EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უსჯულოების საიდუმლო - ნეფილიმთა კვალდაკვალ »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2017-01-13 19:21:42
შინაარსი:
უცხოპლანეტელები თუ ნეფილიმები?
"... და წინასწარმეტყველებდა ენოქი, მეშვიდე ადამითგან..."
"და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს..."
ატლანდიტა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია?
"ბუმბერაზები იწოდებიან დაცემულ სულებად..."
ეშმაკის ყველაზე უდიდესი ხრიკი
ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გასაგებ ადგილად ითვლება დაბადების წიგნში გადმოცემული ამბავი "ღვთისშვილებსა" და "კაცთა ასულებს" შორის არსებულ ინტიმურ კავშირთა შესახებ, რომლის შემდეგაც ბიბლია დედამიწაზე ბუმბერაზების გამოჩენაზე, კაცობრიობის უკიდურეს გარყვნილებასა და მსოფლიო წარღვნით მის განადგურებაზე მსჯელობს, რომლისგანაც მხოლოდ კიდობანში შესული ნოე და მისი ოჯახიღა გადარჩა.
არქიმ. ნიკიფორეს "ბიბლიურ ენციკლოპედიაში" (1891 წ.) ბუმბერაზთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი "ჩაგრავდნენ და იმონებდნენ თავიანთ ძმებს და ცხოვრების საკუთარი წესით უკეთურებასა და გარყვნილებას ავრცელებდნენ ისე, რომ გაირყვნა თვით შთის მოდგმაც კი. ამიტომაც ღმერთმა წარღვნით დასაჯა ნოეს დროინდელი კაცობრიობა. როგორც წმიდა წერილიდან ჩანს (მეორე სჯლ. 3:11; რიცხვ. 13:34; 1 მეფ. 13:4), გიგანტური ზომის ადამიანები წარღვნის შემდეგაც ცხოვრობდნენ, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ, რადგან მრავალგან არის აღმოჩენილი უზარმაზარი ჩონჩხები და ძვლები, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანის ზომას ბევრჯერ აღემატებიან".
ბუმბერაზები, გიგანტები, ციკლოპები, გოლიათები, ტიტანები, ატლანტები... ყველა ესენი თითქმის სინონიმური ტერმინებია. მრავალი ხალხის მითები გვიყვებიან ძველ გოლიათებზე, რომლებიც მეგალითური მშენებლობის გასაოცარ ტექნოლოგიებს ფლობდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში მიიჩნევა, რომ სიტყვა "ატლანდიტა" წარმოსდგება - პრომეთეს ძმის, ერთ-ერთი ტიტანის სახელწოდებიდან. ტიტანები (გვიანდელ მითებში მათ გიგანტებში ურევენ) არიან ბუმბერაზები, რომლებიც მიწის ქალღმერთ გეამ შვა ცის ღმერთ ურანის სისხლის წვეთებისგან; ისინი ღმერთებისა და ადამიანების მეფეს ზევსსა და ოლიმპიური პანთეონის სხვა ღმერთებს აუმხედრდნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ქვესკნელში გადმოცვივდნენ.
წმიდა წერილის ებრაულ ტექსტში ბუმბერაზებს ნეფილიმები (nephilim) ეწოდებათ. თუმცა, წმიდა წერილში ეს ტერმინი ზოგჯერ გოლიათებს ანუ გიგანტებსაც მიეკუთვნება (რიცხვ. 13:33-34). ამ სიტყვის ძირითადი დანიშნულებაა "გამანადგურებელი, დამამხობელი", ასევე ის, ვინც სხვას რყვნის და დაცემას აიძულებს; სხვა თარგმანით - "დაცემული ადამიანები". ამიტომაც წარღვნამდელი ნეფილიმები არა მარტო გიგანტები, არამედ ღმერთს ამხედრებული და ღმრთის საწინააღმდეგო სატანური პროექტის ის მონაწილენი არიან, რომელიც მიმართულია კაცობრიობის შესაცდენად და სატანის თაყვანისცემისკენ მის წარსამართად, რაც საბოლოო ჯამში სულიერ სიკვდილს და სამუდამო წარწყმედას გამოიწვევს.
