EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
nino0081
nino131
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
« ჩანგლის ქართული ისტორია, ანუ ვინ და როდის შეიტანა ჩანგალი ევროპაში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2017-01-26 17:04:43
ყრმობისდროინდელ ბლოკნოტში შემდეგ ჩანაწერს წავაწყდი: “ჩანგალი ევროპაში პირველად მე-11 საუკუნეში სპეციალურად ივერიელი პრინცესა მარიასათვის მოუმზადებიათ” . ამ სიტყვების წაკითხვამ მიბიძგა მცირე ძიება წამომეწყო. იმდროინდელ, რუსულ ტექსტებში ივერიელ პრინცესად მოხსენიებული მარია, მართა – დედოფალი უნდა ყოფილიყო. ის, რისი ვარაუდიც გამიჩნდა, შესაძლოა სულაც არ იყოს აღმოჩენა, მაგრამ ჩემთვის მრავლის მთქმელი ფაქტია.
მოდით, ერთად გადავხედოთ იმ დიდებული ქალბატონის ისტორიას, რომელმაც, შესაძლოა, ევროპას ჩანგლით ჭამა ასწავლა.
ის 1050 წელს დაბადებულა. დაახლოებით 6 წლის ყოფილა, როდესაც პირველად ბიზანტიაში აღმოჩნდა, იმ მიზეზით, რომ ბიზანტიის მაშინდელ დედოფალს მძევალი მოუთხოვია საქართველოს მეფისაგან. ქართველ პრინცესას სამშობლოში მართა ერქვა. ისტორია ისე წარიმართა, რომ დედოფალი თეოდორა მართას ჩასვლითანავე გარდაიცვალა. მართას და მთელი ქართული დელეგაციის სამეფო სასახლეში შებრძანებას ესწრებოდა გიორგი მთაწმინდელი. მაშინ მას წინასწარმეტყველური ფრაზა უთქვამს: „უწყოდეთ ყოველთა, რამეთუ, დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა”. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 15 წლის შემდეგ ბიზანტიას ახალი დედოფალი მოევლინებოდა და ეს იქნებოდა მართა-მარიამი.
პრინცესა მალევე საქართველოში დააბრუნეს. გავიდა წლები და 1064 წელს იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ ბაგრატ მეოთხეს ქალიშვილის, მართას ხელი სთხოვა ვაჟიშვილისათვის – ქართველი პრინცესა მომავალი იმპერატორის, მიხეილ დუკას მეუღლე უნდა გამხდარიყო.
1065 წელს შედგა ნიშნობა. 1071 წელს მიხეილ მეშვიდე დუკა ბიზანტიის იმპერიის ტახტზე ავიდა. მალევე შედგა მისი ქორწინება მართა-მარიამთან. 1074 წელს კი მათ შეეძინათ მომავალი უფლისწული – კონსტანტინე პორფიროგენეტი. ჩვენამდე მოაღწია მართა-მარიამის რამდენიმე აღწერილობამ. მის გარეგნობასა და ხასიათს ბიზანტიელები საუკეთესო სიტყვებით ახასიათებენ. ერთ-ერთი ყველაზე სრული აღწერილობა შემონახულია ანა კომნენოსის მოგონებებში. ანა კომნენოსი დანიშნული იყო კონსტანტინე დუკაზე, ანუ მართა-მარიამის შვილზე და ამის გამო მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მარიამთან.
„მარიამი იყო ლამაზი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქნილი ალისფრად. ახლა თვალის ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ?! ვინ შეძლებს ამის აღწერას! წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები – ცისფერი. მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა, ყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას“.
ანა კომნენოსი იმასაც ამატებს, რომ, თუ ვინმე თვალს მოჰკრავდა მარიამ-მართას სეირნობის დროს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
მიხეილ მეშვიდე დუკა არ აღმოჩნდა ისეთი მონარქი, რომელსაც შეეძლო იმპერია კრიზისიდან გამოეყვანა. 1078 წელს ის ტახტიდან ჩამოაგდო ნიკიფორე მესამე ბოტანიატმა.
ბიზანტიის სათავეში მოსულმა ნიკიფორე მესამემ უცნაური ნაბიჯი გადადგა – ყოფილ დედოფალს ხელი სთხოვა. მართა-მარიამმა საგანგებოდ მოითხოვა პატრიარქისგან, რომ მისთვის ნიკიფორეზე ქორწინების უფლება მიეცა. ვინაიდან მისი მეუღლე – მიხეილ დუკა უკვე ბერობაში იყო წასული, მან პატრიარქის თანხმობა მიიღო.
იმპერატორმა ნიკიფორემ იქორწინა მართა-მარიამზე და ყოფილი დედოფალი უკვე ახალი იმპერატორის მეუღლე გახდა. სავარაუდოდ, ამ ნაბიჯით დედოფალს სურდა, შვილისთვის ტახტის შენარჩუნება, მაგრამ მისი გათვლა არ გამართლდა. მართა-მარიამისა და ნიკოფორეს თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი ბოტანიატმა ხელთ იგდო ძალაუფლება, გადაწყვიტა, სხვა პიროვნება გამოეცხადებინა მემკვიდრედ, რამაც მასა და დედოფალს შორის ურთიერთობა დაძაბა და, საბოლოოდ, მართა-მარიამი ქმრის მოწინააღმდეგეთა ბანაკის ლიდერი გახდა, იმ ბანაკისა, რომელმაც მალე ნიკიფორე ბოტანიატი ჩამოაგდო ტახტიდან და სათავეში მოიყვანა ის დინასტია, რომელმაც ერთი საუკუნის განმავლობაში მართა სახელმწიფო. ეს იყო კომნენოსების დინასტია. მარიამმა ძალიან ჭკვიანურად და გასაიდუმლოებულად მოახერხა შეთქმულების ორგანიზება, რაშიც მას ქართველებიც დაეხმარნენ.
