EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღმრთისაკენ. იწყება დიდი გამოღვიძება! გვ. 2 »
კატეგორია: რელიგიაავტორი: ushi
თარიღი: 2017-02-15 14:04:29
- მამა გიორგი, მამა გაბრიელზე სხვადასხვა შეხედულებაა სასულიერო და საერო პირთა შორის.
- რა გითხრათ, იცით? მიწიერ ადამიანს წმინდანისა არ ესმის. შეიძლება დიდად მცოდნეც და დიდი კაციც იყო, მაგრამ წმინდანი ვერ იცნო, ანგელოზი და ეშმაკი ვერ გაარჩიო. ამპარტავანი სულისა და ცოდვით ამღვრეული თვალების მქონე ადამიანს შეუძლია წმინდანი შეიცნოს?! ან წმინდანი გაეხსნება მას?!. ასეთები ყველაფერს ცოდვილად ხედავენ და უნდათ კიდევაც, ყველა მათნაირი რომ იყოს!..
წმინდანი რომ იცნო, მისი ჯიშისა უნდა იყო - თავმდაბალი, სიწმინდის მოშურნე და სულიერი მადლის მატარებელი...
თუ ადამიანს საღმრთო მადლი არა აქვს, სულიერად მკვდარია. წმინდა სერაფიმ საროველი გვასწავლიდა: - ადამიანის მიწიერი ცხოვრების არსი მის მიერ სულიწმინდის მადლის მოხვეჭაშიაო. და ეს მდგომარეობა, მერწმუნეთ, ტანჯვის, დაუღალავი შრომის, საღმრთო განათლებისა და წმინდა მასწავლებლის გარეშე არ მიიღწევა. თითოეული ადამიანის სულის ამ მდგომარეობამდე მიყვანა ეკლესიის წმინდა მოვალეობაა და სხვა რომ სულის ამ საფეხურზე აიყვანო, თავად უნდა იყო წმინდანი.
გაბრიელ ბერი სულიწმინდის ჭურჭელი იყო. ის ღვთის გამოვლინების იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ბოლომდე ამოუცნობი რჩება არათუ ჩვეულებრივი ადამიანების გონებისათვის, არამედ თანამედროვე წმინდანებისთვისაც. ამიტომ გასაკვირი არც უნდა იყოს ის, რომ დღესაც დევნიან ჭეშმარიტების მოძულენი, თუმცა სხვა ფორმით და სხვა შინაარსით. ის ღვთის რჩეული იყო და ღვთის შერაცხული. სხვა საკითხია მისი ამქვეყნიური კანონიზაცია. მას გარკვეული წესები აქვს და ვფიქრობ, ეს დღეც არ არის შორს.
- მამა გიორგი, არაეკლესიურ ადამიანთა დიდი ნაწილი არაეკლესიურად ცხოვრების მიზეზად სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობას ასახელებს...
- გეტყვით, აგერ. შენ თუ ერთგან ექიმი არ მოგწონს, რავა, მკურნალობაზე აიღებ ხელს თუ კარგი ექიმის ძებნას დაიწყებ?! ადამიანს თუ გაცნობიერებული აქვს თავისი სულიერი უძლურებანი და სნეულებანი, ისიც, რომ ღმერთს სულის მკურნალად მღვდლები ჰყავს დადგინებული, მაშინ სულის მკურნალობას არ მოეშვება და მანამ არ მოისვენებს, სანამ ნამდვილ მკურნალს არ მიაგნებს. ასე რომ, ვინც ნელთბილად და ზერელედ არ უდგება სულის გადარჩენის საქმეს, ღმერთი გამოუჩენს მას ჭეშმარიტ ღმრთისმსახურს.
მეორე საკითხია, რომ სამღვდელოება არ უნდა იძლეოდეს ადამიანების დაბრკოლების საბაბს. ყველა ღვთისმსახური ნამდვილი უნდა იყოს. დამაბრკოლებლები და უსარგებლო "მსახურნი" ეკლესიას არ უნდა ჰყავდეს. ქრისტე ღმერთიც მკაცრად ბრძანებს: - ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური!