სიტყვა "დაცემული" (როგორც სიტყვა nephilim-ის შესაძლო თარგმანი) უპირველეს ყოვლისა დაცემულ ანგელოზებზე, დემონებზე მიგვანიშნებს. შესაძლოა ამის დასტური იყოს ციტატა ვ. ი. შერბაკოვის წიგნიდან "Все об Атлантиде": "პაპუასების რწმენით, უდიდესი უბედურება (მსოფლიო წარღვნა (2) ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ არა ადამიანები, არამედ ჯადოქრული თვისებების მქონე გონიერი არსებები, რომლებიც არაჩვეულებრივად ძლიერნი და გონიერნი იყვნენ. ეს ქმნილებები ("ღვთისშვილები"? ნეფილიმები? - რედ.) მითებში იწოდებიან "დემებად" - ეს სიტყვა განა ძალზედ ახლოს არ არის "დემონთა" ევროპულ გაგებასთან? (საინტერესოა აღინიშნოს რომ ქართულ ფოლკლორშიც გიგანტურ არსებას "დევი" ან "დემი" (მეგრ.) ეწოდება - რედ.).
მსოფლიო წარღვნის აღწერამდე დაბადების წიგნში (სინოდალური თარგმანი ებრაული ტექსტიდან) წერია: "როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა ("ბენ ელოხიმ" - არამ.), რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები (nephilim) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად, განსაკუთრებით კი მას მერე (სხვა თარგმანით "მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან"), როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი"(დაბ. 6:1-4).
სეპტუაგინტას (ანუ ბერძნული ტექსტის) მიხედვით, უფლის სიტყვებს ("არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ...") აქვს ასეთი სახე: "არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3). მაგრამ, ებრაულ ტექსტში (რომელსაც მთარგმნელები ამ ადგილას ბუნდოვნად მიიჩნევენ) ეს ფრაზა ბუკვალურად ასე იწყება: "არ აღშფოთდეს (არ იბრძოდეს) ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ...". სადღეისოდ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას რა გვეხსნება წარღვნამდელ კაცობრიობაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღმრთის ეს სიტყვები მიუთითებს ერთგვარ ამბოხზე, წარღვნამდელი კაცობრიობის ჯანყზე ღმერთ-შემოქმედის წინააღმდეგ; კაცობრიობისა, რომელიც რომელიღაც სატანურ პროექტსა თუ განზრახვაში მონაწილეობდა. ბიბლიის ამ ადგილის ამგვარი გაგების დამატებით მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს ის, რომ, ამ სიტყვების შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ნეფილიმებზე. ხოლო ნეფილიმებზე მსჯელობის შემდეგ ბიბლია გვამცნობს დაცემული კაცობრიობის წარღვნით მოსპობაზე: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა. ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე" (დაბ. 6:5-7).
ხოლო სიტყვებს "იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3) ზოგიერთი კომენტატორი ასეთ განმარტებას აძლევს: სული, რომელიც ღმერთმა შთაჰბერა ადამიანს, ამიერიდან უფრო ადრე დატოვებს მას, ვიდრე უწინ იყო, კერძოდ, დაბადებიდან 120 წლის შემდეგ; და ამ დროიდან ადამიანის ეს წლოვანება მაქსიმალურ ხანგრძლივობად მიიჩნევა. სხვა კომენტატორთა აზრით კი, შეუძლებელია ეს სიტყვები ადამიანური სიცოცხლის ხანგრძლივობის 120 წლამდე ჩამოწევად გავიგოთ (როგორც ფიქრობდა ამას, მაგალითად, იოსებ ფლაბიოსი, "სიძველენი" 1,3,2), რადგან ზუსტად ცნობილია, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები ჯერაც 120 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ და ზოჯგერ 500 და მეტ ხანსაც აღწევდნენ; მაშასადამე, ამ ვადაში (120 წელი) უნდა ვიგულისხმოთ ღმრთის მიერ კაცობრიობის სინანულისა და გამოსწორებისთვის დაწესებული დრო, რომლის პერიოდშიც ქადაგებდა ნოე მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა (1 პეტ. 3:20) («Толковая Библия» под ред. А. П. Лопухина). ნოე კიდობანს აშენებდა ხმელეთზე, ზღვიდან მოშორებით, რასაც უეჭველია ყველა ადამიანი ხედავდა მაგრამ სინანულით არავინ შეინანა...
