EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« წყალსაცავიანი ჰესების გაუაზრებელი მშენებლობაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას და საზოგადოებას! »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: eef.georgia

თარიღი: 2014-07-15 11:34:41

წყალსაცავიანი ჰესების გაუაზრებელი მშენებლობაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას და საზოგადოებას!

ჰესები

საიტზე გამოქვეყნდა წერილი « ანზორ საკანდელიძე: კავკასიის ქედზე მიმდინარეობს რღვევა, რის გამოც 9-ბალიანი მიწისძვრა პოტენციურად გარდაუვალია ». შეიძლება ზოგიერთს წერილში გამოთქმული მოსაზრებები გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ მნიშვნელოვან შემთხვევებში მართლაც საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს მრავალსართულიანი სახლების მშენებლობების თვალსაზრისით. ჩვენი ჩინოვნიკების უზრო და უგუნური მოქმედებებით სერიოზული საფრთხე ექმნება არა მარტო თბილისს, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებსაც, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს. 
 
საყოველთაოდ ცნობილია, რომ წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურები განსაკუთრებული ობიექტებია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავად ვმუშაობდი ენგურჰესის კაშხალის მშენებლობაზე ცვლის უფროსად და ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ შენდებოდა მსოფლიოში უნიკალური და მეტად საპასუხისმგებლო ობიექტი – ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი. ეს მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ტექნიკური სტანდარტები და ნორმები, ასევე,  არსებობდა მრავალდონიანი კონტროლის (მონიტორინგის) სისტემა. მიუხედავად ამისა, მაინც ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს. მადლობა უფალს, რომ ენგურჰესზე აქამდე კატასტროფა არ მომხდარა! თუმცა, ეს სრულებით რეალურია იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დარღვევებით შენდებოდა იგი და რამდენად არასაკმარისი ყურადღება ექცევა მის ექსპლუატაციას და ტექნიკურ უსაფრთხოებას. ღმერთმა დაგვიფაროს წყალსაცავში რომელიმე ფერდზე დიდი მასივის ჩაცურებისგან ან უფრო სერიოზული ავარიისგან (აღარ დავაკონკრეტებ)! – დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს დაემუქრება უსერიოზულესი კატასტროფა.  
 
დღეს, არც ტექნიკური სტანდარტები და ნორმები, არც გამართული საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, მშენებლობის ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემა, არც შესაბამისი სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალი (სამეცნიერო–კვლევითი და საძიებო–საპროექტო ინსტიტუტები, მაღალკვალიფიციური კადრები) არსებობს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, ამ პირობებში რამხელა საფრთხეებს უქმნიან ქვეყანას ის ჩინოვნიკები, რომლებიც აქტიურად ლობირებენ ხუდონჰესისა და მსგავსი, უღარესად საპასუხისმგებლო ობიექტების მშენებლობას! ისიც კარგად წარმოიდგინეთ, რომ ამ სიმძლავრის და ტიპის ობიექტების არავითარი, არც ენერგეტიკული და არც ეკონომიკური საჭიროება არსებობს ქვეყნისთვის! მხოლოდ კერძო ინტერესი შეიძლება ამოძრავებდეს მსგავსი ობიექტების მშენებლობის მოყვარულ ჩინოვნიკებს! სინამდვილეში, მათ არავითარი  კავშირი არ აქვთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან! ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა ხელმძღვანელობდნენ ეს ჩინოვნიკები ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს! 
 
მოკლედ, ქვეყანას საფრთხე მარტო უხარისხო მაღალსართულიანი შენობების თბილისში უკონტროლოდ მშენებლობის გამო არ ემუქრება. უფრო სერიოზული საფრთხე არსებობს მოქმედი და დაგეგმილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურებიდან. გამოდის, რომ ჩვენი ჩინოვნიკები, თავიანთი უმოქმედობით ან  გამიზნული მოქმედებით და უგუნურებით ქმნიან ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს. ამაზე მართლაც ღირს დაფიქრებაც და შესაბამისი მოქმედებების დაუყოვნებლივ დაწყებაც!
 
 
კეთილი სურვილებით, 
 
ვახტანგ ზარქუა, თავმჯდომარე,
ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსი