EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« განკითხვისათვის (განსჯისათვის) »
კატეგორია: რელიგიაავტორი:
თარიღი: 2013-01-24 13:58:32
მამა თევდორესთან ერთხელ ძმა მივიდა და სამი დღე დარჩა, სიტყვას ითხოვდა მისგან. მამა თევდორე დუმდა. წამოვიდა ძმა გულნაკლული. ჰკითხა მოწაფემ მამა თევდორეს: როგორ არაფერი უთხარი? ბერმა უპასუხა: სამართლიანად მოვექეცი, რადგან ვაჭარია და სხვისი სიტყვებით სურს განდიდება.
მივიდნენ ძმები მამა ფელიკისთან და სიტყვას ითხოვდნენ მისგან, ხოლო ბერი დუმდა. დიდხანს რომ ევედრებოდნენ, უთხრა: სიტყვის მოსმენა გნებავთ? დიახ, მამაო, – უპასუხეს ძმებმა. უთხრა ბერმა: აწ არ არის სიტყვა. როდესაც ძმები ბერებს ეკითხებოდნენ და მათ ნათქვამს ასრულებდნენ, ღმერთიც აძლევდა ბერებს სიტყვას. ახლა კი ეკითხებიან და ნათქვამს არ ასრულებენ. ამიტომ აიღო ღმერთმა ბერებისგან ის მადლი და სათქმელს ვეღარ პოულობენ, რადგან არავინაა შემსრულებელი. ძმებმა ეს რომ მოისმინეს, ამოიოხრეს და თქვეს: ილოცე ჩვენთვის, მამაო.
ჰკითხა ერთმა კაცმა ბერს: როგორ ვიპოვო ღმერთი – მარხვით, შრომით, ღამისთევით თუ მოწყალებით? ბერმა მიუგო: განკითხვით (განსჯით, გულისხმისყოფით) იპოვება. მრავალთ შეაჭირვეს სხეული განკითხვის გარეშე და ცარიელნი წავიდნენ, ვერაფერი ჰპოვეს. პირს მარხვით ავიყროლებთ, წმიდა წერილს ვკითხულობთ, ფსალმუნი ზეპირად ვიცით, ხოლო სიყვარული და სიმშვიდე არ გაგვაჩნია, რომელთაც ეძიებს ღმერთი ჩვენგან.
ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა.
თქვა მამა ანტონიმ: ვიხილე მონაზონნი, რომელნიც დიდი შრომის შემდეგ დაეცნენ და გულისსიტყვათა მიმოტაცებაში ჩავარდნენ, რადგან თავიანთ საქმეებზე დაამყარეს სასოება და შეურაცხყვეს უფლის მცნება: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2 სჯულ. 32,7).
თქვა ბერმა: დაეცა ერთი ძმა მძიმე ცოდვით. ამის შემდეგ შეინანა, მივიდა ბერთან და უთხრა: თუკი ვინმეს ამგვარი გულისსიტყვა მოუვა, უნდა ჰქონდეს მას ცხონების იმედი? ის ბერი არ იყო სულიერი განსჯის ნიჭის მქონე და უპასუხა: წარუწყმედია მას სული. ეს რომ მოისმინა იმ ძმამ, სასოება წარეკვეთა და სოფლად დაბრუნებას ფიქრობდა. შემდეგ თქვა გულში: წავალ, მამა სილოვანესაც შევეკითხები.
მამა სილოვანე ბრძენი, გამოცდილი და განსჯის ნიჭით უხვად დაჯილდოებული ბერი იყო; დაიწყო საუბარი წმიდა წერილიდან და თქვა: არც გულისსიტყვებისა და არც საქმეთა გამო არ დაისჯება კაცი, თუკი მთელი გულით შეინანებს, სრულიად განეშორება და აღარ მიუბრუნდება ცოდვას. ძმამ წმინდა ბერის სიტყვები რომ მოისმინა, ძალა და სასოება მოეცა და თავისი ცოდვის შესახებ მოუთხრო. ხოლო ბერმა, როგორც კეთილმა ხელოვანმა და მკურნალმა, განკურნა ის ძმა.
