EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქართული სუფრა და სადღეგრძელოები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2017-02-28 23:41:13
ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო. იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: ,,მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო.” საქართველოს ყველა კუთხეს მისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის,ხევსურეთის და სხვა კუთხეების კერძები თავისი გემოვნებით, მომზადების ტექნოლოგიით მართლია განსხვავდებიან, მაგრამ საერთო სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ. განსაკუთრებით მდიდარია იმერული სუფრის ასორტიმენტი. აქ უდავოდ მოწინავე პოზიციები ბოსტნეულსა და რძის კერძებს უჭირავს. სუფრაზე განსაკუთრბული ადგილი უჭირავს ლობიოს, სუფრის შეძენილი კომპონენტებია ახალი კიტრისა და პომიდვრის სალათები, კარტოფილისაგან და ტყის მცენარეულობიდან მომზადებული კერძები. რძის ნაწარმიდან უმეტეს შემთხვევაში სუფრაზე გააქვთ თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი იმერული ყველი და სულგუნი. ყველთან ერთად ცხელი მჭადი და ღომი. ყველისაგან რამდენიმე კერძსაც ამზადებენ. მაგალითად, ცხიმში შემწვარი ყველი, ყველი კვერცხთან ერთად, ყველი პამინდვრით და სხვა. იმერულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თევზის კერძებს. მათ შორის აღსანიშნავია კალმახი, ორაგული, ციმორი, ხრამული, წვერა, ფოთის კეფალი, კამბალა, ქაშაყი და სხვები. თევზეულობიდან უმთავრესად შემწვარი თევზის კერძებს ამზადებენ, რომელსაც აყოლებენ ტყემლის, ქინძის ნაშარაბის საწებლებსა და ნიგოზით მომზადებულ ,,ბაჟეს” . ცივი ხორცის კერძებიდან ახსანიშნავია კუჭმაჭი, შემწვარი გოჭის, ბატკნისა და თიკნის ხორცი, ლაბასხმული, მოხარშული გულღვიძლი, ენა, ძეხვეულობა და სხვა. ფრინველებიდან ამზადებენ სხვადასხვა მეთოდოთ შემწვარ წიწილებს, მრგვალად მოხარშულ და შემწვარ ქათმებს, ჩახოხბილს, საცივს, ნივრის წვენში ჩაწყობილ წიწილებს. მეორე თავის ცხელი კერძების ასორტიმენტი ძალზე მრავალფეროვანია, ჩამოვთვლით რამოდენიმეს: მწვადს, ჩაშუშულს, კუპატს, ხინკალს და ა.შ. ფქვილოვანი ნაწარმიდან აღსანიშნავია იმერული ხაჭაპურები, შოთის პურები, სხვადასხვა სახის ნამცხვრები. რაც შეეხება ხილსა და დესერტს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ტკბილი სასმელებიდან მიღებულია ჩაი და ყავა. საწებლებიდან უმთავრესად სუფრაზე გამოაქვთ ახალი ტყემლის, ახალი პომიდვრის, მკვახე ყურძნის, ნიგვზის, ნივრის, ქინძძმარის საწებლები და სხვა. იმერული სუფრა თვით ქართველი ხალხის, ქართველი ერის ხნისაა. ჭირში და ლხინში გამოხატავდა ერის ზნეობას, კულტურასა და კეთილშობილებას, მის წიაღში იდუმალადაა განფენილი ქართული პატიოსნება და სიდარბაისლე. სუფრაზე მტკიცედ არის დაცული უფროს-უმცროსის ეთიკური ნორმები, განსაკუთრებით მკვეთრად იხატება მოკრძალება მანდილოსებისადმი, ეროვნული ადათ-წესებისა და საერთოდ ადამიანებისადმი სიყვარული. აუცილებლად სუფრის უფროს - თამადას აირჩევენ. თამადა ყოველთვის იყო თვითდისციპლინისა და ორგანიზებულობის მაჩვენებელი. იმერული სუფრა და ქეიფი არასდროს ყოფილა მარტო ღვინის სმაში გაჯიბრების ასპარეზი. ეს იყო სხარტი სიტყვა-პასუხის, სიყვარულის, ზრდილობის, ურთიერთპატივისცემის, რაინდული თავდაჭერილობის, ერისა და მამულისადმი ერთგულების დემონსტრაცია. სტუმრის დახვედრა ქართველ კაცს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, მაგრამ სტუმრიანობა დასაშვებ ვადებს არ უნდა გადაცილდეს. ამ შემთხვევაში იუმორით სავსე სხარტული გამონათქვამი შემოუნახავთ: ,,დილით ოქრო ხარ სტუმარო, შუადღით ვერცხლად იქცევი, თუ კიდევ შეგაგვიანდა, სპილენძად გადაიქცევი.” ლხინში თამადის და საერთოდ სუფრის წევრების დათრობა ვაჟკაცობად არ ითვლება. უმთავრესად სადღეგრძელო პოეტური უნდა იყოს. მჭერმეტყველი თამადა სადღეგრძელოებში გაურევს ცის სილაჟვარდეს, ვარდის სურნელებას, მწვერვალთა ბუმბერაზობას, ჩანჩქერთა ელვარებას, კლდის სიმტკიცეს და ა.შ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სადღეგრძელო უნდა იყოს ამაღლებული, წამახალისებელი, სინამდვილესთან მიახლოვებული. სუფრასთან ყველას აქვს უფლება ერთმანეთს თვალი გაუსწოროს, აქ ისინი ძმები, მეგობრები, ახლობლები ხდებიან, ასეთი ქება შეუჩვეველ ყურს შეიძლება მლიქვნელადაც მოეჩვენოს. სუფრასთან, როგორც წესი, ცუდს და უარყოფით მხარეს არ ახსენებენ. თუ ასეთი გააჩნია ვინმეს, ტაქტიანად უსურვებენ ხასიათის ან თვისების შეცვლას, რა თქმა უნდა, დადებითისაკენ. სუფრის ასეთ წარმათვაში სმა-ჭამა მეორე პლანზე გადადის, მის ადგილს გონებამახვილობა და მჭერმეტყველება იკავებს. მუზა ყველას მოდის და ცდილობს რაც შეიძლება მეტი შესაფერისი ლექსი, თქმულება, ანდაზა, ხალხური გამონათქვამები გამოიყენოს და სადღეგრძელო გაამდიდროს. ასეთ თამადაზე ზედგამოჭრილი ხალხური სიმღერაა: ,,ეს თამადა რა ყოფილა , ცოტა ღვინო გვამყოფინა.” განსაკუთრებით გამოკვეთილია იმერული სუფრა ქორწილში. ქორწილის ჩატარებას ქართველი, შეიძლება ითქვას, დიდი მზადებით ელოდება. საქორწილო სუფრაზე სადღეგრძელოების წყობა ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ქორწილი თამადების არჩევით და მათი დალოცვით იწყება. შემდეგ უკვე თამადის ინიციატივით წარმოითქმება მშვიდობის, საქართველოს, ნეფე–დედოფლის, მათი მშობლების, ხელისმომკიდეების, დედმამიშვილების, ბაბუებისა და ბებიების, ოჯახის, მაყრების, ოჯახის სტუმრების, მეზობლების, სუფრის მომსახურეების სადღეგრძელოები და ა.შ. ასევე სპეციალურად გაშლიდა ქართველი სუფრას, თუ ოჯახში პირველი ვაჟიშვილი ანუ გვარის გამაგრძელებელი დაიბადებოდა, საცხოვრებელ სახლს ააშენებდა და გადახურავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,რთველის” სუფრა, როცა მშრომელი საბოლოოდ იწევს მთელი წლის ნაამაგარია. შესაფერისი სუფრები ეწყობა აგრეთვე საახალწლოდ და სხვა სადღესასწაულო დღეებშიც. ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული მოკრძალებით წარმოთქვამენ დედის სადღეგრძელოს. სიტყვა დედიდან ამოჰყავს თამადას დედასამშობლოს, დედაკაცის, დედაენის სადღეგრძელოები. იმერეთში ყველა ოჯახს აქვს 2-3 სახის ღვინო, რომელთაგან ერთი მაინც გამორჩეული იქნება. ეს ,,გამორჩეული” არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სამარკო ღვინოებს. ამ შერჩეულით გაუმასპინძლდება იგი გზად ჩავლილ უცხო კაცს, თუ მის ჭიშკართან შეჩერდება და წყალს მოითხოვს. ჩვენი წინაპრები, როცა მადლიან ღვინოს ჭაშნიკს გაუსინჯავდა, აუცილებლად იტყოდა: - ,,იმ მარჯვენას გაუმარჯოს, ვინც ეს ღვინო დასწურაო.” ქართველები ოდითგანვე სუფთა ღვინოს სვამდნენ, ქართული ღვინო, ,,სურნელოვნადაა” მოხსენიებულია ცნობილ ,,ოდისეაში.” საერთოდ, ჩვენთან ღვინოს ბლომად სვამენ, მაგრამ საქმეც ის იყო, იშვიათად თვრებოდნენ. ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში”.... ქართული სუფრა მისი ტრადიციებით უნიკალურია, ერის წარსულში ჩამოყალიბებული და ძვალ-რბილში გამჯდარი წეს-ჩვეულება არ უნდა დავივიწყოთ. რაც კარგია, შევინარჩუნოთ, უფრო განვავითაროთ.
მშვიდობის სადღეგრძელო
ქალბატონებო და ბატონებო! საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: ,,ცხოვრება ის დღეები კი არ არის, რომლებიც მიდიან უბრალოდ, არამედ ის დღეებია, რომლებიც გვამახსოვრდება, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ჩვენი არსებობის ყანობილზე.” ქართული სუფრა, ბატონებო, თავისი შინაარსით საოცრად ტევადია, მრავალფეროვანია და, რაც მთავარია, შემეცნებითი ხასიათის მქონე. ტყუილად როდი უწოდებენ მას უცხოელები ,,აკადემიას.” თავის დროზე ის მართლაც აკმაყოფილებდა ყველა ამ მოთხოვნას. საქართველოს ისტორიაში, როგორც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ისეთი ეტაპი, რომ მშვიდობა სანატრელი არ გამხდარიყო. ასე იყო დასაბამიდან და, საუბედუროდ, ასე გრძელდება დღესაც. აი, ასეთი იყო ქართველთა სავალი გზები, აი, ასეთი იყო ქართველთა ბედისწერის უხმო ძახილი ამ გზებზე. არ გაუბოროტებია და სიცოცხლის ხალისი არ წაურთმევია. და იდგა, ლომივით იდგა, საუკუნეთა არმურში ჯავშანგაუხდელი ქართველი კაცი. იბრძოდა - მშვიდობისთვის იბრძოდა. ლოცულობდა - მშვიდობისთვის ლოცულობდა. ეფერებოდა მიწას და ვაზს. მშვიდობა ვუსურვოთ მშვიდობას დანატრებულ ქართველ კაცს! მსოფლიოსაც გადავაწვდინოთ ჩვენი ხმა. ვუსურვოთ, ბოროტისა და კეთილის მარადიულ ჭიდილში, ერთხელ და სამუდამოდ გაგვთენებოდეს ისეთი დღე, რომ ჩვენს თავზე გვეთქვას ჩვენივე ბუმბერაზი წინაპრების გენიალური სიტყვები: ,,ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია. მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.” მშვიდობას გაუმარჯოს, მეგობრებო!
