EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ალექსანდრე ჭავჭავაძეს - ლექსების კრებული »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-10-29 19:10:44

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც...

ალექსანდრე ჭავჭავაძე

 
დაბადების თარიღი: 16 ნოემბერი, 1786
გარდაცვ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1846  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: შუამთის მონასტერი, კახეთი
კატეგორია: პოეტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე-ჭავჭავაძე

დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. პეტერბურგი.

ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 

 1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც.

მასვე ეკუთვნის ნაშრომი საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე.

 

ჰე, მთოვარეო
 
ჰე მთოვარეო შემწყნარეო, აშიყთ გულების, 
მოგვფინენ შენნი შუქნი ნელნი ჩვენ ორთა ოდენ! 
რაზომცა ვლიდე, ვერსად ვპოვო, ნუ გეგულების, 
რომ ურთიერთსა ჩვენებრ მტკიცედ ვინმე შესტრფოდნენ! 
 
 
 
ისმინეთ, მსმენნო
 
 
 
ისმინეთ, მსმენნო, ჭირთა მთმენნო, მომიპყართ ყურნი, 
რა გვარნი ჭირნი, ცეცხლნი ხშირნი, მწველნი ალმურნი, 
ვნახენით როსა, ამა დროსა ზედა-ზედ რთულნი!.. 
წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი! 
გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი... 
 
უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი; 
ურიცხვნი ტყენი, ბალახ ბევრნი, მრავლ ათასათნი, 
მუნა მყოფელნი, ყოვლ-მშფოთველნი, სიტყვა ლაქათნი, 
ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი, 
აქვსთ ყოვლთვის ხელად სჯულად ძველად საფრხე, საცთურნი... 
 
გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი. 
ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმევა აქვსთ არეულად, 
დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად; 
ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად; 
მოყვარეთ ტკბილთა, ხან-დაზმილთა გულთა ჰსწყვლენ მტრულად, 
 
კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი, - 
გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი!.. 
ვინც ჰხვდა მათ მახეს, ჭირთა სახეს, არა აქვს შვება, 
მათზედ კეთილი, ვითა შლილი დაიცარება; 
ერთგულთა ჯილდო, გულთ საბინდო მიხვდება ხვება, 
 
ეს აქვსთ სიკეთე მათ უკეთე და ნაცვალ-გება... 
მუხთლად გვაწვიეს, დაგვახვივეს თავს ბნელნი ბურნი, - 
გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი. 
ნახეთ მოყვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია! 
შემდგომ საცთურნი მას პირველსა უძვირესია, 
 
სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია... 
დაკარგეს ყოვლი ჭირნახული გულთ-უმხნესია, 
ჰქმნეს სავანენი საუკუნოდ ვით უდაბურნი, - 
გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი! 
 
 
 
 
 
კავკასია
 
 
თხემის შეუპოვარის პონტოის ზვირთთ მიმყრდობი 
და ტერფითა სალითა კასპიისა განმპობი, 
კავკასი გოლიათი წევს შორის ორთა ზღვათა, 
შემოკრებით შემცველი დიდ საკვირველებათა. 
 
მას შინა ჰსჩანს ბუნება საშინელად და მშვენად: 
გვერდნი მისნი ძლიერნი, ოფლვილნი შეუსვენად, 
ქუხვით გარდმომაქანნი მრისხანეთ მდინარეთა, 
ჰრწყვენ და განაპოხებენ შორიელთა ველებთა. 
 
იგი, ზურგით მზიდველი მთებზედ შემდგართ მთებისა, 
ათას წლოვანთ თოვლთაგან ზვავად შენაკრებისა, 
ოდესმე რომელსამე მათ სპეტაკ ტვირთაგანსა, 
გარდმოაგდებს ზვავებად, სცემენ ყურსა და თვალსა; 
 
სრიალნი განმაშტერნი, სახენი განმაკრთობნი, 
ყინულ-ლოდთა ბორცვები ერთმანერთის მასწრობნი, 
თოვლის მტვრისა ზრქელისა აღმყვანელი ცათამდე, 
ჰგორვენ ხლტომით და რახით, ღრმათ ღელეთ უფსკრულადმდე; 
 
ვიდრემდის ბუქს ჰაერი, მბერველ ქარიშხალებით, 
დღისა მცვალები ღამედ, მომცველ ნისლით შავებით, 
დედა-მიწასა პირი წარღვნას ახალს განმცდელობს, 
აქ იგლიჯება გორა, მუნ ველი აღარ ველობს; 
 
ტყენი ძველთა ნაძვთანი გარდაქმნილან რიყებად, 
წყალნი - ადგილად მშრალად, გზა-ვაკენი - კლდეებად, 
და კავკას, მათ მთათ შორის მხოლო უცვალებელი, 
ზოგთა ჰმუსრავს, ზოგთ ჰბადებს ვით ღმერთი მბრძანებელი. 
 
