EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« იბერიის სამეფო »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: saluqvadze
თარიღი: 2014-11-20 00:39:27
იბერიის სამეფო
იბერია ან ივერია, იგივე ქართლი — აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. III — ახ. წ. VI საუკუნეებში არსებული ადრეფეოდალური მონარქიული სახელმწიფო. დედაქალაქი — არმაზი (მცხეთა), მოგვიანებით თბილისი. გავრცელებული ცნობით, სამეფოს დამაარსებელია მცხეთის არისტოკრატი ფარნავაზი (ფარსმანი), პირველი მეფე და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში ქართლი ცნობილი იყო „იბერიად“. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთი იბერია“ ან „კავკასიის იბერია“, ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად.
ვახუშტი ბატონიშვილი
იბერია (ივერია):
„ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. 1. საქართველო, 2. ივერია, 3. გიორგია. ხოლო საქართველო არს სახელი ქართლოსის გამო, რომელსა წილად ხვდა ქვეყანა ესე, და სადა დაეშენა უწოდა სახელითა თვისითა ქართლი, და მის გამო მორჩილთა ანუ წილ-ჴდომილთა მისთა უწოდა საქართველო. გინა შემდგომად მისა, რომელ ფუცვიდნენ ძენი და ძენი ძეთა მისთანი საფლავსა მისსა, ეწოდათ საქართველო: ხოლო მეორე სახელი, ივერია, ენითავე ქართულითა მიეცა. რამეთუ „იი“ არს შორის-ყრილი, რომელი არს სასიხარულო ჴმა ზახილისა. ხოლო „ვერიე“, მოვერიე. არამედ წყობისათჳს შეთხზულად, ივერია. რამეთუ ოდეს 10 მეფემან ადერკიმ მოკლა არშაკ მეფე ქართლისა გოლიათობითა თჳსითა, მაშინ აღუტევა ჴმა სპათა მიმართ თჳსთა „იი, ვერიე“, და განხდა ჴმა ესე, და იტყოდიან ყოველნი, სიმჴნისა მისისათჳს, ამის გამო იწოდა ივერია. არამედ წოდება სასიხარულოს ჴმისა მოასწავებდა სიხარულსა დიდსა. რამეთუ პირველსა მეფობასა ადერკისასა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მოასწავებდა ჴმა სახაებისა ხარებასა და სიხარულსა სასუფევლისასა. ხოლო „ვერიე“ მორევნასა კერპთა ზედა, ძალსა ჯვარისასა და ხსნასა ეშმაკისაგან საქართველოსასა. კვალად გიორგიაცა მჴნედ მომჭირნეობისა მუშაკობისა ქართველთათა ეწოდა (რამეთუ „გიორგი“ მუშაკად ითარგმნის). კვალად, ვინაითგან იცნეს სამება ერთ-არსება ჭეშმარიტი ღმერთი წმინდა ნინოს მიერ, რამეთუ მამა ნინოსი იყო ზაბილონ და ესე ზაბილონ იყო კაბადუკიელი, ნათესავი წმიდისა დიდის მოწამის გიორგისა. ამისთვის, მიერ ჟამითგან, ნიშანნი და სასსწაულნი უმრავლესნი არიან მთავარ მოწამის გიორგისანი ყოველსა ივერიასა შინა. რამეთუ, არა არიან ბორცუნი ანუ მაღალნი გორანი რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი. და ესეცა ამას მიერ იწოდა. არამედ ევროპელნი და ბერძენნი უხმობენ ჯორჯიანსა და რუსნი გრუზსა, და მაჰმადიანნი გურჯსა, მათითა ორფოღრაფიის გამო. არამედ იგივე გიორგიავე არს.“ |
ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).
ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს). შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია“.
ქართლი:
ბერძნებთან იბერიად ცნობილი ქვეყანა ადგილობრივ „ქართლად“ იწოდებოდა. ქართული საისტორიო ტრადიცია ამ სახელის წარმოშობას ქართველთა ეთნარქის — ქართლოსის სახელს უკავშირებს.
დიმიტრი ბაქრაძე
„ჩვენ ზემოდ მოვიხსენეთ, რომ სულ ძველად ჩვენი ქვეყნის სახელწოდება იბერია არ იხმარებოდა არც უცხო ტომთაგან, არც ჩვენ წინაპართაგან. ის იხსენიება მხოლოდ იმ დროიდამ, როდესაც რომაელები შემოვიდნენ ჩვენ მხარეში მიტრიდატთან საბრძოლველად, საკუთრივ ამ დროდამ იხმარება ის საზოგადოდ როგორც რომაელებისგან, ასევე ბერძნებისაგან. სჩანსო, ამბობს ვივანე სენ-მარტენი, რომ რომაელებმა ჰპოვეს თვით იბერია საქართველოში და აქედამ გაავრცელეს იმის გარეთ.
