალითებია.  ,,მეგალითი“  ბერძნული   სიტყვაა  და   ,,დიდ   ქვას’’  ნიშნავს.  ასეთი  ძეგლები  დიდი  ლოდებისაგან  არის  აგებული,  მაგრამ  უკიროდ  და  უდუღაბოდ.   საქართველოში,  განსაკუთრებით  აღმოსავლეთ   საქართველოში   ბლომად  მოიპოვება  მეგალითური  ციხე-დარბაზები,  ნაქალაქარები,  დოლმენები (ჩვეულებრივად  ხუთი   ლოდისაგან   გაკეთებული  ,,ბინა’’,  მეტწილად  -  მიცვალებულისათვის;  გვხვდება  აფხაზეთში), მენჰირები (მიწაში  ჩასმული  მაღალი  ქვის  სვეტები)   და  მიწაში  ჩასმული   უზარმაზარი  სალოცავი  თევზის   გამოსახულებანი). 

  მეგალითურ  ძეგლებს   ციკლოპურსაც  ეძახიან,  როგორც  ვითომც   ზღაპრული  არსებების,  ციკლოპების,  მიერ   აშენებულთ.  ჩვენში  ხალხი  მათ  გმირთ-ნაკვეთებს,  დევთა-ნასახლარებს,  ქვა-კაცებს  უწოდებს.  ეს  მეგალითები  ადრინდელი  ქვის  ხანის  ძეგლები  უნდა  იყოს.

ბრინჯაოს  ხანაში  ჩვენს  წინაპრებს  აღებ-მიცემა  უწარმოებიათ   საკმაოდ  შორეულ  მხარეებთან - ხმელთაშუა   ზღვის,  მცირე  აზიის,  მესოპოტამიის  ქვეყნებთან   და  ეგვიპტესთანაც.   ფულად   ბრინჯაოს   რგოლებიც  გამოუყენებიათ.

  უკვე  იმ  დროს  ბარის   მოსახლეობაში  მდიდარი  ხალხი  განირჩეოდა  ღარიბებისაგან.  საზოგადოებრივი   უთანასწორობაც  უკვე   გაჩენილი  იყო,  ჰყავდათ  მონები.   არსებობდნენ  მთავრებიც.  მაგრამ  სიმდიდრე  და  სიღარიბე,  დიდკაცობა  და    სიბეჩავე-უუფლებობა  განსაკუთრებით   გაძლიერდა   და გავრცელდა   მას  შემდეგ,   რაც   რკინა   გაჩნდა.

ხეთურ-სუბარული   სახელმწიფოები  პირველი  ათასწლეულის   პირველ  ნახევარში ,  ძვ.  წ .    მეორე  ათასწლეულის  დამლევისათვის   წინა  აზიაში  ასურეთი  გაბატონდა,  ხოლო  ხეთურ-სუბარული  მოსახლეობა  მრავალ   წვრილ  სამთავროდ  დაიქსაქსა.  ეს   სამთავროები  შეუპოვრად   ებრძოდნენ   ასურეთის  მეფეებს,  რომელნიც  ცდილობდნენ  მათ   დამორჩილებას.  მე-11  საუკუნის  ასურული  წარწერები  იხსენიებენ  ,,სუბართი’’-ს,   ესე  იგი - სუბარების  ქვეყანას  და ,,მის  ამაყსა   და   ურჩ   ხალხს’’.  ამ   დროს  ხეთურ-სუბარული   ტომებიდან  უფრო  ძლიერი  ყოფილან  მუსკები,  მერმინდელი  მესხები,  რომელნიც  ზოგჯერ  თვითონ  ესხმოდნენ    თავს  ასურეთს  და  მის  თემებს  იპყრობდნენ.  მე-9  საუკუნეში  კი  ასურეთის  მეფეები  ყველაზე  ხშირად  თუბალებთან   ბრძოლის   შესახებ  მოგვითხრობენ.

თუბალები. 

