EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება, მას ეტყვიან: შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-26 21:34:43

დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება, მას ეტყვიან: შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ
დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება, მას ეტყვიან: შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ
 
მთავარეპისკოპოსი ამბერკი თანამედროვე ახალგაზრდობის სამწუხარო მდგომარეობაზე საუბრისას სახარებიდან მოიხმობს ეპიზოდს, როდესაც მაცხოვარმა მკვდრეთით აღადგინა ნაინელი ქვრივის გარდაცვლილი ძე. სახარების ამ საკითხავის გააზრებისას წმინდა ბასილი დიდმა საკუთარ თავს ჰკითხა: "რამ მიიყვანა ეს ჭაბუკი ნაადრევ სიკვდილამდე?" ხოლო წმინდა ამბროსი მედიოლანელი მიუთითებს ოთხ "კუბოს მტვირთველზე", რომლებსაც ახალგაზრდების ცხედრები საფლავებისკენ მიაქვთ. მისი სიტყვით, ესენია:
1) ზედმეტი ჭამა-სმა;
2) გარყვნილება;
3) მშობლების სიურჩე და
4) აულაგმავი მრისხანება.
"ეს განსაკუთრებით მართებულია ჩვენი დროის მიმართ, როდესაც ამ ცოდვით მიდრეკილებებს არა მხოლოდ არ აღკვეთენ ახალგაზრდებში, არამედ თითქოს განგებ ხდება მათი წაქეზება-განვითარება... ეს სწორედაც განგებ კეთდება, განსაკუთრებული, სპეციალურად შედგენილი პროგრამითაც კი. ახალგაზრდა თაობის ყოველმხრივ გარყვნას თითქოსდა ვიღაც მიზნად ისახავს", - ამბობს მეუფე ამბერკი.

აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრებიან თბილისის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ირაკლი ჭინჭარაული და ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე. 

- მამა ირაკლი, ამ ბოლო დროს ტელევიზიით ხშირად გაიგებთ მოზარდთა მიერ ჩადენილ შემაძრწუნებელ დანაშაულთა შესახებ. თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე მეტად დამნაშავე?

- ბავშვი, მოზარდი მიბაძვის საოცარი უნარით გამოირჩევა, ჩვენ ვერ გავექცევით აღზრდის პროცესში მშობლების როლისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობის საკითხს. სამწუხაროდ, ყველა თანამედროვე მშობელი არ ზრუნავს შვილების ქრისტიანული აღზრდისათვის. ისინი თვითონაც იმდენად არიან გატაცებულნი თანამედროვე მოდური შეხედულებებით, რომ ნებას აძლევენ შვილებს, მათ მაგალითს გაჰყვნენ, რათა არაფრით გამოირჩეოდნენ დანარჩენი ახალგაზრდებისგან. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს ქადაგებებში, რომ ცოდვა უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ მაშინ სირცხვილად მიიჩნეოდა. დღეს კი ხდება ცოდვის ლეგალიზება, მასთან შეგუება. ეს არის სწორედ უბედურების სათავე. თანამედროვე ადამიანს დაკარგული აქვს რეალური ცხოვრების აღქმა, ამქვეყნად მოსვლის ჭეშმარიტი მიზანი და დანიშნულება. გასული საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწე სერაფიმე როუზი თავის თანამედროვე თაობას (70-იანი წლების ახალგაზრდობას) ახასიათებს, როგორც "მე"-ს თაობას. ბავშვში ეგოიზმის განვითარებას ხელს უწყობს მისი ყველა სურვილისა და კაპრიზის დაკმაყოფილება მშობლებისგან. მათი ასეთი ცრუ სიყვარულით ნაკარნახევი დათმობა და შეღავათი ბავშვს აუტანელ არსებად აქცევს, ის საკუთარ თავსაც ამძიმებს და სხვებსაც. ზოგჯერ კი ყალიბდება დამნაშავედ, რომელიც ეგოისტური მიზნების მისაღწევად არაფრის წინაშე არ იხევს უკან. 

