EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პელარგონია (Pelargonium) გერანისებრთა ოჯახის სამხრეთ აფრიკული მცენარე »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-02-18 12:58:37

პელარგონია (Pelargonium) გერანისებრთა ოჯახის სამხრეთ აფრიკული მცენარე

Pelargonium

პელარგონია არის მცენარე, რომელიც მთელი წლის მანძილზე, პრაქტიკულად შესვენების გარეშე, ყვავის. ამასთან, ყვავილის შერჩევა ფერის მიხედვითაც შეგიძლიათ. არსებობს ყვავილის უამრავი ფერი: ქათქათა თეთრიდან დაწყებული, ბორდოსფერით, თითქმის შავით დამთავრებული.

პელარგონია საკმაოდ გავრცელებული ულამაზესი მცენარეა, რომლის საოცარი სურნელით უამრავი ადამიანი იხიბლება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მცენარე, სურნელთან ერთად, სასარგებლო ეთერზეთებსაც გამოყოფს და უამრავი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა.

პელარგონია გერანისებრთა ოჯახის სამხრეთ აფრიკული მცენარეა და ბუნებაში მისი 250-მდე სახეობაა გავრცელებული. 
მცენარეს სახელი, როგორც ჩანს, ნაყოფის ფორმის გამო დაარქვეს - „პელარგოს“ ბერძნულად წეროს ნიშნავს, პელარგონიას ნაყოფი კი წეროს ბრჭყალს წააგავს. პელარგონიას თესლი ევროპაში, მე-16 საუკუნეში შემოიტანეს და საოცარი ფორმისა და ულამაზესი, სურნელოვანი ყვავილების გამო, მალევე იქცა მეყვავილეების საყვარელ მცენარედ. თავიდან მას ევროპელი დიდგვაროვნები ორანჟერეებსა და ზამთრის ბაღებში აშენებდნენ, დროთა განმავლობაში კი იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ თითქმის ყველა სახლში შეიძლებოდა მისი ნახვა. შესაბამისად, ევროპელი და ამერიკელი სელექციონერებიც გააქტიურდნენ და მცენარის უამრავი ჯიში გამოიყვანეს- ჭრელფოთოლა, ჭრელყვავილა, დიდყვავილა, წვრილყვავილა, მეჩხერი ყვავილედით და ა.შ. გამოიყვანეს ასევე, მცენარის მაღალი, საშუალო სიმაღლის, ამპელური და ჯუჯა ფორმები. 
რაც შეეხება, პელარგონიას ბუნებრივ სახეობებს, ისინიც საკმაოდ მრავალფეროვანია და ერთმანეთისგან ფოთლების ფორმით, ყვავილების ფერითა და სურნელებით განსხვავდება. პელარგონიას ძლიერი სამკურნალო თვისებები გააჩნია - იგი გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. 
გარდა ამისა, გამოყოფს გარკვეული რაოდენობით ეთერზეთებს, რომლებიც, გარდა იმისა, რომ სახლს საოცარი სურნელით ავსებს, ანტიბაქტერიული (ჰაერს ბაქტერიებისგან წმენდს) და ანტიდეპრესანტული თვისებებიც გააჩნია და დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

Pelargonium

მოვლა 
საქართველოს პირობებში, ღია გრუნტში პელარგონია ერთწლოვანი მცენარეა, ხოლო თუ ოთახში გამოვაზამთრებთ - მრავალწლოვანი. 
წლის თბილ სეზონზე თავს ერთნაირად კარგად გრძნობს როგორც ოთახში, მზიან ადგილზე , ისე გარეთ, მზისგულზეც. 
პელარგონია კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს და სიცხესაც, მხოლოდ ორპირ ქარს ვერ ეგუება. 
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ოთახში გამოზრდილი და გამოზამთრებული მცენარე მზის პირდაპირ სხივებს ეტაპობრივად უნდა შეაჩვიოთ: თავიდან, ღია ცის ქვეშ, დღეში 10-15 წუთით უნდა გამოიტანოთ, 1 კვირის შემდეგ კი მზის პირდაპირ სხივებს შეეჩვევა და აღარაფერი მოუვა. 

მორწყვა
რაც შეეხება მორწყვას, ამ შემთხვევაში ზომიერება გმართებთ - უმჯობესია, წყალი დააკლოთ, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ, რადგან მუდმივად სველ მიწაში ფოთლები ულპება და შეიძლება, მწერებიც გაუჩნდეს. 

ნიადაგი 
Pelargoniumპელარგონიას ნოყიერი, ფხვიერი და კარგად წყალგამტარი მიწა სჭირდება. 
სასურველია, მაღალ და შედარებით ვიწრო ქოთანში ჩარგოთ, რადგან ფართო ქოთანში სუსტად ყვავის, ან საერთოდ წყვეტს ყვავილობას. აქედან გამომდინარე, გადარგვა მანამ არ სჭირდება, სანამ ქოთანი ფესვებით არ გადაევსება. 
გადარგვა კი უმჯობესია გაზაფხულზე, ზამთრის შესვენების შემდეგ, თუმცა თუ აუცილებლობა მოითხოვს, ამის გაკეთება ყვავილობის პერიოდშიც შეგიძლიათ - მხოლოდ ეცადეთ, რომ გადარგვისას თავისივე მიწის გუნდა ფესვებიდან არ მოაშოროთ. 
გადარგვის შემდეგ, მცენარე უხვად მორწყეთ, 2-3 დღით ჩრდილში დადგით და რამდენიმე დღე აღარ მორწყათ. 
თუ მცენარეს მიწა ნოყიერი აქვს, როგორც წესი, ხელოვნურად განოყიერება აღარ სჭირდება, თუმცა, უკეთესი ყვავილობისთვის მაინც შეგიძლიათ თვეში ერთხელ რომელიმე მინერალური სასუქით გამოკვებოთ. 
დაიმახსოვრეთ ისიც, რომ პელარგონია ნედლ, ორგანულ სასუქს (მაგ: ნაკელს, წუნწუხს) ვერ იტანს და არავითარ შემთხვევაში ნიადაგი მისით არ გაანოყიეროთ. გამოხშირვა ზრდის შესაბამისად, პელარგონიუმს გამოხშირვა ანუ წამოზრდილი ტორტების შეჭრა-დამოკლება სჭირდება. ეს პროცედურა აუცილებელია გადარგვისას ან გადაყვავილებული მცენარის გამოზამთრებისას ჩაატაროთ. გამოხშირვა მცენარეს კარგად დაბუჩქვაში, ახალი ტორების განვითარებაში და ყვავილების გახშირებაში ეხმარება. ნუ შეგეშინდებათ, თუ გამოხშირვისას მცენარეს ყვავილებიც მოშორდება - სამაგიეროდ, სტიმული მიეცემათ ახალი კოკრების განვითარებას და მცენარე სულ მალე უკეთესად და გაცილებით ხანგრძლივად იყვავილებს. 

გამრავლება
პელარგონიას გამრავლების ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმა ღეროს კალმებით გამრავლებაა. 
ამისთვის საჭიროა: ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში მცენარის კარგად განვითარებული და მსხვილი ტოტის კენწერო 6-10 სმ-ის სიმაღლეზე გადაჭრათ. მოჭრილი კენწერო, რამდენიმე დღით ჯერ ჩრდილში უნდა დადოთ (იმდენ ხანს, რომ ოდნავ შეჭკნეს), შემდეგ წყლიან ჭურჭელში ჩადოთ და თბილ ადგილას მოათავსოთ. პელარგონიას გამრავლების მეორე მეთოდიც არსებობს, რომლის მიხედვითაც - მცენარის ახალმოჭრილი ღერო მიწაშერეულ ნესტიან ქვიშაში უნდა ჩადოთ (ისე, რომ მიწის ზემოთ დაახლოებით 1/3 დატოვოთ), თავზე პლასტმასის გადაჭრილი ბოთლი დააფაროთ და ქვიშა პერიოდულად (გაშრობისთანავე) ოთახის ტემპერატურის წყლით კარგად დაუნამოთ. 
რაც შეეხება, პელარგონიას სელექციური და გენეტიკური გზებით მიღებულ ჯიშებს, მათი გამრავლება თესლითაც შეიძლება. თესლის შეძენა კი ინტერნეტმაღაზიებში შეგიძლიათ, თუმცა ასეთი თესლისგან გამოზრდილი მცენარე შედარებით რთული მოსავლელია, ყვავილობაც მეორე წლიდანვე უმცირდება და არც მისი კალმები გამოდგება ხოლმე დასაფესვიანებლად.