EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვინ არის იტალიელი პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: gigla

თარიღი: 2016-11-15 12:28:14

ვინ არის იტალიელი პროფესორი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს და თბილისში პაციენტებს იღებს

"მე ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელიც ცხოვრობს იტალიაში და როდესაც მოვუსმინე ამ ამბავს, შოკში ჩავვარდი. ეს ეხება თითოეულ ქართველს და საქართველოს. მე ვფიქრობ, თუ თითოეული ჩვენგანი მივიღებთ მონაწილეობას ცოტათი მაინც უღირსობის და უსამართლობის აღმოფხვრაში, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას" - გვწერდა ქალბატონი წერილში, რომელიც იტალიელი ექიმის საქართველოში მოღვაწეობას შეეხება.


როგორც ირკვევა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა იტალიურმა არხმა სიუჟეტი მოამზადა (იხ. იტალიური არხის სიუჟეტი აქ), რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, საქართველოში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს. 

ფსიქოლოგიის პროფესორმა დავიდე ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. ვანონი სტამინას ფონდის Stamina Foundation-ის დამფუძნებელიცაა (ორგანიზაცია მან 2009 წელს დააფუძნა). "თერაპია" ძირითადად ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები) სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

როგორც იტალიური ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, დავიდე ვანონის მიერ ღეროვანი უჯრედის ბაზაზე დაფუძნებული მკურნალობის პერსონალური მეთოდი, არაერთგზის გადამოწმებისა და ექსპერიმენტის შემდეგ, იტალიაში უკანონოდ იქნა მიჩნეული. წარმოშობით ტურინელი ფსიქოლოგიის პროფესორი მიიჩნევს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა, შესაძლებელია ძვლის ტვინიდან ამოღებული უჯრედების ინფუზიით. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს მიერ გამოტანილი ნეგატიური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მას სამედიცინო საქმიანობა აუკრძალა, "მან ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიწყო და ისევ მიჰყო ხელი სასწაულების დაპირებას, რომლებიც არასდროს აუხდენია" - ნათქვამია სიუჟეტში.

52 წლის პაციენტი, გვარად ძიკიერი, რომელიც სიუჟეტში ვანონიზე საუბრობს, წარმოშობით ტერაჩინადანაა და ამჟამად უმბრიაში ცხოვრობს. ადრე, საათების ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ დაავადება ნელ-ნელა ყველაფერს ართმევს. როდესაც დაავადება აღმოუჩინეს, არ არსებობდა მკურნალობის მეთოდი, აღარც მომავალი, თავს მარტოსულად და მიგდებულად გრძნობდა. სწორედ მაშინ გაიცნო ვანონი.
2016 წლის დასაწყისში ძიკიერი ვანონის ფეისბუქის საშუალებით დაუკავშირდა და დაიწყო "ქართული ავანტიურა". მაისის თვეში, თბილისში, პაციენტის ძმა იმყოფებოდა, რომელმაც ძვლის ტვინი გაიღო ანდრეასათვის.

ანდრეა ძიკიერი სიუჟეტში ამბობს: "ორი ვარიანტი იყო, ან სამი ინფუზია უნდა გამეკეთებინა, რომელიც 18 ათასი ევრო ჯდებოდა, ან ხუთი - რომელიც 27 ათასი ევრო ღირდა. პრობლემა იმაშია, რომ ის მე ყოველთვის მპირდებოდა და გარანტიას მაძლევდა, რომ მკურნალობა შედეგს გამოიღებდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ არის. რეგულარულად ვეხმიანები და მეუბნება, რომ მისი პაციენტების მხოლოდ მცირე პროცენტს არ ჰქონია შედეგი. მე სხვა პაციენტებიც ვნახე, მაგრამ მკურნალობამ არც ერთ მათგანზე არ იმოქმედა".

ტურინის პროკურორის მოადგილე რაფაელე გუარინიელო, რომელმაც ვანონის ბრალი დასდო თაღლითობასა და წუნიანი მედიკამენტების დანიშვნაში და მოგვიანებით 22-თვიან სასჯელს დასთანხმდა, რომელიც საბოლოოდ პირობითი სასჯელით შეიცვალა, აღნიშნავს რომ შეთანხმება სხვაგვარი იყო. მისი თქმით, "პირობითი ითვალისწინებდა, რომ ვანონის აღარ უნდა ჩაედინა დანაშაული და არ გაეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა იტალიასა თუ საზღვარგარეთ."

"მიუხედავად ამისა, თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში, 

სადაც დაავადებისგან სასოწარკვეთილი პაციენტები, მთელი მსოფლიოდან მოდიან, ვანონი განყოფილებას ხელმძღვანელობს და ქართველ თანამშრომლებთან და თავის ერთგულ ბიოლოგ ერიკა მოლინოსთან ერთად აგრძელებს საქმიანობას, რომელიც ასევე გასამართლებულია ტურინის სასამართლოს მიერ" - ნათქვამია სიუჟეტში.

 

წყარო: ambebi.ge