EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გალაკტიონის „ხულიგნური გამოხტომა“ _ რას ჰყვება პოეტის შვილობილი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-01-20 16:57:41
„მსოფლიო აზროვნების ყველა ტიტანს, როგორც მათი ბიოგრაფები აღნიშნავდნენ, ერთი რამ ჰქონდათ საერთო – ისინი საკუთარ ნიჭს ეწირებოდნენ, – ამბობს გალაკტიონ ტაბიძის შვილობილი ნუნუ ებანოიძე". ქალბატონი ნუნუ გალაკტიონის ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბრობს.
_ გალაკტიონის სულიერი მდგომარეობა გარეგნულად არ აისახებოდა. შვიდი, რვა თვე მშვიდად ცხოვრობდა, დანარჩენი დრო კი მის მძიმე ავადმყოფობას მიჰქონდა. ეს პროცესი ნელ-ნელა ვითარდებოდა, შემდეგ კი იწყებოდა ბობოქარი დღეები – ერთ წუთსაც არ რჩებოდა ოჯახში მარტო. საჭირო იყო მოგესმინა მისთვის (თავად გამოირჩეოდა მოსმენის უდიდესი კულტურით), წაგეკითხა, გესაუბრა, რომ როგორმე გადაგვეფიქრებინა სუფთა ჰაერზე გასვლა. ის ამბობდა: „ხელოვანისთვის არსებობს ერთი ბედნიერება – საკუთარი ნიჭის რეალიზაცია და ერთი უბედურება – ხელისშემშლელი გარემოებანი“... ეს ხელისშემშლელი გარემოებანი ავადმყოფობა იყო, რომელიც დემონური ძალით უტევდა მას. ძალიან ლამაზი ხელის თითები ჰქონდა. დაჰყურებდა დროდადრო თავის თითებს და ამბობდა: „რა მემართება? სადაა შველა?“
– გვიამბეთ, როგორ გაიცნეს დედამ და გალაკტიონმა ერთმანეთი...
– გალაკტიონ ტაბიძე და დედაჩემი – ნინო კვირიკაძე, პირველად ერთმანეთს 1916 წელს შეხვდნენ. მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც გალაკტიონიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ბიძაჩემთან (დედის ძმა) მეგობრობდა და ხშირად ხვდებოდა მას, დედას არ იცნობდა. მათი პირველი შეხვედრა ბაღდათში სწორედ ამ აღწერის დროს მოხდა. ნინოს დანახვისთანავე ფეხზე წამოჭრილა: „ეს ძვირფასი მტრედი ვინ მოფრენილაო“. ასე გაიცნეს ერთმანეთი დედამ და გალაკტიონმა. მათი შეხვედრა მოგვიანებითაც მოხდა. დედა ოციოდე წლის იქნებოდა და ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო წარმოდგენებში. ერთხელ, როცა „ქრისტინეს“ წარმოდგენა მიდიოდა, მოულოდნელად ზემოდან წითელი ვარდები ჩამოცვენილა სცენაზე. ხალხი აირია და წარმოდგენა ჩაიშალა. გაოცებული დედა ვერ მიხვდა, ვინ იყო ამის მიზეზი. სწორედ ამ დროს სცენაზე გალაკტიონი აჭრილა და ხელები დაუკოცნია ნინოსთვის. თურმე, ორი ბიჭი დაუქირავებია და ჭერში ჩამოკიდებული საქანელადან კალათით მიტანილ ვარდებს ისროდნენ. ამის შესახებ რაიონული გაზეთი წერდა: „დასაგმობია ხულიგნური გამოხტომა გალაკტიონ ტაბიძისა, რომელიც სცენაზე აუვარდა მსახიობ ქალს ნინო კვირიკაძეს და წარმოდგენა ჩაშალა“. იმ წლებში გალაკტიონი ქუთაისში ძალზე პოპულარული იყო. განსაკუთრებით ანებივრებდნენ ქალები. ახალგაზრდობაც ხშირად იკრიბებოდა თურმე ხანისწყლის პირას. მღეროდნენ, საუბრობდნენ. გალაკტიონი ამ გართობების სული და გული ყოფილა. ძალზე უყვარდა სიმღერა. თავადაც შესანიშნავი ბარიტონი იყო. აბსოლუტური სმენა ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ საღამოს მას დედაჩემის თხოვნით წაუკითხავს "მთაწმინდის მთვარე“. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათი გზები გაიყარა. დედა თბილისში ჩამოვიდა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. პროფესიით იურისტი გახლდათ, აქ ადვოკატად მუშაობდა. 1918 წელს ნინო კვირიკაძე მამაჩემის, დავით ებანოიძის მეუღლე გახდა. მამა, სამწუხაროდ 1937 წელს დახვრიტეს. ასევე, რეპრესიებს შეეწირა გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავაც და აი, 27 წლის შემდეგ ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს. ეს ცნობა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ გალაკტიონი ეტრფოდა ნინო კვირიკაძეს ჯერ კიდევ 1916 წელს, იმ პერიოდში, როდესაც იქმნებოდა ციკლი მერისადმი მიძღვნილი ლექსებისა. ამდენად, სამი ათეული წლის შემდეგ, პოეტს შეეძლო, ნინო კვირიკაძე ისევ იმ სატრფოდ და იმ "მერით“ წარმოესახა.
– ესე იგი, გალაკტიონმა ლექსი „მერი“ არა მერი შერვაშიძეს, არამედ დედათქვენს მიუძღვნა?
– სტრიქონი „ახალგაზრდობა, მეგი?“ გალაკტიონთან იკითხებოდა, როგორც „ახალგაზრდობა, მერი?“ დედამ სთხოვა „მერი“ შეეცვალა სხვა, რომელიმე სახელით, თუნდაც „მეგით“. „ყველასთვის ცნობილია, რომ შენ მერის უძღვნი ლექსებს. ეს ლექსი ხომ ჩემდამია მოძღვნილი. დე, ის იყოს განსხვავებული, სადაც მე სხვა სახელით მომმართავ, თუნდაც „მეგით“. როგორც ჩანს, გალაკტიონმა ყურად იღო დედაჩემის თხოვნა, „მერი“ „მეგით“ შეცვალა. ეს ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ „მერი“ გალაკტიონთან საყვარელი ქალის სინონიმია. იმას, რომ ლექსების უმრავლესობა ნამდვილად დედას ეძღვნებოდა და მისი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში შეიქმნა, გარდა თარიღისა, ცხადყოფს ისიც, რომ ლექსის ერთ-ერთი ხელნაწერის უკანა მხარეს ლურჯი მელნით მიწერილია: „ნინოსთვის, არამიანცის საავადმყოფო“. სხვათა შორის, გალაკტიონი თავის მეთორმეტე წიგნში წერს: „მე ჩემს ამხანაგებზე ცოტა ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ ყველა „მერიზე“ მეკითხება. ჩემს ლექსს როგორც მინდა, ისე დავასათაურებ“. ეს სახელი პუშკინს, ბაირონს, ლერმონტოვს და კიდევ რამდენიმე პოეტს აქვს მოხსენიებული თავის შემოქმედებაში. ერთხელ დედამ მითხრა: უნივერსიტეტიდან რომ გამოვდიოდით და მერი შერვაშიძეს ვხედავდით, ყველა მას მივდევდით უკან, იმდენად ლამაზი იყოო. რა გასაკვირია, გალაკტიონსაც მოსწონებოდა, მაგრამ მერი მას არ მიაქცევდა ყურადღებას. დაინტერესებული ჯგუფი, მათ შორის იყო მედეა ჯაფარიძე, ჩავიდა პარიზში რათა გაეგოთ, იყო თუ არა სინამდვილეში მიძღვნილი ეს ლექსი მერისადმი და მან თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა ასეთ პოეტს.
– როგორი იყო გალაკტიონი ჩვეულებრივ ყოფაში, ოჯახში?