ჩამოყალიბება
იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითიური წინაპარი „ქართლოსის“ მიხედვით.
მოსხებს (მესხებს), რომელთაც რამდენიმე კლასიკური პერიოდის ისტორიკოსი მოიხსენიებს, და სასპერებს (ჰეროდოტეს მიხედვით) მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეთ ამ არემარის თემების კონსოლიდაციაში. მოსხების ადრეული ტომები მომთაბარეობისას ნელ-ნელა მიიწევდნენ ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, სადაც საბოლოოდ ხელშემწყობი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო მუდმივი დასახლებები ჩამოაყალიბეს. ამ დასახლებათაგან მთავარი იყო მცხეთა, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. შუასაუკუნეების ქართულ წყაროში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ასევე ნახსენებია აზო და მისი ხალხი, რომლებიც არიან-ქართლიდან მოსულან - პროტო-იბერიელების სამშობლოდან, რომელიც აქამენიდთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის დაცემამდე, იმ ადგილას დასასახლებლად, სადაც ამჟამად მცხეთა მდებარეობს. მეორე ქართულ წყაროში „ქართლის ცხოვრება“, აზო მოხსენიებულია, როგორც ალექსანდრე დიდის მხედართმთავარი, რომელმაც ადგილობრივი მმართველი გვარი გაანადგურა და თავად ჩაიგდო არემარე ხელთ, სანამ ძვ. წ. IV საუკუნეში მას ადგილობრივი მეთაური ფარნავაზი არ დაამარცხებდა.
ადრეული ისტორია
ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში, აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის („ირანის ქართლის“) სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს.
ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიცმესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე.
ძლიერების პერიოდი
ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში (იბერიაში) ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა („მცხეთის მამასახლისების“ საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის — ფარნავაზიანების ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის,კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები — გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი,სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი).
დაკნინების პერიოდი
ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთან ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო. მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი – მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობა სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
ძვ. წ. 65 წელს იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპუესმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, იბერიის მეფე არტაგ II ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.
რომთან კავშირი
მალე იბერია გათავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.
I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როდესაც იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელთა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის – ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე „გაუფართოებია ფარსმანის სამეფო“, ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.
სპარსეთის გავლენა
ამ დროს იბერია წარმატებით ებრძოდა პართიასაც, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როდესაც ძალაუფლება სასანიდების ხელში გადავიდა. სასანური ირანი უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, ვიდრე არშაკიდების პართია. მეფე შაპურ I-ს (242-272) დროს იბერია იმპერიაში შემავალ ქვეყნად ითვლებოდა. თავის ცნობილ „ქააბაი ზარდოშტის“ („Ka’ba-i Zardošt“) ტრილინგვაში, შაპურ I იმ ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ ასახელებს: პერსიდას, პართიას, ხუზისტანს, მეშანს, ასურეთს, ადიაბენას, არაბეთს, ატრუპატკანს, არმენიას, იბერიას (წარწერის ფალაურ ტექსტში:„Vyršn“, ბერძნულში – „Ίβερια“), მახელონიას, ალბანეთს (პართულ-ფალაური: Ardan, სასანურ-ფალაური, შეიძლება, Arrān), ბალასკანს კაპის მთებამდე (ე. ი. კავკასიონამდე) და ალბანეთის კარამდე (დერბენდის გასასვლელი) და სხვ.
იბერიის მეფე ამაზასპი წარწერის მიხედვით იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი დიდებულია. წარწერაში სამეფო დიდებულები სამ კატეგორიადა დაყოფილი: 1. ისინი, ვინც ძალაუფლება მიიღო სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლის არდაშირ I-ის მამის – პაპაკის დროს, 2. ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ I-ის დროს და 3. ისინი ვინც ძალაუფლება მიიღო შაპურ I-ის დროს. სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იხსენიება “ამაზასპი, მეფე იბერიისა” (პართულ-ფალაურ ტექსტში: Xmzasp Vyršn (სტრ. 28); სასანურ-ფალაურში: amčspy vl rvcan (სტრ. 30-31); ბერძნულში (სტრ. 60): Αμαςασπου τoς βασίλεύς τoς Ίβεριας). ამასთან მეფე ამაზასპს ასახელებს მეოთხედ, ადიაბენის მეფის არდაშირის, კირმანის მეფის არდაშირისა და დედოფალ დენაკეს შემდეგ. ყველაფერი ეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამაზასპის სახით საქმე გვაქვს არა იარაღის ძალით დამორჩილებულ მმართველთან, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მოკავშირესთან.