- ყველაფერი ალბათ ცუდად გაგებული "თავისუფლების" ბრალია.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ ადამიანთა უფლებებზე, ბავშვის უფლებებზე. მაგრამ, როგორც უწმინდესი ხშირად აღნიშნავს, რისგან უნდათ ადამიანებს თავისუფლება და რისთვის, ბევრნი არ ფიქრობენ. ასეთი კანონიც კი არსებობს: ბავშვებს უფლება აქვთ, უჩივლონ მშობლებს და მაშინ სჯიან არა ჭირვეულ და თავაშვებულ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებს. 

- უწმინდესი აღმზრდელობითი როლის შესახებ აღნიშნავს, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია უნდა ზრუნავდეს, სახელმწიფო და კერძო არხებით საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი, დადებითი ღირსებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამას ნაკლები ყურადღება ექცევა.

- ტელევიზიის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში უარყოფითი თვისებების ჩამოყალიბებაში. სიყრმიდანვე ბავშვის გონება და ფსიქიკა იწამლება მულტფილმებით, როლებშიც აშკარად იგრძნობა სიმწირე აღმზრდელობითი თემატიკისა. დღეს თითქოს ბავშვი უკვე დაბერებულია, დამძიმებულია იმ უხვი ინფორმაციული ნაკადით, რომელიც საკმაოდ მღვრიეა. 

თუნდაც "სქესობრივი აღზრდა" ავიღოთ: ვის სჭირდება ეს იმათ გარდა, ვისი მიზანიცაა ადრეულ წლებსა და სიჭაბუკეში მოუწამლოს ბავშვს ცნობიერება მანკიერებისა და გარყვნილების შხამით? თვითონ უფროსი თაობა უწყობს ხელს ბავშვებში ამ დამღუპველი მანკიერებების განვითარებას. მერე კი, შედეგებით შეძრწუნებულნი, განგაშს ვტეხთ. განგაში ფუჭი იქნება, თუ მთელი საზოგადოება არ დაირაზმება უზნეო გადაცემების, კინოფილმების, სატელევიზიო შოუების წინააღმდეგ. 

- რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების მაგალითს ბავშვების აღზრდაში?

- მშობლებმა უპირველესად, თვითონ უნდა აჩვენონ შვილებს ღმერთის მცნებებისა და ქრისტეს წმინდა ეკლესიის მორჩილების მაგალითი. ამიტომ მშობლები და აღმზრდელები სათანადო სიმაღლეზე უნდა იდგნენ, პირველ რიგში, საკუთრი თავის მიმართ უნდა იყვნენ ყურადღებით, რათა ცუდი მაგალითით არ აცდუნონ და დაღუპონ შვილები, უნდა ცდილობდნენ, ავტორიტეტი ჰქონდეთ ბავშვებში. ბავშვის სული მგრძნობიარეა და ადვილად ამჩნევს განსხვავებას მშობლის სიტყვასა და საქმეს შორის. მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას. საკუთარი სულის ცხონებაზე ნაკლებად ზრუნავენ. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, მშობელი ვალდებულია, გამუდმებით თვალყური ადევნოს ბავშვის საქციელს, თანატოლთა გარემოს, ვისთან არის, რას აკეთებს, ვინ არის მისთვის მისაბაძი. ღმერთი არ გვაპატიებს შვილების მიმართ დაუდევრობას. 

- მაგრამ ხდება ისეც, რომ მშობელი ძალას არ იშურებს შვილის ქრისტიანულად აღსაზრდელად, მაგრამ ბავშვი მაინც გარემომცველი სინამდვილის გავლენის ქცეშ ექცევა. დროის სულისკვეთება საკმაოდ ძლიერია. 