რაც შეეხება ნეფილიმთა წარმოშობის იდეას, არსებობს რამოდენიმე ვერსია: ყველაზე გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით "ღმრთის შვილები", რომლებიც შედიოდნენ "ადამიანთა ასულებთან", დაცემული ანგელოზები იყვნენ, ხოლო "ნეფილიმი" ამგვარი შეუღლების შედეგია. ამგვარი გაგების მომხრეები ერყდნობიან იობის წიგნს, სადაც რამოდენიმე ადგილას ტერმინ "ღვთის შვილებში" აშკარად იგულისხმებიან ანგელოზები (იხ. მაგ.: იობი 2:1): "ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად" (იობი 2:1). სეპტუაგინტას თარგმანში "ღვთის შვილების" ნაცვლად პირდაპირ ასევე წერია: "ღმრთის ანგელოზნი".
მოცემული თვალსაზრისის მოწინააღმდეგეები სრულიად გამორიცხავენ ანგელოზებისა და კაცთა ასულების თანაცხოვრებას, და უთითებენ იესუ ქრისტეს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ მკვდართა აღდგომის შემდეგ ადამიანები "არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში" (მარკ. 12:25). მაგრამ უფალი აქ მაინც წმიდა ანგელოზთა ზეციურ ცხოვრებაზე მსჯელობს და არა დაცემულ ანგელოზთა მიწიერ "მოღვაწეობაზე".
ზოგიერთი თანამედროვე ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ დაცემულ ანგელოზებს დედამიწაზე შეუძლიათ ისარგებლონ დაცემულ ადამიანთა სხეულებით, რათა შვან ვნებიანი და გარყვნილი შთამომავლობა (როგორც არის ეს ნათქვამი დაბადების წიგნის 6-ე თავში: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5).
არსებობს ახალმოდური, "უფოლოგიური" ჰიპოთეზაც: როგორც "ნეფილიმები", ასევე "ღვთისშილები", რომლებიც დაბადების 6-ე თავში არიან მოხსენიებულნი, არიან უცხოპლანეტელები, რომლებიც მრავალი საუკუნის წინათ ჩამოვიდნენ დედამიწაზე და კაცობრიობას პირამიდების აშენება და სხვადასხავ მეცნიერებანი ასწავლეს. ეს ჰიპოთეზა ეყრდნობა ე. წ. პალეოკონტაქტის თეორიას, რომლის მიხედვითაც კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის ძეგლებში დარჩა კოსმიური სტუმრების ჩამოსვლის ნაკვალევი. ამ თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ თითქოსდა უცხოპლანეტელებმა პირამიდებსა და სხვა თავის ქმნილებებში დაშიფრეს ერთგვარი საიდუმლო ინფორმაცია.
საერთოდ ფანტაზიები ამ თემაზე უხვად მოიპოვება. ერთ-ერთი ვერსიით, უცხოპლანეტელები ჯერ მოფრინდნენ დედამიწაზე, ააშენეს პირამიდები და სხვა იდუმალი ობიექტები, შემდეგ კი სასწრაფოდ გაფრინდნენ, ან ისინი თვით დედამიწელებმა გაანადგურეს. მაგრამ არსებობს ასეთი ვარიაციაც: უცხოპლანეტელებმა გაანადგურეს დედამიწელთა ცივილიზაცია, რომლებმაც ააშენეს პირამიდები, და რომ დღევანდელი კაცობრიობა იმ უცხოპლანეტელთა შთამომავლობას წარმოადგენს (საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ვერსიებს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, მისდევენ ილუმინატები. მათი აზრით დედამიწაზე სიცოცხლე უცხოპლანეტელებმა ჩამოიტანეს. საკმაოდ მკაფიოდ არის ეს ნაჩვენები რიდლი სკოტის ფილმში "პრომეთე" - რედ.).
