EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - მ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:47:53

გოგოს, ქალის სახელები - მ

გოგოს, ქალის სახელები - მ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გოგოს, ქალის სახელები

მაგდალინა (ლათინური) " მაგდალელი ", " მაგდალინელი ". ერთ-ერთ წმინდანს, სახელად მარიამს, რომელიც პალესტინის ქალაქ მაგდალიდან იყო, სხვა მარიამებისაგან გასარჩევად ეწოდა მარია მაგდალინა. შემდგომში მისი ზედწოდება კათოლიკურ წრეებში ცალკე სახელად იქცა. ამ სახელის შემოკლებული ფორმებია: მაგდანა, მაგდა, მადინა, მადი. ამჟამად ისინიც დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული. ამავე სახელმა ფრანგულ ენაში მიიღო ფორმა მადლენა, რომელიც ამ სახითაც შევიდა სხვა ენებში, მათ შორის ქართულში.

მაგული (ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსგავსს " (შეადარეთ ქართული ‘მაგვარი’).

მადლენა – წარმოადგენს მაგდალინა-ს ფრანგულ ფორმას, ჩვენში ახალი ნასესხებია (შეადარეთ მაგდა, მაგდანა).

მადონა (იტალიური) " ჩემო ქალბატონო ". ასე უწოდებენ კათოლიკეები ღვთისმშობელს. ასეთივე იყო ქალისადმი ზრდილობიანი მიმართვის ფორმა, რომელიც შემდგომში პიროვნულ სახელად იქცა.

მავრა (ბერძნული) " შავი ", " შავგვრემანი ". ამოსავალია ვაჟის სახელი მავრი (ფრანგული გამოთქმით – მოვრის). მოწამეთა სახელია.

მათიკო - ქართული სახელია, მიღებული მართა-ს მოფერებითი ფორმისაგან.

მაია - ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.

მაიკო - მაია-ს, მარიამ-ის ან მაკრინე-ს საალერსო ფორმაა. ამ სახით მხოლოდ ქართულში წარმოგვიდგება.

მაისა, მაისო (ქართული) " მაისისა ", " მაისში დაბადებული ". ადრე გვხვდებოდა ვაჟის სახელადაც. აქედანაა გვარი მაისაშვილი.

მაკა - ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლების გზით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.

მაკრინე (ლათინური) " ხმელი ", " გამხდარი ". მისი მოფერებითი ფორმებია ქართულში დამოუკიდებელ სახელებად ქცეული მაიკო და მაკა, აგრეთვე მაკო.

მალი (ქართული) მოფერებითი ფორმაა მალიკო.

მამისა (ქართული) წინათ გვხვდებოდა ვაჟის სახელადაც (შეადარეთ მამია). აქედანაა გვარი მამისაშვილი.

მანანა (ძველი ებრაული) ბიბლიური სახელია, ნიშნავს " მცირეს ", " ცით მოვლენილს ", გადატანით " ზეციურ პურს " (რომელსაც ღმერთი უგზავნიდა სამშობლოდან დევნილ ებრაელებს). ქალის სახელად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში ბოლო დროს.

მანონ - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, უცნობი ეტიმოლოგიისა. ჩვენში მის გავრცელებას ხელი შეუწყო აბატ პრევოს რომანის " მანონ ლესკოს " თარგმნამ (მთარგმნელი ქეთევან ირემაძე).

მარადი (ქართული).

მარგალიტა (ლათინური) " მარგალიტი ". პირველადი ფორმაა მარგარიტ(ა), შემოკლებული – მარგო.

მარეხ (არაბული) " მარსი ". პარალელური ფორმაა მარიხ. პიროვნულ სახელებად გვხვდება ამ პლანეტის ლათინური სახელწოდებაც – ვენერა, ქართულიც – ცისკარა.

მართა (არამეული) " ქალბატონი ", " დიასახლისი ". მისი მოფერებითი ფორმაა ქართულში მათიკო. მართა ერქვა ქრისტეს მეგობრის ლაზარეს დას, მენელსაცხებლე დედას, რომელიც იხსენიება სახარებაში: " ხიყო ვინმე დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ (=სახლში) თვისა " (ლუკა 10, 38).

მარი (ძველი ებრაული) " მწარე ".

მარია - ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა მარიამ (იხ. აქვე, ქვემოთ). ეს ფორმა ქართულისათვის ნაკლებ დამახასიათებელია, თუმცა გვხვდება ჯერ კიდევ XI ს-ში: " ბრძანებისა მიერ მარადის სახსენებელისა დედოფლისა უფალა მარიამისი " (A 52, იოვანეს თავის თარგმანების სათაურში). როგორც აკადემიკოსი ელენე მეტრეველი ფიქრობს, ეს ფორმა უთუოდ ბერძნული დედნიდანაა გადმოსული (ნარკვევები, გვ. 232).

