EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არგონავტები (გვერდი 3) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-13 19:19:34
არგონავტები
* * *
საღამო ხანს, როცა შინ დაბრუნებულმა იასონმა შეიტყო ეს ამბავი, ძლიერ გაბრაზდა, რადგან ახალი ცოდვის შეეშინდა. მედეა კი მშვიდად იყო და ქმარსაც ამშვიდებდა: - პელიასი ხომ ჩვენ არ მოგვიკლავს? საკუთარმა შვილებმა მოკლეს. ეს კი მან დაიმსახურა შენი მოტყუებისთვისო.
იასონი მაინც ვერ მშვიდდებოდა. იცოდა, ახალი ბოროტება ახალ საწუხარს მოუტანდა. აკი ჯერაც იტანჯებოდა აფსირტოსის მოკვლის გამო.
სასახლეში მისულ იასონს პირველად პელიასის ვაჟი აკასტოსი შეეგება და სთხოვა, ეცლია, ვიდრე მამას დაასაფლავებდა - მემკვიდრეობაზე დავას მერეც მოვასწრებთო.
იასონი დათანხმდა და შინ დაბრუნდა, მაგრამ აქ ახალი უბედურება ელოდა - ესონი გველს დაეკბინა და მომკვდარიყო. ესეც ღვთის რისხვად მიიჩნია იასონმა და ბრალი მედეას დასდო.
აკასტოსის ხალხი დროს უქმად არ კარგავდა. ვიდრე ბიძაშვილები მამებს ასაფლავებდნენ, ისინი კარდაკარ დადიოდნენ და ყველას აფრთხილებდნენ, იასონი არ აერჩიათ მეფედ, რადგან მას ჯადოქარი ცოლი ჰყავდა. მედეა სიგიჟეს შეგყრით, შვილები მამებს დახოცავენ, დები - ძმებსო. - ამბობდნენ ისინი. და მართლაც, მეფის არჩევის დღეს იოლკოსელებმა აკასტოსს დაუჭირეს მხარი.
* * *
შეურაცხყოფილმა იასონმა გადაწყვიტა, გასცლოდა იოლკოსს - გაყიდა ჯოგი, იყიდა ეტლი, ფიცრებით აჭედა ესონის სახლი და მთელი ოჯახით კორინთოსს გაემგზავრა, სადაც მისი ძველი მეგობარი კრეონი მეფობდა.
კრეონმა სიხარულით და პატივით მიიღო ისინი და მშვენიერ ქვითკირის სახლში დააბინავა. წყნარად და უშფოთველად ცხოვრობდნენ, მაგრამ იასონს არაფერი ახარებდა, დაკარგულ სამეფოსა და უქმად დახარჯულ დროს მისტიროდა. შვილები იზრდებოდნენ, მამა კი ისევ ღარიბი ჰყავდათ - სხვის ჭერს სამოწყალოდ შეფარებული.
ერთხელ სასახლიდან შინ მიმავალი დარდიანი იასონი დედაბერმა შეაჩერა და ამცნო, რომ იგი მეფის ასულმა გლავკემ გამოაგზავნა, რომელსაც უზომოდ შეჰყვარებოდა სახელგანთქმული გმირი და მისი ხილვა სურდა. იასონის უარმა ვერ შეაჩერა მოხუცი - უმტკიცებდა, რომ გლავკე გააბედნიერებდა, რადგან მზითვად მთელ კორინთოსს მოუტანდა. დიდხანს ელაპარაკა დედაბერი, მაგრამ იასონის გული ვერაფრით მოიგო.
მეორე დღეს ისევ დახვდა დედაბერი, იასონის უკმეხი პასუხი არად ჩააგდო და სხაპასხუპით მიაძახა:
- თუ გლავკეს შეირთავ ცოლად, კრეონი ნახევარ სამეფოს დღესვე გაჩუქებს, მეორე ნახევარს კი მისი სიკვდილის შემდეგ მიიღებ.
იასონმა არაფერი უპასუხა მოხუცს, მაგრამ მისი სიტყვები გულში ჩარჩა და ღრმად ჩააფიქრა.
მესამე დღესაც იგივე განმეორდა. იასონმა ისე აუარა გვერდი დედაბერს, ზედაც არ შეხედა. მან კი მიაძახა:
- დაიცა, შემობრუნდი და შემომხედე!
... და როცა მოიხედა, მის წინ მშვენიერი გლავკე იდგა. გლავკემ კვლავ გაიმეორა ვითომ დედაბრის პირობა, თან დასძინა: - მედეას მე ვჯობივარ, უფრო ახალგაზრდა, უფრო ლამაზი და მდიდარი ვარო.
