EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ასტრონომებმა აღოაჩინეს ახალი პლანეტა სამი მზით »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: admin
თარიღი: 2017-02-02 17:22:28
მეცნიერებისთვის ბევრი ისეთი პლანეტაა ცნობილი, რომლებსაც ორი მზე აქვთ, მაგრამ ცაში რომ სამი ვარსკვლავი ანათებდეს, ასეთი პლანეტები ბევრად იშვიათია. ეს უჩვეულო ობიექტი, რომელსაც KELT-4Ab უწოდეს, ერთი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. თავის მხრივ ამ ვარსკვლავს გარს უვლის ახლომდებარე ვარსკვლავთა წყვილი. ეს ტყუპი ვარსკვლავები საკმარისად ახლოს არიან პლანეტასთან, რომ მის ცაზე სავსე მთვარესავით გამოჩნდნენ.
გარდა იმისა, რომ მეცნიერები ჩვენგან ბევრად განსხვავებულ მზის სისტემას წააწყდნენ, ეს აღმოჩენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვცეს იმაზე, თუ როგორ ჩნდებიან დედა-ვარსკვლავთან ახლოს მყოფი აირის გიგანტები, ე.წ. ცხელი იუპიტერის მსგავსი პლანეტები.
სამმაგი მზის ჩასვლა
KELT-4Ab, რომელიც იუპიტერს 50%-ით აღემატება, ვარსკვლავ KELT-4A-ს გარშემო მოძრაობს 3-დღიანი ორბიტით. ახლომდებარე ვარსკვლავები KELT-4B და KELT-4C ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ დაახლოებით 30 წლიანი ინტერვალებით და ერთმანეთისგან 10 ასტრონომიული ერთეულით არიან დაშორებული, რაც დაახლოებით უტოლდება მზესა და სატურნს შორის არსებულ დისტანციას (1 ასტრონომიული ერთეული არის მანძილი დედამიწიდან მზემდე). ეს ვარსკვლავური დუეტი კი თავის მხრივ KELT-4A-ს გარშემო გადის 4000 წლიან ორბიტას 330 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე. ეს 8-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე პლუტონის ორბიტა – მზისგან.
კვლევის ავტორია ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი ჯეისონ ისთმანი. კვლევისას გამოიყენეს „ათასგრადუსიანი უკიდურესად პატარა ტელესკოპი” (KELT), რომელიც სინამდვილეში ორი რობოტული ტელესკოპისგან შედგება და ერთი არიზონაში (KELT-ჩრდილოეთი), მეორე კი სამხრეთ აფრიკაში (KELT-სამხრეთი) მდებარეობს. მათი მეშვეობით მოხდა ამ სისტემის ამოცნობა, რომელიც მოიცავს ვარსკვლავ KELT-4A-ს, უფრო შორეულ ვარსკვლავურ წყვილს KELT-4BC-სა და გადახურებულ პლანეტას.
პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისთმანმა Space.com-ს განუცხადა, რომ პლანეტის ატმოსფეროში ყოფნისას (რადგან ზედაპირზე გაჩერება შეუძლებელია) მარტოხელა ვარსკვლავი 40-ჯერ უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე დედამიწიდან – მზე. ვარსკვლავური წყვილის თითოეული წევრი თითქმის სავსე მთვარესავით კაშკაშა იქნება, თუმცა კარგი ტელესკოპის გარეშე ისინი მხოლოდ თითის სიგანის მანათობელ ვარდისფერ წერტილებად გამოჩნდებიან.
„ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთს გარს უვლის ყოველ 30 წელში, ხოლო ყოველ 4000 წელში KELT-4A-ს გარშემო ასრულებენ ორბიტას”, აღნიშნა ისთმანმა.
სამი ვარსკვლავის მქონე პლანეტები იშვიათია. KELT-4 მხოლოდ მეოთხე ცნობილი სისტემაა, რომელშიც სამი ვარსკვლავი შედის. მათგან KELT-4A ყველაზე კაშკაშა მასპინძელი ვარსკვლავია, რაც არამარტო იმის გამოა, რომ დანარჩენ სისტემებში მდებარე ვარსკვლავებზე უფრო ცხელია, არამედ იმიტომაც, რომ დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა – მხოლოდ 700 სინათლის წლის მოშორებით.
ცხელი იუპიტერები
„ცხელი იუპიტერები არ უნდა არსებობდნენ. არ უნდა არსებობდეს არცერთი მათგანი”, ამბობს ისთმანი.