მარიამ (ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. " შეუპოვარი ", " დაუმორჩილებელი ", " უარმყოფელი " ; 2. " მწარე " ; 3. " ქალბატონი " ; 4. " საყვარელი უფლისა ". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.

მარიანა - იხ. მარინა, მარინე.

მარიკა - იხ. მარიამ.

მარინა, მარინე (ლათინური) " ზღვისა ". ლათინურად ზღვას ეწოდება მარე, რომელიც საფუძვლად უძევს ვაჟის სახელებს: მარიან, მარინ, მარი, ხოლო ამათგან შემდეგ წარმოქმნილია ქალის სახელები: მარინა||მარინე, მარიანა და სხვანი (შეადარეთ რუსული море - " ზღვა " ; მარინისტი ჰქვია მწერალს ან მხატვარს, რომლის შემოქმედების მთავარი თემაა ზღვა). ხსენებულ პარალელურ ფორმათაგან ქართულში ამჟამად ყველაზე პოპულარულია მარინა (ნასესხები სლავურიდან), თუმცა ისტორიულად უფრო ძველი და ლათინურთან ახლოს მდგომი ფორმაა მარინე.

მარო, მაშიკო, მაშო - იხ. მარიამ.

მატრონა (ლათინური) " ქალბატონი ", " დიასახლისი ".

მაყვალა (ქართული) აღნიშნავს " შავტუხას ", " შავგვრემანს ". მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია.

მეგი - მაგდას ინგლისური ფორმაა.

მედეა - ძველი ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ზმნას ‘მინდა’ (შდრ. ვაჟის სახელი მინდია) ე.ი. ნიშნავდეს " სასურველს ", თავდაპირველად კი - " გრძნეულს " (გ. როგავა). მისი მოფერებითი ფორმაა მედიკო. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, მედეა ერქვა კოლხეთის მეფის ასულს, არგონავტების წინამძღოლ იაზონის მეუღლეს (ძვ. წ. VIII ს.). არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სახელისაგან მომდინარეობდეს მეცნიერების დარგის სახელწოდება – მედიცინა.

მელანია (ბერძნული) " შავი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მაყვალა. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი – საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი ფერისა მზადდებოდა). ამავე სახელის ვარიანტებია ქართულში: მელანა, მელანო. შემოკლებით – მელო.

მელიტა (ბერძნული) " თაფლიანი ". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან (შეადაერთ კაცის სახელი მელიტონ, საიდანაც ნაწარმოებია ქალის სახელი მელიტონა, ამ უკაბნასკნელის შემოკლებით კი მიღებულია მელიტა).

მერი - მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში ახალი შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი.

მზაღო - ჩერქეზულად ნიშნავს " მოუსვენარს ", ყაბარდოულად - " სინათლეს ", " შუქს " (შეადარეთ შუქია, ნათელა, სვეტლანა, ფოტინე). ქართულში გავრცელდა ალექსანდრე ყაზბეგის " ელგუჯას " გავლენით, რომლის მთავარ გმირ ქალსაც მზაღო ჰქვია.

მზევინარი (ქართული).

მზეონა (ქართული) " მზიანი ".

მზეხათუნ (ქართული) " მზე-ქალბატონი ", " მზის მსგავსი ქალბატონი ". ამ კომპოზიტი სახელის მეორე ნაწილი ხათუნ თურქულია და " ქალბატონს " ნიშნავს. ის ქართულში ცალკეც გვხვდება ქალის სახელად. მზეხათუნ-ის შემოკლებული ფორმაა მზეხა (ახალი გააზრებით - " მზე ხარ ").

მზია (ქართული).

მზიანა (ქართული).

მზისადარ (ქართული) მისი შემოკლებული ფორმაა მზისა.

მზიულა (ქართული) მისი ვარიანტული ფორმებია: მზიული, მზიური.

მთვარისა (ქართული).

მიმოზა - თბილ ქვეყნებში გავრცელებული ყვავილოვანი მცენარის სახელწოდებაა, ქცეული პიროვნულ სახელად (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ია, ვარდო, ეძნელა...)

მინადორა (ბერძნული) " თვის ნობათი ", " თვის საჩუქარი ". იშვიათად გვხვდება პარალელური ფორმა – მინადარი.

მირანდა - შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " მირიანის ასულს " ან " ამირის (ბატონის) ასულს " ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა " გურამის ასული ", ნახეთ კიდევ ვაჟის სახელი მირზა). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.

მოკონა (ქართული) მეგრულად ნიშნავს " სასურველს " (სიტყვა-სიტყვით " გვინდა ") შეადარეთ ვაჟის სახელი მოკოდია ( " მინდოდი ").

მცინარა - იხ. - ცინარა.