თუბალი  ეფრატის  დასავლეთით  მდებარე  ვრცელი   ქვეყანა  იყო,  რომელიც  24  სამეფოსა  თუ   სამთავროსაგან  შედგებოდა.  თუბალის   მრავალრიცხოვან   ქალაქთა  შორის  ერთი  უმთავრესთაგანი  იყო  მელითი,  იმავე  სახელწოდების  ოლქის  ცენტრი,  მელიტენად  წოდებული.   ასურეთის  მეფეები  მძიმე   და  განუწყვეტელ  ბრძოლებს  ეწეოდნენ  თუბალების  წინააღმდეგ.   მაგრამ    ამასთან  ერთად  არც  მშვიდობიან  კავშირებსა    და  თუბალების   მეფეებთან   მოყვრობას  ერიდებოდნენ.  თუბალისაკენ  ასურელებს   ამ  ქვეყნის  სიმდიდრე  იზიდავდა -  ოქრო, ვერცხლი და   სხვა  ლითონი,  საუკეთესო  ჯიშის  ცხენები.  თუბალები  კარგად   იყვნენ  ცნობილნი   უფრო  შორსაც.  მაგალითად,  სირია-პალესტინაში. ებრაელების  წიგნში,  ,,ბიბლიაში’’   ანუ  ,,დაბადებაში’’,  რომელშიაც  ძალიან  ძველი  ისტორიული  გადმოცემებია   დაცული,  თუბალი   თუბალ-კაინად  იწოდება   და  მის  შესახებ  ნათქვამია: ,, ესე  იყო  კვერით   ხუროი,  მჭედელი  რვალისა   და   რკინისა’’-ო.

,,კაინი’’  მჭედელს  ნიშნავს.   ამრიგად,  ეს  სუბარული   ტომი   მჭედელ,  მეტალურგ   ხალხად  იყო  მიჩნეული  და  სახელდებული.   იგი  განთქმული  ყოფილა  თავისი  ლითონის,  კერძოდ - რკინის  ნახელავით.

ისტორია

 

 ჩვენ  ვიცით,   რომ   რკინა  ჯერ   იშვიათი  ლითონი  იყო,  იარაღს   კიდევ  დიდხანს   ჩვეულებრივად  ბრინჯაოსაგან  აკეთებდნენ.  მხოლოდ  პირველი  ათასწლეულის   პირველ  საუკუნეში  გავრცელდა  უფრო  მეტად   რკინის  იარაღი,  თუმცა ამასთან   ე რთად  ბრინჯაოც  არ  გამოსულა  ხმარებიდან.   რკინის  მეტალურგიის  ერთი  უმთარესი  კერათაგანი  ისევ  სუბარეთი  იყო.

 ამ  სამეურნეო  და  ტექნიკურმა  წარმატებამ  მე-9 ,  მე-8  საუკუნეებში    ხელი  შეუწყო  იმას,  რომ  ხეთურ-სუბარულმა  ტომებმა   ახალი   ძლიერი   სახელმწიფო   შექმნეს.  ეს  იყო  ურარტუ.

ურარტუ. მე-9  საუკუნეში   იმ  ხეთურ-სუბარული  სამთავროებიდან,  რომელთაც  ეჭირათ  მდინარე  ტიგროსისა   და   ეფრატის  სათავეები,  ვანის  ტბის  ოლქი  და   მისი  მეზობელი   თემები,  თავისი  ძლიერებით   ბიაინა  და  მანა  გამოირჩეოდნენ.  ბიაინას  ვანის   ტბის   მიდამოები   ეჭირა,  მანა  მის  მეზობლად  მდებარეობდა.  მე-9  საუკუნის  დ ამლევს  პირველობა  დარჩა  ბიაინას,  რომელმაც  გააერთიანა   ეს  სამთავროები.  ამ  გაერთიანებულ  სამეფოს  ურარტუს  ეძახდნენ,  მის  ხალხს  კი  ხალდებს  უწოდებენ.  განსაკუთრებით  გაძლიერდა  ურარტუ  მენუასა  და  მისი  შვილის   არგიშტის  მეფობაში  (მე-8  საუკუნის  პირველი  ნახევარი).

არგიშტიმ  შორს  გადასწია  თავისი  სამფლობელოების  საზღვრები  მცირე  აზიასა  და  კავკასიაში.  მან  მრავალრიცხოვანი   ძლევამოსილი   ლაშქრობა  ჩაატარა   ასურეთის  წინააღმდეგ  და  დაიპყრო  ასურეთის    თემები  ტიგროსისა  და   ეფრატის   ზემო  წელზე.  ურარტუ  წინა  აზიის  უძლიერეს  სახელმწიფოდ  იქცა. 

ასეთი  მდგომარეობა  ხალდებმა  შეინარჩუნეს,  ცვალებადი წ არმატებით,  არგიშტის  უახლოესი    მემკვიდრეების  მეფობაშიაც.   მაგრამ  მე-8  საუკუნის   დამლევიდან  იწყება   ურარტუს  დაქვეითება,  ერთი  მხრივ,  ასურელების  მუდმივი  თავდასხმების  გამო,  მეორე  მხრივ,  ჩრდილო-აღმოსავლეთიდან   ახალი  უცხო  ტომების,  უმთავრესად  - კიმერიელების  ანუ  გიმირებისა  და  სკვითების    შემოსევების  წყალობით. 

