EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Shakuntala / ინდური ეპოსი: შაკუნტალა »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2014-12-13 18:57:06

Shakuntala / ინდური ეპოსი: შაკუნტალა

Shakuntala / ინდური ეპოსი: შაკუნტალა

 (შევარდენთა მშვენიერი ნებიერი)

Shakuntala-ინდური-ეპოსი-შაკუნტალა

უძველეს დროში, როცა ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ უთვალავი ფერით აელვარებულ ქვეყანაზე ღმერთები მათ გვერდით ცხოვრობდნენ, ინდოეთს სიბრძნით და კეთილშობილებით განთქმული მეფე მართავდა.

   პურუს სამეფო გვარის მემკვიდრე - ახოვანი, ძლიერი, მხნედ მბრძოლი, გონიერი და ღვთისმოსავი დუშიანტა - ზნეკეთილი, სამართლიანი და გულუხვი ხელმწიფე იყო. მისი მეფობის დროს ინდოეთი მზიანი დილით თეთრად გადაშლილი ლოტოსის ყვავილის ღვთაებრივი სიდიადით ყვაოდა.

   ერთხელ მეფე დუშიანტამ სანადიროდ წასვლა ინება. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ფეხმარდ ირემს ორთვალა ეტლით ადევნებული ხელმწიფე. შესანიშნავი მოისარი და ნადირთა ხელოვანი ძველი ფრესკებიდან გადმოსულ ნადირობის ღვთაებას ჰგავდა.

   ირემმა უღრან ტყეს შეაფარა თავი. მეფემაც მისდია. მზის პირველი სხივებით გამთბარ გაზაფხულის გამჭვირვალე დილას ტყეში მანგოს და ჟასმინის ნაზი ყვავილების მომაჯადოებელი სურნელი იდგა. ხასხასა ბალახი უძვირფასესი აბრეშუმივით დაჰფენოდა მიწას. ალერსიანად მოჭიკჭიკე ჩიტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ტკბილ გალობაში.

   საიდანღაც პატარა ნუკრი გამოსხლტა და ფეხებქვეშ შეუვარდა ირემს - ეთამაშებოდა, ლაღობდა, უდარდელად დაკუნტრუშებდა. ირემიც, თითქოს საფრთხე არსაიდან ემუქრებაო, უშფოთველად ეფერებოდა მხიარულ პატარას. მეფე ააღელვა ამ საკვირველმა სურათმა. აღარ მოუნდა ნადირობის გაგრძელება.

   ამ დროს ტყის სიღრმიდან იდუმალი ხმა შემოესმა:

   - მეფეო, იარაღი მტერთან ბრძოლაში მოიხდინე. ეს მშვიდობიანი ადგილია. ირემიც და ნუკრიც ტყეს ეკუთვნის. აქ მათი სიცოცხლე ხელშეუხებელია. კეთილი იყოს შენი მობრძანება წმინდა ნაკრძალში.

   დუშიანტამ კრძალვით შეაბიჯა მწვანე სავანეში. მშვილდი, ისრები, მახვილი, სამკაულები ორთვალაზე დატოვა - ნაკრძალში იარაღასხმული შესვლა მეფესაც კი არ შეჰფეროდა. ირემმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასე გამალებით გაურბოდა, ახლა სულ ახლოს მიუშვა. მშვიდად უყურებდა, როგორ მიესიყვარულა ნუკრს დუშიანტა, მერე კი მდაბლად დაუკრა თავი. ნაზი სიოც მხიარულად მიეალერსა ლოყაზე მეფეს და დუშიანტას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ამ ზღაპრულ ადგილას არაჩვეულებრივი თავგადასავალი უნდა გადახდომოდა.

 

   * * *

 

   ნაკრძალში განდეგილ კანვას დაედო ბინა. იქვე მისი მოწაფეები და სხვა მლოცველებიც სახლობდნენ. ეს მორწმუნე, სათნო ადამიანები სრულ თანხმობაში ცხოვრობდნენ მშვენიერ გარემოსთან. სიყვარულით უვლიდნენ ტყის ბინადართ, აპურებდნენ მშიერ ჩიტებს, გვალვის დროს წყალს უსხამდნენ ათასწლოვან ხეებს. ნიადაგ ღვთის და ერთმანეთის მსახურებაში მყოფნი - გალობდნენ, ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, მცირე და დიდი ცოდვებისგან იწმინდებოდნენ.