საეკლესიო მოძღვრები და მართლმადიდებელი ავტორები "უფოლოგიურ" განმარტებებთან დაკავშირებით გვაფრთხილებენ, რომ "არამიწიერი ცივილიზაციებისა" და "პარალელური სამყაროების" წარმოგზავნილები, რომლებიც წარმოუდგებოდნენ ადამიანებს სხვა არავინაა თუ არა დაცემული ანგელოზები, დემონები ანუ ეშმაკნი. ეს თემა კარგად არის განმარტებული მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის წიგნში "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია".
"კონტაქტები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან, - წერს სერაფიმ როუზი, - სხვა არაფერია, თუ არა ოკულტური ფენომენების თანამედროვე ფორმა, რომელიც მრავალი საუკუნეა რაც არსებობს. ადამიანები განუდგნენ ქრისტეანობას და "მაცხოვარს" უკვე კოსმოსიდან ელიან; სწორედ ამიტომაც იძლევა ეს ფენომენი უცხოპლანეტელთა ხომალდებისა და უცხოპლანეტელების სახეებს. მაგრამ რას წარმოადგენს თვით ფენომენი? ვინ და რა მიზნით მუშაობს ამ სპექტაკლების დადგმაში?
ზოგიერთების შეტყობინება ამო-ს შესახებ ან ფალსიფიკაციაა, ან კიდევ ჰალუცინაციის შედეგი; მაგრამ ყველაფრის უკუგდებაც არ შეიძლება, რადგან არსებობს მრავალი ათასი ნამდვილი შეტყობინება. თანამედროვე მედიუმთა და სპირიტისტულ ფენომენთა უმეტესობაც თაღლითობაა, მაგრამ თვით მედიუმური სპირიტიზმი, გაუყალბებელი სახით, უეჭველად იწვევს რეალურ "პარანორმალურ" მოვლენებს დემონთა ზეგავლენით. ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა ფენომენსაც იგივე წარმომავლობა აქვს, რაც ამ "პარანორმალურ" მოვლენებს და არა ნაკლებად რეალურია ვიდრე თვით სპირიტული სეანსები...
დემონებსაც გააჩნიათ "ფიზიკური სხეულები", ოღონდ მათი "მატერია" იმდენად სიფრიფანაა, რომ უხილავნი არიან კაცთათვის, თუ ამ უკანასკნელთ მათი სულიერი ღვაწლის შედეგად ღმერთი არ გაუხნის სულიერ მხედველობას და ამ დემონების ჭეშმარიტ არსს არ დაანახებს. ასეთი ჭვრეტისა და ხედვის მადლი ჰქონდათ მეუდაბნოვე წმიდა მამებს.
მართლმადიდებლური ლიტერატურა დემონთა გამოცხადების მრავალ მაგალითს გვაძლევს, რომელიც ზუსტად თავსდება ამო-ს სქემაში: "სხეულებრივი" და "შეგრძნებადი" არსებების დანახვა (ეს იქნებიან თვით დემონები თუ ილუზორული წარმოსახვები), რომლებიც მყისიერ ღებულობენ "მატერიალურ" სახეს და ასევე მყისიერ უჩინარდებიან, ყოველთვის იქმან ამას ადამიანთა დასაშინებლად და წარსაწყმედად. IV საუკუნის წმიდა მამის, ანტონი დიდისა და III საუკუნის წმიდა მამის, ყოფილი მოგვისა და ჯადოქრის, კვიპრიანეს ცხოვრებანი აღსავსეა მსგავსი შემთხვევებით...
ნათელია, რომ დღეს გამოჩენილი "მფრინავი თეფშები" სრულიად თავსდებიან დემონური "ტექნიკის" ჩარჩოებში; და მართლაც, ამ მოვლენებს უკეთესი ახსნა არც გააჩნიათ... "ამოუცნობ" ობიექტთა მიზანი ამგვარ კონტაქტებში სრულიად ნათელია: თვითმხილველში აღძრან "იდუმალი მოვლენისადმი" შიში და ძრწოლა და წარუდგინონ მას "არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობის" "უდავო მტკიცებულებები" და ამგვარი სახით უზრუნველჰყონ ის იდეოლოგია, რომლის გადმოცემასაც აპირებენ უსჯულოების ძეთა მეშვეობით...
