EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-04 22:29:46

საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi

საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi 

გუნდა-გუნდა 


გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა

***

გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.

***

რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.

***

ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო.

***

ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!
თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო.
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდა ტყეში მარტო?
ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი ხარ,
ჩვენი ზამთრის მეგობარი.
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიცეკვო და დავიმღერო!

***
ნაძვის ხის სიმღერა


მოვა, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო! -
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!

ნოდარ დუმბაძე!

***

საახალწლო


- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

ნოდარ დუმბაძე!

***

საახალწლო კარნავალზე


ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.


***


მრავალ-მრავალ ახალ წელს
ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!

***

უცნაური ორთქმავალი


საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნაური არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
უბილეთოდ გავაქროლო,
აბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

–––––––––––––––––––––––––

***
თოვლის შვილიშვილი



გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.

დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!

საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.

შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!

***
საახალწლო სიზმარი 



ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.

ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.

გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა...
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.

თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.

ასე ჩუმად რად მოდის
თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის,
დღე რატომ ვერ ვხედავ?

ნატვრადა მაქვს ქცეული
თოვლის პაპის ნახვა...
კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..

***

ციკოს თოვლის პაპა


ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დაახუროს.

ფუღუროსკენ გაეშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს...
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

“მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ახალი წლის ნაბიჯებს!..”

უცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას –
ნუთუ, უკვე მოვიდა?

მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.

დაინახეს თოვლის პაპა...
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,

იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
აბა, როგორ უცქიროს –
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!

ვასილ გულეური

***

საახალწლო


ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დილას!
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად!


***
როდის მოვა თოვლის პაპა


მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, 
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.


***
წერილი თოვლის ბაბუას


ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე 
ხურჯინი რომ მაჩუქო!

 

მსგავსი ბმული