EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მიოზიტი შეიძლება ძალიან საშიშიც იყოს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-24 18:18:21

მიოზიტი შეიძლება ძალიან საშიშიც იყოს

 

ეს მდგომარეობა ბევრისთვის ცნობილია: უცებ კუნთებში ყრუ ტკივილი ჩნდება, რომელიც სწრაფად ძლიერდება და უკვე ნებისმიერი მოძრაობა ტანჯვას გვაყენებს. ასე ავლენს თავს მიოზიტი – კუნთების დაავადება, რომელსაც შეუძლია ადამიანი დიდი ხნით წყობიდან გამოიყვანოს. 
 
მიზეზები 
 
 ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ მიოზიტის მიზეზი გამჭოლი ქარია. ეს ნაწილობრივ მართალია. ხშირად მის პროვოცირებას ახდენს: გაციება, გრიპი, ქრონიკული ტონზილიტი (ნუშისებური ჯირკვლების ანთება), კუნთების ცალკეული ჯგუფების ხანგრძლივი დაძაბვა. შემთხვევითი არ არის, რომ მიოზიტს პროფესიულ დაავადებებს მიაკუთვნებენ. 
 ანთების გამომწვევი შეიძლება იყოს კუნთებში მოხვედრილი პარაზიტები, მაგალითად, ტრიქომონიაზი, ექინოკოკოზი. დაავადების ისეთი ფორმა, როგორიცაა ჩირქოვანი მიოზიტი, როგორც წესი, კუნთშიგა ინექციის გართულებაა, როდესაც კუნთებში ინფექცია ხვდება. 
 ყველაზე მეტად გავრცელებულია კისრისა და წელის მიოზიტი. 
 
კისრის მიოზიტი 
 
დაავადების სიმპტომებია: ყრუ ტკივილი, რომელიც ხშირად კისრის მხოლოდ ერთ მხარეს – მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მოიცავს. ტკივილი შეიძლება გადაეცეს კეფას, გაიაროს ყურიდან მხარში, ბეჭებს შორის ჩარჩეს. ზოგჯერ ტკივილი საფეთქლებში, შუბლის არეშიც აღმოცენდება, იშვიათ შემთხვევებში მკლავის მთელ სიგრძეზე თითებამდე ვრცელდება (მათი დაბუჟების შეგრძნებას იწვევს). 
 შესაძლებელი პრობლემები. მიოზიტის ეს ფორმა მეტად ცბიერია. თუ წაუყრუებთ ან არასწორად უმკურნალებთ, მეზობელი ხორხის, ხახის, დიაფრაგმის კუნთებს დააზიანებს. თუ ასეთი მიოზიტის დროს უცებ ხველა და ქოშინი აღმოცენდა, აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. სხვაგვარად დიდი რისკია ავავდმყოფი სულის ხუთვისგან დაიღუპოს. 
 
 წელის მიოზიტი 
 
სიმპტომები: მიოზიტის დროს ტკივილი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც წელკავის შემთხვევაში, უმეტესად ყრუ ხასიათისაა. კიდევ ერთი განსხვავება – მიოზიტის დროს ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაშიც არ ცხრება. მოძრაობის, კუნთებზე ხელით შეხების ან დაჭერის დროს ძლიერდება. 
 შესაძლებელი პრობლემები. წელის მიოზიტის ნიღბის ქვეშ შეიძლება თირკმლების დაავადებები იმალებოდეს. თუ ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში წელის ტკივილი არ გადის, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი და შარდის ანალიზის გაკეთება. 
 დერმატიული მიოზიტი 
 ეს მიოზიტის მეტად მძიმე და საკმაოდ იშვიათი ფორმაა. მას ასევე ვაგნერის დაავადებას უწოდებენ. ასეთი მიოზიტი უმეტესწილად საშუალო ასაკის ქალებს უტევს. რატომ? 
 არსებობს მრავალი მოსაზრება, მათგან ყველაზე სარწმუნო ვერსიაა გენეტიკური წინასწარგანწყობა. 
 ავად გახდომის რისკი იზრდება სტრესების, ხშირი გაციების, გადაციების და გარუჯვის დროს. დერმატიული მიოზიტის დროს, კუნთებში ტკივილის გარდა, სახის კანზე, ხელებზე, სხეულის ზედა ნაწილზე იისფერი ან წითელი ფერის გამონაყარი ჩნდება. შეიძლება შენარჩუნებული იყოს ტემპერატურა 37 გრადუსზე ცოტა ზევით. ავადმყოფი გახდომას იწყებს, სისუსტეს უჩივის. ზოგიერთ ადამიანში დაავადება (რომლის მკურნალობა საკმაოდ ძნელია) ძალიან სწრაფად პროგრესირებს, სხვებში თანდათან ვითარდება: კუნთების მოდუნება, დამოკლება, ნივთიერებათა ცვლა ირღვევა (ორგანიზმში კალციუმის მარილები გროვდება). 
 