ბატონებო! ანტონ კათალიკოსი ბრძანებდა: ,,მოვიცალე სხვათა ყოველითა სიკეთისაგან და არა მოვიცალე მსახურებისაგან საქართველოისა, ჯერ საქართველო და მერე სხვა ყოველი.” ამ ჭეშმარიტი ცნების ერთგული იყო ქართველი კაცი ისტორიულად. ბატონებო! ჩვენ, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ხალხს, ჩვენი მიწა–წყალი მომეტებულადაც რომ გვიყვარდეს ამაში ვერავინ დაგვძრახავს. დიახაც! იყო პერიოდო, როცა საქართველოს უზარმაზარი მასშტაბებით ეწეოდა ანგარიში, როგორც ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს. დიახაც, იყო პერიოდი, როცა ქუხდა და ზეობდა ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” გაშლილი ქვეყანა იბერიელთა მოდგმისა, მაგრამ მსოფლიოს ცენტრი, როგორც ასეთი, გნებავთ პოლიტიკური თვალსაზრისით, გნებავთ კულტურული თვალსაზრისით, გნებავთ რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა. თუმცა ამისი პოტენციური შესაძლებლობა ყოველთვის გააჩნდა. შემთხვევით როდი წერდა კ. გამსახურდია: ,,ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ გელათის, ვარძიის და ბეთანიის ფრესკებზე გამოსახულ დავითს და თამარს მხატვართა კაპრიზების გამო ეცვათ ფეხზე წითელი წაღები.’’ დიახ! წითელი წაღები ბიზანტიელ კეისართა სწორეთ ის რეგალიებია, რომელიც უდიდესი პატივის ნიშნად მიეკუთვნებული ჰქონდა ქართველ მეფეებს და რითაც ასე ძალუმად ესმებოდა ხაზი ჩვენი ქვეყნის უზარმაზარ ავტორიტეტს იმდროინდელ მსოფლიოში. დასრულდა ზეობის ხანა და ჩამოწვა ,,დიდი ღამე’’ საქართველოში. უდიდესი სინანულით აღნიშნავს კვლავ ბატონი კონსტანტინე: ,, ... რომ დავითისა და თამარის შემდეგ რუსუდანის საქართველოს შესძლებოდა და მოეგერიებინა მონღოლურ შემოტევათა ქარბორბალა, მაშინ საქართველო თავის თავზე აიღებდა მსოფლიო განმანათლებლის იმ როლს, რომელსაც ბიზანტია ასრულებდა ოდითგანვე.’’ აი, რა მცირედი, რა ცოტა და რა ერთი ნაბიჯი დააკლდა იმ უზარმაზარ მსოფლიო მისიამდე. სამშობლო ყველას უყვარს ამქვეყნად, ეს ქართველთა პრივილეგია სულაც არ არის, მაგრამ ამ სიყვარულის მაგიდასთან გულწრფელად და ლამაზად გამოხატვის აუცილებლობა მხოლოდ ჩვენი ჯიშის და ჯილაგის, მხოლოდ ამ მადლიანი და მრავალტანჯული მიწის შვილთა გამორჩეული თვისებაა. მაშ, გაუმარჯოს ამ მადლიან და მრავალტანჯულ მიწას! გაუმარჯოს დღეს წამოჩოქილ და ყოვლგნით შეჭირვებულ ქვეყანას, მაგრამ სულ მალე მისივე ღირსეულ შვილთა მცდელობით, ბიბლიური ფენიქსივით საკუთარი ფერფლიდან აღმდგარსა და აფრენილ საქართველოს! ,,ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი, ძეწნამ ალერსით ამავსო იჭვებით ნაავადარი... მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხრებგაშლილები. მთაში მზე დანაბინდები, ტყეში ქორბუდა ირმები. ცა, ვარსკვლავებით ავსილი, ცა, არცა რისი სადარი. მთვარე რომ ამობრწყინდება გული გაფრენად მზად არი... საქართველო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?!’’
ბატონებო! ცხადია ყველა დამეთანხმებით, რომ არცერთ ჩვენგანს დღეს ამ ოჯახში შემთხვევით არ შემოგვივლია. თითოეული ჩვენგანი მოვედით იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი ოჯახის შექმნა აღვნიშნოთ ასეთ განსაკუთრებულ და სადღესასწაულო ვითარებაში. აი, ამ ტრადიციული ქართული სასმისით მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო. საქართველოში ამობენ: ყოველი საქმე დედამიწაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი ზეცაში. არ გეგონოთ, რომ თქვენი შეუღლება მხოლოდ თქვენი პარადი ინიციატივის შედეგი იყო. ეს საქმე თავდაპირველად ზეცაში გადაწყდა, თქვენი დამსახურება მხოლოდ ის გახლავთ, რომ ზეცაში გადაწყვეტილს დედამიწაზე აღსრულებას ხელი არ შეუშალეთ და დისონანსი არ შეიტანეთ კოსმიურ ჰარმონიაში. გისურვებთ მუდამ ერთგული დარჩენილიყოთ ამ გადაწყვეტილების. თქვენ–კი გისურვებთ ცხოვრებაცა და არსებობაც ერთი გქონდეთ და ეს ერთობა ყოფილიყოს, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა: ,,ისეთივე სამარათჟამო და დაუსრულებელი, როგორც ცას მოწყვეტილი ცთომილის ეტლი უსასრულობის მარადჟამეულ სრბოლვაში.” ოჯახის შექმნის უმთავრესი პირობა დიდი სიყვარულია. ამიტომაც გისურვებთ თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით კი ბოლო საფეხურზე, როცა ერთმანეთის პირისპირ დადგებით, უკვე ღრმად მოხუცები და წლებით მხრებდამძიმებულნი, გქონდეთ უნარი და სურვილი, ერთმანეთს მიმართოთ კვლავ დღევანდელი შემართებით:
,,შენამდე ასი ზღვა გადმოვლახე,
რამდენჯერ ფიქრს დარდი შევაწყვილე
შენს იქით, ქვა ქვაზეც ნუ ყოფილა უშენოდ?