ცხადია, ადამიანს არ შეუძლია ყოველმხრივ ახსნას ანგელოზთა და დემონთა უხილავი სამყარო; მაგრამ ჩვენ მოგვეცა საკმარისი ქრისტეანული ცოდნა, რათა გავიგოთ როგორ მოქმედებენ ეს არსებები ჩვენს გარშემო და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ ქმედებებს, განსაკუთრებით კი როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მათ მზაკვრობებს".
"... და წინასწარმეტყველებდა ენოქი, მეშვიდე ადამითგან..."
განმარტება, რომლის მიხედვითაც, დაბადების 6-ე თავში მოხსენიებული "ღმრთის შვილები" ანგელოზები არიან, ფართოდ იყო მიღებული ქრისტეანული ეპოქის პირველ საუკუნეებში. ასეთი გაგება მიღებული იყო როგორც იუდეველი კომენტატორების (ფილონი), ასევე ეკლესიის ისეთი ადრინდელი მამების მიერაც, როგორებიც იყვნენ: წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, ნეტ. ირინეოსი, ათენაგორა, ტერტულიანე, კლიმენტ ალექსანდრიელი, წმ. ამბროსი მედიოლანელი.
მაგრამ IV საუკუნიდან საეკლესიო ლიტერატურაში გავრცელდა ბიბლიის ამ იდუმალებით მოცული ადგილის სხვაგვარი გაგება: "ღმრთის შვილები" - არიან ადამისა და ევას მესამე შვილის, ღვთისმოსავი შეთის, ენოქისა და ნოეს წინაპრის შთამომავლები. ხოლო "ადამიანთა ასულები" - ადამისა და ევას პირველი შვილის, ძმისმკვლელი კაენის ცოდვილი შთამომავლები. ასე განმარტავენ ამ ადგილს წმ. იოანე ოქროპირი, ეფრემ ასურელი, ნეტ. თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ. იერონიმე და ნეტ. ავგუსტინე.
ადრინდელ ქრისტეანებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ენოქის წიგნი, რომელიც ახლა აპოკრიფად ითვლება. ამ წიგნიდან ჩანს, რომ "ღვთის შვილები" იყვნენ "ანგელოზები, რომლებიც ციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადამიანთა შვილებს ასწავლეს ის, რაც დაფარული იყო მათთვის, და ცოდვათა ჩასადენად წააქეზეს ადამიანთა შვილები" (ენოქი 10:64). ანგელოზები (რომლებიც ენოქის წიგნსი "ცის დარაჯებად" იწოდებიან) დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ მათ მიერ ცთუნებულ ადამიანთა ასულებთან და ასწავლეს მათ ჯადოქრობა (მაგია), ასტროლოგია, შეფუცვები, ათასგვარი "ანგელოზური საიდუმლონი" და "დემონური ძალმოსილებანი" (სხვა თარგმანის მიხედვით - გამოგონებანი), რის შედეგადაც დედამიწაზე "გაჩნდა უდიდესი უკეთურება" (ენოქი 2:15).
ვ. პ. ვიხლიანცევის "ბიბლიურ ლექსიკონში" მითითებულია, რომ მართალი ენოქი, რომელიც "მეშვიდე იყო ადამითგან, ამხელდა მის თანამედროვე მსოფლიოს და მომავალი სამსჯავროს შესახებ აფრთხილებდა. ენოქი ღმერთმა აიყვანა ცაში ისე, რომ მას სიკვდილი არ განუცდია. ძველი მწერლები მას პირველ მეცნიერად მიიჩნევდნენ, რომელმაც გამოიგონა დამწერლობა, ანგარიში, და დასაბამი მისცა ასტრონომიას. ქრისტეს შობამდე II საუკუნედან ქრისტეს შობის, ანუ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნემდე, ფართოდ იყო ცნობილი წიგნი მისი სახელწოდებით, რომელიც ბიბლიის კანონში არ შევიდა. ეს წიგნი XVIII საუკუნეში იპოვეს აბისინიაში (ამჟამინდელი ეთიოპია). აღმოჩნდა, რომ ენოქის წინასწარმეტყველება, რომელიც გადმოცემულია წმ. მოციქულ იუდას ეპისტოლეში (იუდ. 14-15) სიტყვასიტყვით არის აღებული ამ წიგნიდან, სადაც ენოქისა და ნოეს პირით ლაპარაკია სამყაროზე, რომელსაც ღმერთი მართავს, მესიის (ქრისტეს) პიროვნებასა და ღვაწლზე, ასევე უკანასკნელ სამსჯავროზე. ეკლესიის მამები თითქმის ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ენოქი და ილია არიან სწორედ ის ორი ზეთისხილი და სასანთლე, რომლებზეც ლაპარაკია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (გამოცხ. 11:3-12).