   იმ დილას ნაკრძალი სიზმრად ნახულ სამოთხეს ჰგავდა. ულამაზესი გოგონები, თმებში ჩაწნული ფერადი თაიგულებით, ნამიან ყვავილებს აგროვებდნენ საკურთხევლის მოსართავად. განდეგილი კანვა სალოცავად წასულიყო შორეულ ტაძარში და ამიტომ ქალიშვილების ქცევას მეტი სილაღე და სითამამე ეტყობოდა - ხმამაღლა იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ონავარი ბავშვებივით მხიარულობდნენ. შორიახლოს, ხის ჩრდილში მდგარ დუშიანტას საამურ გალობასავით ჩაესმოდა მათი ტკბილი ხმები. ორი გოგონა - პრიამვადა და ანასუია - თავის მესამე მეგობარს - ფერიასავით ნაზ შაკუნტალას აქეზებდა:

   - შაკუნტალა, შეხედე, შენი ჟასმინის ყვავილი მანგოს რტოს როგორ გადახვევია?! რა მშვენიერი სანახავია ღონიერ რტოზე მთვარის შუქივით მკრთალად დაფენილი თეთრი ყვავილი.

   - იქნებ ეს იმის ნიშანია, რომ მალე შენც იპოვი გულისსწორს და მის ძალას ჟასმინის ტოტივით მინდობილი, სამუდამოდ დატოვებ აქაურობას?

   შაკუნტალამ უდარდელად გაიღიმა, უხმოდ შეტრიალდა მანგოს ხისკენ და ალერსიანად გადაუსვა ხელი ჟასმინის თეთრ ყვავილებს. სწორედ ამ დროს დაინახა მეფემ შაკუნტალა და მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდა. ნადირობაც გადაავიწყდა, ფუფუნებით განთქმული თავისი ქალაქიც და ძვირფას ფარჩებში გამოწყობილი სასახლის თავმომწონე ლამაზმანებიც. აქ, ამ ზღაპრულ ადგილას მოუნდა ცხოვრება, ტყის მშვიდობიან ბინადართა გვერდით - განდეგილების, ფერიასავით ლამაზი ქალიშვილების, მიმნდობი შვლებისა და ფერად-ფერადი ყვავილების გარემოცვაში. ჟასმინის ჩუმი სურნელებით გაბრუებულმა დუშიანტამ ის იყო სამალავიდან გამოსვლა დააპირა, რომ უეცრად შაკუნტალამ შეჰკივლა:

   - ვაიმე, მიშველეთ,  ფუტკარი დამტრიალებს თავს. აუცილებლად მიკბენს, მეშინია, მიშველეთ რამე!

 

   - არ გაინძრე და გაფრინდება!

   - თავს არ მანებებს, მიშველეთ რამე!

   დუშიანტა ერთი ნახტომით შაკუნტალას გვერდით გაჩნდა, ხელი აუქნია ფუტკარს და ისიც მშვიდობიანი ბზუილით გაშორდა იქაურობას. შეშინებულმა ქალმა მადლიერებით შეხედა უცნობს და ვარდისფერი პიონივით აენთო სახე. უცნაური გრძნობა დაეუფლა - გარშემო თითქოს ყველაფერი გაქრა და წამით სულ მარტოდმარტო აღმოჩნდა გრძნეულ, საკვირველ, უტკბეს სიზმარში.