აქვე დღე მხიარული ოდეს კეთილ დარითა 
დაახედს თოვლთა ზედა მზე შარავანდ წყნარითა, 
ყინულნი ათას თრაშნი, წყალნი ფანტულ წინწკლებად, 
სხვა და სხვად ფერად ბრწყინვენ ოქროდ-ბრილიანტებად. 
 
ყველა კაშკაშ ნათლოის! ამ დიდ შვენიერებას 
იოტნიცა ბზინვითა უმატვენ მკობილებას. 
ყვავილნი, საძოვარნი მომფენნი გვერდობ გრილთა, 
სუნით, გემოთ იშვითნი მიიზიდვენ ნადირთა; 
 
მუნ ირემი აღვალს რა წიაღით ბნელის ტყისა, 
განიშვებს უშიშარად მომკვლელთ ხელთ შეხვედრისა; 
შტოვანთ რქათა დამდრეკი, მყუდროდ დამზერს ღრუბელთა, 
თვისთ ფერხთა ქვე მქუხარედ და მეხისა მშობელთა; 
 
ირმისგან უმკვირცხლესი ჯიხვი უმაღლესს კლდესა, 
რომლის რქანიც მწეობენ ჩლიქისა სიმტკიცესა, 
თავ-ახმული შესცქერის მყინვარეს აუვალსა 
და ვერ შემძლე მიწთომად, ღმუილით ემდურს ძალსა. 
 
ესე არს თვით მთა იგი, სად პრომეტეს დაბმულსა, 
ღმერთთა მიერ შერისხვით ყორანი ჰხოკდა გულსა, - 
მთა რეცა განგებ ზღუდეთ აღშენებული სალად, 
დასაბამით სოფლისა ცნობილი შეუვალად; 
 
გარნა რომელს ბოლოსღა, როსსთ მხედარად აღზრდილი, 
მიებრჯნა რა უდრეკლად მამაცი ციციშვილი, 
შეიწრებულმან თერგმან კრძალვით იცნო საზღვარი 
და ტინმან შარა გზათა ფართოთ განუღო კარი; 
 
შეეჭრნენ ჩრდილოს ვაშტნი წიაღსა გრანიტთასა, 
არ ჰრიდეს ღელეთ სიღრმეს, არც სიმაღლეს მთათასა; 
ფოლადნი, ქვათ მკვეთელნი ათასთა შინა ხელთა, 
ხელოვნებითნი მეხნი, მედგრად მჩენელნი ცეცხლთა 
 
ჰსცემდენ, ჰგლეჯდენ, ქუხოდენ, - და კავკასი მკვნესარედ 
ეხოთა მიერ წყლულთა თვისთა ცხად ჰყოფდა მწარედ! 
განიხსნა გზა და ეშვათ ივერელთ სასოება, 
რომე მუნით შევიდეს მათ შორის განათლება. 
 
 
 
მაისის ვარდმან
 
მაისის ვარდმან ფურჩვნილმან, 
ბეზეკმან მწვანით მკობილმან, 
ბულბული ათრო სუნითა, - 
რა ქნას აშიკმან თრობილმან? 
 
მოსთქვამს: ამაყო და ზვაო, 
შეუბრალეო, გულქვაო! 
ხელი რად უფრო მახელე, 
ოჰ, ჭირზე ჭირის დამრთაო! 
 
სისხლითა ჩემით ღებულო, 
ქვეყანად ამით ქებულო, 
ესე რა მიქმენ უმადლოვ, 
ოჰ, ვარდო, ლმობა კლებულო! 
 
მარქვ, ეკლოსანობ ასე რად, 
თუ არ გულისა სასერად! 
უწყალოვ, რაზომცა ვსტირი, 
ცრემლი ჩემი გჩანს სამღერად. 
 
ვარდმან მიუგო ღიმილით: 
მებრალვი გულის ტკივილით! 
მაგრამ აშიკი ჰხამს იყოს 
ხან მღერით და ხან ტირილით. 
 
შეიმცერ ცრემლთა მრავლობა, 
და ვალალებით გალობა! 
ნიავმან გბეროს, გაგიქროს - 
თუმც არ სახმილი, - მთვრალობა! 
 
 
 
 
მე შენ არ გეტყვი
 
 
მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან. 
ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან 
მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს? 
ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს. 
 
ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს; 
სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. 
ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, 
მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად! 
 
 
 
 
მეგრულ ფერხულზე
 
ამა ველს - ნოხს მწვანეს 
შვენის რაბამად 
ტურფათა, ქალყრმათა 
როკვა ერთბამად. 
 
ამოს თქმით, ტკბილის ჰხმით 
ვითა მღერიან; 
ალვანი მოძრავნი 
ვით ირხევიან. 
 
ურთიერთ მპყრობნი ხელთ 
წამოსვლად ჯაჭვად, 
ხან წყნარად, ხან ჩქარად 
ცეკვობენ რგვილად. 
 
იებად, ზამბახად 
და სოსან ვარდად 
ვსჭვრიტოთ ვით ღვივიან 
ფერად ფერადად. 
 
იხარეთ, იხარეთ 
ჰე, ბედნიერნო, 
მიწისა ძლიერის 
შვილნო ძლიერნო! 
 
შევსწიროთ მადლობა 
მადლსა უფლისას 
და ყოვლსა მიზეზსა 
ამ განცხრომისას. 
 
 
 
 
მიკვირს რად ჰსძრახვენ
 
 
მიკვირს, რად ჰსძრახვენ მას, ვინცა არს შვენებითა ძლეული? 
სხვა უფლებს მასზედ, ჟამსა მას იგი არს ეშყით ხმეული. 
ცუდად წარჰსდგება მისდამი და ეტყვის ცნობა რთმეული, 
ეტნა დაიშრტა გულისა, ისმინე ჩემი რჩეული. 
 
გლახ მან მცხოვრებმან ამ სოფლად, სად ჰბრწყინვენ აშიკობანი, 
ვითარ დაიხშოს ყოველნი მომწონებელნი გრძნობანი! 
რასთვისცა უხვსა ბუნებას უცია ყოვლი მკობანი. 
მის მჭვრეტსა ვით არ აღუჩნდეს მას გულსა ეშყით გზნობანი? 
 
თუცაღა უსარგებლოდ აქვს ოდესმე ცეცხლის დებანი, 
რომელსა ძალ-უჩნს მისისა სიკვდილის მომალებანი, - 
გარნა მას მისგან ლხინად ჰსჩანს უდროდ დღეთაცა კლებანი; 
იტყვის, ვინ ჩემნი არა ჰქმნა, სრულ-ვჰყო მე მისნი ნებანი. 
 
გონება ესრეთ ჰშთასძახის ხმითა მრისხანით მყარითა: 
ნუ ჰღუპავ თავსა, ნუ ჰღუპავ მაგა სენითა მწარითა! 
ხოლო გული კი ესრეთ ჰხმობს ლმობითა სიტყვა წყნარითა: 
შენ მას ნუ უსმენ, იხარე სიყვარულითა მტკბარითა! 
 
ცუდად წარადგენს გონება მუნ თვისთა ბრძნულთა თათბირთა, 
სადაცა გული მმართველობს თვით იპყრობს მისთა ადგილთა. 
იგი არს მაშინ ხელმწიფე, განმგე ყოველთა წადილთა. 
მაგრამ ყველათი ეშყს ჰმონებს, მას უთევს ღამეთ და დილთა. 
 
 
 
 
მიველ წალკოტს სანუგეშოთ
 
 
მიველ წალკოტს სანუგეშოთ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია! 
ვნახე სატრფო ფერ მიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია. 
უძღვენ საუნჯე ურიცხვი, აღთქმით მივეცი ეს სია, 
მაგრამ დამაგდო მტირალი, თურმე სოფელი ესია! 
 
კაეშანი გარს მომერტყა, დამიბნელდა გონებანი, 
წარხდა ყოველი ჩემთვისა, რაიც მქონდა ქონებანი. 
უსასტიკესად დამსაჯა, არ მიიღო მონებანი 
დამსვა ბნელსშიგან სამყოფსა სამარეს უარესია. 
 
განმცვიფრდა შმაგი გონება, ვსთქვი რა შეგცოდე, ასე რა? 
სევდის ისარი, მაწვია, მან გული ჩემი ასერა; 
არ განმიკითხა მცირედი, სიკვდილს მოველი ასერა, 
ამა ვაებით სიცოცხლეს სიკვდილი უმჯობესია! 
 
 
მშვენიერთა ხელმწიფავ
 
მშვენიერთა ხელმწიფავ, 
მკლავს სიშორე შენითა. 
ჰკვნესის გული საკვდავათ 
მსწრაფლ მჩივარის ენითა. 
 