მაგრამ ვერც გლავკეს სილამაზემ და ვერც მისმა სიმდიდრემ აცდუნა იასონი - გაბრუნდა და შინისკენ გასწია.
* * *
გლავკე არ ცხრებოდა. მან მამა აიძულა, დაებარებინა იასონი და მთელ სამეფოს შეჰპირებოდა, თუკი მისი სიძე გახდებოდა.
- შენზე უფროსი ვარ და მალე მოვკვდები, - უთხრა კრეონმა მეგობარს - ჯერ ერთად ვიმეფოთ, მერე კი ყველაფერი შენს შვილებს დარჩება. მედეას არავინ აწყენინებს, ჰეკატეს მარმარილოს ტაძარს ავუგებთ და მისი ქურუმი გახდება... შენი შვილები კი შენთან იქნებიან სასახლეში.
ბევრი იფიქრა იასონმა და დათანხმდა, რადგან მისი ოცნება იყო, სიკვდილის შემდეგ შვილებისთვის სამეფო ტახტი გადაეცა მემკვიდრეობით.
ერთ საღამოს იასონის ვაჟები ტაძრის მახლობლად თამაშობდნენ. მათი ყურადღება საქორწინო ცერემონიალმა მიიპყრო. გაოცებული ბავშვები უსიტყვოდ მისჩერებოდნენ სამეფოდ მორთულ მამას, რომელიც გლავკეს გვერდით იჯდა ეტლში, მერე შინ გაიქცნენ და ყველაფერი დედას უამბეს. მედეა სასახლისკენ გაეშურა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ აუყვნენ ტაძრის კიბეს გლავკე და იასონი. გამწარებულმა მათკენ გაიწია, მაგრამ ხალმა არ მიუშვა - არავის უყვარდა ბოროტი ჯადოქარი.
უბედური და გონებაარეული ქალი შინ დაბრუნდა და უფროს ვაჟს სთხოვა, მამა მოეყვანა გამოსამშვიდობებლად.
მართლაც მოვიდა იასონი და მედეას დამშვიდება სცადა: დიდხანს უმტკიცებდა, რომ არ დავიწყნია ჰეკატეს ტაძარში დადებული ფიცი; რომ ისევ ისე უყვარდა, როგორც მაშინ და რომ ასე მხოლოდ შვილების გამო მოიქცა. მაგრამ ამაო იყო ყოველივე. მედეას მისი აღარ სჯეროდა, იგი მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობდა.
შეურაცხყოფილმა ქალმა ქმარს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ყველაფერი აპატია; სკივრიდან ოქროს გვირგვინი და ლამაზად მოქარგული ძვირფასი კაბა ამოიღო, იასონს გადასცა და სთხოვა, ტანსაცმელი გლავკესთვის მიერთმია საჩუქრად, რომ მომავალში მის შვილებს კარგად მოპყრობოდნენ.
გულდამშვიდებულმა იასონმა გამოართვა საჩუქრები და სასახლისკენ გასწია. ძლიერ გაახარა ძღვენმა მეფეცა და ქალიშვილიც. კრეონმა კიდეც ინანა, იასონის დაგვიანებით შეშინებულმა, შიკრიკი რომ გაუგზავნა მედეას მკაცრი ბრძანებით, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა კორინთო. გლავკემ სასწრაფოდ მოირგო კაბა, მაგრამ უეცრად ნახშირივით გაშავდა და უსულოდ დაეცა მარმარილოს იატაკზე.
* * *
მიწაზე გართხმული მედეა ცხარედ ტიროდა, როცა მასთან შიკრიკი მივიდა და მეფის ბრძანება გადასცა. კრეონი მედეას დაუყოვნებლივ ქალაქიდან გაძევებას და მისი შვილების სასახლეში მიყვანას ბრძანებდა. გამწარებული ქალი წამოხტა და ყვირილით ეცა დაუპატიჟებელ სტუმარს. შეშინებული შიკრიკი ძლივს დაუსხლტა ხელიდან.
მედეამ აღარ იცოდა, რას სჩადიოდა. სიგიჟის ქალღმერთი ატა ჩასახლებულიყო მის არეულ გონებაში. გაგიჟებულმა დედამ ხელი დაავლო ხანჯალს და მძინარე ბავშვებს დაერია...
იმავე წამს საშინელი ქუხილი გაისმა და ქალაქის თავზე ეტლი გამოჩნდა. მას წყვილი ურჩხული მოაქროლებდა. გრიგალმა მედეა ჰაერში აიტაცა და ეტლზე დააყენა. უეცრად მიწა გაიპო და ეტლი მიწისქვეშა სამეფოში შთაინთქა.