ურარტუს  კულტურა.

ურარტუს  სამეფო  თავისი  კულტურით  ხეთურ-სუბარული  სამყაროს  ნაწილს  შეადგენდა.  ხალდებიც  ლურსმულ  დამწერლობას  ხმარობდნენ  და  საკმაოდ   ბევრი  წარწერა   დაგვიტოვეს.  განსაკუთრებით   თავი  ისახელეს   ხალდებმა   რკინის  დამუშავებით.  რკინის   იარაღით   ხალდები  კლდეში  შესანიშნავ  ციხე-დარბაზებს  ჰკვეთდნენ.   ამ  რიგის   ხუროთმოძღვრების  ნიმუშია   საქართველოში   კლდეში  ნაკვეთი  ქალაქი  უფლისციხე (გორის  მახლობლად,  მტკვრის  ნაპირას).

714  წელს   ასურელებმა  ურარტუ  დალაშქრეს   და  მისი  ერთი  სამთავროთაგანი, მანა-ც,  დაარბიეს.  ასურეთის  მეფე  სარგონი,  რომელიც თვითონ   ხელმძღვანელობდა   ამ  ლაშქრობას   და  დაწვრილებით  მოგვითხრობს  მის  ამბავს,  დიდად  გაკვურვებული  დარჩა  აქაური  ხალხის  კულტუროსნობითა  და   დოვლათიანობით.

მანას  ქვეყანა   დაფარული  ყოფილა  დიდი  და  პატარა   არხებით,  რომელნიც  რწყავდნენ  ნოყიერ  მინდვრებს.    აღმართებში  არხებიდან   წყალი  აჰყავდათ   ბორბლებით,  რომლებსაც  აქლემები   ატრიალებდნენ.  ხორბალი,  ქერი  და  სხვა  პურეული  იმდენი  მოჰყავდათ,  რომ  მოსავლის  მარცვლითა  და  ფქვილით  ბეღლები  გატენილი  ჰქონდათ.  სთესდნენ  ცხენის    საკვებ  ბალახსაც  კი,  აშენებდნენ   ტყეებს,  მაგალითად  ჭადრის   ხეებისას,  და  დეკორატიულ  მცენარეებსაც. მაგალითად,  კვიპაროზებს. მთელი  ქვეყანა  მოფენილი  იყო  ხეხილის  ბაღებითა  და  ვენახებით,  რომელნიც,  სარგონის  თქმით,  ,,წვიმასავით  უხვ  ხილსა  და  ყურძენს’’  ისხამდნენ.    სარგონის  ჯარისკაცებს   გული  უჯერებიათ  კეთილი  ღვინით  აქაურ  მარნებში,  რომლებიც  სავსე   ყოფილა   ღვინიანი  გუდებით. 

მრავვლად   ჰყოლიათ  მანაელებს   შინაური  საქონელი -  მსხვილი  რქოსანი  პირუტყვი,  ცხვარი,  ცხენი.  განსაკუთრებით  განთქმულნი  ყოფილან  ისინი  თავისი  მეცხენეობით.  აქაურ  მცხოვრებთ   მეცხენეობა-ცხენოსნობაში  მეტოქე  არა  ჰყავთ  მთელ  ურარტუშიო. ამბობს  სარგონი.  ცხენებს  უშვებდნენ  ველზე   ჯოგებად   და  თავლაშიაც  დაბმული  ჰყავდათ.  ცხენებს  ხედნიდნენ  უმთავრესად  ეტლებში  შესაბმელად (  აქ  უფრო  საომარი  ეტლები  იგულისხმებოდა).  ამ  მხრივ  მანაელების  ოსტატობა  აოცებდა   ასურელებს:  ისე  ჰყავთ  ცხენები  გაწვრთნილი,  რომ  არასდროს  არ  გასტეხენ  ეტლის  ხელნასო.  ურარტუს  სამეფო  ჯარს  აქედან  მისდიოდა   ცხენები.

მოსახლეობა   მჭიდრო  ყოფილა:  აქაური  ციხე-ქალაქები  ურიცხვია, როგორც  ვარსკვლავნი  ცისანიო, ამბობს   სარგონი.   თვითონ  შენობები   ხელოვნურად   და  მტკიცედ  ყოფილა  ნაგები,  ქვისა  და  აგურის  კედლებით  და  დიდი  კვიპაროზის   თავხეებით(  კოჭებით).  ქალაქები  გარშემოტყმული  ყოფილა  მეტად  განიერი,  მაგარი  კედლებით,  ბურჯებითა  და  ღრმა  თხრილებით.        