- მართლაც, დღეს იმდენად კატასტროფულად გაიზარდა დედამიწაზე ცოდვა, რომ იგი ლამის ცხოვრების ნორმად დამკვიდრდეს. ერთ-ერთი უძველესი წინასწარმეტყველება გვაუწყებს, თუ რა მოხდება დედამიწაზე ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე: "დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება, მას ეტყვიან: შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ". ჩვენს გარშემო მიმდინარეობს უზნეობის პროპაგანდა, რეკლამირება, გულში კი ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ჩვენ ღვთისგან მოგვენიჭა თავისუფალი ნება, რაც ადამიანის უდიდესი ღირსებაა. ამიტომ თვითონ უნდა ავირჩიოთ გზა ჩვენი შვილების აღზრდისა. "ქართლის ცხოვრებით" - ქართული ოჯახი აგებული იყო სიწმინდეზე, უმანკოებაზე, ბავშვის აღზრდა კი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტესთან, მის წმინდა ეკლესიასთან. ადრეული ბავშვობიდანვეა საჭირო ასეთი აღზრდის დაწყება, ბავშვების მიყვანა ტაძარში და ქრისტეს წმინდა საიდუმლოებების ხშირი ზიარება. მათ უმანკო გულებს ღვთის მადლი შეეხება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უხელმძღვანელებს. გამხრწნელმა სულმა კი შებილწა ჩვენი ტრადიციები: ოჯახი, ქალწულება, უმანკოება, ღირებულებები გაუარესდა. მაგალითად ავიღოთ თუნდაც მანდილოსანთა შემოსვა. ნორმალურად შემოსილი ქალი უკვე ჩამორჩენილად აღიქმება. სირცხვილზე გამახსენდა წმინდა პირველმოწამე თეკლა. სრულიად ნორჩი პავლე მოციქულის მოწაფე ქრისტეს სჯულის აღმსარებლობისათვის წარმართებმა შეიპყრეს, აწამეს, სამოსი შემოაძარცვეს და მიატოვეს. სირცხვილით მოდრეკილი წმინდანი ფსალმუნის ამ სიტყვებს იმეორებდა: "სირცხვილმან პირისა ჩემისაგან დამფარა მე". შემდეგ მას გარეული მხეცები მიუსიეს, მაგრამ მოხდა სასწაული: მხეცებმა თავი ჩაღუნეს მისი სიშიშვლის გამო - შეარცხვინეს ამ სანახაობის მაყურებელი ადამიანები. 

- ახალგაზრდების გახშირებულ დანაშაულებათა ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად ბოლო ოცი წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონიც სახელდება.

- ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმდენად, რამდენადაც გაჭირვების გამო მშობლები იძულებულნი არიან, დილიდან საღამომდე იმუშაონ, იწვალონ, რათა დღიური ლუკმა მოუტანონ შვილებს. მათ აღარც რჩებათ დრო, ყურადღება მიაქციონ შვილებს. ზოგიერთი მშობელი უნებისყოფობის გამო ლოთობასაც კი იწყებს. ბავშვი უპატრონოდ რჩება. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ინტერნეტკაფეებს, სამორინეებს, ტოტალიზატორებს. ამ დაწესებულებებში ბავშვის გონება იკვებება აგრესიით, ძალადობით, მკვლელობებით, სისასტიკით, უშინაარსო სანახაობებით. მერე ბავშვებს უჩნდებათ სურვილი, ამ ემოციებს მისცენ გასაქანი. ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, თუმცა, ერთი მხრივ, არის მცდელობა, მიხედონ უპატრონო ბავშვებს, დაასაქმონ ისინი, დააბინაონ... მაგრამ, მეორე მხრივ, თუ არ აიკრძალა მსგავსი აზარტული დაწესებულებები, უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები, ნებსით თუ უნებლიეთ, საცდურთა მახეში გაებმებიან და ეს ჩვენს საზოგადოებას დიდ უბედურებას დაატეხს თავს. ვინც ფიქრობს უზნეო ჟურნალებისა თუ ინტერნეტკაფეების საშუალებით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდობის ცდუნებას და ამ გზით გამდიდრებას, საშინელ ღვთის რისხვას დაიტეხს თავზე ამქვეყნადაც და მარადიულ სამყოფელშიც.