სიცოცხლეც შევარცხვინე.’’
წინაპართა სადღეგრძელო
ბატონებო! მე ამ სასმისით მინდა ჩვენი დიდებული წინაპრების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. წინაპრებისა, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება მოწამებრივი გზებით იარეს. უდიდესი სისხლისღვრისა და მსხვერპლის ფასად, ტანჯვა-წამებისა და ჭაპანწყეტის ფასად ეს ქვეყანა შეინარჩუნეს, გადაჯიშებას-გადაშენებას გადაარჩინეს და დღემდე მოიტანეს. როგორ შეიძლება, დღეს კიდევ ერთხელ არ შევავლოთ გონების თვალი ჩვენს წინაპართა დახავსებულ საფლავებს, კიდევ ერთხელ არ გავაცნობიეროთ მათი ღვაწლი, ტრაგიკული ბედი და ქუდი არ მოვიხადოთ მათი ნათელი ხსოვნის წინაშე.
ბატონებო!
ჩვენს წინაპართა ტრაგიკულ ბედს განსაკუთრებით ამძიმებდა ის სავალალო ფაქტი, რომ საკუთარ მიწაზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი კაცი სამშობლოდან მოტაცებული, გაყიდული, თუ უსამართლო გაძევებული, მშობელ მიწაშიც, რომ ვერ იმარხებოდა.
50-იან წლებში - ყაზახეთის ყამირი მიწების ათვისების დროს ერთი საზარელი ფაქტი მოხდა: გუთანმა ბელტებთან ერთად ადამიანის ჩონჩხიც ამოაგდო.
ჩონჩხი, რომელსაც ბორკილები ხელ-ფეხზე ისევ შეუხსნელი ჰქონდა. დიახ! უამრავმა კაცმა იხილა ეს ამაზრზენი სურათი, უამრავმა დახედა მას ზიზღით და სწრაფად გაეცალა იქაურობას ისე, რომ არც მოუკითხავთ მისი ვინაობა, სადაურობა. მხოლოდ ქართველი კაცი ვერ დარჩა ამ ფაქტის მიმართ გულგრილი; მხოლოდ ქართველი კაცი შესძრა სულით-ხორცამდე ამ სურათმა; მხოლოდ ქართველმა კაცმა დაინახა იმ ბორკილებშეუხსნელ ჩონჩხში მისი წინაპარი, მისი პაპა, თუ პაპის პაპა, რომელიც, ბედის უკუღმართობით, თავის გოლგოთის გზაზე ეულად განწირულიყო - უღმრთოდ და უზიარებლად.
ამიტომაც აიღო ხელში დიდებულმა ქართველმა პოეტმა - იოსებ ნონეშვილმა ის ბორკილები, ამიტომაც შემართა ზემოთ და მთელი საქართველოს გასაგონად თქვა:
,,სადაურსა სად წაიყვან, ბედო,
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ.
საფლავშიაც ბორკილები ედო,
მკვდარი სადღა წავიდოდა, ნეტა?!
სადაურსა სად წაიყვან, ბედო,
სიცოცხლის გზა სად შეწყდება გრძელი,
ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო,
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი?!”
წინაპართა სადღეგრძელო იყოს მეგობრებო!