– გალაკტიონი, როგორც ყველა გენიალური ადამიანი, წვრილმანებზე არ იხარჯებოდა. ამიტომ ის სრულიად შეუმჩნეველი გახლდათ. თავის სამყაროში იყო და არაფრის მოთხოვნილება არ გააჩნდა. ყოფიერება სრულებით არ ეხებოდა. უნდა მოგეგონებინა მისთვის, რომ ჭამის დრო იყო. წვრილმანებს არ აქცევდა ყურადღებას, რაზეც ჩვეულებრივი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას. დილას იღვიძებდა და ვსხდებოდით მაგიდასთან სასაუზმოდ. საწყალი, ადგებოდა და სიარულს იწყებდა. „გაწვალებთ ხომ? გტანჯავთ ხომ? მეც რომ ვიტანჯები?“ შვიდი რვა თვე აბსოლუტურად ნორმალური კაცი იყო და როდესაც დაეწყებოდა ეს პროცესი, ჭამა არ უნდოდა. ჩვენ რომ არ გვწყენოდა, ბავშვივით აიღებდა ყველს და პურს, ვითომ ჭამდა. ბოლოს მუჭებში ჰქონდა დაგროვილი. ცნობილი ფაქტია, რომ იმ დღეს ადამიანი რომ დალევს, მეორე დღეს ჭამა არ შეუძლია. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო შენიშვნების მიცემა. ეწეოდა სიგარეტ „ყაზბეგს“. „ნინო, „ყაზბეგი“ გამითავდა, უნდა წავიდე“, – ეტყოდა დედას. რა მოჰყვებოდა მის გარეთ გასვლას, ყველამ კარგად ვიცოდით. სტაცებდნენ ხელს, აქ წამოდი, იქ წამოდი... დედა ეტყოდა, აგერ არ არის ნუნუ, წავა და მოგიტანსო. არა, ნუნუს როგორ შევაწუხებ ამაზეო. შევიდოდი ოთახში და ვეტყოდი: „კარგი რა, ბატონო გალაკტიონ, რას ლაპარაკობთ, როგორ, მე თქვენ გაგიშვებთ სიგარეტზე?“ მივდიოდი და ამომქონდა. არაჩვეულებრივი კაცი იყო, ნამდვილი ჯენტლმენი. გალაკტიონმა ისე იცხოვრა ჩვენთან, როგორც უნდოდა, რომ ეცხოვრა.
– თექვსმეტი წლის იყავით, როცა გალაკტიონი და დედათქვენი შეუღლდნენ. როგორ მიიღეთ მათი შეუღლება?
– თავიდან ძალიან მძიმედ გადავიტანე, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მამა მყავდა. ჩემთვის და ჩემი ძმისთვისაც მძიმე იყო, რომ ვიღაცამ მამაჩვენის ადგილი დაიკავა. მას, როგორც გალაკტიონს, ცალკე ვაღმერთებდით. პირველად გალაკტიონმა დედაჩემთან ერთად რომ დამინახა, ისე დაიბნა, „პორტფელი“ ეჭირა ხელში და ხან დადებდა, ხან აიღებდა. უცბად აეწყო ჩვენ შორის ახლო ურთიერთობა. როდესაც ავადმყოფობა ეწყებოდა. დამირეკავდა უნივერსიტეტში და მთხოვდა – გრიპი მეწყება, აქ და აქ ვარ, მოდი და წამიყვანე სახლშიო. მეც მივიდოდი და მომყავდა. მეც და დედაც ვცდილობდით, ყოველმხრივ შეგვეწყო მისთვის ხელი. ნუნუ, დარაზმე რა შენი მეგობრები და საღამო მომიწყვეო, – მეტყოდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში მოვუწყვე, მერე მეორე საღამოც მოვუწყვეთ. ტარიელ ჩიჩუა იყო ჩემი მეგობარი, კომკავშირის მდივანი. ტარიელმა მკითხა, რა ყვავილები უყვარსო. ყვითელი ვარდები-მეთქი. ორ მწკრივად იდგნენ გოგო-ბიჭები და გალაკტიონი რომ მოდიოდა, შუაში ვარდებს უყრიდნენ. ვარდზე ფეხის დადგმა არ უნდოდა და ჩემს