EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბოშა ქალი / bosha qali »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2014-12-13 19:34:14
ბოშა ქალი
ბოშები უცნაური ხალხია. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან. დახეტიალებენ ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდე. მღერიან, ცეკვავენ, მკითხაობენ და, თანაც, აუცილებლად ქურდობენ. ისინი რაღაც იდუმალი, მხოლოდ მათთვის მისაღები და გასაგები კანონებით ცხოვრობენ. არად უღირთ ტყუილის თქმა, თაღლითობა, უღირსი საქციელი. შესაძლოა, ასე იმიტომაც იქცევიან, რომ იციან, ერთ ქვეყანაში დიდხანს მაინც არ დაყოვნდებიან და მათგან მოტყუებულ ან გაძარცულ ადამიანებს აღარასოდეს შეხვდებიან. სინდისის ქენჯნას შორეული, ჯერ უვალი გზების ქარიანი წვიმები ჩამორეცხავს. სამყაროს კანონები, ასეთი მყარი და მარადიული, მათი ჭრელ-ჭრელი, მტვრიანი კარვების მიღმა დარჩება - სრულიად უცნობი, გამოუსადეგარი და მიუღებელი.
ცხოვრობდა ქვეყანაზე მოხუცი ბოშა ქალი, რომელმაც ერთი პატარა გოგონა გაზარდა, სახელად კამილა დაარქვა და ბოშათა უცნაურ საიდუმლოებებს აზიარა.
გავიდა წლები და კამილა ისე დამშვენდა, ყველას თვალს სწყვეტდა მისი სილამაზე. სათნო და კეთილი გოგონა არაჩვეულებრივი გონიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც მისი ქცევა და დახვეწილი მანერები იყო. თავი ყოველთვის ისე ღირსეულად ეჭირა, პრინცესა გეგონებოდათ. ერთი სიტყვით, მისი ბადალი არამცთუ ბოშათა ბანაკში, არამედ თვით მაღალ საზოგადოებაშიც კი არ მოიძებნებოდა. მოხუცმა ბებიამ თავის მომხიბლავ შვილიშვილს გულშიჩამწვდომი ბოშური რომანსები და ცეცხლოვანი ცეკვები ასწავლა, რათა გოგონას ადვილად შესძლებოდა ფულის შოვნა.
თხუთმეტი წლისა რომ შეიქნა, ბებიამ კამილა დედაქალაქს წაიყვანა. მალე ახალგაზრდა ბოშა ქალის მშვენიერებამ მთელი მადრიდი დაატყვევა. საიდან აღარ მოდიოდნენ კამილას სიმღერის მოსასმენად მდიდარი კაბალიეროები თუ ღარიბი პოეტები. ყველას აღაფრთოვანებდა მისი ნიჭი და სილამაზე. კამილა მადრიდის ხალხმრავალ მოედნებზე მაყურებელს ართობდა ლამაზი ცეკვით, ბებია კი ჯიბეებს ოქროს მონეტებით ისქელებდა.
* * *
ერთ მშვენიერ დილას, როცა ბოშები თავიანთი ბანაკიდან გამოვიდნენ და ქალაქში წასვლას აპირებდნენ, - ზოგი სამკითხაოდ და საცეკვაოდ, ზოგი კი საქურდლად, - დაინახეს მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელი ოქროსფრად მოლაპლაპე დაშნის ტარზე ედო. ეს კეთილშობილი რაინდი ბოშებისკენ გამოემართა და კამილა და მისი ბებია განზე გაიხმო.
- ისე დამატყვევა კამილას სილამაზემ, - დაიწყო ახალგაზრდა კაცმა - რომ თავს ვეღარ ვერევი. დღისით მოსვენება დავკარგე, ღამით - ძილი. მე, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, კაბალიერო გახლავართ. ჩემი გვარი მთელ ესპანეთშია განთქმული. მშობლების ერთადერთი ძე და მემკვიდრე ვარ. მინდა თქვენი შვილიშვილი ცოლად შევირთო, ჩემი ტოლი და სწორი გავხადო, მისი ნება ჩემს ნებად გადავაქციო. წადით მადრიდში, იკითხეთ ჩემი ოჯახის ამბავი და დარწმუნდებით, რომ არც თვალთმაქცი ვარ, არც თვითმარქვია. - ახალგაზრდა კაცმა ქალებს მკერდზე მოკიაფე კაბალიეროს ორდენი აჩვენა და ასი ოქროს ესკუდო მიართვა ძღვნად.
