EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ ვატარებთ გულსაკიდ ჯვარს »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-08-21 00:06:38

რატომ ვატარებთ გულსაკიდ ჯვარს

რატომ ვატარებთ გულსაკიდ ჯვარს

 
ძველი აღთქმის თანახმად, წმინდა და მართალი ცხოვრებით მცხოვრები ლოთი, რომელიც ყველაზე გარყვნილ და ცოდვიან ქალაქში, სოდომში ცხოვრობდა, ერთხელ საშინელ ცოდვაში ჩავარდა. სინანულით შეპყრობილმა ლოთმა ღვთის სათნო აბრაამს სთხოვა, მისი სული უფლისთვის შეევედრებინა. აბრაამმა სამი ხმელი ტოტი მისცა და უთხრა: დარგე ეს ტოტები გვერდიგვერდ და ყოველდღე მორწყე, თუ განედლდება და აყვავდება, ესე იგი ღმერთმა შეგინდოო. ლოთი ასეც მოიქცა. ტოტების მოსარწყავად მიმავალს გზად ყოველდღე ხვდებოდა უცნობი მგზავრი, რომელიც წყალს სთხოვდა. ლოთიც აწვდიდა დოქს, რადგან წინაპართაგან იცოდა, რომ მშიერი უნდა დაეპურებინა და მწყურვალისთვის წყალი მიეწოდებინა. უცნობი მგზავრი დოქს ცლიდა და ცარიელი დოქიღა რჩებოდა ხელში. ბოლოს, ლოთმა ცრემლებით მორწყო ხმელი ტოტები, შემდეგ აბრაამთან წავიდა და ყოველივე აუწყა. აბრაამმა ორი ტოტი აიღო, გადააჯვარედინა, დოქის პირზე დაადო, ლოთს გაუწოდა და უთხრა - როდესაც გზად მიმავალს კვლავ შეგხვდება უცნობი მგზავრი, ასე მიაწოდეო. ჯვრის დანახვაზე მგზავრი ყვირილით განეშორა ლოთს. როგორც შემდეგ აბრაამმა აუხსნა, უცნობი მგზავრის სახით მას წინ დემონი ხვდებოდა, რომელიც ჯვრის გამოსახულებამ დააფრთხო... ამგვარად, ჯვრის ნიში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა. მაშინ ჯვარი ყველაზე თავზარდამცემ და საშინელ საგნად ითვლებოდა, რადგან მასზე ყველაზე სასტიკ და მძიმე დამნაშავეებს აკრავდნენ: "წყეულიმც იყოს უფლისა მიერ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა", - გვაუწყებს "ძველი აღთქმა" ჯვარცმულთა შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა და მხსნელმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ "დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილი ვიდრე სიკვდილამდე და სიკვდილითა მით ჯვარისათა", ე.ი. სწორედ ჯვარზე გაკვრით, ჯვარცმული სიკვდილით ინება ცოდვით დაცემული ადამის მოდგმის გამოხსნა, ქრისტეს მიმდევართათვის ანუ ქრისტიანთათვის ჯვარი უდიდესი კრძალულებისა და პატივისცემის საგნად იქცა.

საიდან მომდინარეობს გულსაკიდი ჯვრის ტარების ტრადიცია? რატომ იწოდება ჯვარი ცხოველმყოფელ ძელად? რატომ ინება უფალმა ყველაზე სამარცხვინო და თავზარდამცემ სასჯელ იარაღზე - ჯვარზე გაკვრა ადამიანთა ეშმაკის და სიკვდილის ტყვეობიდან გამოსახსნელად? რას მიანიშნებს ჯვრის ფორმა? რა მნიშვნელობა აქვს ჯვრის კურთხევას? ვატაროთ თუ არა ნათლობის ჯვარი სისტემატურად - ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

evpatori

- რატომ ინება უფალმა ადამის მოდგმის გამოხსნა ჯვარზე გაკვრით?