ამბობდა მამა სილოვანე: აჰა, სასოწარკვეთილი და სოფლად მიმავალი აწ როგორც ვარსკვლავი ბრწყინავს ძმათა შორის. ეს იმისათვის გიამბეთ, რომ სცნოთ, რა დიდი ზიანი მოაქვს განსჯის ნიჭის არმქონე და გამოუცდელ კაცთათვის გულისსიტყვათა და საქმეთა გამხელას.
პატერიკი
ცხონებისთვის არ არსებობს უფრო საიმედო გზა, ვიდრე ის, რომ საკუთარი გულისსიტყვები სულიერი განსჯის მქონე მამებს გავუმხილოთ და ვიყოლიოთ ისინი სათნოებათა მოხვეჭის გზაზე ხელმძღვანლად, არ მივდიოთ საკუთარ გულისსიტყვასა და განსჯას.
წმ. კასიანე რომაელი
კარგია ჩვენი ნაკლოვანებები სულიერ ადამიანებს გავუმხილოთ. საჭიროა, რომ მათ სიბრძნე და ცოდნა გააჩნდეთ, რათა არ გვავნონ ზედმეტი ლმობიერებით ან ზედმეტი სიმკაცრით.
წმ. ანასტასი სინელი
ყველას დაემორჩილე ყველა კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლისმოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.
წმ. ისააკ ასური
თუკი სულიერად ბრმა ადამიანი სხვებს წინამძღვრობს, ხიბლში იმყოფება და თავის მიმდევრებს დასაღუპავ თხრილში აგდებს, თანახმად უფლის სიტყვებისა: „ბრმაჲ ბრმასა თუ წინა-უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან“ (მათ. 15, 14).
წმ. სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი
ჭეშმარიტი მორჩილებისაგან ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ჭეშმარიტ სიმდაბლეს ღმრთის მოწყალება განანათლებს. არასწორი და კაცთმოთნე მორჩილებისაგან ყალბი სიმდაბლე იშვება, რომელიც ადამიანს ღმრთის ნიჭთაგან განაშორებს და სატანის ჭურჭლად აქცევს.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ცრუწინასწარმეტყველნი ნაყოფით შეიცნობიან – ცხოვრებით, საქმეებით, მათი საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებით. ნუ გაგიტაცებს ფარისეველთა ტკბილსიტყვაობა, მათი წყნარი ხმა, თითქოს სიმშვიდის, სიმდაბლისა და სიყვარულის გამომხატველი; ნუ გაგიტაცებს ის ტკბილი ღიმილი, რომელიც ბაგეებსა და სახეზე დასთამაშებთ, ის ალერსი და მაამებლობა, მათი მზერიდან რომ გამოჰკრთის; ნუ ცთუნდები იმ ხმით, რომელსაც ისინი ოსტატურად ავრცელებენ კაცთა შორის საკუთარ თავზე. ნუ მოტყუვდები იმ მოწიწებით, ქებით, ხმამაღალი სახელებით, რომლითაც ადიდებს მათ სოფელი. მათ ნაყოფს დაუკვირდი.
წმ. ნილოს სორელი
შეიძლება ვინმემ იფიქროს: თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო (ღმრთის ნების შესახებ), როგორ მოვიქცე? თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავის ნებას. ჭეშმარიტად, თუკი კაცი გულს ღმრთის ნებისკენ მიმართავს, ღმერთი ჩვილ ყრმასაც განაბრძნობს მისთვის თავისი ნების საუწყებლად. ხოლო თუ კაცს გულწრფელად არ სურს ღმრთის ნების აღსრულება, წინასწარმეტყველთანაც რომ მივიდეს, ღმერთი წინასწარმეტყველსაც მისი გამრუდებული გულის შესაბამის პასუხს ათქმევინებს, როგორც წმიდა წერილი ამბობს: „და წინაჲსწარმეტყუელი თუ სცთეს და თქუას სიტყუაჲ, მე უფალმან შევაცთუნე იგი“ (ეზეკ. 14,9).
წმ. აბბა დოროთე
რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი.
წმ. პეტრე დამასკელი
უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ.