სამწუხაროდ, დღეს, როგორც არასდროს, ისე გააკულტეს ფული. საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა. ახალგაზრდებისთვის უამრავი სატყუარა გამოჩნდა. ერთი მხრივ, მძიმე სოციალური ფონია, მეორე მხრივ კი, ფართო აგიტაციას ეწევა რეალითი შოუები, სადაც თურმე თვალის დახამხამებაში შეიძლება იშოვო ფული, თუ ძალიან გაგიმართლა, ბინაც და მანქანაც. ახალგაზრდის სულში იღვიძებს სიხარბის, მომხვეჭელობის, იაფფასიანი პოპულარობის სურვილი. ცდილობენ, შექმნან განწყობა, თითქოს ეს შოუები ადამიანის წარმატებას უწყობს ხელს. მთავარია მიზანთ მიზანი - ნებისმიერი გზით ფულის შოვნა. ასეთი ცხოვრება - ვაჟკაცობად, მიმტევებლობა კი სიმხდალედ, ლაჩრობად აღიქმება. არათუ ბავშვებში, უფროსი თაობის ადამიანებშიც ღრმად არის გამჯდარი...

- მამაო, სად ხედავთ გამოსავალს ამ მძიმე მდგომარეობიდან?

- გამოსავალი ერთია, მარადიული და უცვლელი, ესაა სახარებისეული აღზრდის გზა, ბავშვების ქრისტესთან და მის წმინდა ეკლესიასთან უმჭიდროესი დაახლოების გზა, როგორც მაცხოვარმა თქვა: "აცადეთ ყრმათა მაგათ მოსლვად ჩემდა", (მათე 19,14). 

მთელი ჩვენი ისტორია დაწერილია მოწამეების სისხლით. დაე, ისინი ყოფილიყვნენ მისაბაძნი ყოველი ქართველისთვის. 

KARIBCHEმასმედიის როლზე ახალგაზრდების ზნეობრივი ფორმირების საქმეში გვესაუბრება ლაზარეს აღდგინების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ხაჭაპურიძე).

- მამა დავით, მასმედიას უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია მილიონობით ადამიანი სიკეთისკენ განაწყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც შეუძლია, რომ მილიონობით ადამიანი დაღუპოს.

- ტელევიზიამ და კომპიუტერმა მოზარდის ცხოვრებიდან წიგნი თითქმის განდევნა: ძალზე მნიშვნელოვანია, რა გადაცემებს უყურებენ ბავშვები ფიზიკური და სულიერი ჩამოყალიბების პროცესში. თითოეულ გადაცემას თავისი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, იგი უნდა თავსდებოდეს ქრისტიანული ზნეობის ჩარჩოებში. სამწუხაროდ, ხშირად ეს მიუღწეველია. ის სატელევიზიო გადაცემები, რომლებიც ახლა ჩვენთან აქტუალურია, კარგა ხანია აპრობირებული იყო საზღვარგარეთ, სადაც მაინცდამაინც დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვეს. 

მდარე გემოვნებისა და ხარისხის ეს ტელეპროდუქცია ერთგვარი ტალღაა, რომლის შემოტევასაც ერმა უნდა გაუძლოს, რათა თვითმყოფადობა შეინარჩუნოს. 

შესაძლოა, ზოგიერთ წამყვანსაც არ სურდეს ამა თუ იმ გადაცემის გაძღოლა, მაგრამ არსობის პურის გამო მორალურ კომპრომისზე მიდის, ასე რომ, ეს არა მარტო ვიწრო, არამედ ფართო მასშტაბების მომცველი პროცესია და გვმართებს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ეროვნული კულტურა. მავანი ამ შოუებით ცდილობს, ადამიანის ინსტინქტური (ვიტალური) გრძნობების გაღვიძებასა და გამომზეურებას. ადამიანი თავისუფალი ნების მქონე არსებაა, თვითონ ირჩევს თავის გზას, მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდეს, თორემ ბოროტების სამსახურში აღმოჩნდება, პავლე მოციქული ბრძანებს: "ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა ვერცა მემრუშეთა, ვერცა მემთვრალეთა... თვინიერ სინანულისაო". ის ვნებები, რომლებიც ასე ბობოქრობს ადამიანში, კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტრისგან - ეშმაკისგან მოდის. ქრისტიანმა უნდა ისწავლოს ამ ვნებებთან გამკლავების ხელოვნება. ქრისტიანული აღზრდა ბავშვობიდანვე იწყება.