კამილამ ყურადღებით მოისმინა ყმაწვილის აღსარება და ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ მიუგო:
- მართალია, მე ბოშა ვარ, ჩემო ბატონო, სიღარიბეში გაზრდილი უბრალო გოგო, მაგრამ ჩემს გულს ვერც საჩუქრებით მოიგებთ, ვერც ფულით, ვერც ლამაზი სიტყვებით. ჩემი ნდობა და კეთილგანწყობა არ იყიდება. ამას დამსახურება უნდა. ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლისა ვარ, მაგრამ ბევრი რამ მინახავს. სიმდიდრე სულაც არ მაინტერესებს, არც ცნობილი გვარი და მაღალი წარმომავლობა დამიბრმავებს თვალს. ჩემი გული მხოლოდ სიყვარულს დაემორჩილება. თქვენ კი სიყვარული საქმით უნდა დამიმტკიცოთ.
კამილამ მშვენიერი, კეთილი ღიმილით შეარბილა თავისი სიტყვების სიმკაცრე. კაბალიერომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლოს მაინც დუმილი ამჯობინა და თვითონაც გაუღიმა გულის რჩეულს.
- ჩემი პირობა ასეთია, - გააგრძელა კამილამ - თქვენ ბოშურად უნდა გადაიცვათ და ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იცხოვროთ, ბოშათა ადათ-წესებს დაემორჩილოთ. ამ ხნის მანძილზე მოგემსახურებით, როგორც და და მეგობარი. თუკი ორი წლის შემდეგ ასევე გენდომებათ ჩემი ცოლად შერთვა, - წამიყვანეთ. ამ დროისთვის უკვე უეჭველად მეცოდინება, რომ ჩვენ ნამდვილი გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და არა უბრალო, თუნდაც, რომანტიკული გატაცება.
რაღა დარჩენოდა კეთილშობილ კაბალიეროს?
დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესმა ესპანელ მიჯნურთათვის დამახასიათებელი გალანტურობით მიიღო სატრფოს წინადადება და დათქმულ დროს ბოშათა ბანაკში გამოცხადდა. ბოშის ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი გახუნებული ხილაბანდით წაიკრა და თავის ახალ ოჯახს, ბოშათა ბანაკს, ანდრესის სახელით გაეცნო. მან ერთადერთი პირობა დასვა - ბანაკი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აშლილიყო მადრიდიდან, რომ არავის ეცნო კეთილშობილი კაბალიერო. ბოშებსაც მეტი რა უნდოდათ, ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნას არც იყვნენ ჩვეული და ყოველგვარი სინანულის გარეშე დატოვეს მადრიდი. წინ ახალი გზები ელოდათ, ახალი მოედნები, ახალი შეხვედრები.
ოთხი დღის სიარულის შემდეგ ხმაურიანმა ბანაკმა ტოლედოსთან დაიდო ბინა.
* * *
და აი, დადგა დრო, როდესაც დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესს ისე უნდა ეცხოვრა, როგორც ბოშები ცხოვრობენ. კეთილშობილ კაბალიეროს მოსწონდა ურთიერთობა გულღია, ლაღ ბოშებთან. ამ ხმაურიან, მტვრიან ბანაკში ყველას თავისი ადგილი და მკაცრად განსაზღვრული საქმე ჰქონდა - ქალები მკითხაობდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ; კაცები კი ქურდობდნენ ქალების მიერ გამართულ ამ პატარა წარმოდგენებზე.