დღეს წესიერებაცა და გონებისმიერი ცოდნაც საკმარისი არ არის ღმრთისმსახურისათვის. მღვდელს სულიერი ხედვა და განსჯის უნარი უნდა გააჩნდეს და სულიერი ცხოვრების გამოცდილება, თავმდაბლობა, სიწმინდე. თუ საკუთარ ვნებათა დამარცხების გამოცდილება არა გაქვს, სხვას როგორღა დამოძღვრავ. საშიშია, როცა სრულიად ახალგაზრდებს მოძღვრებად აკურთხებენ და ზოგ შემთხვევაში სასულიერო თანამდებობებზე ადგენენ. სულიერი ხედვის გარეშე ვერავინ ნამდვილი მოძღვარი ვერ გახდება. "არა განიკითხო!" - არ ნიშნავს, თეთრი და შავი არ გაარჩიო. ან შავზე თქვა, თეთრიაო. წმინდა მამებიც გვაფრთხილებენ: გამოუცდელ და ვნებიან მოძღვრებს სულს ნუ ჩააბარებო!
- მამაო, ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, მტერი და არაკეთილმოსურნე ბევრი გვყავს, გავუძლებთ?
- ჯერ ერთი, სულაც არა ვართ მცირერიცხოვანი ერი. მეორე კიდევ, ძალა სიმრავლესა და ტანკებში როდია, ჭეშმარიტებაშია! რიცხვით თორმეტნი იყვნენ მოციქულები, მერედა განა დამარცხდნენ?
ჩვენ საზეპურო ერი ვართ. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ქრისტეს არასოდეს მიუტოვებია საქართველო, ოღონდ ჩვენ არ მივატოვოთ ქრისტე. ის რუსეთიცა და ის ამერიკაც ქრისტეს ხელშია. ვერც ერთი ვერაფერს დაგვაკლებს, გჯეროდეთ ეს!
საქართველოს მთელი ისტორია ხილული და უხილავი ომების ისტორიაა. ხომ ხედავთ, ვერ ჩაკლეს ჩვენში ღმერთის სიყვარული და სწრაფვა თავისუფლებისა და სრულყოფილებისაკენ. დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღმრთისაკენ. იწყება დიდი გამოღვიძება! საქართველო მსოფლიო დონის სულიერი აღმოჩენების წინა პერიოდშია. გამაოგნებელი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საიდუმლოებები გამჟღავნდება ჩვენში. ღმერთი მსოფლიოს აჩვენებს ქართველობის ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. ღმრთისაგან დაფარული უზარმაზარი ცოდნა, რომელიც საიდუმლოდ გადაეცემოდა წმინდა ბერებს თაობიდან თაობაში და რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ, მალე გაგვეხსნება. ამიტომ ცოცხალი წმინდანები უნდა ვეძიოთ. ნურავინ გეტყვით, რომ დღეს არ არიან დიდი ძალის, მადლისა და ცოდნის მატარებელი ადამიანები. მით უმეტეს, ჩვენთან. ისინი არიან და არიან საიდუმლოდ; ოღონდ ესაა, წმინდანის ამოცნობა თავად სიწმინდეს მოითხოვს. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა! მთელი მსოფლიოს კეთილი სისტემა ელოდება ქართველთა გამოსვლას. ეს იცის ბოროტმა სისტემამაც, ამიტომაც არ გვანებებს თავს, როგორც სულიერად, ასე პოლიტიკურადაც. მაგრამ ფუჭია მათი შრომა, ვერ მოგერევიან! ღვთისგან ნაწინასწარმეტყველები ყოველივე აღსრულდება, ოღონდ დიდი შრომაა საჭირო, რაც უდიდეს ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არც სხვათა მიბაძვით გამოვა რამე და არც სხვების იმედად. ძნელია ქართველობა, მაგრამ... აუცილებელი.
მთავარია სულიერი განწმენდა, ნამდვილი რწმენა და სიყვარული ღმრთისა. განწმენდა ეკლესიიდან დაიწყება. როცა ერს ღმერთთან შუამავლად ღირსეული და წმინდა ადამიანები ეყოლება, მეტად განმტკიცდება რწმენასა და სიყვარულში და წარმატებაც არ დააყოვნებს! ომის ბედი ცაში წყდება. ჯერ ბერები (ცნფჰწს - სულიერ ღვაწლში დაბრძენებულნი) მოიგებენ სულიერ ომს, მერე კი ხილული (პოლიტიკური) გამარჯვება მიწაზე მოხდება. ჯერ ბერები (წმინდანები) ამარცხებენ ცოდვებსა და ბოროტებას, მერე კი ერი იღებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და იწყებს აღორძინებას.
საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!
- მამა გიორგი, რატომ გეძახიან "ფეხითმოსიარულეს?"
- აბა, ფრთები მე არ მაქვს და... ფეხით დავდივარ, ალბათ ამიტომ (იცინის). ისე, 35-ჯერ ვარ ნამყოფი ფეხით თბილისში, 4-ჯერ ლესელიძემდე, 4-ჯერ აჭარაში, საინგილოშიც, საქართველოს მთიანეთშიც, სვანეთშიც ვყოფილვარ ფეხით.
ერთ გიორგობისთვეში ძალიან ციოდა. ფეხით მივუყვებოდი თბილისისაკენ. გვირაბში ერთხელაც არ გავსულვარ. რიკოთის ძველ გზას ვადექი. მოულოდნელად მგლების ხროვა შემომერტყა. არ შემშინებია-მეთქი, ვერ გეტყვით, ხელთ არაფერი მქონდა. ღმერთის ნებას მინდობილი ვიდექი, რადგან უაზრობა იყო, რამე გეღონა. ამ დროს ცხენოსანი გამოჩნდა და მკაცრად მკითხა: - კაცო, რა გინდა ამ ღამით ტყეში და ვინ ხარო. გიორგი ვარ, ჭოგნარელი-მეთქი. სხვა გიორგი თუ გაგიგია ვინმეო და იმწამს ვიფიქრე, უეჭველად წმინდა გიორგი არის-მეთქი... ფიქრზე მიპასუხა: - ჰო, ჰო, ხედავ, გადამირჩენიხარო! - ჰკრა მათრახი ცხენს და გააჭენა. რომ მივიხედ-მოვიხედე, მგლები აღარსად ჩანდნენ. ისე, ეს თქვენამდე არავისთვის მომიყოლია (იცინის).
- მამა გიორგი, რუსი წმინდა მამა თეოდოსი კავკასიელის (კაშინი) ცხოვრებაში წავიკითხეთ, რომ სულიერ შვილს კითხვაზე, რამდენი წლის ხართო, წმინდა მამამ უპასუხა: - 1000 წლისაო. სულიერმა შვილმა კითხვა გაუმეორა. წმინდა მამამ მიუგო, - 600 წლისა ვარო, ხოლო მესამედ - 400-ისო. რამდენიმე მოძღვარს ვკითხეთ, რას ნიშნავდა წმინდა თეოდოსის ასეთი პასუხი. ზოგმა კითხვას მოხერხებულად აარიდა თავი, ზოგმაც გვითხრა - სალოსობით ექნებოდა ნათქვამიო. თქვენ რას გვეტყვით?
- ეგ სალოსობით ნათქვამი არ არის. სალოსობა მოჩვენებითი სიგიჟეა, გინება, ლოთობა, შიშველი სიარული, წყევლა და ა.შ. იქ კი, ნახეთ, წმინდა თეოდოსი როგორ პასუხობს: - ღმერთია მოწმე, რომ არ ვტყუი და ჭეშმარიტებას გეუბნები - 1000 წლისა ვარო. იყო ის კაცი 1000 წლის! ის სიცოცხლეშივე დიდი წმინდანი იყო და წმინდანის მახსოვრობა და ცოდნა გააჩნდა. ამიტომაა ეგ სიტყვები თქვენთვის გაუგებარი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ქართველებსაც გვყავს ათასი და გაცილებით მეტი ხნის წმინდანები.
- მამა გიორგი, თქვენ რამდენი წლისა ბრძანდებით?
- ბრძანების რა მოგახსენოთ... გეტყვით აგერ, ძალიან ბევრის... ხუთ მოსვლად მეყოფოდა (იცინის). ვხუმრობ, კაცო, 74-ეში გადავაბიჯე. რას იტყვით, გავძლებ 100 წლამდე?
- ღმერთმა გაცოცხლოთ.