შინ მოვარდნილ იასონს საშინელი სურათი დახვდა. დახოცილი შვილების ნახვით გამწარებული, ამაოდ ეძებდა ცოლს. მედეა არსად ჩანდა. იასონი მარტოდმარტო იყო თავის მწარე ფიქრებთან. ოქროს საწმისი, რომელსაც მისთვის ბედნერება უნდა მოეტანა, დაუსრულებელ სატანჯველად ექცა. ჯადოსნურმა ტყავმა შთანთქა ყველაფერი, რაც იასონს უყვარდა და ეძვირფასებოდა - სამშობლო, მამა, შვილები, ცოლი...
ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს ყურში აიეტის მრისხანე სიტყვები ჩაესმოდა. იქნებ, მართლაც იქ, კოლხეთში იყო ოქროს საწმისის ადგილი და ძალადობით მოტაცებულს ადამიანებისთვის დარდის მეტი არაფერი მოჰქონდა ყველა სხვა ქვეყანაში?
* * *
განვლო დიდმა დრომ. ერთ დღეს ორი იოლკოსელი ბიჭუნა წყაროსთან თხებს აძოვებდა. სანაპიროზე მათ ხომალდი შენიშნეს. ახლოს მისულებს ქვიშაში ჩაფლული ძველი გემის ჩონჩხი შერჩათ. საწყალობელი სანახავი იყო ოდესღაც ბრწყინვალე ხომალდი. მხოლოდ ძვირფასი ხისგან გამოთლილი ათენას თავი იდგა კიჩოზე უცვლელად და უსინათლო თვალებით დაჰყურებდა ბავშვებს.
ბიჭუნები გემბანზე აცოცდნენ სათამაშოდ. უეცრად მათ უცნაური სიმღერა მოესმათ და შეშინებულები ისევ ძირს ჩამოცვივდნენ, რადგან ეგონათ, ათენა მღეროდა. ბავშვებმა გაქცევა დააპირეს, მაგრამ ამ დროს გემბანზე მოხუცი გამოჩნდა. იგი ჩამქრალი ცისფერი თვალებით გაჰყურებდა სივრცეს და თითქოს ვერაფერს ხედავდა, მოულოდნელად ბიჭები შენიშნა და ძლიერ გაიხარა.
მოხუცმა ღმერთებს მადლობა შესწირა დაკარგული შვილების პოვნისთვის და ხელგაშვერილი მათკენ გაემართა, მაგრამ უეცრად გონს მოეგო და ბავშვებს ვინაობა გამოჰკითხა. როცა უთხრეს, იოლკოსელი მწყემსები ვართო, ბერიკაცი ჩაფიქრდა... ცოტა ხნის მერე კი სთხოვა, მეფე აკასტოსისთვის ეცნობებინათ, რომ იასონი სამშობლოში დაბრუნდა, რათა იოლკოსელებისთვის გაემხილა, სად შეინახა ოქროს საწმისი. მოხუცი ჩქარობდა მეფესთან შეხვედრას, რადგან მგზავრობისგან დაღლილი და დაუძლურებული იყო, ალბათ, დიდხანს ვეღარც იცოცხლებდა.
ბიჭებმა სასწრაფოდ მოაგროვეს ფარა და იოლკოსისკენ მოჰკურცხლეს. იასონმა გარს შემოუარა არგოს, იქვე ჩრდილში მიწვა და ჩაეძინა.
ზღვიდან მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალი ხომალდს ეძგერა და ერთიანად დაშალა. გემის კიჩოდან ათენასთავიანი მძიმე ბოძი გადმოვარდა, იასონს დაეცა და ისე მოკლა, ამოოხვრაც კი ვერ მოასწრო მძინარე მოხუცმა.
გვიან საღამოს, როცა მეფე ოქროს ეტლით ეახლა იასონს, იგი უსულოდ იწვა ბოძის ქვეშ. აკასტოსი სინანულით დასცქეროდა ოდესღაც ლეგენდარული გმირის ცხედარს, რომელსაც ოქროს საწმისის საიდუმლოც თან წაეღო მკვდართა საუფლოში - უსაზღვრო დარდთან, მარტოობასთან და იმედგაცრუებასთან ერთად. ამ საიდუმლოს ამიერიდან ცოცხალთა შორის ვეღარავინ ამოიცნობდა.
ამიტომაა, რომ დღემდე არავინ უწყის, სად ინახება ოქროს საწმისი.