,,მხიარული   სიმღერებით’’  ახალისებდა,  როგორც  ამბობს  სარგონი,  მაგრამ  ასურელებმა  მათ  ცეცხლი  და  მახვილი  მოუტანეს.  ხალხი  მტერს  არც  ერთ    მტკაველს   არ  უთმობდა  უბრძოლველად.  მანაელებს   მთის   მწერვალებზე  სვეტები  ჰქონიათ  აღმართული,  რომლებზედაც  ასურელების  მიახლოებისას  ცეცხლს   ანთებდნენ  და  შორეულ  თემებს  ატყობინებდნენ:  გაფრთხილდით   და  მოემზადეთ,  მტერი    შემოგვესიაო.  გააფთრებული  ბრძოლა  გაუმართეს  ასურელებს  მანაელებმა,  მაგრამ     მტერი  ბევრად  უფრო  მრავალრიცხოვანი   იყო  და  გამარჯვებაც  მას  დარჩა.  ქვეყანა  აოხრდა,  ხალხი კი  ზოგიერთი  თემიდან   მთლიანად  აიყარა  და ჩრდილოეთისაკენ  გადაიხვეწა,  ასე  ხდებოდა   ხოლმე   მოსახლეობის  გადასვლა  ერთი  ქვეყნიდან  მეორე  ქვეყანაში.

  აი,  როგორ  აღწერს  სარგონი  თავის  მოქმედებას   მანას   ერთერთ   თემში:  ,,ასურის   ჯარებით  მე  კალიასავით  დავფარე   მათი  ქალაქები.......  მე  დავწვი  მათი  მშვენიერი   სადგომები....ქერისა  და   ხორბლის    უშველებელი  ხვავები,   რომელსაც  ისინი  მრავალი  დღის   განმავლობაში   აწყობდნენ   თავის  ბეღლებში  ქვეყნისა  და  ხალხის  შესანახავად,  მე   დავატვირთვინე   ჩემ  ჯარებს  ცხენებსა,  ჯორებსა,  აქლემებსა  და   ვირებზე  და  დავაწყობინე   ჩემ  ბანაკში,  როგორც  მთები.  ჩემ    კაცებს  ვაჭამე  უხვი  საჭმელი,   რამდენიც  შეეძლოთ.   მათ   შეაგროვეს  სანოვაგის  უხვი  მარაგი   უკან  ასურეთში  წასაღებადაც.   მე  ავჩეხე  მათი  დიდებული  ხეხილის  ბაღები  და  მათი  ურიცხვი  ვენახები,  მე  ბოლო  მოვუღე    მთელს  მათ   სასმელს.   მე  ავჩეხე  მათი  დიდი  ტყეები,  რომლებიც  ლელიანივით   ხშირი  იყო,  უდაბნოდ   ვაქციე  ეს  ქვეყანა   და   დავწვი  მოჭრილი  ხეები....  146  ქალაქი  მათ  მიდამოში  მე  დავწვი,  როგორც  ბუჩქნარი  და,  როგორც  გრიგალმა,  კვამლით  დავფარე  პირი   ზეცისაო’’-ო.  ასე  იკვეხის  ეს  ბარბაროსი.

  სარგონის   სიტყვით,  თვითონ  მანაელები  თავის   ქვეყანას   სუბი-ს   ეძახდნენ.  ეს  იგი  ძველი  ქართული  სახელი   სუბარი  უნდა  იყოს. 

 ხელდების  ენისა  და კულტურის  შესწავლამ,  სათანადო  წყაროთა  უსრულობა-სიმწირის   მიუხედავად,   ბოლო  ხანებში    მნიშვნელოვან   წარმატებას   მიაღწია.   დადგენილია,  რომ  ხალდური   ენის   აგებულებას   არაფერი  აქვს  საერთო   არც  ინდო-ევროპულ,  არც  სემიტურ  და     არც  ურალურ-ალტაურ  (კერძოდ,  -თურქულ)  ენებთან  და   რომ   იგი  ხეთურ-იბერული  ენებისა  და,  უპირველეს   ყოვლისა,    ქართული  ენის  აგებულებას  ემთხვევა.   აღმოჩნდა,   რომ  ხალდების  ნივთიერი   და  სულიერი   კულტურა   შუმერულ-ხეთურ-სუბარული   ცივილიზაციის   ორგანული  ნაწილი  ყოფილა.

« წინა გვერდი    |    შემდეგი გვერდი  »