   ხელმწიფე ანასუიას ხმამ გამოაფხიზლა. გოგონა ეშმაკურად იღიმებოდა და მისალმების თავაზიან სიტყვებს ეუბნებოდა. ქალიშვილებმა სტუმარს ახლად დაკრეფილი ხილი და წყაროს ცივი წყალი მიართვეს. სთხოვეს, ჩრდილში მოესვენა და მორიდებით ჰკითხეს ვინაობა. დუშიანტამ არ ისურვა ეთქვა, რომ მეფე იყო. მან უბრალოდ, ჩვეულებრივი მოკვდავივით შეაბიჯა ამ ზღაპრულ სამყაროში და ახლა ეშინოდა, არ განქარვებულიყო ჯადოსნობა. მაგრამ სიცრუის თქმაც ეთაკილა, ამიტომ მხოლოდ უფლისგან ხელდასხმული სამეფო მოვალეობები ჩამოთვალა ისე, რომ ვინაობა არ გაემხილა:

   - მე ვარ ის, ვისაც ევალება სახელმწიფოში სამართლიანობის აღსრულება; ქვეყნის კეთილი მომავლისთვის ლოცვა და ბრძოლა; წმიდა წიგნების პატივისცემა; მლოცველთა, ქვრივთა, ობოლთა, უპოვართა შემწეობა და მფარველობა.

   ქალიშვილები დააბნია უცნობის სიტყვებმა. მისი საუბრიდან ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ სამივემ გაიფიქრა: - ეს კაცი უთუოდ მეფე იქნება, ისე მჭევრად მეტყველებს, ისეთი მოხდენილი გარეგნობა აქვს და ისე ღირსეულად უჭირავს თავიო...

 

   * * *

 

   დუშიანტამ რამდენიმე დღე დაჰყო ნაკრძალში. პირველივე საღამოს, როცა ამალაც წამოეწია, თავისთავად გაცხადდა, რომ განდეგილთა პირმშვენიერი სტუმარი მეფე იყო. პრიამვადა და ანასუია ადგილს ვერ პოულობდნენ მღელვარებისგან. გრძნობდნენ, რომ შაკუნტალას დუშიანტა შეუყვარდა. არც ხელმწიფე ჩანდა გულგრილი, მაგრამ რატომღაც ყოყმანობდა. პრიამვადამ გადაწყვიტა, დაემარტოხელებინა ხელმწიფე - იქნებ საუბარში გაერკვია, რა აბრკოლებდა.

   ჰოდა, როცა დუშიანტა მდინარის პირას ისვენებდა, პრიამვადა გვერდით მიუჯდა და შაკუნტალაზე ჩამოუგდო სიტყვა:

   - შაკუნტალა განდეგილი კანვას ქალიშვილი არ არის. ის ძლევამოსილი გმირის და ნახევრად ქალღმერთის, ერთ-ერთი აპსარას, ასულია. შაკუნტალას მამა უძლეველი მეომარი იყო. ღმერთებს შეშურდათ მისი და საცდუნებლად მშვენიერი აპსარა მოუვლინეს ზეციდან. მეომარს თავდავიწყებით შეუყვარდა აპსარა და ერთხელ, ფიცხელ ომში, როცა სატრფო მოაგონდა და ოცნებებში წასულმა ბრძოლა შეწყვიტა, მტრის მიერ მიზანში ნატყორცნმა ისარმა განუგმირა გული.

   დუშიანტამ მადლიერებით შეხედა ქალიშვილს:

   - სევდიანი ისტორიაა.

   - ჩვენი ღმერთები ხშირად სასტიკნი და ღვარძლიანნი არიან.

   - ნაკრძალში როგორღა მოხვდა შაკუნტალა?

   - აპსარამ არ ინდომა ჩვილის ზეცაში წაყვანა. ნაკრძალის ახლოს დატოვა მთებში. მამა კანვამ შემთხვევით იპოვა. ბავშვს გარშემო შევარდნები შემოსხდომოდნენ და მის უშფოთველ ძილს სდარაჯობდნენ. განდეგილმა გოგონა ნაკრძალში წამოიყვანა და შაკუნტალა - შევარდენთა მშვენიერი ნებიერი - დაარქვა.

   დუშიანტამ შვებით ამოისუნთქა. ინდოელთა წესის თანახმად, მეფეს, როგორც მეომართა წოდების წარმომადგენელს, ეკრძალებოდა ცოლის შერთვა ბრაჰმანთა კასტიდან, მაგრამ რადგანაც შაკუნტალაც მეომართა გვარიდან იყო, ქორწინებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.

   - გმადლობ, პრიამვადა. საკვირველი, თითქმის ზღაპრული რამ მიამბე. მოკვდავთა შორის უბედნიერეს კაცად მაქციე.