მოსაზრება ამაზასპის ირანული ორიენტაციის შესახებ ძველი ქართული წყაროებითაც დასტურდება. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ამაზასპმა “შეიყვარა სპარსელები”(ქც., I, 57). მეფობის დასასრულს, ამავე წყაროს მიხედვით, ამაზასპი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოხმობილ სპარსელთა ლაშქრით ებრძვის ბერძნებს (რომაელელებს), რომელთაც მხარს უჭერენ სომხები, მეგრები (დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა) და ოსები. მატიანეს ცნობით, ამაზასპს განუდგნენ და მტრულ დაჯგუფებას მიემხრნენ ქართლის რამდენიმე ერისთავი: ეგრისის ორი ერისთავი, აგრეთვე ოძრხეს, კლარჯეთისა და წუნდას ერისთავები. მომხდარ ბრძოლაში “სპარსელები და ქართველები” დამარცხდნენ და თვით ამაზასპიც დაიღუპა.
სპარსელთა ბატონობას ამის შედეგად, III ს. ბოლოსათვის ბოლო მოეღო როგორც ქართლზე, ისე სომხეთზე. 283 წელს დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, სპარსელებმა დაკარგეს კონტროლი სომხეთის მნიშვნელოვან ნაწილზე. 287 წელს რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს დახმარებით სომხეთში გამეფდა ტირიდატ III (287-330). 298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, სპარსელები იძულებული გახდნენ რომაელებთან 40 წლის ვადით ნისიბინში (მესოპოტამია) დაედოთ საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რომაელებს გადასცეს მესოპოტამია და ზოგი სხვა ოლქი, ამასთანავე აღიარეს რომის პროტექტორატი სომხეთსა და იბერიაზე.
III საუკუნეშიც, კერძოდ, ამაზასპის დროს, ქართლი ფაქტობრივად დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მოგონება ამაზასპზე, როგორც ძლიერ მმართველზე, მკაფიოდ შემოინახა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ. “ქართლის ცხოვრებაში” ვრცლადაა მოთხრობილი ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან. დედაქალაქ მცხეთის მისადგომებთან ამაზასპი იმარჯვებს მათზე, სდევნის ქართლიდან, ხოლო შემდეგ თვით ლაშქრობს ოსეთში და არბევს მას (ქც., I, 55-57). III საუკუნიდან, როგორც ცნობილია, მართლაც გახშირდა მომთაბარე ალანების შემოსევები ამიერკავკასიაში. შეიძლება ალანთა ერთი ასეთი შემოსევა იგულისხმება ქართული წყაროს ამ მოთხრობაში მეფე ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან.
შემდეგში, უკვე IV ს. დასაწყისში, ქართლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რომის იმპერიის ცენტრის გადანაცვლება აღმოსავლეთით იწვევს რომაელთა (ბიზანტიელთა) პოზიციების გაძლიერებას ამ მხარეში, გარდა ამისა, ადგილი აქვს სასანიანთა ირანის ენერგიულ შემოტევას, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა შაპურ II-ის (310-379) დროს. დასუსტებულ ქართლი იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა, ერთი მხრით, ძლიერ ირანსა და, მეორე მხრით, გაძლიერების გზაზე მდგარ აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის. ქართლის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მისი მოსახლეობის თავისთავადობისადმი მთავარი საფრთხეს ამ დროს სასანიანთა ირანი წარმოადგენდა. შედეგად, IV საუკუნის დასაწყისში იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაში გამოიხატა.
V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობაში, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა დასავლეთ საქართველო და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ნაწილი. 482 დიდი აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა. 523 წელს, გურგენ მეფის აჯანყების დამარცხების შემდეგ, კავად I–მა ქართლში მეფობა გააუქმა, მაგრამ ფაქტობრივად VI ს. 40-იან წლებამდე ქართულ და ბერძნულ წყაროებშიც იხსენიებიან ქართლის მეფეები.
