EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შეიქმენი უკეთესი იმიჯი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: UshiKai
თარიღი: 2014-12-23 23:57:57
პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს. ინტელექტი, გარეგნობა, ჩაცმულობა, ქცევები ჩვენს იმიჯს აყალიბებს, რომლითაც საზოგადოება ჩვენს ე.წ. „სოციალურ მეს“ აფასებს. ამ ტერმინში ყველა ის ღირებულება ერთიანდება, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვავლენთ. სოციოლოგების აზრით, იმიჯი ხელოვნურად შექმნილი შეხედულებებია, რომლებიც სუბიექტის ავტორიტეტის ამაღელბას ემსახურება. ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ არა ხელოვნურად ჩამოყალიბებულ თვისებებსა თუ ქცევებზე, არამედ იმ ადვილად შესასრულებელ ხერხებზე, რომლებიც თქვენს გარეგნულ მხარეს უფრო მეტად ეფექტურს გახდის.
ფეხსაცმელი
ხშირად გააპრიალეთ ფეხსაცმელი და მუდამ შეინარჩუნეთ სუფთა მდგომარეობაში. ალბათ გაგიგიათ, კაცის შეფასება ფეხსაცმლიდან იწყებაო. შესაძლოა, ეს მოსაზრება ოდნავ გაზვიადებულია, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ქალი ყოველთვის აქცევს ყურადღებას როგორ ფეხსაცმელს ირჩევს მამაკაცი და როგორ უვლის მას. ადამიანის შეხედულება თავიდან ფეხებამდე ფასდება, მაგრამ მხოლოდ ძვირფასი და მოხდენილი ფეხსაცმელი ქალზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, თუ ის მოვლილი და სუფთა არაა. ძირითადად, მამაკაცები ტყავის ან ზამშის ფეხსაცმელებს ატარებენ, ამიტომ ორიოდ რჩევას მოგცემთ, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ისინი პირვანდელ მდგომარეობაში.
ტყავის ფეხსაცმელზე ზრუნვა სჯობს, იმ დღიდან დაიწყოთ, როცა იყიდით. არსებობს ორგანულ გამხსნელზე დამზადებული და ემულსირებული კრემები, სხვადასხვა სახის გელი თუ სპრეი. ისინი ინდივიდუალურად, ფეხსაცმლის მიხედვით უნდა აარჩიოთ. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი გამაპრიალებლები. ეცადეთ საწმენდი საცხი თანაბრად გადაანაწილოთ ფეხსაცმელზე, ამაში ჯაგრისი დაგეხმარებათ.მტვრისგან გასაწმენდად გამოიყენეთ ჯაგრისი ან ხავერდის ნაჭერი.
რაც შეეხება ზამშს, მის მოსავლელად არსებობს ორნაირი სითხე: ხელოვნური ნატისთვის და ნატურალურისთვის. ასეთი ფეხსაცმელებისთვის კარგი იქნება თუ იხმართ სპეციალურ ან რეზინის ჯაგრისს. ლაქების მოსაშორებლად არსებობს ასეთი ხერხი: ნიშადურის სპირტს ურევენ წყალში. ამ ხსნარში დასველებული ჯაგრისით წმედენ ფეხსაცმელს და აჩერებენ ორთქლზე ცოტა ხნით.
ტანსაცმელი
ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თქვენს ტანს უხდება. სამოსი უნდა იყოს კომფორტული და მოსახერხებელი. სამწუხაროდ, ბევრი მამაკაცი ვერ არჩევს იმ ტანისამოსს, რომელიც სწორად შეესაბამება მის აღნაგობას. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჩაცმულობას და იმიჯის გაუმჯობესების საქმეში საგრძნობლად დიდ ნაბიჯს გადადგამთ. მაგალითად, სწორად არჩეული პერანგი უფრო გამხდარსა და მაღალს გამოგაჩენთ. თქვენი მხრის სიგრძე პერანგის ნაკერს უნდა ემთხვეოდეს, თუკი ნაკერი ზუსტად იმ ადგილს არ ემთხვევა, საიდანაც მკლავი იწყება, მაშინ პერანგი თქვენი ზომის არ ყოფილა.