 

 

   * * *

   დრო გადიოდა. ხელმწიფეს სატრფოსთან განშორება ეძნელებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ნაკრძალი უნდა დაეტოვებინა. დედოფალი, დუშიანტას დედა, მაცნეს მაცნეზე უგზავნიდა - სატახტო ქალაქში დაბრუნებას სთხოვდა. ხელმწიფეს განდეგილი კანვას ნახვა უნდოდა მოესწრო, შაკუნტალას ხელი რომ ეთხოვა, მაგრამ მამა კანვა რატომღაც აგვიანებდა ჩამოსვლას.

   ერთხელ, როცა ფიქრებში ჩაფლული დუშიანტა მდინარის პირას ქვის გრილ ტახტრევანზე ისვენებდა, შაკუნტალა მიუახლოვდა და ახალდაკრეფილი ხილი მიართვა. მეფემ თვალებში ჩახედა მიჯნურს და მოეჩვენა, რომ ეს სათნოდ მოღიმარი, ღარიბულად ჩაცმული ქალი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მის შავ ნაწნავში ჩამაგრებული ლოტოსის ყვავილი.

   - სასახლეში უნდა დავბრუნდე... მაგრამ შენც რომ  არ მეთმობი? უძველეს დროში ინდოეთში არსებობდა საიდუმლო ქორწინების რიტუალი. როცა მიჯნურნი ვერ ახერხებდნენ შეუღლებას ტრადიციული წესების დაცვით, ისინი მალულად, ოჯახის მფარველი ღმერთების მოწმობით უდასტურებდნენ ერთმანეთს სიყვარულს და სამუდამო ერთგულების ფიცით კრავდნენ კავშირს. ეს ქორწინება ისეთივე წმინდად ითვლებოდა, როგორც ბრაჰმანთა მიერ ნაკურთხი ცოლქმრობა.

   შაკუნტალამ მორჩილი, სიყვარულით სავსე თვალები შეანათა მეფეს. ამ წამიერ გამოხედვაში თანხმობაც იყო, აღფრთოვანებაც, საუკუნო ერთგულებაც და თაყვანისცემაც.

   დუშიანტა ინდოეთის მომავალ დადოფალთან მდინარის პირას, ღვთაებრივი მშვენიერებით აღბეჭდილ ნაკრძალში შეუღლდა, ოჯახის და სიყვარულის მფარველი ღმერთების ნებით და თანხმობით. მზე რამდენიმე წუთით დაეკიდა აყვავებული მაგნოლიის წვერზე, მეწამულად ააელვარა იქაურობა და მეფური დიდებულებით ჩაესვენა მაღალი მთების გადაღმა - ფრთამალი შევარდნების, მედიდური არწივების და მოხდენილი ქურციკების საუფლოს იქით.

 

 

   * * *

 

 

   განშორებისას ხელმწიფემ ბეჭედი აჩუქა თავის რჩეულს. დაბეჯითებით სთხოვა, განდეგილის დაბრუნებისთანავე დაეტოვებინა ნაკრძალი და სატახტო ქალაქს ჩაბრძანებულიყო მეუღლესთან.

   მეფის წასვლის შემდეგ შაკუნტალა მთვარეულს დაემსგავსა. განმარტოება და სიმშვიდე სიამოვნებდა. თუმცა, თავის მოვალეობას მაინც პირნათლად ასრულებდა - რწყავდა ათასწლოვან ხეებს, აგროვებდა ყვავილებს, მოშივებულ ჩიტებს ბრინჯს უყრიდა, ლოცულობდა და ოცნებობდა. სულ ოცნებობდა. არავინ და არაფერი ახსოვდა. მხოლოდ დუშიანტაზე ფიქრობდა.

   ერთხელ ანასუია და პრიამვადა მდინარესთან შეყოვნდნენ, თავიანთი დობილის მომავალზე ბჭობდნენ. ანასუიამ ეჭვები გაუმხილა მეგობარს:

    - რა გვეშველება, პრიამვადა, სასახლეში დაბრუნებულ დუშიანტას რომ აღარ გაახსენდეს შაკუნტალა? იქ ხომ, ალბათ, იმდენი ლამაზი ქალია...