ენოქის წიგნს იმოწმებდნენ კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე, ასევე ბარნაბას არაკანონიკური ეპისტოლეს ავტორი; ეს უკანასკნელი ენოქის წიგნს წმიდა წერილის ნაწილადაც კი მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, წმიდა წერილის კანონის ჩამოყალიბების დროს, ენოქის წიგნის ავტორიტეტი ჩაქრა, ტექსტი კი დაიკარგა. ის ხელმეორედ მხოლოდ 1773 წელს იპოვეს ეთიოპიურ (ამხარა) ენაზე, ორმაგი თარგმანით არამეულიდან ანუ ძველებრაულიდან ბერძნულ ენაზე, სამაგიეროდ მთლიანად, რაც უდიდესი იშვიათობაა. ამის შემდეგ ახმიმში (ეგვიპტე) გათხრების დროს იპოვეს ბერძნული ტექსტის ორი დიდი ფრაგმენტი, ხოლო ყუმრანში (პალესტინა) - არამეული ფრაგმენტების უამრავი რაოდენობა. მათი შედარება შესაძლებლობას იძლევა ეთიოპიურ ენაზე არსებული ტექსტი აუთენტიურად მივიჩნიოთ. ენოქის წიგნის რუსული თარგმანი გერმანულიდან შეასრულა და კომენტარები დაურთო დეკანოზმა ალექსანდრე სმირნოვმა. წიგნი გამოქვეყნდა 1888 წ. ყაზანში.
ახალ აღთქმაში ენოქის წიგნზე ირიბად უთითებს წმ. მოციქული პეტრე: "რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე. 2:4). ის, რომ აქ მხედველობაშია ანგელოზთა ის დაცემა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის წარღვნამდელ პერიოდში მოხდა, დასტურდება მოციქულის იმ სიტყვებით, რომლის თანახმადაც "თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას" (2 პეტრე. 2:5)
მოციქული იუდაც ამბობს, რომ "ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს" (იუდ. 5-6). სწორედ ამგვარ გამონათქვამებშია წარმოდგენილი ეს თემა (ანგელოზთა დაცემა და დასჯა) ენოქის წიგნშიც, რომლის ციტირებისას მოციქული იუდა მომდევნო მუხლებში წერს: "მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი" (იუდ. 14-15).
"და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს..."
ენოქის წიგნის მიხედვით, დაცემულმა ანგელოზებმა, რომლებიც საკუთარი ამპარტავნებით ისე იქცეოდნენ, "თითქოსდა თანასწორნი ყოფილიყვნენ ღმრთისა" (ენოქი 11:33), ადამიანებს არა მარტო მაგია, ჯადოქრობა და ასტროლოგია ასწავლეს (ანუ ყოველივე ის, რაც ამჯერად არსებობს ინდუიზმში, ბუდიზმში, კრიშნაიზმსა და სხვა "აღმოსავლურ რელიგიებსა და სულიერ პრაქტიკებში", არამედ თეოსოფიაშიც, მასონობასა და სხვა ოკულტური სწავლებებში, რომლებიც "დაფარულ სიბრძნედ", "საიდუმლო ცოდნად" თუ "ტიბეტელი ლამების საიდუმლოებებად" და ა. შ. იწოდება), არამედ სხვა მრავალ "პრაქტიკული გამოგონება" და "ხელოვნებანიც". აი ზოგიერთი მათგანი: "მელნით წერა და ქაღალდის გამოყენება", მეტალების მოპოვება და დამუშავება, იარაღის წარმოება, სამხედრო "ხელოვნება", "ფესვების ამოცნობა" (რომელიც, როგორც ჩანს, მიმართულია არა ჯანმრთელობისკენ, არამედ მაგიასთან შეერთებულ ნარკომანიისკენ), აბორტები, კოსმეტიკა, მორთულობა და მრავალი სხვა.