მხარზე დაყრდნობილი, ძლივს მივედით ადგილამდე. მისი კმაყოფილების გამომხატველი ჟესტი იყო, როცა წვერზე ხელს ისვამდა. გამოვიდნენ, ლექსები წაიკითხეს, ბოლოს გამოვიდა ვიღაც და დაახასიათა გალაკტიონის შემოქმედებითი გზა. უცებ წამოხტა და ამბობს: „მე დავამტკიცებ ჟურნალებით, გაზეთებით, რომ არავითარი ორი პერიოდი არ არსებობს, გალაკტიონი ერთია. მერე მიუტრიალდა იმ სტუდენტს და ეუბნება: „თქვენთან ბოდიშს ვიხდი, თქვენ არაფერ შუაში ხართ. ამას თქვენი მასწავლებლები წერენ, თქვენ კი, უბრალოდ კითხულობთ“. ამან საშინლად გააღიზიანა, რას ჰქვია, ჩემს შემოქმედებას ორ პერიოდად ყოფენო. ისევ დაჯდა. მე მის უკან ვზივარ. ჩუმად მეუბნება: ახლა რომ არ გავიდე ქუჩაში, არ შემიძლიაო. ვუთხარი, ახლა, რომ ადგე და წახვიდე, ისეთ ტირილს მოვრთავ, მთელი დარბაზი მოგხედავს-მეთქი. ტირილის ძალიან ეშინოდა. წამოვედით. გზაში ერთი სიტყვა არ მითქვამს მისთვის. არ შეიძლებოდა მასთან სხვანაირი ლაპარაკი. ვერ ვიტყვი, რომ გალაკტიონს ვუყვარდით, მე, ჩემი შვილი ან დედაჩემი. მთელი თავისი სიყვარული მან მხოლოდ პოეზიას მიუძღვნა. ეს იყო მისი საკურთხეველი. არ არსებობდა, სხვა ვინმე, ვისთანაც ისე თავისუფლად გრძნობდა თავს, როგორც ჩვენთან. ჩვენ ვიყავით მისთვის ყველაფერი, ჩვენთან იყო ყველაზე გახსნილი და თავისუფალი.
– ნინო კვირიკაძე მისი მესამე ცოლი იყო?
– ერთადერთი ქალი, ვისთანაც გალაკტიონი ოფიციალურად, იურიდიულად ქორწინებაში იყო, ეს გახლდათ დედაჩემი. პუშკინს ხუთასი ქალი ჰყავდა, მერე რა მოხდა... მაგრამ არ ვიცი, არასდროს არაფერი უთქვამს ამაზე გალაკტიონს. ვიღაც გერმანელი ქალი იყოო, – ერთხელ თქვა. შემდეგ ჰყავდა ოლია ოკუჯავა. ცოლად ითვლებოდა, თუმცა ქორწინება არ ჰქონდათ გაფორმებული. რაც შეეხება შვილს, ახალგაზრდა იყო ოკუჯავასთან რომ ცხოვრობდა, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. როგორც ვიცი, გალაკტიონი უშვილო იყო.
– როგორც ვიცი, ერთი პერიოდი დედათქვენიც იწვა საავადმყოფოში, რატომ?
– შეჯიბრებაზე ვიყავი და რომ ჩამოვედი, საზარელი სიტუაცია დამხვდა – დედა მილიარული ტუბერკულოზის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. საავადმყოფოში რომ მივედი და კარი გავაღე, დავინახე დიდი ოთახი და საწერი მაგიდა, რომელსაც უჯდა გალაკტიონი. პროფესორი წულუკიძე შემომყვა, ეს იყო სახალხო, ცნობილი ექიმი. გალაკტიონმა წარუდგინა ჩემი თავი, ექიმი მომიტრიალდა და მეუბნება: ახლა შემიძლია ვთქვა, რომ დედათქვენი გადარჩა და მის გადარჩენაში უდიდესი წვლილი გალაკტიონს ეკუთვნის, რადგან მისმა ოპტიმიზმმა ძალა მოგვცა გვებრძოლა საშინელ დაავადებასთან. მას ერთი დღე არ დაუტოვებია დედათქვენი, ერთი თვე ცხოვრობს ნინოსთან ერთად საავადმყოფოშიო. თვითონ გალაკტიონმა კი მითხრა: ნინოს აქ ორი ლექსი დავუწერეო.