   - ისეთი მშვენიერი გარეგნობის ადამიანები, როგორიც დუშიანტაა, ბუნებითაც სრულქმნილნი არიან - მართალნი, სულგრძელნი, კეთილშობილნი. მისგან ცუდს არაფერს ველი. უფრო სხვა რამ მაწუხებს, განდეგილის რისხვის მეშინია.

   - ეგ ნუ გადარდებს. დანამდვილებით ვიცი, მამა კანვა ოცნებობდა, რომ შაკუნტალასთვის ღირსეული მეუღლე ეპოვა. თუკი ღმერთებმა შეუსრულეს ნატვრა და თავად ხელმწიფე მოუვლინეს სიძედ, რატომ უნდა იყოს უკმაყოფილო?

   ამ დროს ტყის სიღრმიდან ხმა გაისმა: - ვინ შემომეგებება შორი გზიდან მომავალ სტუმარს?

 

   - ვაიმე, სტუმარია.

   - შაკუნტალა იქ არის, შეეგებება.

   უეცრად მჭექარე ხმამ ქუხილივით გადაუარა ნაკრძალს:

   - როგორ ბედავ შენ, ქარაფშუტა გოგონავ, უყურადღებოდ დატოვო ნაკრძალში მშვიდობით მოსული სტუმარი? რახან აღარავინ და აღარაფერი გახსოვს შენი ქმრის გარდა, წყეულიმც იყოს სიყვარული, რომელმაც თავი დაგაკარგვინა; ნურც გაახსენდეს შენს ქმარს, რომ ნაკრძალში ცოლი დატოვა; დაე, დაავიწყდეს ერთგულების ფიცის სიტყვები, აღარ უყვარდე, ვეღარ გცნობდეს, აღარ მოსწონდე!

   ანასუია და პრიამვადა სტუმრის შესახვედრად გაიქცნენ, თანაც ბუტბუტებდნენ: - დავიღუპეთ, ეს ნამდვილად მრისხანე მისანი დურვასასია. ეტყობა, შაკუნტალა ისე იყო ფიქრებში გართული, ყურადღება არ მიაქცია.  სასწრაფოდ მივეგებოთ, იქნებ, მოვულბოთ გული...

 

 

   * * *

 

   ორიოდ თვემ განვლო. განდეგილი კანვა შინ დაბრუნდა. მისი ჩამობრძანებით გამოწვეულმა სიხარულმა ნაკრძალში ყველას გადაავიწყა, თუ რამ უსიამოვნება მომხდარიყო მოხუცის იქ არყოფნაში. მხოლოდ შაკუნტალა იყო მოწყენილი და გულჩათხრობილი. რცხვენოდა, მამის დაუკითხავად რომ დათანხმდა ხელმწიფეს ქორწინებაზე. ყველაზე უმადურ და უღირს ადამიანად წარმოედგინა თავი.

   ერთხელ, როცა კანვა ლოცულობდა, საკურთხევლიდან ზეციური ხმა გაისმა:

   - მოამზადე შაკუნტალა მეუღლესთან გასამგზავრებლად. შენი შვილობილი ტახტის მემკვიდრეს დაბადებს. დადგება დრო და შაკუნტალას ვაჟი მამისგან მეფობას გადაიბარებს, - მშვიდობის სადიდებლად და ინდოეთის საკეთილდღეოდ!

   განდეგილმა დაუყოვნებლივ ამცნო მთელ ნაკრძალს ეს ამბავი. ყველამ გულწრფელად გაიხარა, მაგრამ პირველი აღფრთოვანების შემდეგ საშინელმა დაბნეულობამ მოიცვა იქაურობა - არავინ იცოდა, რანაირ ტანსაცმელს ატარებდნენ სასახლის ლამაზმანები, ან თმას რაგვარად ივარცხნიდნენ. ძალიან ღელავდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რარიგ უნდა შეემოსათ შაკუნტალა ისე, რომ დედოფლის შესაფერისი გამოჩენილიყო მისი ჩაცმულობა.