ირანის მეფე ხოსრო I–ს (531-579)დროს ირანი დაიყო 18 ქუსტაკად (ოლქად). ქუსტაკის სამოქალაქო ხელისუფალი იყო პადოსპანი, ხოლო სამხედრო - სპასპეტი. ქუსტაკები იყოფოდა შაჰრებად, მისი გამგებელი კი იყომარზპანი. ქართლი, სომხეთი და ალბანეთი კავკასიის ქუსტაკში ერთიანდებოდა. ქართლის მარზპანის რეზიდენცია თბილისში მდებარეობდა.
ეკონომიკური ვითარება
ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო ზოგადად მთისა და ბარის ქვეყნებად იყოფა. სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ბარი, ბუნებრივია, გაცილებით ვარგისი და ხელსაყრელი იყო. ბარი, ჩვეულებრივ, ვენახ-ხილიანი ზონა იყო, ხოლო მთა კი, პირიქით. ჰერეთ-კახეთში ბუნებით უხვად დაჯილოდოებულ მხარედ ძველთაგანვე ალაზნისა და ივრის ნაყოფიერი ხეობები ითვლებოდა. ქართლში კი შიდა ქართლის სარწყავად ქცეული თითქმის მთელი ველობი და ქვემო ქართლის ხეობები გამოირჩეოდნენ.
ანტიკური პერიოდის ბოლოსათვის, კერძოდ, IV საუკუნიდან, საქართველოს ეკონომიურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. აღსანიშნავია საწარმოო ძალების შემდგომი ზრდა, რამაც ყველაზე ძლიერ მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციაში იჩინა თავი. იბერიაში სპეციფიკური ბენებრივ-გეოგრაფიული პირობების გამო, ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო კულტურა, უმთავრესად მორწყვას ემყარებოდა. უძველესი არხის გაყვანას იბერიაში ტრადიცია ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: „დასაცა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქსნით“. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ ხასიათის უკვე სავსებით რეალური მეორე ცნობა, რომ IV ს. ბოლოს მეფე თრდატმა „რუსთავისა რუჲ გამოიღო“. ამ წყაროს ცნობით, VI ს. გაუტანიათ წილკნის რუ. აღსანიშნავია, რომ V-VI საუკუნეებით თარიღდება ნახიდურის, გაჩიანის, მუხრანის, რუის-ურბნისის და ზოგი სხვა დიდი და მცირე არხებიც.
უფრო სრულყოფილი გახდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. გაუმჯობესდა ძირითადი სამიწათმოქმედო იარაღი – ერქვანი. ცხადია, გაუმჯობესებული ერქვანი მის წინამორბედზე უფრო ძვირი და ძნელად საშოვარი იყო, მაგრამ გაცილებით აუმჯობესებდა მიწის დამუშავებას, ზრდიდა შრომის ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას. მთის პირობებში მეტი გამოყენება ჰქონდა უფრო მარტივსა და მსუბუქ ცალუღელა სახვნელებს . ამ დროს მეურნეობის უმთავრესი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მებაღეობა-მებოსტნეობა, მესაქონლეობა.
მემინდვრეობის სისტემაში წამყვანი ადგილი მეხორბლეობას ეჭირა. ხორბლეულის ყველაზე უფრო გავრცელებული და უძველესი ჯიშები იფქლი და დიკა იყო. საერთოდ, სპეციალისტები ხორბლეული კულტურების ერთ-ერთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ. მოყავდათ ასევე ქერი და ფეტვი.
სოფლის მეურნეობაში მევენახეობა-მეღვინეობის როლიც განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. აღმ. საქართველოში ამ დროს ვენახი უმთავრესად დაბლარია, როდესაც დას. საქართველოში უმეტესად მაღლარი ვენახი უნდა ყოფილიყო გაბატონებული. ყალიბდებოდა საქართველოს ცალკეული კუთხეების პირობებისადმი კარგად შეგუებული ვაზის ჯიშების ენდემური ჯგუფები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავლად გამოვლინებული IV–V სს. ქვევრები მეღვინეობის, კერძოდ, ღვინის დაყენების წესის მაღალი განვითარების მაჩვენებელია.
სოციალური ვითარება
I-III საუკუნეებში იბერიაში მიმდინარეობდა საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი და სოციალური დიფერენცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს ("გლეხებს") შეერწყა, ანდა "ტაძრეულთა" (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა. მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად "ერისაგან" გამოყოფილ "აზნაურთა" წრე დააკომპლექტა. უკვე დიდად განშტოებული სამეფო საგვარეულო სეფეწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდა. ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ტაძრებიც, რომლებიც შემდგომ, IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით განადგურდნენ.