- არსებობს ადამიანის დაცემის სამი სიმბოლო - ძელი, ქალწულება და სიკვდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის დაცემაში მონაწილეობა მიიღო ძელმა - სწორედ ხის ნაყოფისგან მოხდა პირველი ადამიანების ცოდვით დაცემა; ქალწული იყო ევა, როდესაც აცთუნა ადამი; ადამის სიკვდილი კი ადამის ცოდვით დაცემაა, რაც მის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით გამოიხატა და რასაც შედეგად ადამისა და მისი მოდგმის მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ჩავარდნა მოჰყვა. ამიტომ საჭირო იყო, სწორედ ამ სიმბოლოების მეშვეობით მომხდარიყო ადამიანთა გამოხსნა. და მართლაც, ძელი დაითრგუნა ჯვრით, რომელზეც ევნო მაცხოვარი და რომელიც ხის ორი ძელისგან იყო გაკეთებული; ქალწულება, ესე იგი, ევას მიერ ქალწულობისას ჩადენილი შეცოდება, რომელიც ქალწულსვე უნდა გამოესყიდა, დაითრგუნა წმინდა მარიამის ქალწულობით, ადამის სიკვდილი, მისი ცოდვით დაცემა და ამ ცოდვის შედეგები კი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილმა განაქარვა. ამასთანავე, ყველაზე თავზარდამცემი და სამარცხვინო სასჯელით, ჯვარზე გაკვრით, უფალმა უკიდურესად დაიმდაბლა თავი და ჩვენც თავმდაბლობისკენ მოგვიწოდა.

- რატომ იწოდება ჯვარი ცხოველმყოფელ ძელად?

- რაკი სწორედ ხის ძელისგან შექმნილ ჯვარზე აღსრულდა კაცობრიობის ხსნა, მისი მეშვეობით მოგვენიჭა მარადიული ცხოვრების - სულის ცხონების, ზეციური სასუფევლის მოპოვების შესაძლებლობა (რაც უფლის ჯვარცმამდე მიუღწეველი იყო) - იგია ნიშანი ჩვენი ცხონების ანუ ცხოვრებისა. ამიტომაც იწოდება ცხოველმყოფელ, ცხოვრების მომცემელ ძელად.

ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ჯვარზე ვნებამდე დახშული იყო სასუფევლის კარი და ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით მცხოვრებნიც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ, მათთვის განკუთვნილ აბრაამის წიაღში. სადაც მანამდე იმყოფებოდნენ, სანამ მაცხოვარმა ჯოჯოხეთიდან არ ამოიყვანა და ზეციურ სასუფეველში არ დაამკვიდრა.


- როგორც ვიცით, ჯვრის ნიში ქრისტიანობამდეც არსებობდა. კონკრეტულად რომელი პერიოდიდან შეიმჩნევა ჯვრის გამოსახულების პირველი ნიშნები და რას გვეტყვით ჯვრის ფორმის ქრისტიანული გაგების შესახებ?

- პირველი ნიშანი, რომელიც ჯვარს გამოსახავდა, მეცნიერებმა ზედა პალეოლითის ეპოქაში შეამჩნიეს, ნეოლითში კი ეს სახე უკვე ფართოდ გავრცელებული ჩანს. ჯერჯერობით დაუდგენელია ჯვრის აღმოცენების კონკრეტული მოტივი, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, ჯვარი ქვეყნიერების ოთხი მხარის სიმბოლურ გამოსახულებად მიიჩნევა. მისი წარმოშობის თეორიებს შორის ეს ყველაზე სანდო და მისაღებია.

ქრისტიანული მოძღვრებით, ჯვარი არის სამსხვერპლო, რომელზეც შეიწირა მსხვერპლი ღმერთმა და რომლის მეშვეობითაც მოხდა სამყაროს ოთხი კუთხით დაცემული კაცობრიობის გამოხსნა. თავად ჯვრის ფორმა, ქრისტიანული გაგებით, სამყაროს ოთხი მიმართულების სიმბოლოდ გაიაზრება, ამასთანავე, გამოხატავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას: სიგრძეს, სიმაღლეს, სივრცესა და სიღრმეს.