დედაჩემს თავისი კაბინეტიდან არ უშვებდა. ხანდახან, დღის ოთხ საათამდე ჩაის დალევის უფლებაც არ ჰქონდა. დედა უთარგმნიდა, უდგენდა წიგნებს. ხანდახან ერთი ფურცლის პოვნას, საათები ეწირებოდა, იმიტომ, რომ გატენილი იყო ოთახი ფურცლებით. გალაკტიონს, რომელიც ასე გულგრილი იყო თავისი ჩაცმულობის მიმართ, არასდროს, ერთი პატარა ფურცელიც კი არ დაუკარგავს. ასეთი მდიდარი არქივი არავის აქვს. მარტო ექვსასამდე უბის წიგნაკია.
– ცხადია, როცა გალაკტიონის შვილი გქვია, სიცოცხლის ბოლომდე ამაყი ხარ. ყველა კარი ღიაა შენთვის, ყველა პატივს გცემს, მაგრამ, მეორე მხრივ, რა უპირატესობა ჰქონდა მის შვილობას თქვენი კეთილდღეობისთვის. გალაკტიონი ხომ მატერიალურად უზრუნველყოფილი არ ყოფილა, ხელმოცარული ადამიანი იყო?
– რა თქმა უნდა, მეამეყებოდა და დღემდე მაქვს სიამაყის გრძნობა, რომ მისი შვილობილი ვარ. ეს იყო უნიკალური ხასიათის კაცი. მან არ იცოდა გაღიზიანებული ლაპარაკი. ჩემს თვალში ის იყო უსაყვარლესი ადამიანი. პატარა წყენაც არ მახსოვს მისგან. ბევრჯერ ყოფილა, ღამე გაღვიძებია და გავყოლივართ ქუჩაში. ხშირად მიფიქრია, გალაკტიონი რომ არ იყოს და ვიღაც სხვა იყოს, ამას გავაკეთებდი? და მითქვამს – კი. დედაჩემი უგანათლებულესი ქალი გახლდათ, ამიტომ გალაკტიონის ფასი იცოდა.
– ესე იგი, დედა კმაყოფილი იყო მის გვერდით ყოფნით?
– ერთხელ დედაჩემს უთხრა: „ნინო, შენ შესანიშნავი ქალი ხარ და იცი, რაში გამოიხატება ეს: პირველი – სხვა ცოლებისდაგვარად არ გჩვევია ისტერიკული გამოხტომები, მეორე – იცი, რომ გარემოებას ვერ შეცვლი და ამიტომ, არც იბრძვი და მესამე – არ ჩქარობ, განაჩენი გამოუტანო სახალხო პოეტს!“ მისი პირადი ექიმი თუშურიანი იყო. ერთხელ ვკითხე: აი, რომ სვამენ, ამტვრევენ ყველაფერს, ჩხუბობენ, რატომ ეს არ აკეთებს ამას-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ჯერ ეს ერთიც, იმიტომ რომ ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, მეორეც, გულკეთილია. ვისაც შინაგანად აქვს სიბრაზე, ეს მათ ემართებათო. ერთადერთი, რითაც გვტანჯავდა, ის იყო, რომ ოთახიდან არ გვიშვებდა. სიამოვნებდა, როცა შოთა რუსთაველს ვკითხულობდით ან თვითონ კითხულობდა. არ უყვარდა მარტო დარჩენა.
– როგორ ფიქრობთ, რა თრგუნავდა ასე ძალიან?