   ისევ ღმერთებმა იზრუნეს ყველაფერზე: მდინარისკენ მიმავალ პრიამვადას მთვარის მკრთალი შუქივით მოლიცლიცე აბრეშუმის თეთრი საქორწილო კაბა დახვდა მანგოს ტოტზე გადაფენილი; ლიანებზე უძვირფასესი ბეჭდები, სამაჯურები, მძივები, საყურეები ეკიდა. მეგობრებმა დედოფალივით მორთეს შაკუნტალა. უყურებდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, თან ერთმანეთს აგულიანებდნენ - ასეთი ლამაზი ქალი მთელ ინდოეთში არ იქნება, იმიტომაც შეუყვარდა ჩვენს ხელმწიფესო.

   ანასუიამ და პრიამვადამ ბედნიერება უსურვეს მეგობარს და რამდენჯერმე საგანგებოდ გააფრთხილეს: - თუ სასახლეში რაიმე უსიამოვნება შეგხვდეს, მეფეს მისი ნაჩუქარი საგვარეულო ბეჭედი აჩვენეო. ამას ისე დაჟინებით უმეორებდნენ, შაკუნტალას კიდეც გაუკვირდა - ნეტავ, რა უსიამოვნებაზე მელაპარაკებიან დობილებიო. არ იცოდა მშვენიერმა გოგონამ, რომ ანასუია და პრიამვადა მასზე განრისხებულ დურვასასის შეევედრნენ, ეპატიებინა ქალიშვილისთვის უნებლიე უყურადღებობა. მართალია, წყევლის მთლად გაუვნებელყოფა ვერ მოახერხეს, მაგრამ იმაზე კი შეიპირეს მისანი, რომ როგორც კი მეფე შაკუნტალასთვის ნაჩუქარ რაიმე ნივთს დაინახავდა, წყევლა ძალას დაკარგავდა.

   მამა კანვამ ნაკრძალის საზღვრამდე მიაცილა შაკუნტალა, გზა დაულოცა. გულაჩუყებული ქალიშვილი მამობილს გულში ჩაეკრა, პატიება და კურთხევა სთხოვა, თან მოკრძალებით შეჰბედა, განსაკუთრებული სისათუთით  იმ ნუკრს მოპყრობოდა, რომელიც დუშიანტას შემოუძღვა ნაკრძალში...

   მშვენიერი განდეგილი ქალი სამუდამოდ ტოვებდა წმინდანთა საუფლოს. თან მიჰყვებოდა განშორების ჩუმი სევდა, ფოთოლთა ალერსიანი შრიალი და გუგულის ნაღვლიანი შეძახილი, რომელიც დაკარგულ სატრფოს უხმობდა გულსაკლავად. შევარდენთა გუნდი ღონიერი ფრთებით აპობდა ცის ლურჯ კამარას, პატარა ნუკრი ცრემლიანი თვალებით დიდხანს გასცქეროდა ხეივანს, რომლის შორეთშიც მიიმალა უცხოდ მოკაზმული მისი ლამაზი შაკუნტალა.

 

 

   * * *

 

   შაკუნტალას სიტყვასიტყვით აუხდა მისან დურვასასის წყევლა. სასახლეში დაბრუნებულ დუშიანტას ერთხელაც არ გახსენებია თავისი მეუღლე. ჯადოსნობამ უცნაურად გადაავიწყა ყველაფერი, რაც ნაკრძალში გადახდა. ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როცა მოახსენეს, განდეგილი კანვას მოწაფეები გეწვივნენო. დუშიანტამ სტუმრების პატივით მიღება ბრძანა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა, როცა განდეგილების გვერდით დედოფალივით მორთული ქალი დაინახა. ამ ლამაზი, მისთვის უცნობი ქალის მდიდრული მოკაზმულობა სულაც არ ეხამებოდა განდეგილთა უბრალო ჩაცმულობას.

