EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქვეყანას არც კვირიკაშვილი მართავს და სამწუხაროდ, არც ივანიშვილი, როგორც ხალხს ჰგონია »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Demi
თარიღი: 2016-12-22 13:32:52
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ახალი თაობის“ კითხვებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პასუხობს.
ბატონო ჯონდი, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, პოლიტიკურ კრიზისამდეც ხომ არ მივალთ?
„ეკონომიკური კრიზისი სახეზეა და იანვრის ბოლოს, თებერვლისთვის, თუ მთავრობამ რადიკალური ზომები არ მიიღო, მოსალოდნელია სოციალური კოლაფსი და ამას შეუძლია გამოიწვიოს სოციალური აფეთქება. ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ერთი გარემოება“.
რომელი?
„მთავრობას ვერ ვატყობ, რომ რაიმე რადიკალური ზომების გატარებას გეგმავდეს. ეს ადამიანები იმასაც ვერ ხვდებიან, მდგომარეობა რამდენად რთულია. აშკარად ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ, არიან მაძღრები, თავს კომფორტულად გრძნობენ და მათ შემხედვარეს ძველი ქართული ანდაზა მახსენდება: მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო. ოპოზიციური სპექტრიც სრულიად მოუმზადებელი ხვდება ამ სიტუაციას“.
რა თვალსაზრისით?
„დღეს რომ იყოს პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლების ალტერნატივას წარმოადგენს, ის უკვე აიღებდა ძალაუფლებას ხელში ან აიძულებდა მაინც ხელისუფლებას, რომ უფრო ადეკვატური ყოფილიყო“.
ამიტომაც ხომ არ იგრძნობა ასეთი სითამამე მათ განცხადებებში, რადგან ხედავენ, რომ ალტერნატივა არ არსებობს?
„კი, სავსებით გეთანხმებით. ადამიანს, რომელსაც 5 ათასი ლარი ხელფასი აქვს და კიდევ 5 ათასი ლარი პრემია და ლაპარაკობს იმაზე, რომ ცხოვრება არ არის გაუსაძლისი, რომ ყველაფერი კარგადაა და ამ დროს ქვეყანაში ჰყავს ნახევარ მილიონზე მეტი პენსიონერი, რომელიც 160 ლარზე ცხოვრობს, მას რა უნდა ელაპარაკო?! პლუს ამას კიდევ ჰყავს 1.600.000 ადამიანი, რომელიც სოციალურ დახმარებას ითხოვს“.
როგორ ფიქრობთ, ხომ არ გადაყვება ეს ხელისუფლება ლარს?
„მთავრობა და ხელისუფლება ორი სხვადასხვა კატეგორიაა. შესაძლოა მთავრობა გადაყვეს, რისი სურვილიც მე არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს ქვეყანაში მდგომარეობას, თუმცა ხელისუფლება შენარჩუნებული იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით კი ჯამი არ იცვლება“.
ანუ მთავრობის შეცვლით არაფერი შეიცვლება?
„რასაკვირველია“.
ყველაფერი მზადდება კვირიკაშვილის შესაცვლელადო. თქვენც ასე ფიქრობთ, აქეთკენ მიდის სიტუაცია?
„შესაძლოა, სწორედ ასეთი შედეგებით დამთავრდეს ის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი, რაც ხელისუფლებამ აირჩია. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ მხოლოდ კვირიკაშვილზე გადატყდეს ეს ჯოხი. კი, ფორმალურად პასუხისმგებლობა მას ეკისრება, მაგრამ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ კვირიკაშვილმა ზედმიწევნითაც რომ იცოდეს, როგორ დაიძლიოს ეს კრიზისი, მას არ აქვს საშუალება, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“.
აბა, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ისევ ბიძინა ივანიშვილი?
„ქვეყანას არც კვირიკაშვილი მართავს და, სამწუხაროდ, არც ივანიშვილი, როგორც ხალხს ჰგონია. ქვეყანა იმართება შეერთებული შტატების საელჩოდან მოსული მესიჯებით. ეს მესიჯები მოდის იმ სახელმწიფოსგან, რომელიც არ არის დაინტერესებული აქ ეკონომიკის აყვავებით. 20 წელია ქვეყანა კოლონიას დაამსგავსეს! მათ რომ ეკონომიკის აყვავება სდომოდათ ჩვენს ქვეყანაში, აქ ერთი ამერიკული ქარხანა მაინც იქნებოდა გახსნილი. დამისახელეთ ერთი ქარხანა, რომელიც აქ ამერიკელებმა ააშენეს. ასეთი არ არსებობს! სამაგიეროდ, ააშენეს ლუგარის ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო ექსპერიმენტები“.
ძალიან ბევრს საუბრობენ ლუგარის ლაბორატორიაზე, რომ ეს ბურუსით მოცული თემაა. ასეა?
„სწორედ რომ ბურუსითაა მოცული და ასეთი ექსპერიმენტები ტარდება კოლონიურ ქვეყნებში. ისინი ჩვენ განგვიხილავენ, როგორც კოლონიას და ჩვენზე ცდებს ატარებენ! თუ ჩვენ არ მივეცით ჩვენს თავს თავისუფლება და თუ იმ ჩიტივით მოვიქეცით, რომელსაც გალიის კარი გაუღეს, მაგრამ არ უნდა გალიიდან გამოსვლა, მაშინ ქვეყანას განვითარება არ უწერია“.
სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს ტარიფი, რადგან ფასების მატება არის გარდაუვალი. ითქვა ისიც, რომ დენი გაძვირდება 2 თეთრით, ხოლო ბუნებრივი აირი _ 10 თეთრით. რა მოყვება ამას, თუ ტარიფებმაც იმატა?
„იცით, როგორი სიტუაციაა? ბევრი ვეცადე თქვენთვისო, გამომივიდა ჩემთვისო. ტარიფების ზრდა გამოიწვევს ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას. რა იწვევს ტარიფების ზრდას? რა მიზეზს ასახელებენ? ეს არის ლარის კურსის ვარდნა! და რით არის ლარის კურსის ვარდნა გამოწვეული? იმით, რომ ლარის მასა არაადეკვატურად მეტია, ვიდრე დოლარის“.
რატომ არის ასე ბევრი ლარის მასა?
„ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკა და არ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც გავიდოდა ქვეყნიდან, შემდეგ შემოდინდებოდა ვალუტა და ამით ეს დისბალანსი დაბალანსდებოდა. რატომ არის ამდენი ლარი? იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ბევრს ხარჯავს თავის ფუფუნებასა და კომფორტზე! ჩვენი ბიუჯეტის 45% იხარჯება ხელისუფლების შენახვაზე! არ შეიძლება მთავრობას ამდენი მიჰქონდეს ხალხისგან. მხოლოდ დამპყრობელი იქცევა ასე, რომ 45% ფორმალურად მიაქვს და მეორე 45% _ არაფორმალურად. მთავრობას რომ შეემცირებინა თავისი ხარჯები, ამით 500 მილიონი გამოთავისუფლდებოდა“.
ამით ეშველებოდა ჩვენს პრობლემებს?
„ამ შემთხვევაში არ გახდებოდა საჭირო აქციზების ზრდა საწვავზე, ასევე იმ განცხადებების გაკეთება, რაც გააკეთეს. ასეთი კატასტროფული ვარდნა ლარის კურსის არ იქნებოდა. 500 მილიონი ლარის შემცირება სავალუტო ბაზარზე ავტომატურად გამოიწვევდა ლარის გამყარებას. ამას კი სჭირდებოდა მთავრობის ცოტა უფრო თავშეკავებული მადა, რაზეც არ წავიდნენ! მე არ ვამბობ, რომ უხელფასოდ იმუშაონ, მაგრამ ამ ყველაფრის ოპტიმიზაცია იყო საჭირო“.
ოპტიმიზაცია ახსენეთ და სწორედ ამ მიზნით სამინისტროები ათასობით თანამშრომლის შემცირებას გეგმავენ. ეს არის გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან? ანუ ასე გაიგო ხელისუფლებამ ოპტიმიზაცია, რომ კადრები გაუშვან და არა საკუთარი ჯიბე შეათხელონ?
„ეს აბსოლუტურად არასწორი გაგებაა ოპტიმიზაციის. ის, რომ გააგდო ადამიანი სამსახურიდან და მერე ის ადამიანი უმუშევარი რომ დარჩება, განცხადება დაწეროს სოციალურ შემწეობაზე და 1.600.000 ადამიანი გაიზარდოს 2 მილიონამდე, აბსოლუტურად არარაციონალური გადაწყვეტილებაა და ნამდვილად არ გამოიღებს უკეთეს შედეგებს. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი, სადაც მთავრობა იყო შეკრებილი, როცა გამოვედი შენობიდან, გარეთ იყო მთელი საქართველოს ბიუჯეტი“.
რას გულისხმობთ? ასეთი რა ნახეთ?
„იქ მანქანები იდგა იმდენად ძვირფასი, რომ საქართველოს მთავრობა კი არა, ევროპის განვითარებული ქვეყნების მთავრობები არ აძლევენ თავს ამის უფლებას! ისინი არც დადიან ასეთი მანქანებით. ერთ მინისტრს რომ კიდევ სამი ძვირადღირებული მანქანა დასდევს, ეს რაში სჭირდებათ?! მათ ოჯახებსაც ამდენივე მანქანა ემსახურება. ვისგან იცავენ თავს?! თუ საკუთარი ხალხისგან იცავენ თავს, ეს მით უარესი. მათი საქციელი ქართული ხასიათის ყველაზე ნეგატიური მხარის გამოვლინებაა“.
საუბარია, რომ უმძიმესი ზამთარი და უმძიმესი 2017 წელი გველის. როგორია თქვენი პროგნოზი?
„უმძიმესი ზამთარი უკვე გვიდგას და საქმეს ისიც ართულებს, რომ არ ჩანს პერსპექტივა სიტუაციის გამოსწორების. იანვრის ბოლოს, თებერვალში უფრო დამძიმდება სოციალური ფონი და გამწვავდება პოლიტიკური ვითარება“.
აქციებს აანონსებენ ოპოზიციური პარტიები.
„სამწუხაროდ, ოპოზიციურ პარტიებს დღეს არ აქვთ იმდენი ავტორიტეტი, რომ აქციებზე ხალხი გამოიყვანონ და ამ ხელისუფლებას ეომონ. სამწუხაროა, მაგრამ ასეა“.