- ხშირად მოზარდების კერპებად იქცევიან ხოლმე რეალითი შოუების "გმირები", ტოპ-მოდელები, ზოგს გმირობა ტელეეკრანზე თუ ჟურნალის ფურცლებზე საჯაროდ გაშიშვლება ჰგონია, ზოგს - "სულით მეამბოხეობა". ნამდვილი გმირები, ღვთისა და სამშობლოს ერთგული ადამიანები კი სადღაც გაქრნენ, ისევე როგორც გაქრნენ თბილი და კეთილი ფილმები, სულიერი თვალსაზრისით ფასეული, ჯანსაღი გადაცემები...

- როდესაც მოზარდი პიროვნებად ყალიბდება, დიდი სიფრთხილეა საჭირო. 

სულით ამბოხი ღმერთის საწინააღმდეგოა, სულით ამბოხება არის ყველაფრის დაშვება, თუნდაც, სექსუალური თავისუფლებისა (ყველამ იცის, თუ რა გამანადგურებელი შედეგი მოუტანა დასავლეთის ქვეყნებს "სექსუალურმა რევოლუციამ"). ჩვენთან მომავალ თაობას დაჟინებით უკვალავენ გზას ასეთი "თავისუფლებისაკენ".

საქართველო დღეს მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი და სხვა პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ უმთავრესი საზრუნავი მაინც მომავალი თაობის სწორი აღზრდაა. ჩვენი ახალგაზრდების მიმართულების ღერძი უნდა იყოს ქრისტიანული სარწმუნოება. მიდის სკოლების კომპიუტერიზაცია. ბავშვებს მართებთ იმის გაცნობიერება, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა უმეტესად ზედაპირულია და ასეთსავე ადამიანს აყალიბებს. წიგნის კითხვის კულტურას ვერასოდეს შეცვლის. ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერთან ძალადობითა და მკვლელობით გაჯერებული თამაშებით ერთობა. ვირტუალურად ისინი დღეში ათასობით ადამიანს კლავენ, აფეთქებენ... ბავშვების უმეტესი ნაწილი არ იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს. კარგი იქნება, თუ ისინი "ვარსკვლავების" ინტიმური ცხოვრების გაცნობის მაგივრად გაეცნობიან ლევან გოთუას "გმირთა ვარამს", ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლებს"... 

ჭეშმარიტ ლიტერატურასთან ზიარებით ადამიანი ეზიარება ზნეობრივ-ესთეტიკურ ფასეულობათა სამყაროს, სწვდება ჭეშმარიტი გმირის ფსიქოლოგიას. ბავშვის ცნობიერებაში ინერგება გმირის იდეალი - ვინ უნდა იყოს მისი ფიქრის, ქცევის, ცხოვრების წარმმართველი, გზის მაჩვენებელი. უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ, აირჩიონ და თვითონ მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა. 

დღეს ერთობ პოპულარულია კომპიუტერის და ინგლისურის ცოდნა. პოლიგლოტობა კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ განათლება, ცოდნა საკუთარი ისტორიისა, ლიტერატურისა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს ეროვნული თვითმყოფადობის, ენის, კულტურის, მამულის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. მაშინ შესაძლოა, ლელთ ღუნიას სიტყვებიც კი ახდეს: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო..." იდეალმა, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპარმა გვიანდერძა, არის დამოუკიდებელი, ეროვნული პოლიტიკის წარმართვა, რომელშიც შემდგომში ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ხვალინდელი დღე მათია. 

დაე, ახალგაზრდები ლოცვას აღავლენდნენ თითოეული საქმის დაწყებისას და დამთავრებისას და დალოცვილნი ყოფილიყვნენ უფლისაგან.

მართლმადიდებელი სარწმუნოების განუხრელი დაცვა არის წინაპირობა იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა არ გადაშენდება. ამინ!
 
სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი
 
წყარო: karibche.ambebi.ge