– გალაკტიონს უყვარდა ცოცხალი კონტაქტები მკითხველებთან, ამიტომ სულ გეგმავდა ლიტერატურულ საღამოებს. ერთ-ერთი ათდღიანი თემატური საღამო დაგეგმა კონსერვატორიაში, მაგრამ არ შეუთანხმდა მწერალთა კავშირს. აფიშებიც თვითონ გააკეთა. წითლად დააწერა „გალაკტიონი“. ეს საღამო არ შედგა. საცოდაობა იყო, როცა თითქმის ცარიელ დარბაზში გამოვიდა. ისე წამოვიდა იმ საღამოს, რომ ვერ ვნახე. საშინლად განიცადა. წარმოიდგინეთ, ოცდახუთი წლის შემოქმედებითი საღამო რომ ჰქონდა ოპერაში, იმდენი ხალხი მოვიდა, ოპერა გარშემო ცხენოსანთა დივიზიით იყო გარემოცული და... ამის შემდეგ, კონსარვატორია ცარიელია. უნივერსიტეტში ვიყავი, დამირეკეს, სასწრაფოდ წადი ამა და ამ საავადმყოფოში. გალაკტიონი შესულა წყალში, შემთხვევით ქალს დაუნახავს და გადაარჩინესო. მივედით მე და ჩემი მეგობარი, ზეინაბ მუშკუდიანი. დავდექი კართან და ვფიქრობ, რა ვუთხრა. რომ დაგვინახა, ოვაციებით შეგვხვდა – ოო, ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! მე გავხსენი წელს ცურვის სეზონი, მაგრამ ისეთი მოცურავე აღმოვჩნდი, რომ აგერ ვწევარო. ერთი სიტყვა არ დასცდენია, თავის მოკვლა მინდოდაო. ერთხელ, მოვდივართ ელბაქიძის დაღმართზე. უცებ შეჩერდა, დაეყრდნო მოაჯირს და წყალს უყურებს. საერთოდ, კითხვებით არ ვაწუხებდით. არც პირველი გამოველაპარაკებოდით, იმიტომ რომ ხშირად ფიქრებში იყო წასული. ცოტა ხნის შემდეგ მომიტრიალდა და მეუბნება: „იცი, რატომ მოიკლა მაიაკოვსკიმ თავი?“ არა-მეთქი. მან მოიწყო მთელი თავისი შემოქმედებითი გზის გამოფენა, მაგრამ დაირაზმნენ მტრები (ეს სიტყვა უყვარდა) და ჩაუშალეს, არავინ შედიოდა. ქართულ მიწაზე დაბადებულმა კაცმა ვერ გადაიტანა ეს დამცირება და დაიმსხვრაო. აკაკი წერეთელს აღმერთებდა. დიდ პატივს სცემდა კონსტანტინე გამსახურდიას და შალვა დადიანს. მისი ახლო მეგობარი კი გიორგი ქუჩიშვილი იყო. კონსტანტინე ეუბნებოდა – გალაკტიონ, შენ ისეთი ესთეტი ხარ შენს ლექსებში, რატომ არ აქცევ ყურადღებას შენს ჩაცმულობასო. გადაიხარხარა და უპასუხა: კოწია, შეხედე ამ თითებს, ეს ხუთი თითი მე დავადე პოეზიას და ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩემი მკითხველისთვის აბსოლუტურად სულერთი იქნება, რა კოსტიუმში ვივლიო.
– სინამდვილეში რა ვითარებაში გარდაიცვალა გალაკტიონ ტაბიძე? მე მხოლოდ ერთი ვერსია ვიცი მისი გარდაცვალების შესახებ. „ლეჩკომბინატის“ ფანჯრიდან გადმოხტა იმ დროს, როდესაც ქუჩაზე შალვა დადიანის გასვენების პროცესია მიდიოდა.
– დედაჩემმა დარწმუნებით მითხრა: არაფერს ვამბობ, შვილო, მაგრამ მე ვიცი, რომ გალაკტიონი თავს არ მოიკლავდა იმ დღესო. არ ვიცი, რა გითხრათ. საავადმყოფოს ტუალეტში შესულა, სკამი დაუდგამს და ფანჯრიდან გადაუხედავს. შესაძლებელია, სკამი გაჩოჩდა და გადავარდა, მძიმე წონის კაცი იყო. არაფერია გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში, არავის მოუკლავს. არც მე მგონია, რომ თავი მოიკლა, იმიტომ რომ შალვა დადიანს დიდ პატივს სცემდა.
"თბილისელები", 2012 წელი
gurianews.com