 

   ერთი სიტყვით, დუშიანტამ შაკუნტალა ვერ იცნო და არამცთუ გაიკვირვა, საშინლადაც აღშფოთდა, როცა შეჰბედეს - ეს ქალი თქვენი კანონიერი ცოლიაო. ხელმწიფემ განდეგილთა სასახლიდან დათხოვნა ბრძანა. დამცირებულმა, უარყოფილმა, გაოგნებულმა შაკუნტალამ ძალა მოიკრიბა და გაუბედავად გაუწოდა მარჯვენა ხელი იმ იმედით, რომ ბეჭდის დანახვა მეფეს ნაკრძალში გატარებულ დღეებს გაახსენებდა, მაგრამ შაკუნტალას ხელზე დუშიანტას ნაჩუქარი ბეჭედი არ აღმოჩნდა - მხოლოდ ლიანებზე ნაპოვნი სამკაულები კიაფობდა მის თითებზე. ამ ტყუილმა უარესად განარისხა ხელმწიფე. მან ისე სწრაფად დატოვა პალატი, ყურიც არ უთხოვებია შაკუნტალას სასოწარკვეთილი სიტყვებისთვის: - მეფეო, ალბათ, განგის ნაპირას მომძვრა ბეჭედი, როცა მდინარიდან წყალი ამოვიღეო.

   დაბნეული, შერცხვენილი განდეგილები მარტო დარჩნენ პალატში. დაყოვნებას აზრი აღარ ჰქონდა, ნაკრძალში უნდა დაბრუნებულიყვნენ და განდეგილი კანვასთვის ეამბნათ ყველაფერი. დარწმუნებულები იყვნენ, ის იპოვიდა გამოსავალს.

   როცა სტუმრები სასახლიდან გამოდიოდნენ, მაღლიდანн ცეცხლოვანი ღრუბელი დაეშვა, შაკუნტალა მეწამულ ალში გაახვია და ცაში აიტაცა. ეს სასწაული მთელი სამეფო ამალის თვალწინ მოხდა. განდეგილების გამგზავრების შემდეგ სასახლეში დიდხანს ჰყვებოდნენ ამ საიდუმლოებით მოცულ, სრულიად აუხსნელ საკვირველ ამბავს.

 

   * * *

 

   ერთხელ ერთმა უბრალო მეთევზემ განგში თევზი დაიჭირა. როცა მისმა ცოლმა თევზი გამოფატრა, მუცელში არაჩვეულებრივი სილამაზის ბეჭედი იპოვა. მეთევზემ ბეჭედი დუშიანტას მიართვა - მეფესავით ვერავინ მოიხდენს ასეთ ძვირფას სამკაულსო. დუშიანტამ მადლიერებით მიიღო საჩუქარი და დახედა თუ არა ბეჭედს, შაკუნტალა გაახსენდა. მეთევზის უხვად დასაჩუქრება ბრძანა, თვითონ კი სასწრაფოდ განმარტოვდა და ფიქრებს მიეცა. უღირსობად, უმადურობად, სიბრიყვედ მოეჩვენა თავისი საქციელი. ვერაფრით აეხსნა გონების ასეთი დაბნელება.

   იმ დღის შემდეგ არავის დაუნახავს მეფე პირმცინარი. მოღუშული დუშიანტა აჩრდილივით დაბორიალებდა სასახლის პალატებში. როგორ არ ცდილობდნენ მეგობრები თუ ხელქვეითნი მის გართობას, მაგრამ ამაოდ... ერთფეროვანი, უხალისო დღეები უსასრულოდ მიჰყვებოდა ერთმანეთს. დუშიანტას არაფერი უხაროდა. მან არ იცოდა, რომ შაკუნტალა თავისმა დედამ, პირმშვენიერმა აპსარამ აიტაცა ცის ლაჟვარდში, იქ, სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ ლაღად და უდარდელად. დუშიანტა დარწმუნებული იყო, რომ ვეღარასდროს შეხვდებოდა მიჯნურს და მეუღლეს - თავის სათნო, კეთილ, ერთგულ შაკუნტალას. ეს განსაკუთრებით ამძიმებდა მის მარტოობას.

   ერთ მშვენიერ დღეს მეფეს ზეცის მფლობელთა მაცნე -მატალი ეწვია. ღმერთები ველურ ტახს განერისხებინა, რომელიც ქალღმერთ კალის ბაღნარს შესჩვეოდა და უმოწყალოდ ანადგურებდა უძვირფასეს ნარგავებს, აწიოკებდა ტაძრის მსახურ ქალებს, პატარა ცხოველებს ხომ სასტიკად ერჩოდა, გზად ყველაფერს ატიალებდა. ღმერთები დუშიანტას უხმობდნენ საშველად.

