EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „ძეხვი და მარილი, რომელთაც ყოველდღე მივირთმევთ, კალიუმის ფეროციანიდს შეიცავს!“ »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2017-03-07 17:15:08
ციანიდთან დაკავშირებული სკანდალი ჯერ არ მინავლებულა და მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ მოწამვლის საფრთხე არა მხოლოდ სამღვდელოების უმაღლეს წარმომადგენლებს, არამედ სრულიად ქართველ საზოგადოებას ემუქრება. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში შუახნის მამაკაცი გვეწვია, რომელმაც სუპერმარკეტში შეძენილი და ქარხნულად შეფუთული, ჩვეულებრივი, "სალიამის" ფირმის ძეხვი მოიტანა და შემაშფოთებელი ამბავი მოგვითხრო.
-საღამოობით ძეხვიან ბუტერბროდს მივირთმევ ხოლმე და ეს ძეხვი 2 დღის წინ შევიძინე სუპერმარკეტში. მოშიებული ვიყავი, რამდენიმე ნაჭერი მიყოლებით შევჭამე და მოულოდნელად თავბრუსხვევის და ღებინების შეგრძნება გამიჩნდა. თავდაპირველად, დაღლილობას მივაწერე ყველაფერი.. მაგრამ, არა და არ გამიარა უსიამოვნო შეგრძნებებმა. ისე ცუდად გავხდი, რომ სასწრაფოს გამოძახებასაც კი ვაპირებდი, მაგრამ ნაცადი ხალხური მეთოდებით კუჭი ამოვირეცხე და ნელ-ნელა მოწამვლის ნიშნებმა გამიარა.
- ძეხვმა მოგწამლათ?
- არ ვიცი. გადაჭრით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ როცა ცოტათი გამოვკეთდი, ძეხვის ეტიკეტი შევათვალიერე, ვადაგასული პროდუქტი ხომ არ შემომატყუეს-მეთქი და სახტად დავრჩი - ეტიკეტზე გარკვევით წერია, რომ ძეხვი, რომელიც შევჭამე, კალიუმის ფეროციანიდს შეიცავს! აგერ, ეტიკეტი, რომელიც შეგიძლიათ თავად ნახოთ! ეს იმ ძეხვის ტყუპისცალია, რომელმაც გუშინწინ კინაღამ გადამიყოლა და მის ეტიკეტზეც იგივე კომპონენტებია მითითებული, მათ შორის "კალიუმის ფეროციანიდი E - 536" ! უკვე მოწამვლის მიმართ შიშები დამეწყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წყალშიც და ყველა საკვებ პროდუქტში შხამია და ვიღაც იდუმალი პირი მიზანმიმართულად, მოწამვლას მიპირებს!
მართლაც და, რა ხდება ჩვენს თავს? ძეხვში აღმოჩენილი კალიუმის ფეროციანიდი ორგანიზმისთვის უვნებელია თუ სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს? ამ საგანგაშო ინფორმაციის მოსმენისთანავე საქართველოში ინტეგრალური მედიცინის დამფუძნებელს, პროფესორ ზურაბ ქუმსიაშვილს დავუკავშირდით.
- ბატონო ზურა, რას ნიშნავს ინტეგრალური მედიცინა?
- ინტეგრალური მედიცინა მკურნალობის და დიაგნოსტიკის ახალი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს არატრადიციული მედიცინის ისეთი მეთოდების დანერგვას, რომლებიც თავისი გვერდითი მოვლენებით არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმს. ეს არის მომავლის მედიცინა, რომელიც გამორიცხავს ორგანიზმის ქიმიზაციას სხვადასხვა ძლიერმოქმედი ქიმიური პრეპარატებით. მკურნალობისას აქცენტებს ვაკეთებთ სტრუქტურირებულ წყალზე და მალამოებზე. ინტეგრალური მედიცინის პოზიციიდან არ არსებობს უკურნებელი დაავადებები, არამედ არსებობს გარკვეული მცდარად გათვლილი პროცესები.
- ჩვენმა მკითხველმა ზუპერმარკეტში ნაყიდი ძეხვის იარლიყზე აღმოაჩინა, რომ იგი ფეროციანიდს შეიცავს. რასთან გვაქვს საქმე?
- კვების მრეწველობაში ფეროციანიდი გამოიყენება, როგორც საკვებდანამატი, ანუ ემულგატორი. საკვებდანამატები არის სურსათში დამატებული ისეთი ნივთიერებები, რომელთაც, როგორც წესი, კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ პროდუქტს სხვა მიმზიდველ თვისებებს - ფერს, გემოს, სუნს, კონსისტენციას, ბაქტერიებისადმი ან სხვა ზემოქმედებისადმი მდგრადობას ანიჭებენ. საკვებდანამატებად არ მიიჩნევა ვიტამინები და მიკროელემენტები, ანუ, ნივთიერებები, რომლებსაც სურსათს სპეციალურად კვებითი ღირებულების ასამაღლებლად უმატებენ. ევროკავშირსა და საქართველოში დაშვებული საკვებდანამატები E ნიშნით და რიგითი ნომრით აღინიშნება. როგორც წესი, მათი გამოყენება მკაცრად ნორმირებულია, ხოლო ზოგიერთის გამოყენება კი იკრძალება, ვინაიდან ჯანმრთელობისთვის მავნეა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მწარმოებლები ერიდებიან გამოყენებული საკვებდანამატის E-ნომრის მითითებას და სანაცვლოდ ეტიკეტზე მის ქიმიურ დასახელებას უთითებენ. როდესაც რაიმე საკვებ პროდუქტს ყიდულობთ, ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს. თუ E-536 შენიშნეთ, იცოდეთ რომ ეს არის კალიუმის ფეროციანიდი.
- საიდან მიიღება და საშიშია თუ არა იგი ორგანიზმისთვის?
ორგანიზმზე მისი მოქმედება არ არის შესწავლილი, მითუმეტეს, არავინ იცის, რა ხდება მისი წვის ან ხარშვის დროს. ზუსტად ის არის დადგენილი, რომ სუფთა სახით ეს ნივთიერება მომწამვლელია. ისედაც არ უნდა საჭიროებდეს შეხსენებას, რომ ნებისმიერი ნივთიერება, რომლის დასახელებაშიც ციანიდი შედის, ტოქსიურია. ამიტომ, საკვები პროდუქტების მწარმოებლები ხშირად, პირდაპირ არ მიუთითებენ ხოლმე E ნომერს, მათ ნაცვლად შეიძლება შეგხვდეთ წარწერა - "გამაფხვიერებელი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი". სუფრის მარილი, რომელიც არ შეიცავს კალიუმის ფეროციანიდს, ქმნის გუნდებს და კოშტებს, იკვრება, არც ისე ფხვიერია და ხშირად შეიძლება პატარა ზომის ნაცრისფერი ჩანართებიც კი ჰქონდეს, მაგრამ მათი მოცილება ყოველთვის შეიძლება. სამაგიეროდ, ის ჯანმრთელობისთვის ბევრად უვნებელია.
კალიუმის ფეროციანიდს სხვაგვარად, სისხლის ყვითელ მარილსაც უწოდებენ, რადგან ძველად მისი მიღება ხდებოდა სამი კომპონენტის შერევით და გაცხელებით: საქონლის სასაკლაოდან აღებული სისხლით, პოტაშით და რკინის ნაქლიბით. დღეს მას ღებულობენ ციანიდის შემცველი მეორადი პროდუქტებისგან, კერძოდ, საწარმოებში სხვადასხვა აირების გაწმენდის შედეგად. კალიუმის ფეროციანიდი უმცირესი დოზებით მცირედ ტოქსიკურია, მაგრამ მისი წყალთან შერევით გამოიყოფა ტოქსიკური აირები. სასურსათო წარმოებაში ძირითადად იყენებენ ფხვნილოვანი პროდუქტების კონსისტენციის შესანარჩუნებლად და ვიზუალური ეფექტის მისაღებად. ყველაზე ხშირად სწორედ ძეხვეულის წარმოებაში იყენებენ, რაზეც ნათლად მეტყველებს ძეხვზე წარმოქმნილი თეთრი ნადები. ღვინის წარმოებაში კი, კალიუმი ფეროციანიდს იყენებენ მეტალის ზედმეტი კათიონების მოსაშორებლად.
