EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვედების ფილოსოფიური სისტემა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-21 20:10:38

ვედების ფილოსოფიური სისტემა

ძველი ინდოეთის ფილოსოფიური მოძღვრებანი დასაბამს იღებს მითოსური მსოფლმხედველობის არქაული ფორმიდან, კერძოდ კი მისი საფუძველია ვედური ლიტერატურა. ინდური კულტურა თავის არსებობას იწყებს ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩრდილო-დასავლეთიდან მოსული არიელების ტომი დასახლდა ირანსა და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. ამ დროს მოხდა არიელთა მაღალგანვითარებული კულტურის შერწყმა აბორიგენი ტომების პრიმიტიულ კულტურასთან. პირველსამშობლოდან ინდოარიელებმა მოიტანეს რწმენა, მემკვიდრეობითაც შეიძინეს ადგილობრივთაგან ბევრი რამ და შექმნეს სრულიად ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებანი. არიელებმა თან მოიტანეს თავიანთი თქმულებანი, ჰიმნები და რიტუალები, რომელთა შერწყმითაც ადგილობრივ ხალხთა მითოსურ-რელიგიურ რწმენასთან დაიწყო ვედური აზროვნების ჩამოყალიბება და განვითარება.

ვედები


საერთო საფუძველი, რაზეც მეცნიერები შეიძლება შეთანხმდნენ მდგომარეობს შემდეგში: არიელები და ირანელები ერთი წარმოშობისანი არიან, დასახლების საერთო არეალიდან ირანსა და ინდოეთში მოსულნი ზარატუსტრას ხანაში, რის გამოც მრავალი მსგავსება არსებობს მათ შორის, ერთ-ერთი კი ავესტასაც უკავშირდება. რადგან რიგვედას ჰიმნები შინაარსობრივად ემსგავსება ძველი სპარსელების მითოსურ საგალობლებს _ “ავესტას” გათებს (რომლისგანაც ზოროასტრიზმი განვითარდა), ამიტომ გავრცელებულია აზრი არიელების ემიგრაციასთან მათი ურთიერთკავშირის შესახებ.

არიელები თემურ-გვაროვნული წყობილების პირველ საფეხურზე არ იცნობენ საზოგადოების დაყოფას ვარნებად, თავიდანვე ბრამინ-ქურუმნი ხელმძღვანელობენ რელიგიური მრწამსის შთანერგვასა და სააღმსარებლო ცნობიერების აღორძინებას.
მას შემდეგ, პირველყოფილი წყობილების დასასრულსიქმნებავარნები, რომლისპირველსაფეხურზეაღმოჩნდებიანბრამინნი. ისინი ღვთაებრივი ნიჭით ხელდასმულნი, აყალიბებენ მითოლოგიას, განამტკიცებენ რწმენას, ადგენენ ფილოსოფიურ და რელიგიურ მოძღვრებებს, თხზავენ ჰიმნებს, ფლობდნენ კულტებს, რომელთამეშვეობითაცხალხზეუდიდესიზეგავლენაჰქონდათ. მეორე საფეხურზედგანანკშატრიანნი _ მეომარნი და მმართველნიანუხელმწიფენი. მესამე საფეხურზე არიან ვაიშნი _ თავისუფალი მშრომელი ხალხი, მეჯოგენი და მიწათმოქმედნი. ბრაჰმა შობს ვაიშიას გაპიროვნებას _ ვიშთ: ვასუს, რუდრებს ადაადიტიებს. მეოთხე ვარნა აშუდრანი, დამარცხებულ ტომთა განდა უთვისტომო ადამიანთაგან შემდგარი, რომლის სიმბოლურ გაპიროვნებასაც _ პუშანს, ანუ მიწას, ყოველივე არსის მსაზღვრელს, შობს ბრაჰმა. პირველი სამი ვარნის წარმომადგენლები ყრმობიდანვე აღასრულებენ ინიციაციას, ანუ ზიარების განსაკუთრებულ წეს-მსახურებას, რისი ძალითაც მათ “ორჯერდაბადებულებს” უწოდებენ, განსხვავებით შუდრებისაგან, ანუ “ერთხელდაბადებულებისაგან”.
პირველ სამ ვარნას საკუთარი ღვთაებებიც ჰყავს: ბრამინთ-ბრიჰასპატი, კშატრიათ-ინდრა, ვაიშთ-ვასუ. ძველ ინდოელთა მითოლოგიური წარმოდგენით, არსთა გამრიგემ, პრაჯაპატიმ, ანუ იგივე ბრაჰმამ, საკუთარი პირისაგან შვა ვაიშნი, ხოლო ტერფებისაგან შვა შუდრანი და ბოლოს, “ყოვლისა უმაღლესი”: დჰარმა (კანონი) _ მეუფე მეუფეთა, რომელსაც მორჩილებს ყოველი ვარნა, ყოველი კაცი და ყოველი ღმერთი.

ვედები თავდაპირველად ვრცელდებოდა ზეპირი გზით, დამწერლობის შემოღების შემდეგ წერილობით2. ვედების ისტორიული განვითარების ოთხი საფეხურია: სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები. ვედების ოთხი ჯგუფია: რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა და ათარვავედა.

საოცარია, მაგრამ მრავალი ხალხის რელიგია აღიხოცა პირისაგან მიწისა, ანდა უმნიშვნელო კვალი დაუტოვებია შთამომავალთა მეხსიერებაში. დღევანდელ ინდოეთში კი სწამთ იგივე ღმერთი, სამი ათასი წლის წინათ რომ სწამდათ, ისევ იმ თხზულებებს ადიდებენ, რომლებსაც უძველეს დროში ადიდებდნენ და აფიქრებს ის, რაც მრავალი საუკუნის წინათ.

ვედა ბრამინთა ბიბლიაა. ვედები, შრუტებს, ანუ “მოსმენილს” რომ უწოდებენ, განცხადებულია საღმრთო სიბრძნითა და ზეშთაგონებით ძველ წინასწარმეტყველთაგან _ რიშთაგან. რადგან ინდოეთში დამწერლობა ჩვ. წ.-მდე VIII საუკუნიდან შეიქმნა, ვედებიც ამავე პერიოდში ჩაიწერა, მანამდე კი თხზულებანი ზეპირად გადაეცემოდა გვარიდან გვარს. ამგვარ მეთოდს ეფუძნებოდა მთელი ვედური სიბრძნე, ზეპირსიტყვიერება იყო ძველი ინდური ფილოსოფიური და რელიგიური მოძღვრებების ცოდნის დაუფლების ერთადერთი გზა.  “ვედა”  სანსკრიტის ენაზე “ცოდნას” ნიშნავს, მაგრამ არ შეესაბამება ცოდნის თანამედროვე გაგებას, არამედ გულისხმობს სულიერ, საღვთო ცოდნას. ვედების შემადგენლობაში შედის ლექსად და პროზად დაწერილი თხზულებები, რომლებიც მოიცავს ადამიანთა ურთიერთობის მრავალ ფორმას: მითიურ ამბებს, ლოცვებს, შეჩვენებას, ჰიმნებს, საგალობლებს, მსხვერპლშეწირვას, საგმიროლეგენდებს, საყოფაცხოვრებოიგავებს, დიდაქტიკურ დამოძღვრებებს, ფილოსოფიურ განმარტებებს, სადაც ასახულია ღვთაებათა გამოცხადებანი, პირველი ვარაუდები, რომ ამ ხილული და წარმავალი, ყოფიერი სამყაროს მიღმა უნდა არსებობდეს რაღაც უხილავი და წარუვალი, ღვთაებრივი სამყარო. ვედები ისტორიული განვითარების მიხედვით ოთხ საფეხურად იყოფა:  უძველეს ჰიმნებს, შელოცვებსა და სამსხვერპლო ფორმულებს აერთიანებს სამჰიტები, რომლებზედაც დროთა განმავლობაში შეიქმნა კომენტარები. ამის საფუძველზე განვითარდა ვედების შემდგომი სამი საფეხური: ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები.

ვედები

არანიაკები (“ტყის წიგნები”) არის თხზულებანი იმათთვის, ვინც მიატოვა სახლი და განდეგილი ცხოვრობს ტყეში.

ჩვ. წ.-მდე X ს.-დან იქმნება უპანიშადები. “უპა-ნიშად” _ “ახლოსმყოფი”, ანუ ცოდნის წყაროსთან, მასწავლებელთან, ან ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს ნიშნავს. “უპანიშადა” ეტიმოლოგიურად მიღებულია ნაზმნარი არსებითი სახელისაგან უპა-ნი-სად და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “გვერდით ჯდომას”, ანუ ფეხმორთხმით ჯდომას მოძღვართან, რომელიც მოწაფეს საკრალურ ცოდნას გადასცემს. შანკარა ფუძე სად-ს განმარტავს როგორც “განადგურებას”, “უმეცრების კავშირთა დარღვევას” ანუ როგორც “ბრაჰმანთან მიახლებულს”. უპანიშადები წარმოადგენს ვედური ფილოსოფიური აზროვნების განვითარების უმაღლეს მწვერვალს, მის უკანასკნელ საფეხურს, რისთვისაც მას ვედანტა (“დასასრული ვედებისა”) უწოდეს.

უპანიშადები, განსხვავებით ბრაჰმანებისაგან, მიზნად ისახავენ ასწავლონ არა საკულტო წესების ზუსტი აღსრულება, არამედ ემსახურებიან მსხვერპლის ცნების სულიერ მსხვერპლად გარდასახვასა და ყოფიერების კანონების ფილოსოფიურ წვდომას.

თავდაპირველი ვედები _ სამჰიტები, თავისი  დანიშნულების, ხასიათისა და თავისებურების მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფა: რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა და ათარვავედა.

ვედების ამ სისტემაში რიგვედას ტექსტები გამორჩეულია თავისი თეორიული ნიმუშებით, რაც საფუძველი გახდა ფილოსოფიის განვითარებისათვის. რიგვედას მითებში მიზეზისა და შედეგის კავშირის ამოცნობის საკითხებიც დგება. დანარჩენი ვედების ფუნქცია შედარებით პრაქტიკული ხასიათისაა: სამავედა სიმღერების კრებულია, რაც გულისხმობს რიგვედას ლექსის თანხლებით მელოდიების შესრულებას; იაჯურვედა მსხვერპლშეწირვისას შესასრულებელი რიტუალების ვედებია.

რიგვედა, ოთხ ვედას შორის უმთავრესი, ინდური თხზულებების პირველი ძეგლი, რელიგიური ლირიკის უმაღლესი განსახოვნებაა. იგი არიელთა გარემოცვაში აღმოცენდა. ინდოეთში მათი განსახლების ჟამს, რამდენიმე საუკუნე რომ გრძელდებოდა, არიელნი აყალიბებენ გვაროვნულ წყობილებას და სწორედ ეს ხანა პოულობს თავის ანარეკლს ამ უდიადეს თხზულებაში. რიგვედას ჰიმნებს აერთიანებს საერთო საკულტო, მაგიური დანიშნულება.

სამავედას ჰიმნები, უმცირესი ნაწილის გარდა, რიგვედადან გადმოსულია. ისინი საგალობლად არიან განკუთვნილნი მსხვერპლშეწირვისა და წეს-მსახურების აღსრულების დროს. ამ ჰიმნების უმთავრესი ნიშანი არის მელოდიურობა, რომელიც მაგიური ძალის შემცველია.

იაჯურვედა, თეთრ და შავი აჯურვედად განყოფილი, კრებულია იაჯუსთა. თეთრი იაჯურვედა შეიცავს საწესჩვეულებო ქადაგებებსა და შელოცვებს, შავი ყოველივე ზემოთქმულსა და სხვადასხვა სახის განმარტებებსაც. იაჯურვედას მოძღვრების არსი საიდუმლოდ რჩება ყველა იმათთვის, ვინც არ განეკუთვნება ქურუმთა ვარნას და ვისაც არ შეუძლია ეზიაროს ამ ცოდნას.

ათარვავედა _ წყევლის, დაგმობის, შელოცვის ჰიმნებია და მაგიური ფორმულირებებს ასახავს. აღნიშნული ვედები გვიანაა შექმნილი და წარმოადგენს აბორიგენი მოსახლეობის შემოქმედებას და არაქურუმთა მიერ დამუშავებულ “წმინდა ტექსტებს”. ათჰარვავედა მხატრული ღირსებებით, რიგვედას შემდეგ ყველაზე გამორჩეულია. მისი ადრინდელი სახელწოდება _ ათჰარვანგირასნი, ათჰარვანსა და ანგირასს აღნიშნავს, ორ საქურუმო გვარს, ზოგადად ქურუმს, ანუ საქურუმო კულტის მსახურს. მოგვიანებით ათჰარვანი და ანგირასი იქცნენ მაგიური შელოცვებისა და მისნობის აღმნიშვნელ ცნებებად, რომელთა შორისაც აზრობრივი განსხვავება დამტკიცდა: ათჰარვანი აღნიშნავს საღვთო გრძნებებს, ლოცვა-კურთხევას, ხოლო ანგირასი _ მისნობას, ჯადოსნურ გრძნებებს, წყევლას. პირველი განეკუთვნება კეთილმყოფელ მაგიას, ხოლო მეორე _ მტრულ მაგიას.

ვედები

პირველი ფილოსოფიური საკითხები ვედებშიკოსმოგონია.

 

საინტერესოა კოსმოგონიური ხასიათის ვედები, რომლებშიც სამყაროს დასაბამზე კითხვებია დასმული. რიგვედა უმთავრესად შედგება კოსმოგონიური ჰიმნებისაგან, აღვლენილნი ძველინდური პანთეონის ღმერთებისადმი. მისი ფილოსოფიური ჰიმნები განიხილავენ ყოფიერების წარმოშობის საკითხებს, ღმერთების არსსა და შესაქმის პირველმიზეზებსა და მიზნებს. ვედურ რელიგიას გვაზიარებს მისივე კოსმოგონია, ანუ მითიშესაქმისა. თავდაპირველად იყო მხოლოდ წყლები, რომლებიც შეიცავდნენ ცხოველმყოფელობის საწყისს. დღითიდღე მაღლდებოდა მიწის მომცრო გორახი და ტივტივებდა წყლის ზედაპირზე, შემდგომ იგი განივრცო და იქცა მთად, დედამიწის პირველსახედ, რომელიც იყო საკრალური. სამყარო იყო ერთიანობა, დაპირისპირებათა გარეშე, არ იყო არც ცა, არც მიწა, არც დღე, არც ღამე, არც სინათლე, არც სიბნელე. განუყოფელი მთლიანობა უეცრად დასრულდა კოსმოგონიური განვითარების მეორე საფეხურზე, დასაბამიერი სამყაროს მიღმა ღმერთ ინდრას შობით. მითი არ გვამცნობს, საიდან მოვიდა იგი, რადგან “არაფრიდან მოსვლაა” მისი არსების ნაწილი. ინდრა არაა შემოქმედი, რადგან სამყარო რომელიღაც შინაგან ძალთა მოქმედებით იშვა, ღმერთის ჩაურევლად. ინდრას მითიური დანიშნულება განისაზღვრა როგორც დემიურგული ქმედება, ორი სხვადასხვა ნაწილისაგან შემდგარი, წარმოაჩენს დამოკიდებულებას დასაბამიერ მთასა და სიცოცხლის ხეს შორის. მთა, ჯერ კიდევ დასაბამიერ წყლებში მცურავი, საძირკვლამდე უნდა გაიხლიჩოს და დაიფაროს. მასში დამარხულია წინააღმდეგობის დიდი ძალა და ინდრას ბრძოლა მიმართულია ამ ძალის წინააღმდეგ. ანტაგონისტ მხარედ წარმოდგენილია დრაკონი და ინდრამ უნდა გაანადგუროს ის ანუ ვრიტრა. მათ ბრძოლაში ინდრა კლავს დრაკონს და მთიდან ამოიფრქვევა სიცოცხლე ორი სახით _ წყლითა და ცეცხლად. წყალი წარმოდგენილია ოთხ მდინარედ, ხოლო ცეცხლი _ მზედ. მთა იძენს საყრდენს და ყოველ მხარეს განივრცობა, ვიდრე არ მიაღწევს დედამიწის ზომას. სიცოცხლის ხეს კი, რომელშიც ინდრა სვეტად წარმოისახება, უპყრია ცა. ამით ინდრა არის ცისა და მიწის გამმიჯვნელი. ქაოსურინივთობიდანსამყაროშიღმერთიინდრაიწყებსმოღვაწეობას: აღმოცენდასინათლე _ სიბნელესთან დაპირისპირებული, სიცოცხლე _ სიკვდილთან თანამყოფელი, გაჩნდა სიკეთე _ ბოროტებისგან განტოტვილი. ინდრა არაფერს ქმნის, მაგრამ მოქმედებს მაგნიტის მსგავსად და სამყაროს ყოველ ძალას ყოფიერების ორ დაპირისპირებულ მხარედ ჰყოფს. რიგვედა ყველაზე ძველი ფილოსოფიური ვედაა, რომელიც ჩაიწერაძალიანგვიან. ჩვენამდე მოღწეულ კრებულში 1028 ჰიმნია გაერთიანებულიდა 10 მანდალას, ანუ წიგნს შეიცავს. ფილოსოფიური რიგვედას კოსმოგონიური მითების ნიმუშია “ორი ქება რიგვედადან”, რომელთაგან პირველში _ “ქება ცისა და დედამიწისა” დგას პირველმიზეზის საკითხი:

“1.რომელია ამათგან ადრინდელი, რომელი _ გვიანდელი?

როგორ წარმოიქმნენ ისინი, წინასწარმეტყველო? ვინ
უწყის ეგე ნამდვილი? ცაში და დედამიწაზე ყოველივე,
რაცრამსახელდებულია. ორივებრუნავსდღე-ღამ,
ვითარცაბორბალი” (რიგ-ვედა,1,185) .
გამოკვეთილია საწყისის საკითხი სამყაროსთან მიმართებით:
“1. მასში არa იყო რა: არცა ყოფნა და არცა არყოფნა.
არ იყო სივრცე, არც სააქო, არ საიქაო…
რითი ფარვოდა ყოველივე ან რა იძვროდა?
ვინ ფლობდა წყალსა და უფსკრულთ სიღრმეთ?
2. არ იყო მაშინ არც სიკვდილი და არც სიცოცხლე.
არ იყო მაშინ დღისა და ღამის სხვადასხვაობა,
მხოლოდ სუნთქავ და თავისთავად ერთი,

ურხევი ქარ-ნიავთაგან; არა რა იყო თვინიერ მისა.
3. წყვდიადი იყო წყვდიადითვე გარემოცული,
თვალშეუდგამი წყალი იყო ეს ყოველივე.
სადაც არარას გარსერტყმოდა არარაობა,
იქ წარმოიქმნა სითბოსაგან ერთი” (32,129).1
კოსმოლოგიურ ვედათა შორის ფილოსოფიური თემატიკისაა “ნასტასიას ჰიმნი”, რომელშიც საუბარია მეტაფიზიკურ საკითხებზე. უპანიშადები სვამენ ფილოსოფიურ (ონტოლოგიურ) კითხვებს: რა არის ყოფიერება? რა არის მიზეზი? ბრაჰმანი? როგორ გაჩნდა ადამიანი? რისთვის ვართ შობილნი? რისთვის ვარსებობთ?..

მითოლოგიიდან რელიგიებამდე

უპანიშადები დაწერილია დიალოგის ფორმით, რაც აზრის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას განაპირობებდა. უპანიშადები აგებულია რელიგიურ-მითოსურ მსოფლმხედველობაზე, რომელსაც არ გააჩნია აზროვნების სტილი, არც მსჯელობის სისტემურობა, ამბები გადმოცემულია აფორისტული სტილით. ტექსტებში ჩანს მრავალღმერთიანობის დაგმობა და ერთღმერთიანობის წინა პლანზე წამოწევა. ადრეულ პერიოდში ინდოელთა მითოსური ღმერთების რიცხვი განუზომლად დიდი იყო, რადგან ყოველი ბუნებრივი მოვლენის გაღმერთების ტენდენცია შეინიშნებოდა. არსებობდნენ ღმერთები (“დევა”) და დემონები (“ასურა”). მოგვიანებით რიცხვი სამი საკრალიზება მოხდა და მას მიენიჭა საკმაოდ დიდი დატვირთვა. ციფრი სამის მისტიკური მნიშვნელობით, კოსმიური სფეროს ღვთაებათა (ზეციურის, ატმოსფერულის, მიწიერის) დიფერენცირების შედეგად, უპანიშადების ხანაში 33 ან 333 ღვთაებას აღიარებდნენ. თუმცა ეს არ გაგრძელებულა დიდხანს და დაიწყო ღმერთების კონცენტრაცია, მეტამორფოზის გზით მათი ერთმანეთთან შერწყმა. პოლითეისტური მითოლოგიიდან მონოთეისტურ რელიგიაზე გადასვლით მთავარი ღვთაებების პანთეონში აღმოჩნდნენ _ ბრაჰმა, შივა და ვიშნუ _ ერთგვარად შეიქმნა სამება. შეიქმნა ორთოდოქსული რელიგიები ბრაჰმანიზმი (მისი შემდგომი განვითარება ინდუიზმი), შივაიზმი და ვიშნუიზმი.

ვედების ღვთაებანი ძირითადად შემდეგი ნიშნით იყოფა:
საკულტო ღვთაებანი: აგნი _ ცეცხლის ღვთაება, სომა _ დამათრობელი სასმელის ღვთაება, ბრაჰმანასპატი _ ლოცვის ღვთაება, ვაჩი _ მეტყველების ღვთაება;
კოსმიური ღვთაებანი: მიწა და ცა, სურია _ მზე, სავიტარი _ მზის ღვთაება, უშასი _ განთიადის ღვთაება;

უსაზღვროების ღვთაებანი ანუ ადიტის ძენი: ვარუნა _ დამფარველი, მიტრა _ მოყვასი, ბჰაგა _ კეთილმყოფელი, არიამანი _ მეგობარი, ანშა _ განმანაწილებელი;

ქუხილის, ქარიშხლისა და ომის ღვთაებანი: ინდრა _ ჭექა-ქუხილის ღვთაება, არიელთა წინამძღვარი და მფარველი, მარუტნი _ ქარის ღვთაებანი და რუდრა _ მათი მამა;

ღვთაებანი, რომელთა ბუნება ბუნდოვანია: ორი აშვინი, სამი რიბჰუ…

უძველესნი, ინდოევროპული წარსულიდან აღმოცენებულნი არიან აგნი, სომა, მიწა, ცა, სურია, სავიტარი, უშასი. ამათ მოჰყვება ღვთაებანი ინდოირანულ-არიული წარმოშობისანი, რომლებიც საერთოა ინდოელებისა და ირანელებისათვის: ვარუნა, ორმუზდი, მიტრა, ხოლო ღვთაებანი _ ინდრა, ბრაჰმანასპატი, აშვინნი _ ინდური წამომავლობისანი არიან.

ინდოელი თვითდაუნჯების გზით წამით შეიძლება იქცეს ბრაჰმანად, რომელიც არის ერთიანი, განყენებული აზროვნება. ის მოირთხამს ფეხს გულხელდაკრეფილი, ზეცისკენ თვალებაპყრობილი, მდუმარედ დანთქმული თავის საფშვინველსა და განსჯაში და იდუმალ გაუმხელს თავისთავს: “მე _ ბრაჰმანი ვარ, არსი უზენაესი”. ეს ამაღლება სხვა არაფერია, თუ არა გადასვლა მშვიდ განმარტოებაში, განკერძოებულ თვითცნობიერებაში და ყოფიერებასთან კავშირის გაწყვეტა, განყენებულ თვითცნობიერებაში. ის, რაც ხორციელდება ამ კულტში ღმერთთან ერთიანობაა, თვითცნობიერების დახშვითა მიღწეული და ეს ის დასრულებული განყენებაა და სიცარიელე ანუ გამოცარიელება, ყოველნაირი ცნობიერების, ნების, ვნების, წადილის უარყოფამდე რომ მივყავართ, რადგან, ინდუისტური წარმოდგენებით, ვიდრე კაცი საკუთარი ცნობიერების ანუ თვითცნობიერების ტყვეობაში იმყოფება, იგი არაღვთიურია. ბრაჰმანის ჭეშმარიტი შემეცნება იწყება მაშინ, როდესაც ღვთიური და ადამიანური ერთმანეთს ერთვიან, როდესაც ადამიანი ტოვებს განსჯის საზღვრებს, აზრთა საუფლოს, გარდასახული ინტუიტიურ ყოფიერებად და რელიგიური ცხოვრებით დაეუფლება სრულ ექსტაზსა და ნეტარებას.

ინდოეთის ფილოსოფიური სისტემა

უპანიშადებში ვედური სიბრძნის კონსოლიდაციამ წარმართა ინდური ფილოსოფიის განვითარება. მაგრამ ამ პროცესში შეიმჩნეოდა რომელიმე ღვთაების განზოგადების ტენდენცია. ინდოეთში ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინა ისეთი ეპოსების შექმნამ, როგორიცაა „რამაიანა“ და “მაჰაბჰარატა“, რომლის 18 წიგნიდან  გამორჩეულია მე-6 წიგნი „ბჰაგავად-გიტა“, ანუ “ღვთაებრივი სიმღერა“, რომელშიც მხატვრულადაა დამუშავებული ფილოსოფიური (გნოსეოლოგიური, ონტოლოგიური, ეთიკური) დარელიგიური პრობლემები.

ქრ. შ.-მდე VI საუკუნიდან ჩამოყალიბდა ინდოეთის ფილოსოფიური სისტემა. ფილოსოფიას ძველ ინდოეთში „დარშანას“ უწოდებენ, რაც პირდაპირი თარგმანით ნიშნავს ჭეშმარიტების წვდომას, „ხილვას“. ყველა ფილოსოფიური სკოლა ცდილობდა ამ მიზნისთვის მიეღწია. ინდოეთში თავდაპირველად შეიქმნა ცხრა ფილოსოფიური სკოლა. ისსკოლები, რომლებიც ვედურ ლიტერატურას ეფუძნება ორთოდოქსურ სკოლებს განეკუთვნებიან და იწოდებიან ასტიკად, ხოლო ის სკოლები, რომლებიც არ ემყარებიან ვედებს და არ აღიარებენ მათ _ არაორთოდოქსული სკოლებია, ანუ ნასტიკა.

ორთოდოქსულია ექვსი სკოლა: იოგა, ვაიშეშიკა, მიმამსა, ვედანტა, სანქჰიადანიაია. აქედანმიმამსაარისორისახის: კარმა-მიმამსა და უტამა-მიმამსა, ანუ იგივე ვედანტა. სწორედ, ამ უკანასკნელზეა დამყარებული კრიშნაიზმი, ასევე ვედანტიდან მოდის ისეთი სკოლა, მაგალითად, როგორიცაა შანკარაჩარიას სკოლა (მაჰარიში მაჰეშ იოგი).

არაორთოდოქსულია დანარჩენი სამი სკოლა: ჯაინიზმი, ბუდიზმი და ჩარვაკალოკაიატა _ არც ერთი აღნიშნული მიმდინარეობა არ ემყარება ვედების ავტორიტეტს.

 

თარგმანი გიორგი ახვლედიანის მიერ

 
blog.esoteric.ge