- დაიმახსოვრეთ, რასაც გეტყვით: - ილია წინასწარმეტყველის გამოჩენის დრო რომ დადგება, მაშინ უნდა გავიდე მე მოწამებრივი აღსასრულით... სიკვდილის კი არ მეშინია, უბრალოდ, მიყვარს ადამიანები, ჩემიანები! ჰოდა, როცა მაგრად მომენატრებით, ქე ჩამოვალ ისევ აქეთ!
- მამაო, ხილვა გქონდათ, გასვლის დრო რომ იცით?
- სულიერი კაცის საქმე საკუთარი თავის შეცნობა და ცოდვების გამოტირებაა. მიწიერი ხვედრი კი ტკივილი და ტანჯვა და არა ხილვებსა და გამოცხადებებზე ოცნება. ღმერთს უყვარს ადამიანი და უხარია მასთან ლაპარაკი, მაგრამ ამისათვის დიდი სიმდაბლეა საჭირო. განსაცდელის ჟამს, თავის ნებისაებრ, მოწყალე ღმერთი სხვადასხვა საშუალებითა და გზებით ცდილობს შენს გამოყვანას, გამხნევებას, გაძლიერებას და ეს იმ დროს ხდება, როცა შენ ამას არც კი მოელი. მოვხუცდი აწი, ზოგჯერ ჭამაც მავიწყდება და ერთხელ ისე მოხდა, 20 დღის უჭმელი ვიყავი. მხნეობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ მართალი გითხრა, ცოტა დავიღალე და ჩამეძინა. სწორედ ამ დროს დედა ღმრთისასგან მეუწყა ჩემი გასვლის დრო. ადრეც ყოფილა, დედა ღმრთისა მობრძანებულა. ერთხელ ასეთი რამ მიბრძანა: - V საუკუნეში წმინდა ეპისკოპოსი გიორგი აწამეს სამკვეთლოში. მისი ნაკვეთი სეფისკვერი დღესაც გაქვავებული დევს და შენ უნდა იპოვოო. დიდხანს ვეძებდი. ბოლოს ვიპოვე. სასწაულია ღმერთის ძალა!
გეტყვით კიდევ: ერთხელ ფული დამჭირდა ძალიან, მაგრამ არავისთვის მითხოვია. ვიყავი ისე. ერთ დღეს ტაძრიდან წამოვედი ქალაქისაკენ, სანამ ტრასამდე გავიდოდი, გზად რუსის ქალი შემომხვდა, - მოწამეთელ გიორგის ვეძებო. მე ვარ-მეთქი. მეუბნება: ქუთაისიდან ვარო. ნათესავმა რუსეთიდან 100 დოლარი გამომიგზავნა და მთხოვა, თქვენთვის ამომეტანა და სიტყვითაც გადმომეცა, - სერაფიმემ მითხრა, - გიორგის ფული გაუგზავნეო. ვინ სერაფიმემ-მეთქი. არ ვიცი, ბატონო, ასე მითხრა ჩემმა ნათესავმა ანიჩქამო. მორწმუნეა მერე ის ანიჩქა-მეთქი? კიო. მივხვდი, ვინც იყო სერაფიმე. ის ფული არ დამიხარჯავს. ანდა როგორ უნდა დამეხარჯა (ამოიღო ჯიბიდან და გვიჩვენა). აქ საქმე ფულში როდია, ეს ხომ დიდი სიყვარულია. წმინდა ალექსი შუშანია ბევრჯერ დამხმარებია. გიორგი ბრწყინვალე ძალიან დიდი სულია...
- სპორტი ახსენეთ. როგორი დამოკიდებულება გაქვთ სპორტთან?
- სპორტი ახლაც მიყვარს, რადგან ნებისყოფას, შრომისმოყვარეობას და სულის სიმტკიცეს მოითხოვს, რაც აყალიბებს და ავაჟკაცებს სულს. ხოლო ვაჟკაცი სული სათნოებისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე ბოროტისაკენ. რა თქმა უნდა, სპორტს ბოლომდე ვერ გავყვებოდი, მაგრამ ის წლები და ფიზიკური მომზადება ძალზე წამადგა. ახლაც ამ ხნისას 40 კმ შემიძლია ფეხით გავიარო.