წმ. ისააკ ასური
არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან, და უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცთუნონ და წვალებასა და გმობაში ჩააგდონ.
წმ. იოანე სინელი
დაიცავი გონება და გული ცრუმოძღვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სული წმიდა მკვიდრობს – სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეში ეშმაკის სული მკვიდრობს და მოქმედებს, იგი არის სიცრუე და მამა სიცრუისა.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ნუ თამაშობთ თქვენი ცხონებით, ნუ თამაშობთ! სამუდამო ტირილი მოგიწევთ. იკითხეთ ახალი აღთქმა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები (და არა ტერეზა, ფრანცისკო და დასავლეთის სხვა გონებაცთომილები, რომელთაც მათი მწვალებლური საკრებულო წმინდანებად ასაღებს).
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
კითხვა: მყავს მეგობარი, რომელიც მწვალებელი აღმოჩნდა. შევაგონო, რომ სწორად იაზროვნოს, თუ არა?
პასუხი: ურჩიე მართალი სარწმუნოების შეცნობა, მაგრამ ნუ ეპაექრები და ნურც იმის გაგებას მოისურვებ, თუ როგორ ფიქრობს, რომ შენ თვითონაც არ შეგეყაროს მისი სენი. თუკი იგი სარგებლის მიღებასა და ღმრთის ჭეშმარიტი სარწმუნოების მოსმენას მოისურვებს, მიიყვანე იმ წმინდა მამებთან, რომელთაც მისთვის ქრისტეს მიერ სარგებლის მოტანა ძალუძთ. ამგვარად, დაეხმარები მას და თავსაც არ ავნებ. თუკი იგი პირველი და მეორე რჩევის შემდეგ არ გამოსწორდება, მაშინ განეშორე, მოციქულის სიტყვის თანახმად (ტიტე 3,10). ღმერთს, როგორც მამები ამბობენ, არ სურს, რომ კაცი თავის ძალაზე აღმატებულ საქმეს იქმოდეს. თუკი ხედავ, – ამბობენ მამები, – რომ ვინმე მდინარეში იძირება, ხელს ნუ გაუწვდი, რომ შენც არ ჩაგიყოლოს და მასთან ერთად არ ჩაიხრჩო; კვერთხი გაუწოდე და თუკი შეძლებ მის ამოყვანას, კარგია, ხოლო თუ ვერ შეძლებ, დაუტოვე კვერთხი ხელში და შენ გადარჩები.
წმ. ბარსანუფი დიდი
თუკი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლის შემძლებელი, ჰეროდეს ხორციელად განეშორა, – ისწავლონ ამპარტავნებმა, რომ საკუთარი ნებით თავი განსაცდელში არ ჩაიგდონ, რამეთუ თქმულია: „ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, და არა რულეს მცველსა შენსა“ (ფსალმ. 120,3).
წმ. იოანე სინელი
ეშმაკები ხშირად მცირე საქმეთაგან განგვაშორებენ, რომელთაგან სარგებელს მივიღებდით, და მძიმე და ჩვენს შესაძლებლობებს აღმატებულ საქმეთა აღსრულებას მოგვიწოდებენ.
წმ. იოანე სინელი
ვინც უნებლიეთ ვარდება ცოდვაში, მან უნდა იცოდეს, რომ სხვა, წინამორბედი ცოდვა დაუფლებია, რომელსაც იგი საკუთარი ნებით ემსახურება და რომელსაც შეჰყავს იმ ცოდვებში, რომლებში ჩავარდნაც არ სურდა.
წმ. ბასილი დიდი
ვისაც სიზმრების სჯერა, იგი სრულიად გამოუცდელია; ხოლო ვინც სრულიად არ ერწმუნება მათ, იგი ყოვლად ბრძენია.
წმ. იოანე სინელი
საყვარელო, ის უკეთური მტერიც განდევნე, რომელიც გეუბნება: აღასრულე ეგ შენი გულისთქმა და კვლავ შეძლებ სინანულს, ლოცვას, მარხვასა და მღვიძარებას, კვლავ იგლოვებ და გამოაკეთებ შენ სულს. განდევნე იგი შენგან, რამეთუ მრავალთ ჰქმნეს ბოროტება და ვეღარ შეძლეს სინანული; გულისთქმანი რომ დაეუფლნენ, ვეღარ დაიხსნეს მათგან თავი, ანდა ცოდვის აღსრულებისთანავე სიკვდილი ეწიათ.