ბოშებსაც შეუყვარდათ ანდრესი, რომელიც ცდილობდა, მათ კანონებს დამორჩილებოდა და არასოდეს არავისთვის ეგრძნობინებინა, რომ წარმოშობით თუ აღზრდით მათზე მაღლა იდგა. ერთადერთ სერიოზულ წინააღმდეგობას ის ქმნიდა, რომ ბოშები მოწადინებული იყვნენ, ანდრესისთვის ესწავლებინათ, მათი აზრით, უმთავრესი კაცური ხელობა - ქურდობა. მაგრამ ბოშა ანდრესად წოდებულ დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესს ქურდობა არ შეეძლო. მოტყუება, თაღლითობა, სხვის ჯიბეში ხელის ფათური ანდრესის ღირსებას შეურაცხყოფდა; კეთილშობილი სისხლი, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფდა, ახალგაზრდა მიჯნურს ქურდობის ნებას არ აძლევდა; მეტიც, მას იმდენად ეცოდებოდა ბოშების მიერ გაქურდული ხალხი, რომ შეუმჩნევლად გაჰყვებოდა ხოლმე მოტყუებულ, ცხოვრებისგან ისედაც დამძიმებულ საცოდავ ადამიანს და ჩუმად ჩაუცურებდა ჯიბეში ფულს.
სიყვარული და მშვენიერ მთვარიან ღამეებში ტკბილი ოცნება ბუნებრივად უფრთხობდა ძილს ანდრესს. ასე რომ, უამრავი დრო ჰქონდა ფიქრისთვის და ჩვენმა მიჯნურმაც შესანიშნავ გადაწყვეტილებას მიაგნო, განაცხადა - სხვებთან ერთად ქურდობა არ შემიძლიაო; ბოშები ჩამოიშორა და მარტო დადიოდა ქალაქში; თან ათას რამეს ყიდულობდა, ბოშებს კი ატყუებდა, ნაქურდალიაო. ასეთი ხერხით მან ერთი თვის განმავლობაში ბოშათა ბანაკს გაცილებით მეტი რამ შესძინა, ვიდრე სხვა ბოშებმა თავიანთი სათაკილო ოსტატობით.
გადიოდა დრო, კამილა და ანდრესი შეეთვისნენ ერთმანეთს. ახალგაზრდა ქალს ხიბლავდა ანდრესის ჭკუა და გამჭრიახობა; მოსწონდა მისი გალანტურობა, გულღია და მხიარული ხასიათი. ხოლო კაბალიეროს სულს და გულს სულ უფრო მეტად იპყრობდა ბოშა ქალის მშვენიერება და სისადავე. ერთი სიტყვით, მათ შორის ნამდვილი სიყვარული იბადებოდა.
* * *
ერთხელ, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, ბოშათა ბანაკი მურსიასთან დაბინავდა. სწორედ აქ დაატყდა თავს ჩვენს გმირს უბედურება.
ანდრესი და რამდენიმე ბოშა ერთი მდიდარი ქვრივის ეზოში დასახლდნენ. ამ ქვრივს ქალიშვილი ჰყავდა, - ერთი თავნება და ქარაფშუტა გოგო, რომელსაც სახელად ლილიანა ერქვა. ლილიანას თვალში მოუვიდა ანდრესი და მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მისი ცოლი გამხდარიყო. ჰოდა, ამ ლილიანამ დრო მოიხელთა, მიირბინა თავის რჩეულთან და ჩასჩურჩულა:
- ანდრეს, მე მდიდარი ქალი ვარ, დედაჩემს ჩემს მეტი არავინ ჰყავს; ძალიან მომწონხარ, დარჩი ჩემთან და ცოლად შემირთე; მისი სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება ჩვენ დაგვრჩება, ეს კარ-მიდამოც ჩვენი იქნება; თუ სულელი არა ხარ, ხეტიალს უნდა მოეშვა და ჩემთან დარჩე.
ანდრესს არაფერში ეპიტნავა ეს უხამსი წინადადება.
- ძვირფასო, მე ბოშა ვარ და, ჩემი ხალხის ადათ-წესების თანახმად, მხოლოდ ბოშაზე მაქვს დაქორწინების უფლება. ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ დავრჩები შენთან. - მიახალა ანდრესმა ქალს ისე, რომ ოდნავადაც არ ცდილა, ცოტა თავაზიანი ფორმა მიეცა თავისი უარისთვის.
შეურაცხყოფილმა ლილიანამ გადაწყვიტა, შური ეძია ურჩ ბოშაზე. ანდრესმაც იგრძნო, რომ სასწრაფოდ თუ არ გაეცლებოდა იქაურობას, აუცილებლად რაღაც უბედურებას გადაეყრებოდა და მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ მურსია. ბანაკი აიყარა, მაგრამ გვიანღა იყო. ლილიანამ, რომელიც მიხვდა, რომ ბოშები აღარ დაყოვნდებოდნენ, ყელიდან მარჯნის მძივი მოიხსნა და ყველასგან უჩუმრად ჩააგდო ანდრესის ფუთაში.
ქალაქიდან გასულები არც იქნებოდნენ, რომ ლილიანამ საშინელი აურზაური ატეხა - გამქურდესო. მის ყვირილზე ხალხი შეიკრიბა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ბოშებს ბადრაგი დაადევნეს და მურსიაში ჩამოაბრუნეს.
ლილიანამ ანდრესს დაადო ხელი და უტიფრად იცრუა, რომ დაინახა, როგორ გაიარა მან ორჯერ მისი ოთახის კართან. ანდრესს სიცილადაც არ ეყო ეს უსაფუძვლო ბრალდება და, თავის უდაშანაულობაში დარწმუნებულმა, თამამად გაუწოდა ფუთა მდევრებს.
ჯარისკაცებმა გადმოყარეს მისი ნივთები და, თავად ანდრესის გასაოცრად, წითელი მძივი წკრიალით გაიბნა კაბალიეროს ღარიბულ ძონძებს შორის. მარჯნები სისხლის წვეთებივით ელვარებდა ჩამავალი მზის შუქზე. მოულოდნელობისგან გაქვავებული ანდრესი გაკვირვებული მიშტერებოდა მათ ავისმომასწავებელ კიაფს.
უტყუარი სამხილის დანახვით გულმიცემულმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სახეში გაარტყა კეთილშობილ კაბალიეროს, როგორც ვინმე ქურდბაცაცა ბოშას. რომელი კაბალიერო მოითმენდა ასეთ შეურაცხყოფას?!
სილამ უმალ გამოაფხიზლა ანდრესი. ერთ-ერთ ჯარისკაცს დაშნა ამოართვა ქარქაშიდან და სახე გადაუსერა შეურაცხმყოფელს. საშინელი ალიაქოთი ატყდა.
ბოშები გააფთრებით იბრძოდნენ, მაგრამ ჯარისკაცების რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა და ისინი განაიარაღეს. პატივაყრილი, დამცირებული, შეურაცხყოფილი დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესი მურსიის ციხეში გადაიყვანეს და საბოლოო განაჩენამდე ბნელ საკანში გამოკეტეს.
* * *
კამილამ შესანიშნავად იცოდა, რომ ბოშას ესპანელი ჯარისკაცის დაჭრას არავინ აპატიებდა. ვიღას არ მიმართავდნენ თხოვნით ის და მისი ბებია, ანდრესისთვის სასჯელი რომ შეემსუბუქებინათ, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ ყველა მცდელობა ამაო იყო.
ერთხელაც ბედმა ისინი ქალაქის მმართველის, კორეხიდორის, სახლში მიიყვანა. მისი მკითხაობით ნასიამოვნებმა ერთ-ერთმა სენიორამ რეკომენდაცია გაუწია კამილას კორეხიდორის მეუღლესთან, რადგან იცოდა, რომ, მიზეზთა გამო, ამ ოჯახში ძალიან წყალობდნენ ყველას, ვინც მკითხაობისა თუ ნათელმხილველობის საშუალებით შეძლებდა, იდუმალების საფარველი ჩამოეხსნა წარსულის ერთი ტრაგედიისთვის.
კორეხიდორის ცოლი კეთილი, მგრძნობიარე ქალი აღმოჩნდა. ისე ააღელვა კამილას შინაგანმა ღირსებამ, სილამაზემ და გულწრფელმა განცდამ, რომ თვითონაც ცრემლებად დაიღვარა. მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება ამ მშვენიერ ქალბატონზე მაინც მიჯნურთა რომანტიკულმა ისტორიამ მოახდინა. ბოლოს კი გულაჩუყებული გადაეხვია ბოშა გოგონას და უთხრა:
- ვისურვებდი, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ბავშვობაში გაიტაცეს ბოროტმა ყაჩაღებმა, შენ გგვანებოდა სათნოებით, გარეგნობით თუ ყველა სხვა ღირსებითო.
ამ დროს თავად კორეხიდორიც შემოვიდა. დაკარგული ქალიშვილის გახსენებამ მალული ცრემლი მოჰგვარა ოჯახის უფროსს. კამილას ახალგაზრდულმა უშუალობამაც იმოქმედა, ალბათ. სევდიანი ფიქრები აეშალა, მოლბა, გული გაუთბა და გადაწყვიტა, ყველანაირად დახმარებოდა სათნო გოგონას.
ამ სცენას კამილას ბებია ჩუმად ადევნებდა თვალყურს, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მიხვდებოდით, მისი გონება დაძაბულად მუშაობდა. თითქოს ხვდებოდა რაღაცას, თითქოს თავსაც ვერ უტყდებოდა, თითქოს ხმამაღლა თქმისაც ეშინოდა... ბოლოს, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, ჭრელი კაბის უზარმაზარი ჯიბიდან პატარა ბოხჩა ამოიღო და უსიტყვოდ გადასცა კორეხიდორს.
ძველ, გახუნებულ თავსაფარში ბავშვის სათამაშოები, ტანსაცმელი და ბარათი იყო გამოხვეული. ბარათში ეწერა: “გოგონას სახელია კონსტანსა დე ასავედრო. დედა - დიანა დე მენესისი, მამა - დონ ფერნანდო დე ასავედრო - კალატავრის ორდენის კავალერი. ბავშვი მოვიტაცე ქრისტეს აღდგომის დღეს, დილის 7 საათზე, 1595 წელს. კონსტანსას ეცვა ტანსაცმელი, რომელიც ამ ფუთაში ინახება.”
* * *
ვაი, რა ამბავი ატყდა კორეხიდორის სახლში... დონნა დიანამ იცნო თავისი შვილის ტანისამოსი, გული შეუღონდა; შემოცვივდნენ მსახურები, იყო ერთი ხვევნა-კოცნა, მილოცვები; კამილას დაუთვალიერეს ხალები, თანდაყოლილი პატარა ნიშანი მკერდქვეშ...
არავითარი ეჭვი აღარ არსებობდა - კამილა ნამდვილად დონნა დიანას და დონ ფერნანდოს დაკარგული ქალიშვილი იყო.
გაიხარა ოჯახმა. ბედნიერი იყო კამილა; ბედნიერი იყო კეთილი, მგრძნობიარე ქალბატონი დონნა დიანა; ბედნიერი იყო კორეხიდორი. ვერც კამილას ბებია მალავდა სიხარულს. თუმცა, სევდანარევი იყო ეს სიხარული. იცოდა მოხუცმა - მშობლების პოვნა საბოლოოდ დააკარგვინებდა გოგონას...
კორეხიდორს დაწვრილებით უამბეს კამილასა და ანდრესის სიყვარულის მღელვარე ისტორია. დონ ფერნანდო მეტად კმაყოფილი დარჩა ქალიშვილის არჩევანით, რადგან კარკამოსის გვარი მართლაც განთქმული იყო ესპანეთში და კორეხიდორს გულწრფელად სჯეროდა, რომ ანდრესის მაღალი წარმომავლობა და კეთილშობილება ბუნებრივად გამორიცხავდა ქურდობის ან, საერთოდ, რაიმე უღირსი საქციელის ჩადენას. ოჯახის მამას დრო აღარ დაუკარგავს, გამოემშვიდობა ცოლ-შვილს და ანდრესთან წავიდა ციხეში.
* * *
ტუსაღი იმავე ღამით გადმოიყვანეს კორეხიდორის სახლში. ბორკილებდადებული ანდრესი რომ დაინახა, კამილა გაფითრდა და პატარა დამფრთხალი ჩიტივით ჩაეკრა დედას გულში. დონ ფერნანდომ საგანგებოდ მოწვეულ მღვდელს სთხოვა, კამილასთვის და ანდრესისთვის ჯვარი დაეწერა: - მამაო, ეს ბოშები უნდა დააქორწინოთ. - ისე არხეინად თქვა კორეხიდორმა, თითქოს არ იცოდა, სინამდვილეში ვინ იყვნენ კამილა და ანდრესი.