„იუპიტერის ზომის აირის პლანეტები მშობლიური ვარსკვლავიდან ბევრად შორს უნდა ყალიბდებოდნენ და იქვე რჩებოდნენ, როგორც ჩვენს სისტემაშია იუპიტერი”, ამბობს მეცნიერი. „ასე ახლოს როგორ აღმოჩნდნენ ვარსკვლავთან, ჯერჯერობით ამოუხსნელია, თუმცა ერთ-ერთი თეორიით, დაახლოების მიზეზი მესამე სხეულთან ურთიერთქმედებაა – ამ შემთხვევაში KELT-4BC, ანუ სისტემის მესამე და მეოთხე ციური სხეულები”.
როდესაც ასტრონომებმა პლანეტების ფორმირების თავდაპირველი თეორიები ჩამოაყალიბეს, საკვლევად მხოლოდ მზის სისტემა ჰქონდათ. როცა პირველად აღმოაჩინეს აირის გიგანტი ეგზოპლანეტები, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავებს რამდენიმე დღეში უვლიდნენ გარს, არსებული თეორია თავდაყირა დადგა და მეცნიერები მთელი მონდომებით შეეცადნენ იმის ახსნას თუ როგორ შეიძლებოდა ეარსებათ ამ ახლად აღმოჩენილ სისტემებს. მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ მასიურმა სხეულებმა ჩამოყალიბების დასრულების შემდეგ მდებარეობა შეიცვალეს და ამის მიზეზი ახლომდებარე პლანეტები, ვარსკვლავები ან სხვა პროცესები იყო.
„შესაძლოა, მიზეზი, რის გამოც პლანეტა KELT-4Ab ასე მიუახლოვდა თავის ვარსკვლავს, იყო ორმაგი სისტემა KELT-4BC”, აღნიშნავს ისთმანი.
KELT-ის გამოყენებით ჩატარებული კვლევის შედეგად მეცნიერებმა ამოიცნეს პოტენციური პლანეტა KELT-4Ab, შემდეგ კი მისი არსებობა სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით დაადასტურეს. ნასას კეპლერის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის მსგავსად, KELT-იც ტრანზიტული ფოტომეტრიის მეთოდს იყენებს ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, აკვირდება, ვარსკვლავიდან მომავალი სინათლის რა ნაწილი იბლოკება მაშინ, როცა მასსა და დედამიწას შორის პლანეტა გაივლის.
„KELT გამოირჩევა სხვა ტრანზიტული დაკვირვებებისგან”, ამბობს ისთმანი. „მას უფრო პატარა ტელესკოპი აქვს, უფრო მეტი დასაკვირვებელი ხედი და მეტი პიქსელური მასშტაბი”.
ამ მახასიათებლების გამო ინსტრუმენტს კაშკაშა ვარსკვლავებისკენ მიმართავენ, რის შედეგადაც, ისთმანის თქმით, დაკვირვებებისა და ობიექტების აღწერისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება. მაგალითად, შესაძლებელია იმის განსაზღვრა, დედამიწიდან პლანეტის ორბიტული გეგმა გადახრილი ჩანს თუ არა. ამის მეშვეობით მეცნიერები უფრო ზუსტად ზომავენ ვარსკვლავის მასას.
მომავლის გეგმები
1973 წელს, როცა KELT-4-ს თავდაპირველად დააკვირდნენ, ჩათვალეს, რომ მხოლოდ ორ ვარსკვლავს შეიცავდა. დაახლოებით 40 წლის შემდეგ ისთმანი ხელახლა დააკვირდა ამ სისტემას და აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში ცალკეულ ვარსკვლავს გარს უვლიდა ორი სხვა ვარსკვლავი.
„ყველა წინამორბედ დაკვირვებაში KELT-4B და KELT-4C ერთმანეთთან ახლოს ყოფნის გამო ერთ ვარსკვლავად ჩანდნენ”, ამბობს ისთმანი.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხელოვნური თანამგზავრი გაია, რომელიც ამჟამად 5-წლიან მისიაშია, სამმაგ ვარსკვლავურ სისტემას მომდევნო წლებში დააკვირდება. შედეგად უფრო ზუსტად გაიზომება KELT-4A-მდე მანძილი და მასასა და რადიუსზე უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება, ამის მეშვეობით კი პლანეტის ანალოგიური მაჩვენებლებიც დაზუსტდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გაია ორმაგი ვარსკვლავური წყვილის KELT-4A-ს გარშემო მოძრაობასაც დააკვირდება. ეს მეტ ინფორმაციას შემატებს მეცნიერულ მოდელებს, თუ რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინათ მათ პლანეტის მდებარეობის შეცვლაზე, რის გამოც ის ვარსკვლავთან უფრო ახლოს აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მეცნიერები გაიგებენ, რატომ მოძრაობენ ცხელი იუპიტერები მშობლიურ ვარსკვლავებთან ასე ახლო ორბიტაზე.