წმ. იოანე სინელი
სინდისი მხოლოდ მათ არ განიკითხავს, რომელთაც სათნოების ან ბოროტების მწვერვალს მიაღწიეს.
წმ. აბბა თალასე
მთელი ძალითა და მონდომებით უნდა ვეცადოთ სიმდაბლის მეშვეობით განკითხვის (განსჯის, გულისხმისყოფის) ნიჭი მოვიპოვოთ, რომელსაც ძალუძს ორივე მხრივ დაგვიცვას ზედმეტობისაგან. როგორც მამები ამბობენ, უკიდურესობანი ერთი მხრიდანაც საშიშია და მეორედანაც – ზედმეტი მარხვაც და მუცლის გადავსებაც, ზედმეტი მღვიძარებაც და ხანგრძლივი ძილიც, ასევე სხვა ზედმეტობები. ჩვენ ისეთებიც ვიცით, რომლებიც ნაყროვანებამ ვერ დაამარცხა, მაგრამ უზომო მარხვამ დასცა და შემდეგ ნაყროვანებაში ჩავარდნენ სისუსტის გამო, რომელიც ზედმეტმა მარხვამ გამოიწვია.
წმ. კასიანე რომაელი
სულიერი განსჯის მოპოვება ხდება წმიდა წერილის, განსაკუთრებით ახალი აღთქმისა და იმ წმინდა მამების კითხვით, რომელთა ნაწერები შეესაბამება ცხოვრების იმ წესს, რომელსაც ესა თუ ის ქრისტიანი ადგას.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
ყოველი გულისსიტყვა (აზრი), რომელიც შენში სულიერ ბრძოლას იწვევს, შენს მოძღვარს გაუმხილე და ბრძოლა შემსუბუქდება. არ დაუშვა სირცხვილის გამო რომელიმე ამგვარი გულისსიტყვის დაფარვა, რადგან დემონები ადგილს მხოლოდ იმ ადამიანში ჰპოვებენ, რომელიც მალავს თავის გულისსიტყვებს – როგორც კეთილს, ასევე ბოროტს.
წმ. აბბა ესაია
შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღსარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
წმ. ეფრემ ასური
ვერ მოვასწარი კეთილმსახური ღვაწლის დაწყება და უკვე მზვაობრობით დავსნეულდი. ვერ მოვასწარი კარიბჭეში შესვლა და უკვე შინაგან საკურთხეველზე ვოცნებობ. ჯერ ღმრთის სათნო ცხოვრება არ დამიწყია და უკვე ჩემს ახლობლებს ვამხილებ. ჯერ ვერ გავიგე, რა არის ჭეშმარიტება და სხვების მოძღვრობა მწადია. სულო ჩემო! ღმერთმა ყველაფერი მოგანიჭა – აზრი, გონება, ცნობა, განსჯა; შეიცანი რა არის შენთვის სასარგებლო. როგორ ოცნებობ სხვებისთვის ნათლის გადაცემაზე, როცა თვითონ წყვდიადში ხარ ჩაძირული? ჯერ საკუთარი თავი განკურნე, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, დაიტირე შენი სიბრმავე.
წმ. ეფრემ ასური
"გული თქვენი დე მხოლოდ უფალს ეკუთვნოდეს, და უფლის მიერ – მოყვასსაც. ამ პირობის გარეშე საშიშია ადამიანისადმი კუთვნილება. "ნუ იქმნებით მონა კაცთა” (1 კორ. 7,23) – ბრძანა მოციქულმა.
ყოველთვის ხვდებოდა ჩემს გულს წმინდა იოანე წინამორბედის სიტყვები, რომლებიც მან უფლისა და საკუთარი თავის შესახებ წარმოთქვა. ეს სიტყვები იოანეს სახარებაშია დაცული: "რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ, რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად” (იოან. 3, 29-30).