- საიდან მომდინარეობს ქრისტიანული ჩვეულება გულსაკიდი ჯვრის ტარებისა?

- ქრისტეს მიმდევრებმა გულზე ჯვრის ტარება ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში დაიწყეს. წმინდა მოწამე ორესტის ცხოვრებაში მოთხრობილია ასეთი რამ: ორესტრი სამხედრო პირი იყო. ერთხელ მხედართმთავარმა ლისიმ სთხოვა, ისრის სროლაში სიმარჯვე გამოეჩინა. ხელის მკვეთრი მოძრაობისას ორესტრს გულსაკიდი ჯვარი გამოუჩნდა. "ნუთუ შენც იმათგანი ხარ, რომელთაც წილი უძევთ ჯვარცმულთან?" - ჰკითხა მას კერპთაყვანისმცემელმა მხედართმთავარმა, რაზეც ორესტრმა მიუგო: "მონა ვარ ჯვარცმულისა მეუფისა ჩემისა და ამ მის ნიშანს ვატარებ განსადევნელად ყოველი ბოროტისა, ჩემდამო მოწევნულისა". ორესტრი სასტიკად აწამეს ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისთვის. წმინდა გრიგოლ ნოსელი კი თავისი დის, ღირსი მაკრინეს გარდაცვალებაზე საუბრისას მოგვითხრობს, რომ განსვენებულს უნახეს კისერზე დაკიდებული ჯვარი. ეს მაგალითები თვალნათლივ მიანიშნებს, რომ ჯვრის გულზე ტარების ჩვეულება ქრისტიანობის პირველ საუკუნეებშივე იყო გავრცელებული, თუმცა იმ პერიოდში ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ.

რაც შეეხება ჯვრის ტარების მნიშვნელობას, ამ ქმედებით უწინარეს ყოვლისა იმას ვადასტურებთ, რომ ჯვარცმული უფლის - ქრისტეს მიმდევრები ვართ. ამასთანავე, გულსაკიდი ჯვარი გვახსენებს მაცხოვარს, რომელმაც ადამიანთა ხსნისთვის ჯვარი იტვირთა, ჯვრის ტკივილები დაითმინა, და შეგვახსენებს ჩვენს მოვალეობას, ვიცხოვროთ ჯვარცმული ქრისტესგან ნაუწყებ მცნებათა დაცვით, მასზე დავამყაროთ სასოება. გარდა ამისა, ჯვარი გვიცავს და გვიფარავს ბოროტ ძალთა ზემოქმედებისგან, რადგან იგი იარაღია, რომლის ხილვაც ყველაზე მეტად აფრთხობს ბოროტ სულს.

- რა მნიშვნელობა აქვს ჯვრის კურთხევას? აუცილებელია თუ არა გულსაკიდი ჯვრის მფლობელის სახელზე კურთხევა?

- კურთხევის შედეგად ჯვარზე გადმოედინება სულიწმინდის მადლი და ის ღვთიური მადლის მატარებელი ხდება. სწორედ ამის შემდეგ შესწევს მას ძალა, განდევნოს ბოროტი სული და დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრისგან. ჯვრის მფლობელის სახელზე კურთხევა აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი ადამიანს სურვილი აქვს, ჯვარი საკუთარ სახელზე აკურთხებინოს, შეუძლია ასეც მოიქცეს, თუმცა მფლობელისთვის მას განსაკუთრებული მადლი და შეწევნის ძალა არ გააჩნია.

- ბევრს სწამს, რომ გიშრის ჯვარი განსაკუთრებით გვიცავს და გვიფარავს ავი თვალისგან...

- არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა მასალისგან იქნება დამზადებული ჯვარი - ხის, ძვირფასი ლითონისა თუ ძვირფასი ქვისგან; ნებისმიერი მასალისგან, მათ შორის გიშრისგან დამზადებული ჯვარი ერთნაირი ძალით გვიცავს და გვიფარავს ავი თვალისა თუ სხვა უკეთურებისგან, მთავარია, მის მიმართ რწმენითა და სასოებით ვიყოთ გამსჭვალულნი.