მიხარია, რომ სახელმწიფო ბოლო დროს ძალიან ზრუნავს სპორტზე. კიდევ უფრო გასახარია, რომ მიუხედავად სიდუხჭირისა, სპორტსმენებს შრომა უფასდებათ. ისინი ხალხში უფრო პოპულარულები ხდებიან, ხოლო მათი პოპულარულობა ხელს უწყობს სპორტში მოზარდების ჩაბმას. ხომ ხედავთ, ნარკომანია პოლიციური მეთოდებით არ აღმოიფხვრება. სპორტს კი შეუძლია დაიცვას ახალგაზრდობა ამ დამღუპველი სენისა და ქუჩური ძველბიჭობისგან. ცუდი არ არის, როცა მოზარდს სურს გახდეს რონალდო, ზიდანი, მაგრამ დასანანია, რომ არაფერი იციან ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე. დღეს მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლებს თუ ახსოვთ, რომ დიდმა პელემ მიშა მესხი "წითელ პელედ", ხოლო სლავა მეტრეველი "სამყაროს ნომერ პირველ იდეალურ გარემარბად" აღიარა... ასეთი პიროვნებები ჩვენი ეროვნული სიამაყეა და ახალგაზრდები უფრო ღრმად უნდა იცნობდნენ მათ სპორტულ ცხოვრებას.
ყველა ქართველ სპორტსმენს წარმატებას, თავდაუზოგავ შრომას და ქრისტეს რწმენაში განმტკიცებას ვუსურვებ.
- მამაო, რაიმე თხოვნა ხომ არ გაქვთ?
- აბა, ვის რა უნდა ვთხოვო. ღარიბი იმერელი მასპინძლისა არ იყოს, სტუმარს რომ ეუბნება: - რა დროს მოხვედი, კაცო, ყველი არა მაქვს, თორე ფქვილი რომ მქონდეს, ხაჭაპურს გამოგიცხობდიო!
გაგვეცინა, მაგრამ როგორც კი მივხვდით, მამაო ირიბად ჩვენს უქონლობაზე მიგვანიშნებდა, დავღონდით. დაგვამშვიდა - ღმერთმა მოგცეთ ადამიანების დახმარების სურვილიც და შესაძლებლობაცო.
- ჰო, ისე, განათლების მინისტრს ვთხოვდი, სკოლებში სასწავლო პროგრამაში შეიტანოს შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს:
"რწმენა გამაღლებს თუ ეჭვი გიპყრობს,
დავრდომილი ხარ თუ ღონე გერჩის,
წუთი არ არი, რომ მარტო იყო,
ღმერთი ან ეშმა არ გედგას გვერდში.
მაგრამ ორივე უჩინარია
და ვერც გაარჩევ, რომელი გწინდავს,
ალღო კი მხოლოდ შეუმცდარი აქვს
წინასწარმეტყველს, გმირსა და
წმინდანს.
- დაგვლოცეთ, მამაო. რას უსურვებთ ჩვენს ერს?
- დღეს ერთობა და ურთიერთთანადგომა გვმართებს, სამშობლოზე ზრუნვა ყველას სისხლხორცეული ვალდებულებაა. ამიტომ ყველანი პირნათელნი უნდა ვიყოთ ღმერთის, ქვეყნისა და წინაპართა სულების წინაშე. მძიმე დროა! ვშიშობ, დიდი ომია ახლოს!.. ჩვენ გავიმარჯვებთ.
უცოდველი მხოლოდ ღმერთია. შევუნდოთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ. მარხვით განვიწმინდოთ და ღირსეულად შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. გამარჯვების აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა! გფარავდეთ ღვთისმშობლის კალთა, გეწეოდნენ წმინდა დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე. ჯანმრთელობა, გამრავლება, სიხარული, სიწმინდე და წარმატება ჩვენს ერს...
დავემშვიდობეთ, გამოგვაცილა. დიდხანს იდგა და გვიყურებდა. ფეხს ვითრევდით, უკან ვიხედებოდით. უცებ მკაცრი, მაგრამ საყვარელი ხმით დაგვიძახა - ვალიკო, თუ არ დაიჯერებთ და მაინც დაწერთ, ნურაფერს შეალამაზებთ და ნურაფერს ამოიღებთ... ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან!
შენდობას ვთხოვთ მამა გიორგის, თუ რაღაც ისე ვერ დავწერეთ, როგორც საჭიროა.
დოცენტმა ლელა ცირეკიძემ და ლალი შანიძემ