   მეფემ დაუყოვნებლივ აისხა იარაღი, მატალის ჯადოსნურ ორთვალაზე ამხედრდა და თვალის დახამხამებაში ქალღმერთ კალის გავერანებულ ბაღნარში აღმოჩნდა. გააფთრებული ტახი, თითქოს მის გამოჩენას ელოდებოდაო, საშინელი ზათქით გამოექანა ეტლისკენ. მის გააფთრებულ რბოლას ნგრევა და სიკვდილი მოჰყვებოდა თან. დუშიანტამ შუბი აღმართა და ნახტომისთვის მომზადებულ ტახს შიგ გულში ატაკა. ტახი ღრიალით დაეცა მიწაზე,  სადაც მაშინვე მტვრის უზარმაზარი ზვინი წამოიმართა.

   უეცრად ირგვლივ ყველაფერი განათდა. ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა და იმ ადგილს, სადაც ტახი ეგდო, ფერადი ცისარტყელა გადაევლო თაღად. საიდანღაც სულ პატარა ბიჭი გამოჩნდა. ღონიერი და კუნთმაგარი ბალღი იყო. ორი წლისა თუ იქნებოდა. ხელი ლომის ბოკვერისთვის ჩაევლო ქეჩოში და მკვდარი ტახისკენ მოათრევდა. ბავშვისთვის უჩვეულო თავდაჯერებით მოაბიჯებდა, არც დუშიანტასი ეშინოდა, არც მიწაზე გართხმული ნადირის.

   დუშიანტას უცნაურად შეუფრთხიალდა გული, თითქოს ეცნოო ბავშვი. აუხსნელი წინათგრძნობით შეპყრობილი, ბიჭისკენ დაიხარა და მარჯვენა გაუწოდა მისალმების ნიშნად. იმანაც ყოჩაღად ჩამოართვა ხელი უცნობს და გამარჯვება მიულოცა.

   - ლომს ერევი? - ღიმილით ჰკითხა დუშიანტამ.

   - პატარაა. დიდს ვერ მოვერევი.

   - შენც პატარა ხარ. რომ გაიზრდები, დიდსაც მოერევი.

   - მე ინდოეთის მეფის შვილი ვარ. ყველას მოვერევი!

   ყვითელი ფოთლებით მოფენილ ბილიკზე ბავშვის დედა გამოჩნდა. შეხედა თუ არა, მეფემ შაკუნტალა შეიცნო ამ ღვთიური სილამაზის ახალგაზრდა ქალში. ლოტოსის ყვავილივით დიდებული სანახავი იყო ხელმწიფის ცოლი - ცისარტყელასაც კი ჩრდილავდა არაამქვეყნიური მშვენიერებით. დუშიანტა უხმოდ გადაეხვია თავის დედოფალს, სიყვარულით ჩახედა ცრემლიან თვალებში და უსიტყვოდ გააგებინა ყველაფერი, რისი გამოთქმაც ასე სწყუროდა უსასრულოდ გრძელი მარტოობის უმზეო დღეებში.

   სამეფო ოჯახი სატახტო ქალაქში დაბრუნდა. გავიდა სიზმარივით ტკბილი მრავალი წელი და ლომებთან მებრძოლი პატარა ბიჭი ძლევამოსილი ხელმწიფე - ბჰარატა გახდა. მის საგმირო საქმეებზე ლეგენდები, პოემები, თქმულებები შეიქმნა. დუშიანტა კმაყოფილებით აკვირდებოდა შვილის ზღაპრულ წარმატებებს და სიამაყით აღვსილი ხშირად ფიქრობდა: - ინდოეთის ისტორია, ალბათ, სხვაგვარად წარიმართებოდა, ერთ ბედნიერ დღეს ირემს ადევნებულ მეფეს სამოთხესავით მშვენიერ ნაკრძალში რომ არ შესძღოლოდა პატარა ნუკრი.