- მართებულია თუ არა რწმენა, რომ ავი თვალის ზემოქმედების შედეგად გიშრის ჯვარი იბზარება ან ტყდება და მოსალოდნელ განსაცდელს მოასწავებს?

- გიშრისგან დამზადებული ჯვრის გაბზარვისა თუ სხვა სახის დაზიანების მიზეზი შესაძლოა იყოს თვით ქვის ხარისხი და არა ავი თვალი, რომლისგანაც თავადვე გვიცავს და გვიფარავს გულსაკიდი ჯვარი. ამდენად, არც გიშრის ჯვრის გაბზარვა მოასწავებს განსაცდელსა და უბედურებას.

- ჯვარი სხვადასხვა სახის არსებობს: წმინდა ნინოსი, ბოლნური და ა.შ. არსებობს თუ არა მათ შორის განსხვავება მადლის მოქმედებისა და შეწევნის ძალის მიხედვით?

- ჯვრები ერთმანეთისგან მხოლოდ ფორმით განსხვავდება, მადლი და შეწევნის ძალა ყველა მათგანისგან თანაბრად მოედინება.

- მუდმივად ვატაროთ თუ არა ნათლობის ჯვარი?

- ნათლობის ჯვარი განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, რომელსაც სათანადო მოფრთხილებაც სჭირდება. ყოველდღიურად ტარებისას კი შესაძლოა დავკარგოთ ან წაგვგლიჯონ, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მას სათუთად შევინახავთ, მუდმივად სატარებლად კი სხვას შევიძენთ.

- რატომ ეძლევა ჯვრის ტარების უფლება ადამიანს ნათლისღების შემდეგ?

- იმიტომ, რომ სწორედ ნათლისღების დროს იბადება ადამიანი ჯვარცმული უფლის იესო ქრისტეს წინაშე, ხდება მისი მიმდევარი ანუ ქრისტიანი.

- აუცილებელია თუ არა სამკერდე ჯვრის დაფარულად ტარება?

- გულსაკიდი ჯვარი ადამიანმა უნდა ატაროს დაფარულად, სამოსის ქვემოთ, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული. ზოგიერთი ჯვარს სამკაულად ატარებს, რაც უმართებულო, ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელია.

- მოვიხსნათ თუ არა ჯვარი ამა თუ იმ ცხოვრებისეულ შემთხვევაში, მაგალითად, ბანაობის დროს?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯვარი გვიცავს და გვიფარავს ეშმაკის ზემოქმედებისგან. ბოროტ ძალთა თავდასხმა ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი, ცხადია, ბანაობის დროსაც, ამიტომ ჯვარი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიხსნათ.

- როგორ მოვიქცეთ ჯვრის დაკარგვის შემთხვევაში? გვეთვლება თუ არა ჯვრის დაკარგვა სიწმინდისადმი მოუფრთხილებლობის ცოდვად?

- ჯვრის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა შევიძინოთ სხვა ჯვარი, ვაკურთხებინოთ ღვთისმსახურს და ვატაროთ. ჯვრის დაკარგვა მართლაც ითვლება სიწმინდისადმი მოუფრთხილებლობის ცოდვად, ამიტომ ეს აღსარების დროს უნდა მოვინანიოთ.

- როგორ მოვეპყროთ დაზიანებულ ჯვარს?

- დაზიანებული ჯვარი უნდა მივიტანოთ ტაძარში, სადაც სხვა საეკლესიო ნარჩენებთან ერთად მოათავსებენ და წესისამებრ მოუვლიან, ან დავფლათ სუფთა ადგილას - ყვავილების ბაღში ან ვენახში. შეიძლება გავაყოლოთ მდინარესაც, მაგრამ დაუშვებელია მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან მოთავსება.
 
სტატიის ავტორი: შორენა მერკვილაძე
 
წყარო - http://karibche.ambebi.ge