ენოქის წიგნში მოტანილია დარაჯ-ანგელოზთა სახელებიც (1) და მითითებულია, თუ რა ასწავლა ყოველმა მათგანმა ადამიანებს: "და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს მახვილის, დანების, ფარებისა და მახვილების გამოდნობა (აი, საიდან იღებს თავის დასაბამს ყოველგვარი საომარი იარაღის დამზადების ხელოვნება) და ასწავლა მათ ხედვა იმისა, რაც მათ უკანაა (ახლა ამას - "პარანორმალურ უნარებს" უწოდებენ); ასწავლა აგრეთვე სამაჯურებისა და ათასგვარი მორთულობების ("ბიჟუტერიის") კეთება; ასწავლა ფერ-უმარილის გამოყენება და ყოველგვარი კოსმეტიკა, ძვირფასი და ლამაზი ქვებით მორთვა-მოკაზმვა, ფერად-ფერადი ტანისამოსით თავმოწონება და მიწის მეტალების გამოყენება. ამისგან წარმოიშვა უამრავი უკეთურება და მრავალი უჯერო საქმე, და სცოდავდნენ ადამიანები, და მათი გზები ძლიერ გაირყვნა" (შეად. დაბ.: 6: 5 და 11-12: "დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უსჯულოებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი გულისთქმა. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე").
___________
შენიშვნა 1: "სემიაზა, მათი მეთაური, ურაკიბარამელი, აკიბეელი, ტამიელი, რამუელი, დანელი, ეზეკეელი, სარაკუიალი, აზაზელი, ბატრაალი, ანანი, ცაკებე, სამსავეელი, სართაელი, ტურიელი (სხვა ვერსიით "ტარიელი" - რედ.), იომიაელი, არაზიაელი ორას ანგელოზთა მეთაურნი, და სხვა ყველანი იყვნენ მათთან ერთად". ენოქი. 2:7).
___________
ამეზარაკმა ადამიანებს ყოველგვარი შეფუცვა და ფესვების ამოცნობა გაანდო, არმაროსმა - წყევლათა განხსნა, ბარაკალმა - ვარსკვლავთმრიცხველობა, კოკაბელმა - ნიშების ამოცნობა; თემელმა ვარსკვლავთა დაკვირვება, ხოლო ასტრადელმა - მთვარის მოძრაობის გაანგარიშება" (ენოქი 2:14-16).
დარაჯმა-ანგელოზმა სახელად კაშდეა (კასდეა) "ადამიანებს აჩვენა სულთა და დემონთა ბოროტი დარტყმები (აი, საიდან მოდის "გათვალვა", "წახდენა", "გაფუჭება", სამხედრო მაგია, აღმოსავლური ორთაბრძოლები და სხვა), და შობის დარტყმები დედის საშოში, რათა განთავისუფლებულიყვნენ მისგან (აქ უკვე ლაპარაკია აბორტებზე, "მშობიარობის ხელოვნურ შეწყვეტაზე", არსებითად კი ყრმათა კვლის უმძიმეს ცოდვაზე), და სულთა დარტყმები, გველთა ნაკბენები (შხამები?), და დარტყმები, რომლებიც შუადღეს აღესრულება".
დარაჯმა პენემემ "ადამიანთა შვილებს მწარისა და ტკბილის გარჩევა ასწავლა და აჩვენა მათ სიბრძნეთა საიდუმლოებანი. მანვე ასწავლა ადამიანებს მელნისა და ქაღალდის გამოყენება, და ამ გზით მრავალმა შესცოდა საუკუნითგან და დღემდე სცოდავს. რადგან ადამიანები შეიქმნენ არა იმისთვის, რათა მათ ამგვარი სახით, საწერ-კალმებითა და მელნით დაადასტურონ მათი ერთგულება (ანუ მართალი სიტყვა)" (ენოქი 11:42-44).