- საკვებ პროდუქტში ფეროციანიდის დოზის გადაჭარბება რას იწვევს?
- ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს! ცნობილია ძეხვეულის წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის ფაქტები, როცა დანამატების სახით ხმარობენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კალიუმის ფეროციანიდთან ურთიერთობისას წარმოქმნიან საშიშ მომწამვლელ ნივთიერებებს. ამ საკითხებს მკაცრად უნდა აკონტროლებდეს სურსათის უვნებლობის სამსახური, მაგრამ მათი უმოქმედობა ბადებს გონივრულ ეჭვს დასაბუთებული ვარაუდით, რომ აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები გარკვეულ ფინანსურ გარიგებაში არიან არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებთან ან იმართებიან უფრო მაღალი ეშელონებიდან და სამსახურის დაკარგვის შიშით, თვალს ხუჭავენ იმ უკანონობაზე, რომლის აღმოფხვრაც მათი უპირველესი მოვალეობაა.
თუ ადამიანი პერორალურად (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით.) მიიღებს კალიუმის ფეროციანიდს ფხვნილის სახით, იგი აუცილებლად მძიმედ მოიწამლება და რაოდენობიდან გამომდინარე, ადვილად შესაძლებელია ლეტალური შედეგიც მივიღოთ. განსაკუთრებით საშიშია კალიუმის ფეროციანიდის შემცველი პროდუქტების მიღება ასთმით დაავადებულთათვის, რადგან მისი რიგ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებით გამოიყოფა ისეთი აირები, რომელთა შესუნთქვა ასეთი პაციენტებისთვის დაუშვებელია - იწვევს ბრონქიტს და ხველას. აგრეთვე საშიშია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ე.წ. „ცრუ კრუპის“ მოვლენები. კალიუმის ფეროციანიდი აზიანებს საკვების მომნელებელ სისტემას, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, კანს, ლიმფურ სისტემას, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
- საკვებდანამატად კალიუმის ფეროციანიდის გამოყენება რომელ ქვეყნებშია დაშვებული?
- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკრძალულია კალიუმის ფეროციანიდის შემცველი პროდუქტების გამოყენება, მაგრამ საქართველოში ამ კუთხით სიტუაცია უკონტროლოა. მაგალითად, მარილი, რომელიც იყიდება უკრაინული წარწერით და შეფუთვით.. სინამდვილეში, ნაყარი მარილი ვაგონებით შემოდის და შემდეგ იფუთება საქართველოში. ამ მარილს თავიდანვე, ან შემოტანის შემდეგ უმატებენ კალიუმის ფეროციანიდს, რომლის დოზები სრულიად უკონტროლოა. "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ვაცხადებ, რომ საქართველოში კალიუმის ფეროციანიდის მოხმარების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა. მარილის გარდა მას უკონტროლოდ უმატებენ ძეხვეულში, ხმარობენ ღვინის წარმოებაში და სხვა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველო იქცა სხვა ქვეყნებში დაწუნებული და აკრძალული პროდუქტების გასაღების ბაზრად. ამის ნათელი მაგალითია უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი უხარისხო ძეხვები, რომლებსაც კალიუმის ფეროციანიდის გადაჭარბებული დოზა გარეგნულადაც ემჩნევა თეთრი ნადების სახით. ფაქტია, რომ ნივთიერება, რომლის ნაწილიც შეიძლება იყოს „ციანიდი“ - სახიფათო და არასასურველი პროდუქტია ორგანიზმისთვის. ხშირად საუბრობენ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის სუფრის მარილის უარყოფით გავლენაზე, მაგრამ არავინ ახსენებს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს უარყოფითი მოქმედება კალიუმის ფეროციანიდით არის განპირობებული! ყოველდღიურად კალიუმის ფეროციანიდის შემცველი მარილის, ძეხვის და სხვა პროდუკტების მოხმარებით, ადამიანები საკუთარ ორგანიზმში ქმნიან შენელებული მოქმედების ნაღმს, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება და ჯანმრთელობას შეუქცევად დაზიანებას გამოიწვევს!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"