მეფეები და მმართველები
ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინა პერიოდში, იბერიის (ქართლის) ქალაქების პოლიტიკური მოწყობა იყო ბერძნული პოლისების მსგავსი, მათ ყავდათ ადგილობრივი მმართველი–მონარქი — „უფალი“, (ბერძნ. Βασιλεύς – ბასილევსი). ქართლის ცხოვრება ცნობებს გვაწვდის ქ. მცხეთაში ე.წ. „მამასახლისის“ ინსტიტუტის არსებობაზე, რომელიც მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო, ამასთან ქალაქების მმართვის გავრცელებული ფორმა. მცხეთის მამასახლისის ხელისუფლება, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელ ქართლზე ვრცელდება.
ელინისტურ ხანაში, ქართლში ერთმართველობის დასამყარებლად, ერთმანეთს უპირისპირდებიან ცალკეული არისტოკრატიული გვარები. მოქცევაჲ ქართლისაჲ ქართლის პირველ მეფედ ასახელებს არიან ქართლიდანმოსულ აზოს, რომელმაც მოკლა მცხეთის მამასახლისი სამარა, თუმცა „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ მას ასეთად არ აღიარებს, რადგან უცხო ძალის მხარდაჭერით გამეფდა. ეს უკანასკნელი, ქართლის პირველ მეფედ ასახელებს ფარნავაზს.
ქართლის(იბერიის) მეფები:
- აზო (?-329)
ფარნავაზიანთა დინასტია:
- ფარნავაზი (ფარსმანი) (329-264)
- საურმაგ I (264-230)
- მირიან I მირვანი (230-185)
- ფარნაჯომი (185-170)
არტაშესიანთა დინასტია:
- არშაკ I (170-145)
- არტაგ I (145-143)
- ბარტომ I (143-125)
- მირდატ II (125-110)
- არშაკ II (110-95)
- არტაგ II (95-60)
ძვ. წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):
არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):
- ქართამ I (60-30)
- კაოსი (30-20)
- ქართამ II არმაზელი (ძვ.წ.20-ა.წ.5)
- არტაგ III (5-25)
მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):
- ბარტომ II (60-40)
- ფარსმან I (40-25)
- არშაკ III (ძვ.წ.25-ა.წ.5)
- მირდატ III (5-25)
ა.წ. 25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები – კვლავ არშაკიანები:
- მირდატ III (25-35)
- ფარსმან II (35-68)
- მირდატ IV ფლავიუს დადე (68-76)
- მირდატ V (76-120)
- ფარსმან III ქველი (120-170)
- ქსეფარნუგი (170-200)
- ფარსმან IV (200-230)
- ამაზასპი (230-265)
სასანიანთა დინასტია:
- რევ მართალი (ჰორმიზდაკი) (265-285)
- მირიანი წმ. (285-335)
- ბაკურ I (335-355)
- მირდატ VI (355-364)
- ასფაგური (ვარაზ-ბაკური) (364-368)
368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი, ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი, სადაც მეფობდნენ:
- საურმაგ II (368-380)
- ბუზმირ I (380-406)
- ბუზმირ II (406-430)
ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ:
- ასფაგური (ვარაზ-ბაკური) (368-385)
- ბაკურ II (385-396)
- ფარსმან V (396-412)
- მირდატ VII (412-429)
- არჩილ I (429-434)
დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.
- მირდატ VIII (434-449)
- ვახტანგ I გორგასალი (449-494)
- დაჩი უჯარმელი (494-506)
- ბაკურ III (506-512)
- ფარსმან VI (512-519)
- გურგენი (519-523)
- ძამანარსე (523-535)
- ფარსმან VII (535-537)
მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას ირანის ადმინისტრაციული მოხელე – მარზპანი განაგებს.
ადმინისტრაციული მოწყობა
ქართული ისტორიული ტრადიცია უკვე ფარნავაზის ხანას მიაწერს სამეფოს დაყოფას 7 საერისთავოდ:
- არგვეთი
- კახეთი და კუხეთი
- გარდაბანი
- ტაშირი და აბოცი
- ჯავახეთი, კოლა და არტაანი
- სამცხე და აჭარა
- კლარჯეთი
ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რომელიც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ფარნავაზის სუვერენიტეტს აღიარებდა, ამ ტრადიციის თანახმად, ეგრისიც.