დაცემულ ანგელოზთა სწავლებებმა და უნარებმა ადამიანებს მრავალი უბედურება მოუტანა, "რადგან ადამიანი, ანგელოზთა მსგავსად მოწოდებული იყო შეენარჩუნებინა სიმართლე და უბიწოება, და სიკვდილი არ შეეხებოდა მას ეს მცნება რომ არ დაერღვია; ამჯერად კი ადამიანები თავიანთი ცოდნის მეშვეობით იხოცებიან" (ენოქი 11:45). ამიტომაც: "გამოვიდა პირისაგან ღმრთისა განკარგულება მათ მიმართ ვინც მყარზე ცხოვრობს, რომ უნდა დადგეს მათი აღსასრული (მსოფლიო წარღვნა), რადგან მათ იციან ანგელოზთა ყველა საიდუმლო, ეშმაკთა ყოველგვარი მზაკვარება, და მათი დაფარული ძალა, და ძალა მათი, ვინც იქმს ჯადოქრობას, შეფუცვას და წყევლას; ძალა მათი ვინც მთელი დედამიწისთვის იქმს კერპთა გამოსახულებას; და ასევე უწყის როგორ მოიპოვება ოქრო-ვერცხლი მიწის წიაღიდან, და როგორც წარმოიქმნება თხევადი მეტალი დედამიწაზე" (ენოქი 11:7).
აი ასეთი გამოვიდა წარღვნამდელი კაცობრიობის "ცივილიზაცია": ოკულტიზმი, მეცნიერება, წარმოება, გარყვნილება, ძალადობა, ღმრთისმბრძოლობა... ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამალებული "განვითარება" თანამედროვე "ცივილიზაციაშიც", რაც გარდაუვალად აახლოვებს მის ტრაგიკულ დასრულებას - სამყაროს აღსასრულს და ღმრთის საშინელ სამსჯავროს, როდესაც ყოველი არსება თავისი ცოდვებისთვის განიკითხება. ხოლო პირველი სამყაროს დასასრული მსოფლიო წარღვნა გახდა, როგორც ეს არის ნათქვამი მოციქულ პეტრესთან, რომ "მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა" და "ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი" (2 პეტრე. 3:5-7).
ძველი და საღვთო წერილები, - წერს ფ. ფ. ზელინსკი თავის ნაშრომში "ჰერმეს სამგზის-დიადი", - ამბობენ, რომ ზოგიერთი ანგელოზები, რომლებიც ადამიანთა ასულებისადმი სურვილით აღიძრნენ, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და მათ ბუნების საიდუმლოებანი ასწავლეს; ამის გამო ისინი განიდევნენ ციდან და მუდმივად ხეტიალობენ ცისქვეშეთში. ამ დანაშაულებრივი კავშირისგან წარმოიქმნენ ბუმბერაზნი. წიგნს, რომლითაც ისინი "ხელოვნებებს" სწავლობდნენ, Chema ეწოდება; ამის გამო Chema უპირატესად აღნიშნავს "ხელოვნებას", განსაკუთრებით კი ქიმიას. ახლა კი გავიხსენოთ, რომ Chema ეგვიპტური სიტყვაა და ნიშნავს "გაშავებას"; ამჯერად კი ვფიქრობ გასაგები იქნება თუ რას ნიშნავს ისიდას სიტყვები, რომ ჰერმეს-კამეფისმა "პატივი მიაგო მას სიშავის სრულყოფილებით", - ეს ნიშნავს, რომ სიყვარულის სანაცვლოდ "მას ქიმია ასწავლა". და მართლაც, განსაკუთრებულად იცოდა ძველმა ეგვიპტემ ქიმია, ფლობდა ოქროსა და ვერცხლის გამოდნობის ხელოვნებას და კიდევ მრავალ სხვა საიდუმლოს ამ მეცნიერებისა" (Зелинский Ф. Ф. Из жизни идей. Т. III. - СПб., 1908).
ენოქის წიგნზე დაფუძნებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის "ფანტასტიკური სამშენებლო ტექნოლოგიები" (თანამედროვე მკვლევართა ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ), რომელთა დახმარებითაც აშენდა წარღვნამდელი პირამიდები, ასევე დაცემულმა ანგელოზებმა ასწავლეს წარღვნამდელ კაცობრიობას.