EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სახლი სიყვარულისა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: lela5

თარიღი: 2014-09-07 23:28:28

სახლი სიყვარულისა

სახლი   სიყვარულისა

saxli-siyvarulisa

თბილისში  კარგარეთელის  ქუჩაზე   ზღაპრული  სასახლე  დგას.  მას   ზოგი   სიყვარულის,  ზოგიც  ერთი  ღამის   სასახლეს  ეძახის.  სასახლე  1895  წელს  აუშენებია  პაულ   შტერნს  შეყვარებული  პრინცის,  კონსტანტინ  ოლდენბურგის  შეკვეთით.

ყველაფერი  კი,  ერთი  შეხედვით  უბრალოდ  დაწყებულა: მე-19  საუკუნეში  გრაფ  ალექსანდრე  ოლდენბურგს  თბილისსა  და   ფოთს  შორის   რკინიგზა  გაჰყავდა.  მასთან   ხშირად   ჩამოდიოდა  ძმა,  პრინცი   კონსტანტინი.  ოლდებურგებს   ქართველები  ძალიან  ჰყვარებიათ  და  თითქმის არასოდეს  აკლდებოდნენ  მაღალი  წრის არც შეხვედრას   ან  წვეულებას.  იმის  გამო,  რომ   რკინიგზას  ქუთაისში უნდა  გაევლო,  ოლდენბურგებს  ხშირად  უწევდათ  სტუმრობა  საქართველოს უძველეს  სატახტო  ქალაქში.  1882  წლის  მაისში  ქუთაისში  გრაფების  ვიზიტი  დაემთხვა   ერთ-ერთ  ისტორიულ   მოვლენას  - ცნობილი  მხატვარი  მიხეილ  ზიჩი   ვეფხისტყაოსნის   ილუსტრაციებს   ქუთაისში  ხატავდა.  რიონის  პირას ,  ,,საზოგადო  საკრებულოს’’  ეზოში   საგანგებოდ  მოწყობილ   ფიცრულში   იდგმებოდა  სცენები  ილუსტრაციებისთვის.  ამ  წარმოდგენის  მოთავე  ყოფილა  ნინო   წერეთელი,  გენერალ  ბიძინა   ჩოლოყაშვილის  მეუღლე.  პროცესის  მონაწილეთა  შორის  იყვნენ  თვით  ბიძინა   ჩოლოყაშვილი,  მარიამ  დადიანი,  აკაკი  წერეთელი,  მამია   გურიელი,  გიორგი  შარვაშიძე   და   სხვები.    ზიჩი  ულამაზეს   ქართველ  ქალ-ვაჟებს   ხატავდა.  ამ  სანახაობის  თვალის  შესავლებად  თურმე  უამრავი  მნახველი  მიდიოდა.  ნესტარ-დარეჯანის   როლს   საილუსტრაციო სცენებში   ასრულებდა  ულამაზესი აგრაფინა   ჯაფარიძე,  თავად  ტარიელ  დადიანის  მეუღლე.   კონსტანტინ  ოლდენბურგს  აგრაფინას  პირველივე  დანახვაზე  შეჰყრია   ტარიელის  ,,ჭირი’’  და   თავდავიწყებით   შეჰყვარებია   ქართველი   ქალი.  გრაფს  ტარიელ  დადიანთან   კაციც  კი  გაუგზავნია  მოსალაპარაკებლად,  ცოლს  გაეყარე,  რათა   მასზე   დაქორწინება     შევძლოო.  გადარეულა  თავადი   -  ვინ  არის  ეს  შერეკილი,  ცოლის  ხელს რომ   მთხოვსო.  ჭორების  თანახმად,  ოლდენბურგს  მოუხერხებია   ჯერ  ქალისთვის  თავის  შეყვარება,  მერე  კი  დადიანის დაყოლიება   და  საყვარელი ოქროთი  გამოუსყიდია   ქმრისგან.  ამბობდნენ,  პრინცმა  თავადს  მილიონი ოქროს  თუმანი  მისცაო.  არავინ  იცის,  მართალია   თუ  არა  ეს  ამბავი,  თბილისსა  და  ქუთაისში  მაშინ  ბევრი  შაირობდა,  - დადიანმა  გრაფს  დაუთმო  აგრაფინა  კისკისაო...  ასეა  თუ  ისე,  ერთი  რამ  ფაქტია,  აგრაფინა  და თავადი  დასცილდნენ  ერთმანეთს   და   ქალი ოლდენგურგთან  ერთად  თბილისში   გადმოსახლდა.  გრაფს  იმდენად  ჰყვარებია  ქალი,  რომ    მისთვის  მუდმივად რაღაც  განსაკუთრებულს  სჩადიოდა...ასე  გადაუწყვეტია სიყვარულის  სასახლის  აშენება,  რისთვისაც  მაშინდელი  შეძლებული  თბილისელი  ვაჭრის  ტიტელის    მამული  უყიდია.  ვიდრე  ოლდენბურგი  დადიანის  ცოლთან  გაყრაზე  დაყოლიებას  შეძლებდა,  წყვილი  იძულებული  იყო,  ანგარიში  გაეწია  მაშინდელი   საზოგადოებისთვის  და   დაქორწინებამდე   საიდუმლოდ   სასახლის   კოშკში   ხვდებოდნენ  ერთმანეთს.   

შენობა    ციხე-დარბაზის  სტილისაა.   აქვს  მთავარი კორპუსი,  ტრიულფალური  შესასვლელი   და  კოშკი.   გადმოცემით,   ეს  კოშკი  ყოფილა  შეყვარებულთა  ყველა  საიდუმლო   შეხვედრის  მოწმე.   გასული   საუკუნის   30-იან  წლებში   თბილისში   ხმები    დადიოდა  ამ   სასახლეში  მობინადრე მოჩვენების  შესახებაც.  ხალხი  ღამღამობით ქალის  ლანდს  ხედავდა  და  მისი  მომხიბლავი  სიცილი  ესმოდათ.   შესაძლოა,  ეს  ამბავი  ვიღაცების  ფანტაზიის  ნაყოფი  იყო,   მაგრამ  იმდენად  საინტერესო  და  დამაინტრიგებელია,  რომ  სულაც  არ ვეწინააღმდეგები  მოჩვენების არსებობას.

ერთხანს  აქ  უცხოვრია  პრინც  მიურატს, სალომე  დადიანის  მეუღლეს,  რომელსაც,  გადმოცემით,   ძალიან  შეჰყვარებია   იქვე,  მოპირდაპირე  მხარეს   ახლაც  მდგარი მოზაიკიანი  სახლის  დიასახლისი,  ციციშვილის  ქალი.  მიურატი  თურმე  საათობით იდგა  სიყვარულის  სასახლის  აივანზე  სატრფოს  დასანახავად.  ერთ  დღესაც  ბაღში   შეხვედრიან  ერთმანეთს. სწორედ იმ  ადგილზე  პრინცს  ფანჩატური  გაუკეთებია,  რომელიც  მოგვიანებით  დანგრეულა,  მაგრამ    კომუნისტებს   ეს  ლამაზი  ისტორია  მოსწონებიათ  და  ახალი    ბამბუკის  ფანჩატური  აუშენებიათ.

  შენობის  ისტორია  არც  მიურატების   ამბით  მთავრდება.  სტალინის  განკარგულებით  აქ  განუთავსებიათ  ყრუ-მუნჯთა  სასწავლებელი.  ბავშვების   სიმრავლის  გამო  სასახლისათვის  ერთი  იმდენი  კიდევ  მუშენებიათ.

 რაც შეეხება  ოლდენბურგების  შთამომავალთ:  ერთ-ერთ  ვაჟს  ცოლად ჰყავდა  მერი  შერვაშიძის   უმცროსი  და  თამარი.   ის  ემიგრაციაში  გარდაიცვალა  და  დისწულები  მერიმ  გაზარდა.

ბოლშევიკების  შემოსვლის   შემდეგ  ნესტორ  ლაკობამ   ნება  დართო  აგრაფინა  ჯაფარიძისა  და  კონსტატინ  ოლდენბურგის  ვაჟს,  ალექსანდრე  ზარნეკაუს,  გაგრის  სასახლიდან  წაეღო  ქონების  ნაწილი....