პოლიმიოზიტი 
 
 დაავადების მეტად საშიში ფორმაა პოლიმიოზიტი, რომელიც ერთდროულად კუნთების რამდენიმე ჯგუფს უტევს. მეცნიერებმა მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ იციან. მწვავე დასაწყისში სიმპტომები ძლიერ ჰგავს ინფექციური დაავადებების ნიშნებს: ტემპერატურის მომატება, გახშირებული გულისცემა, ოფლიანობა, თავის ტკივილი და უქეიფობა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ, პირველ რიგში, მენჯისა და თეძოს კუნთები სუსტდება, ძალას თანდათან კარგავს. დასაწყისში ეს შესამჩნევია მხოლოდ მცირე დატვირთვის დროს. შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად უარესდება: ადამიანს სკამიდან და საწოლიდან დამოუკიდებლად წამოდგომა უჭირს. 
 
მკურნალობა 
 
 საბედნიეროდ, მიოზიტის მძიმე ფორმები იშვიათად გვხვდება, ხოლო მწვავე ფორმის მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს. ტკივილის შეგრძნების სწრაფად მოსახსნელად გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, გამათბობელი კრემები. მათ მხოლოდ თერაპევტი ან ნევროლოგი ნიშნავს. მდგომარეობის შემსუბუქებას ეხმარება მშრალი სითბო: ყელს შარფით იხვევენ, ზურგზე, წელსა და მუხლებზე კორსეტს ან ძაღლის ბეწვისგან დამზადებულ ქამარს, სამუხლეს იკეთებენ. ეხმარება მასაჟი – ხელის გადასმა და კუნთების მსუბუქი გაჭიმვა ეთერზეთების გამოყენებით. ზურგის ან წელის დაზიანების დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი 3–5 დღე. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფიზიოთერაპია, ელექტროფორეზი, ლაზერული თერაპია, ტალახით მკურნალობა, აკუპუნქტურა (ნემსით ჩხვლეტის სეანსები). 
 მწვავე მიოზიტს აუცილებლად ბოლომდე უნდა უმკურნალოთ. ხშირად რეციდივი ახასიათებს. კარგია სამკურნალო ტანვარჯიში – ანთებითი პროცესის შემდეგ კუნთებს საბოლოოდ აღადგენს და ამაგრებს. 
 რაც შეეხება ჩირქოვან მიოზიტს, აქ აუცილებელია ანტიბიოტიკები. 
 თუ მიოზიტის მიზეზი პარაზიტული ინფექციებია, ექიმები დამატებით ანტიჰელმინთების (ჭიების საწინააღმდეგო) პრეპარატებს ნიშნავენ. 
 მიოზიტის იშვიათ ფორმებს სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ჯგუფი მკურნალობს. 
 
პროფილაქტიკა 
 
 მტანჯველი ტკივილი თავიდან რომ აიცილოთ, მიოზიტისგან თავდაცვა ისწავლეთ. "თავდაცვის ილეთების" სწავლა განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, სახსრების დაავადებები აწუხებს. 
 გთავაზობთ მიოზიტის პროფილაქტიკის 5 მარტივ წესს. 
 1. გამკრავ ქარს მოერიდეთ. მიოზიტის პროვოცირება შეუძლია ავტომანქანაში ღია ფანჯარას, არაჰერმეტულ ფანჯრებს, საიდანაც სიო ქრის. ოთახში ან სამუშაოზე ყოველთვის ისე დაჯექით, რომ ზურგი და კისერი "განიავებისგან" დაცული იყოს. 
 2. რაციონალურად ჩაიცვით. ცივ და ქარიან ამინდში ყელზე თბილი შარფი აუცილებლად მოიხვიეთ, თბილი სამოსი ჩაიცვით. მეტროში, სავაჭრო კომპლექსში ზედა ტანსაცმელი მოიხადეთ ან გაიხსენით, რათა ქუჩაში ოფლიანი არ გახვიდეთ. 
 3. მჯდომარე სამუშაოს დროს ხშირად შეისვენეთ და ზურგისა და კისრის კუნთების მოსადუნებლად სავარჯიშოები შეასრულეთ. 
 4. გაციებას ფეხზე ნუ გადაიტანთ. უმჯობესია სამი დღე დაწვეთ, ვიდრე კვირების განმავლობაში მიოზიტს უმკურნალოთ. 
 5. სპორტს დაუმეგობრდით. შესანიშნავი ვარიანტია ცურვა.