სახის მოვლა
მზის გამოსხივება კანის დაბერების, დაავადების, ნაოჭების გაჩენისა და კიბოს პირველი გამომწვევი მიზეზია, ამიტომ კარგი იქნება თუკი გამოიყენებთ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ლოსიონს. ეს თქვენს კანს გახდის უფრო ახალგაზრდულს, ჯანმრთელს და სუფთას. ყიდვის დროს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ეტიკეტზე ეწეროს შემდეგი სიტყვები: „broad spectrum“. ეს ნიშნავს რომ აღნიშნული პროდუქტი დაგიცავთ UVA/UVB ალფა და ბეტა ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.
სხეულის ენა
თქვენს იმიჯზე პირდაპირპროპორციულად აისახება, თუ რამდენად აკონტროლებთ თქვენს არავერბალურ ქცევებს. ამ საკითხზე ბოლოს წლებში უამრავი კვლევა ჩატარდა. სხეულის ენამ შესაძლოა, უფრო მეტი ინფორმაცია გასცეს ადამიანზე ვიდრე საუბარმა. თუკი მამაკაცი დამაჯერებლად მოქმედებს და აკონტროლებს საკუთარ ქცევებს, მაშინ ის საზოგადოებაში უფრო მეტ სიმპატიას იმსახურებს. არავერბალური კომუნიკაციების მართვის უნარი უფრო თავდაჯერებულს გაგხდით. თავდაჯერებულობა კი ძალაუფლებისა და წარმატების საწინდარია. გადაჯვარედინებული ფეხები და მკლავები თავდაცვის ნიშანია და თანამოსაუბრეს არასასიამოვნოდ განაწყობს თქვენდამი. წელში მოხრილი ყოფნა კი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ მოდუნებული ხართ და თვითშეფასების დაბალ დონეზე მეტყველებს, შესაბამისად, სხვებიც არასერიოზულად აღგიქვამენ. მხრებში გაიმართეთ, სწორად დადექით და თანამოსაუბრეს თვალებში უყურეთ.
ვარცხნილობა
თმის ვარცხნილობა ყველაზე დიდ ეფექტს ახდენს ჩვენს გარეგნობაზე. სწორად შერჩეული ვარცხნილობა თქვენს იმიჯს ერთი-ორად გაზრდის, არასწორი კი პირიქით – უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. ვარცხნილობის უამრავი სტილი არსებობს, თუმცა ამათგან თქვენი შესაფერისი შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს. მთავარია, ვარცხნილობა ზუსტად მოერგოს თქვენი სახის მოყვანილობასა და ნაკვთებს. სწორი ვარცხნილობის შერჩევის პროცესში აქტიურად დაიხმარეთ პირადი დალაქი. მამაპაპური „ნანეტი“ დიდი ხანია გადავიდა მოდიდან.
ვარცხნილობის სწორად შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია თუკი კისერი ყოველდღიურად სუფთად გექნებათ გაპარსული.
თმის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემეტი შამპუნის სწორი შერჩევაა. გაითვალისწინეთ, რომ არასწორად არჩეულმა პროდუქტმა, შესაძლოა, თმა საგრძნობლად დაგიზიანოთ, გამელოტების პროცესი დააჩქაროს ან ქერტლი გაგიჩინოთ.
გადატვირთული და დამღლელი ცხოვრებისეული რუტინის პირობებში, ძნელია ყურადღება მიაქციო ყველა წვრილმან დეტალს. თუმცა, სწორედ ნიუანსები ქმნის მნიშვნელოვანს, ანუ ჩვენს გარეგნობასა და იმიჯს. სწორი გადაწყვეტილებები და ამ „პატარა“ დეტალების გათვალისწინება ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება და ჩვენი თავის დამკვიდრებასა და რეალიზებაში ნამდვილად დაგვეხმარება.