ყოველი სულიერი მოძღვარი მხოლოდ მსახური უნდა იყოს ზეციური სიძისა, [მოწაფეთა] სულები მასთან უნდა მიიყვანოს და არა თავისთან. უნდა აუწყებდეს მათ ქრისტეს უსაზღვრო, გამოუთქმელი მშვენიერების შესახებ, მისი უსაზღვრო სახიერებისა და ძლიერების შესახებ. დაე, მათ ქრისტე შეიყვარონ, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა. ხოლო მოძღვარი, დაე, დიდებული და მდაბალი (სიმდაბლით შემოსილი) ნათლისმცემლის მსგავსად გვერდით დადგეს, თავი არარაობად მიიჩნიოს, უხაროდეს მოწაფეთა თვალში მოძღვრის დაკნინება, – ეს დაკნინება მოწაფეთა სულიერი წინსვლის მანიშნებელია. სანამ მოწაფეებში ხორციელი გრძნობა ჭარბობს, მანამ დიდია მათ თვალში მოძღვარი; მაგრამ როდესაც მათში სულიერი შეგრძნება გაიღვიძებს და ქრისტე განდიდდება, ისინი მოძღვარს მხოლოდ ღმრთის კეთილისმოქმედ იარაღად შეიცნობენ.
თავი დაიცავით მოძღვრისადმი გადამეტებული, არაჯანსაღი სიყვარულისაგან. მრავალნი გაუფრთხილებლობის გამო მოძღვრებთან ერთად ეშმაკის ბადეებში გაიხლართნენ. რჩევის მიღება და მორჩილება წმინდა და ღმრთის სათნოა მანამ, სანამ ისინი ვნებიანი მიჯაჭვულობით არ არიან შებილწული. ვნებებზე დამყარებული სიყვარული ადამიანს კერპად აქცევს. ამ კერპისადმი შეწირულ მსხვერპლებს ღმერთი რისხვით განეშორება. ასე იკარგება უსარგებლოდ ცხოვრება, იღუპება კეთილი საქმეები, როგორც საკმევლის სურნელება, ძლიერი ქარიშხლისაგან გაფანტული, ან მყრალი სუნით დახშული. არანაირ კერპს არ დაუთმოთ თქვენს გულში ადგილი.
და შენც, მოძღვარო, დაიცავი თავი ცოდვიანი წამოწყებისაგან. შენდამი შემოვრდომილ სულს ნუ შეუცვლი ღმერთს შენი თავით. წმინდა წინამორბედის მაგალითს მიბაძე: მხოლოდ ის ეძიე, რომ შენს მოწაფეებში ქრისტე განდიდდეს. როდესაც იგი განდიდდება, შენ დაკნინდები. ამის დანახვისას სიხარულით აღივსე. ასეთი საქციელის შედეგად საკვირველი მშვიდობა მოეფინება შენს გულს – საკუთარ თავში დაინახავ ქრისტეს სიტყვების აღსრულებას: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლუკ. 18,14).
ნეტარ არიან ისინი, ვინც თავგანწირვით მიჰყვებიან ჭეშმარიტ სახარებისეულ სწავლებას, ვინც განაგდო სხეულისა და სულის სურვილები. დაცემული სხეულის სურვილები ცოდვიანია, ცოდვიანია აგრეთვე დაცემული სულის სურვილები, იგი ყველაფერში საკუთარი მეს განხორციელებას ეძიებს, ცდილობს იქცეს განცალკევებულ, თვითმყოფად, უპირატეს არსებად, რომლისთვისაც უნდა არსებობდეს ყოველივე. სახარება ამგვარი ცხოვრების მოკვდინებას ითხოვს, რათა კაცმა ღმერთი ღმერთად აღიაროს, ხოლო თვითონ თავისი შესაფერისი ადგილი დაიკავოს ქმნილებათა რიგში. უგუნური, მეოცნებე, სინამდვილეში არარსებული ცხოვრების მოკვდინებით შესაძლებელია ჭეშმარიტი ცხოვრება გამოცხადდეს, არსებობის გარდამატებული განცდით – ცხოვრება ღმერთში.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი