EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „სიტუაცია კატასტროფულია, ამ ქვეყანაში ავტორიტეტები აღარ არსებობენ.“ – გია ხუხაშვილი »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-22 15:15:03
ამზადებენ თუ არა ჯეჯელავას პრემიერობისთვის, რაში გაიხლართა ხელისუფლება, სად იმალება ყველაზე დიდი საფრთხე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცეპრემიერად დაინიშნა. ამას ერში დიდი ჟრიამული მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
„ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე ის გავარკვიე, რომ ფიფქია და 7 ჯუჯა ძალიან შეშფოთებულან, კომბლეს კიდევ ის კომბალი გადაუმალავს და ქვეყანა სასწრაფოდ დაუტოვებია. ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებაზე სხვა კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
დაინახეს, რომ პიარში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ბევრი სისულელე ჩაიდინეს, გადაწყვიტეს, ეს რგოლი გააძლიერონ და ეს მიმართულება ძალიან გამოცდილ და კრეატიულ ადამიანს, ალექსანდრე ჯეჯელავას ჩააბარეს. ეს კი უკვე პოლიტიკა აღარ არის. ეს საკადრო გადაწყვეტილება პოლიტიკის პაროდიაა“.
მთავრობამ, სავარაუდოდ, იცოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი ვერსიით, ჯეჯელავა ვიცეპრემიერად რაღაც თემების გადასაფარად დანიშნეს.
„რა უნდა გადაფარონ ჯეჯელავას ვიცეპრემიერად დანიშვნით? მაქსიმუმ, ხალხის ყურადღება გადაეტანათ და ისიც ნახევარი საათი. გავიგეთ, გავიცინეთ და მორჩა.
ქვეყანაში ყველა მიმართულებით არის პრობლემები, ხელისუფლებას კი რატომღაც ჰგონია, რომ მხოლოდ ერთი პრობლემაა. მიაჩნიათ, რომ უამრავ სიკეთეს აკეთებენ, რაც ხალხამდე იმიტომ ვერ მიდის, რომ ნაკეთებ საქმეებს სათანადოდ ვერ აპიარებენ. კი ბატონო, ამ მიმართულებითაც სერიოზული ჩავარდნა აქვთ, მაგრამ, სანამ აქამდე მივლენ, უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი.
დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვითკრიტიკულობის უნარი არ აქვთ. ამტკიცებენ, მე ძალიან კარგი ვარ, რასაც სხვები ვერ ამჩნევენო. პიარს თუ გააუმჯობესებენ, ეს ცუდი არ იქნება, მაგრამ, ჯეჯელავას რომ აქცევ ამის დიდოსტატად, ეს ძალიან არასერიოზულია“.
იქნება და გაამართლოს ჯეჯელავამ ამ ფრონტზე?
„კაცი დღემდე ზღაპრების კრიტიკული ანალიზიდან ვერ გამოვიდა და მისგან სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ“.
თქვენი შეფასებებიდან გამომდინარე, ამ ვერსიას, ალბათ, არ დაეთანხმებით, მაგრამ მაინც გკითხავთ: გაჩნდა ასეთი ვერსიაც, რომ ჯეჯელავას პრემიერობისთვის ამზადებენ და ამიტომ დანიშნეს ვიცეპრემიერად.
„საოცნებო ქვეყანაში რადგან ვცხოვრობთ, არ არის გამორიცხული, ორიენტირი ზღაპრული ქვეყანა იყოს. ზღაპარში თუ უნდათ გვაცხოვრონ, ჯეჯელავა პრემიერობისთვის შესაბამისი კანდიდატურა იქნება. ამასთან, ხალხი უნდა გავაფრთხილო, რომ ეს არ იქნება ქართული ზღაპარი, რადგანაც ჯეჯელავას ქართული ზღაპრები არ მოსწონს.
ქვეყანა, მართალია, სერიოზულ გაუგებრობაშია, მაგრამ ასეთი ქვეყნისთვისაც კი მეტისმეტი იქნება ჯეჯელავას პრემიერობა. ამ საკითხზე სერიოზულად საუბარიც კი შეუძლებელია. პირდაპირ გეტყვით, ამ ადამიანს სერიოზულად ვერ აღვიქვამ და მასზე ვერც კი ვბრაზდები. ასე ფიქრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი“.
ხელისუფლებისთვის ეს უფრო ცუდი არ არის? როგორც ამბობენ, როცა ხალხი ხელისუფლების დაცინვაზე გადადის, იქ მისი საქმე თითქმის დამთავრებულია. ჩვენთან უკვე დასცინიან ხელისუფლებას.
„ნებისმიერ ადამიანს ურჩევნია, ებრძოლონ, ვიდრე დასცინონ. დაცინვა რღვევის ბოლო ეტაპია. საბჭოთა კავშირი მაშინ დაიშალა, როცა ხალხმა ცეკას მდივნებზე ანეკდოტების მოგონება დაიწყო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, მის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ზნეობრივი და ინტელექტუალური რესურსის მობილიზება უნდა მოახდინოს.
მოვლენები ისე ვითარდება, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს. სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს ახლა საპატრიარქოს თემაც დაემატა. ამ პრობლემებზე პასუხი თუ ჯეჯელავას დანიშვნაა, მაშინ სრულ არაადეკვატურობასთან გვქონია საქმე“.
საპატრიარქო ახსენეთ და რა შეფასებას აძლევთ მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს? ყოველდღე რაღაც ახალი გვესმის.
„მოდით, დადებითიდან დავიწყებ საუბარს. კარგი ის არის, რომ პატრიარქი არის ჯანმრთელად და ფორმაშია. ჩემთვის ეს არის მთავარი. ის რომ ფორმაში არ იყოს, მერწმუნეთ, კიდევ უფრო მძიმე ვითარება იქნებოდა.
ახლა რაც შეეხება ნეგატივს. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. მე ეკლესიის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე არ ვისაუბრებ, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი მხარეებად ლაგდება. ხშირ შემთხვევაში, ისინი სასულიერო პირებს შეურაცხყოფასაც კი აყენებენ, არადა, ამ ადამიანებს თავი მორწმუნეები ჰგონიათ.
სიტუაცია კატასტროფულია. პირდაპირ გეტყვით, ამ ქვეყანაში ავტორიტეტები აღარ არსებობენ. ამ ქაოსში ერთადერთი ეკლესია ანთია სანთელივით და ვიღაცა თავისი გაუაზრებელი ქმედებებითა და საეკლესიო პრობლემატიკაში ჩარევით ცდილობს, ეს ბოლო ნათელი წერტილიც გააქროს.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საპატრიარქოში არ არის პრობლემები, მაგრამ იქ არავინ უნდა ჩაერიოს. პრობლემები ყველა სფეროშია და ყველამ თავის პრობლემას მიხედოს. მინდა, ზოგიერთებს ის ფაქტიც შევახსენო, რომ ეკლესია საერო საქმეებისგან გამიჯნულია. ის პირები, რომლებიც ახლა ისტერიულად ერევიან ეკლესიის პრობლემატიკაში, ძალიან ღიზიანდებოდნენ, როცა საპატრიარქოს წარმომადგენლები საერო საქმეებში ერეოდნენ.
ხელისუფლებამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. იმედი მაქვს, ეს მართლაც შეცდომებია და მეტი არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება. კითხვები ისედაც არსებობს, რომლებზეც პასუხს არავინ გვცემს და ამის ნაცვლად რაღაც უცნაურ ღონისძიებებს ატარებენ“.
უცნაურ ღონისძიებებში რას გულისხმობთ?
„ერთი მხრივ, ეკრანიდან არ ჩამოსულან პროკურატურის წარმომადგენლები და მათი ირიბი თუ პირდაპირი მოწმეები, რომლებიც ვიღაცის მონაყოლს ყვებიან. მეორე მხრივ, ადვოკატებს უკრძალავენ ხმის ამოღებას. ახლა მითხარით, ეს ჯანსაღი პროცესია? მე არ ვიცი, რა მოხდა და არც არავის ვამართლებ, მაგრამ, აშკარად ვხედავ, რომ თანაბრობის პროცესი დარღვეულია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფეხქვეშ არის გათელილი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასეთ რამეებს მიშაც კი არ აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარ დანაშაულს ჩადიოდა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ასე თეთრი ძაფით მის დროს საქმეები არ იკერებოდა.
ასეთი რამე საერთოდ არსად მინახავს – ჯერაც გამოუქვეყნებელ ვიდეოჩანაწერს მოჰყვნენ პირველ, მეორე, მესამე პირში“.
ზემოთ თქვით, რომ საპატრიარქო სანთელივით ანთია ამ ქაოსში და ვიღაცა მის ჩაქრობას ცდილობს. ამ მიზანს ხომ არ ემსახურება ეს საქმეც?
„იმედი მაქვს, ვიღაცას რაღაც უბედურება არ აქვს დაგეგმილი და ეს უბრალო სისულელეა. ამ ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზია მაქვს, ვერც სერიოზულად აღვიქვამ, მაგრამ ერთი რამე ცხადია _ მას არა აქვს ბოროტი უნარები. ეს მაფიქრებინებს, რომ რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება, დაგეგმილი არ არის.
ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ხელისუფლება გადამწიფებული თინეიჯერია, რომელიც ბუნებით კარგი ტიპაჟია და სიკეთის თესვა უნდა, მაგრამ თან ძველბიჭობა მოსწონს. ასე იქცევა საქართველოს ხელისუფლებაც, ბოროტი უნარები არა აქვს, მაგრამ უნდა, რომ ასე წარმოჩნდეს.
ქართველ ახალგაზრდებში ასეთი ფენომენის გამოვლინება ხშირად ხდება. არიან ნაკითხი და ინტელექტუალი ბავშვები, რომ არ დაიჩაგრონ, ქუჩაში შავი ტანსაცმლით გამოდიან, ძეწკვებს იკიდებენ, თვალებს უცნაურად გადაატრიალებენ, თითქოს ძალიან ძველი ბიჭები არიან. სინამდვილეში წიგნი და მოხუცების დახმარება უყვართ“.
mediapress.ge