შენ განმშორდი მკურნალო, 
ვითარ მექმნას შვებანი; 
ნაცვლად შენსა ვინ ვპოვო 
მომცეს ჭმუნვის ვსებანი. 
 
თუმცა მომკლავს ტრფიალსა, 
და ჰხმობს ეშხით მწყაზარსა, 
უმჯობეს არს მომვაჭრო, 
ჩემებრ ოხვრით ბაზარსა. 
 
შორის მჭვრეტელ მოსწრაფე 
სული შენკენ მფრინვალებს. 
ოდეს თვალი შენ გნახავს, 
ყოვლად გაგვაბრწყინვალებს. 
 
შენთან ყოფნა მცირეს ხანს 
მომცემს რასმე ლხენასა: 
შენ მტანჯავ და მე გაქებ, 
რისთვის იხშავ სმენასა?! 
 
 
 
 
მუხამბაზი ლათაიური
 
ლოთებო, ნეტავი ჩვენა, 
დღეს მოგვეცა შვება-ლხენა, 
შემოდგომამან ბახუსი, 
საწნახელში ჩააყენა! 
 
რაგინდ ზამთარი ჰყინავდეს, 
გინდ ყვავიც ვეღარ ჰფრინავდეს, 
ვერ შეგვაშინოს სიცივემ, 
თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს. 
 
მინდა ვსვა - საღვინე მამე, 
მოძღვარო, დასტური დამე! 
წყლის ყლაპვა ცოდვილთ წესია, 
წარღვნაა ამის მოწამე. 
 
ნოემ რა ერთხელ ინება 
ყურძნის წვენისა გემება, 
თვითონ ნუნუას მიუჯდა, 
წყალი პირუტყვთ დაანება. 
 
ვაჟკაცნო, მოდით დავლიოთ, 
სჯობს რომე ღვინო დავძლიოთ. 
ომამდინ სისხლად იქცევა, 
მერმე ბრძოლაში დავსთხიოთ. 
 
რა ომის ცეცხლი ასტყდება, 
ბრძენი სიფრთხილით წახდება; 
მაგრამ ღლეული მაშინვე 
ან მოჰკლავს, ან შეაკვდება! 
 
ჭკვიანო, ნუ შვრები ყბედვით, 
შენ წინ ვერ მიხვალ გაბედვით. 
გულს ომამდისვე გაიხეთქ 
განსაცდელთ წინასწარ ხედვით. 
 
დავეხსნათ ცოდვილთ ქებასა, 
ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა. 
ბრძენი სულ სიკვდილსა ფიქრობს, 
და ლოთი გამარჯვებასა. 
 
აქიმო, თუ გაქვს ქამალი, 
ჰსცადე ეს ჩემი ნასწავლი: 
რაც სენი უკურნალ იყოს, 
ღვინოა იმის წამალი! 
 
ბერებო, თქვენც მეთანხმებით 
ღვინის ქებისა ხსენებით, 
რჯულისთვის მაინც დავლიოთ, 
მაჰმადის გამოჯავრებით. 
 
ამა სოფლისა ცხოვრება 
ვერცხლით არ მოიპოვება: 
მდიდარნი ბევრნი ყოფილან, 
ოხრათ რჩენიათ ქონება. 
 
მაშ მოდით ისევ ღვინითა 
დრო გავატაროთ ლხინითა: 
ქეიფი მაინც მოგვივა, 
გოგრითა ვსვათ, თუ ჩინითა. 
 
როს დავესწრათ გაზაფხულსა, 
ველსა ვსხდეთ მწვანით შემკულსა, 
ჩვენ წითელს ღვინოს ვეწაფნეთ, 
ვარდი ვანებოთ ბულბულსა. 
 
ოჰ, საყვარლისა ვერ მნახო, 
როდემდის იგლოვო: ”ახ-ო?” 
აბა შენც ჩვენთან ჩაღლივე, 
თუ რომ შენც არ შემოსძახო! 
 
ზაფხულს ღამე თუ დილითა, 
ვერვინ ვერ იშვებს გრილითა; 
ჩვენც სიცხე ვერას დაგვაკლებს, 
ვსთვრეთ, გავატაროთ ძილითა! 
 
 
 
ნაწყვეტი
 
ესე რა მესმა მე მისგან თქმულად, 
ვარქვი, მაშ არ ვარ სრულად ბედბმულად, 
მაგრამ წამალი ჩემი მქცე სულად. 
აქამდე რასთვის გქონია ხშულად; 
 
აწცა შენ კიდე არვინ მიცს სრულად, 
ნუ მყოფ ბედისგან იავარ-ქმნულად, 
ჩემდა მწე ყოფად ვისგან ხარ ბრკმულად? 
რად გქონან ბაღის კარები კრულად? 
 