მღვდელმა უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ბოშებს ნათლობის არავითარი საბუთი არ ჰქონდათ და, საერთოდ, ეჭვქვეშ დააყენა მათი ქრისტიანობა.
მაშინ კორეხიდორმა ბრძანა: - ეს, ალბათ, ღვთის წყალობაა, რადგან ვიდრე განაჩენს გამოუტანენ, ანდრესმა უთუოდ ჯვარი უნდა დაიწეროს. ასეთი სიტყვა მივეცი მის სატრფოს - ამ მშვენიერ გოგონას. პირობას კი ვერაფერი დამარღვევინებს. აქედან გამომდინარე, ბოშა ანდრესის სიკვდილით დასჯა გადაიდო იმ დრომდე, სანამ მისი ნათლობის საბუთს არ მოვიპოვებთ. - მერე ეშმაკური ღიმილით მიმართა ტუსაღს:
- ახლა კი, სანამ განკარგულება სასჯელის გადავადების შესახებ ძალაში შევიდოდეს, მინდა ერთი რამ შევიტყო. იქნება თუ არა კამილას ქმარი ბედნიერი იმისდა მიუხედავად, რას დაუძახებენ მას - ბოშა ანდრესს, თუ დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესს?
თავისი ნამდვილი სახელის გაგონებაზე ანდრესი სულ ერთი წამით შეკრთა, მაგრამ უმალ მიხვდა, რომ სიმართლის დამალვას აზრი არა ჰქონდა და მშვიდად მიუგო კორეხიდორს:
- გნებავთ, ანდრესი დამიძახეთ, გნებავთ, დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესი. კამილას ცოლად შერთვა იყო და არის ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება. მისი სიყვარული ყველა წოდებაზე უფრო ძვირფასია ჩემთვის. ამ შეგნებით ვცხოვრობდი მასთან შეხვედრის პირველი დღიდან და, ალბათ, ამ რწმენით მოვკვდები.
მაშინ დონ ფერნანდო, რომელსაც გვერდით ყვავილივით მშვენიერი კამილა ედგა, შეეცადა, რაც შეიძლება საზეიმო ჟღერადობა მიენიჭებინა თავისი ხმისთვის : - კეთილშობილო კაბალიერო, დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩეს, თქვენ მიერ გამოჩენილი სულიერი სიმტკიცის გამო, ცოლად გაძლევთ კამილას, ანუ დონნა კონსტანსა დე მენესის დე ასავედროს - ჩემს ერთადერთ ქალიშვილს, რომელიც არ ჩამოგივარდებათ არც კეთილშობილებით, არც გვარიშვილობით და, რაც მთავარია, არც გრძნობის სიმტკიცით!
წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ანდრესს? რაღაც ძალიან კარგი რომ ხდებოდა მის თავს, ხვდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერაფრით გარკვეულიყო, რას ნიშნავდა ეს უცნაური სიტყვები. კამილამაც არ მისცა ამოსუნთქვის საშუალება და სხაპასხუპით, ბოშების მეტყველებისთვის დამახასიათებელი მელოდიური, მჟღერი ინტონაციით უამბო სატრფოს ამ საკვირველი დღის შფოთიანი თავგადასავლები.
მართლაც, მშვენიერი და უცნაური დღე იყო - სიყვარულით, ბედნიერებით, მზით, სინათლით გაჩახჩახებული. მარტო კორეხიდორის ოჯახი კი არა, მთელი ქალაქი ზეიმობდა ამ ორმაგ სიხარულს. ყველა მოედანზე, ყველა ქუჩაზე სუფრა იყო გაშლილი. ბოშები თავიანთი სიმღერებით და ცეკვით ართობდნენ გამხიარულებულ მოქალაქეებს. კამილა და ანდრესი თავიდან ცოტა ღელავდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ - მათი ქორწილის დღეებში ქალაქში ნემსიც კი არ დაიკარგებოდა. სიძე-პატარძლის განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, არც ერთ ბოშას არათუ ხელი, თვალიც არ გაუპარებია სხვისი ჯიბისკენ.
ასე რომ, სრულიად მშვიდობიანად და ბედნიერად დამთავრდა კეთილშობილი კაბალიეროსა და მშვენიერი ბოშა ქალის რომანტიკული სიყვარულის ლამაზი ისტორია.