მართა-მარიამის დამსახურებით იმპერატორი გახდა ალექსი კომნენოსი, ხოლო თანაიმპერატორად – კონსტანტინე დუკა გამოცხადდა. ძალიან მალე უკვე ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება და მასში აღმოჩნდა გარეული კონსტანტინე დუკაც. მართა-მარიამის შვილმა თავისი პრივილიგიები დაკარგა. კონსტანტინე მალე გარდაიცვალა,მართა-მარიამმა კი კიდევ დიდხანს იცოცხლა და აქტიურ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა(მაგალითად, ის ესწრებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას).
როდოპის მთაზე უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს სამონასტრო კომპლექსი. ბერძენმა არქეოლოგებმა მიაკვლიეს საფლავსაც, რომელშიც იყო ბეჭედი წარწერით: „მარია ბოტანიატი”.
სავარაუდოდ, ეს ადგილი აღმოჩნდა მართა-მარიას უკანასკნელი ნავსაყუდელი.
ახლა კი თავად ჩანგლის ისტორიას დავუბრუნდეთ.
1072 წელს ვენეციის დოჟი ბიზანტიის სამეფო კარზე იმყოფებოდა.
გამართულ წვეულებაზე სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი პრინცესის სილამაზის და დახვეწილი მანერების გამო. საყოველთაო გაოცება გამოიწვია ასევე მის მიერ ტრაპეზობისას გამოყენებულმა ორკბილა პატარა ნივთმა. ეს ნივთი ოქროს ჩანგალი იყო, რომელიც პირადი დაკვეთით დაუმზადეს დედოფალს, ვინაიდანს ხელით ჭამა ეთაკილებოდა.
ეს ამბავი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ,რომ საქართველოში სამეფო კარზე იმ ისტორიულ მონაკვეთში ჩანგლის ხმარება მიღებული წესი იყო, რაც იმდროინდელი ევროპისათვის შესაძლოა ჯერ კიდევ საუცხოო რამეს წარმოადგენდა.
რათქმაუნდა ჩანგლის ისტორია მე-11 საუკუნეში არ დაწყებულა.
ჩანგალი კარგად დავიწყებული ძველი გამოგონებაა, რომელიც ფენიქსივით, სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაუბრუნდა ცხოვრებას.
თავდაპირველად დიდ ორკბილა ჩანგლებს მზარეულობისას მოხარშული პროდუქტების მდუღარე წყლიდან ამოსაღებად ხმარობდნენ. ვის და როდის მოუვიდა აზრად მისი დაპატარავება და ლუკმების პირში გასასტუმრებლად გამოყენება, უცნობია. აღმოჩენილთა შორის ყველაზე ძველი ჩანგალი 2 ათასი წლისაა და ინახება ნეაპოლის მუზეუმში. ძველ სამყაროში ეს ნივთი ფართოდ იყო გავრცელებული და გაქრა არქაული ცივილიზაციების გაქრობასთან ერთად .
ჩანგლის მეორე ცხოვრება, ვარაუდით, იწყება რა ბიზანტიიდან, იტალიის გავლით აგრძელებს მოგზაურობას ევროპაში. კათოლიკური ეკლესია წინ აღუდგა ჩანგლის გავრცელებას და განაცხადა, რომ ის ზედმეტი ფუფუნების ნიშანია. მე-18 საუკუნემედე მონასტრებში აკრძალული იყო “ეშმაკისეული” იარაღის გამოყენება. შუა საუკუნეებში, ინკვიზიციის ბობოქრობის პერიოდში, ჩანგლის გამოყენებისათვის ცეცხლზეც კი წვავდნენ.იმის დასასაბუთებლად, რომ ჩანგალი ნამდვილად ეშმაკისეულია, კათოლიკური ეკლესია არგუმენტად ერთ ამბავს იშველიებდა. თურმე 31-ე ვენეციელ დოჟზე დომენიკო სელვოზე დაქორწინების შემდეგ ერთ-ერთი ბიზანტიელი პრინცესა საკუთარ ქორწილზე დაიხრჩო. ეს იმიტომ მოხდაო,ამბობდნენ კათოლიკე ღვთის მსახურები,რომ მეტიჩარა პრინცესა საჭმელს ჩანგლით მიირთმევდა.
დღესდღეობით “ეშმაკისეულ” ნივთს მყარად უჭირავს სადავეები და თანამედროვე სუფრის აუცილებელ ატრიბუტადაა ქცეული. დღეს სუფრის გაწყობისას, სულ მცირე ორი სახის ჩანგალი მაინც დაგჭირდებათ, მაგრამ მაგაზე სხვა სტატიაში მოგახსენებთ.
ეს დედოფალ მართა-მარიას გამოსახულებით 1070 წელს გამოცემული მონეტა გახლავთ.
mzias-supra.com