მათის განღებით მოი, მაამი. 
იამ მახარა საქმე საწამი, 
ვარდი მოაო კოკობ-ნაბამი. 
 
 
 
 
ოჰ, საყვარელო
 
 
ოჰ, საყვარელო, შენგან ხელსა აწ მაქვს ზრუნვანი, 
რომელ მღერითა განგიცხადო ჩემნი ჭმუნვანი! 
მოვჰსთქვა თუ უძლო გულს მბუდარნი შენნი სურვანი, 
მასთანა დავრთო შენამთხვევნი სოფლის მდურვანი, 
ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი! 
 
ლულვილთა თვალთა განახვემდა დანახვა შენი. 
მისგამო მაქვნდა სიხარული აღმონაცენი; 
გულსა მომთენდა სხივ მრავალსა დღის განმათენი, 
სულს მიახლებდა სახე შენი ტრფობის მაჩვენი, 
აწ უბედურსა დამშთომიეს ხილვის წყურვანი. 
ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი! 
 
ჭმუნვამან მძლივა, განმილივა ყოვლნი ღონენი; 
მიმატნა ჭირნი გულის მძლევნი ძნელ საგონენი, 
მიხშირნა ცრემლნი - მოყვსის მსხვერპლნი ღაწვთა მფონენი, 
სევდანი ჰფლობენ გულსა ჩემსა თავ მომწონენი, 
ძლეულსა გულსა აქვნდა ეშყის ალში მურვანი, - 
ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი! 
 
გშვენოდეს ტანსა ირისებრივ მოკაზმულობა, 
ღაწვ-ბაგე ვარდთა დაუთრგუნავთ ჭნობა-ზრულობა. 
შენსა მჭვრეტელსა გლახ მეხშირვის გულ მოწყლულობა, 
მიკვირს თმათ სიგრძე, სიბნელე და ლამაზ წნულობა; 
თვალთა მიბნელებს მაგა სახის ჩადრით ბურვანი, 
ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი! 
 
ალვასა წვრილსა ორ შტოვანსა გული ემონვის, 
ექადის ხვევნად, უბის ვარსკვლავთ შორით ეკონვის, 
საროსა ნაზსა სათაყვანოდ არ დაეყოვნის, 
დენითა აფრქევს, ცრემლთ სიმრავლით ზღვას შეეწონვის. 
რეტ ქმნილსა თავსა შრომის გამო აქვს ოფლთ წურვანი. 
ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი! 
 
 
 
 
 
ოჰ, ვით გვემტყუნვა
 
ოჰ, ვით გვემტყუნვა
სოფლისა ბრუნვა!..
წაგვიხდა ზრუნვა
 
მბუდარე გულსა!
ამად ვჰსტირთ წყლულსა
არ დაფარულსა...
 
ვჭმუნავთ ბედ-მწირნი.
გვხვევიან ჭირნი
ფოთოლთ უხშირნი!
 
დავიდნენ მთენნი
შარავანდთ მფენნი
აწ იგი მზენი.
 
ჰფარვიან ღრუბელს,
ავდრის საგუბელს,
წყვდიადსა და ბნელს.
 
ვსჭმუნავთ ბედ-მწირნი,
გვხვევიან ჭირნი
ფოთოლთ უხშირნი!
 
შებრყვილულს გულსა
ცრემლით ვბანთ წყლულსა.
ესრეთ მორწყულსა
 
მოჰსდის სამყოფი
სევდის ნაყოფი,
გონების მყოფი.
 
ვჭმუნავთ ბედ-მწირნი,
გვხვევიან ჭირნი
ფოთოლთ უხშირნი...
 
 
 
 
სიყვარულო, ძალსა შენსა
 
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
 
სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
 
შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის
 
 
ვისაც გსურთ
 
ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა,
მისმინეთ ჭირში ფლობილს;
მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა
ურვისგან გულშეპყრობილს.
 
მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული,
მისთვის გლახ განწირული;
მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული,
მარად მეახლვის წყლული.
ვისაც გსურთ და სხვა.
 
გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად
გვყვან ნების წარმტაცველად;
ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად,
გველივე ჰშთება გველად.
ვისაც გსურთ და სხვა.
 
ლმობითა ვხედავ ყოვლთ წარმავალთა
მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა.
გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა
და მადენს ცრემლთა ცხართა.
ვისაც გსურთ და სხვა.
 
კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, - 
გარნა რად განსაკვირე, -
ამა სოფლისა დიდი და მცირე
არს ცვალებისა მზირე.
ვისაც გსურთ და სხვა.