EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მშია... თან სახლში ცოლი და ხუთი ბავშვი მელოდება - ქართველის საჩუქარი ერაყელს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-03-25 13:41:08

მშია თან სახლში ცოლი და ხუთი ბავშვი მელოდება - ქართველის საჩუქარი ერაყელს

ქართველის საჩუქარი ერაყელს

უმცროსი სერჟანტი სოსო ომაიძე ერაყში ყოფნისას, განსაკუთრებით ემოციურ შემთხვევებს იხსენებს...

"ის იყო სასადილოდან გამოვედით და სპორტული დარბაზისკენ გავუხვიეთ, რომ სასადილოს კარებთან ჩოჩქოლი და ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა... ოთხივე მოვტრიალდით, - იქ, ის არაბი მოსამსახურეები იდგნენ, რომლებიც ამერიკელების ნდობით სარგებლობდნენ და ბაზის ტერიტორიაზე მუშაობდნენ. ახლა, როგორც ჩანს, საჭმელად აპირებდნენ შესვლას... თუმცა, ხმამაღალი საუბრის აზრს ვერ მივხვდით, ვერ გავიგეთ, რამ გამოიწვია... ამ დროს, ჯგუფს ერთი ჩია ტანის არაბი გამოეყო და იქვე, კუთხეში მოწყენილი სახით გაჩერდა.

 

- რა მოხდა, წამო, ერთი მივიდეთ, - გვითხრა გვანცელაძემ, ასევე, ქართველმა სამშვიდობომ და პირველმა თავად გასწია სასადილოსკენ... ჩვენც მივყევით. მივხვდით, ხმაურის მიზეზი ეს ჩია არაბი იყო და ყველანი მას შემოვეხვიეთ.

 

- რა მოხდა, მეგობარო? - შეეკითხა უმცროსი სერჟანტი კუპრაშვილი, - რამე პრობლემაა?..
- კი, - უფრო მოიღუშა არაბი. - მაინც რა მოხდა ასეთი? - არ მოეშვა კუპრაშვილი... - სასადილოში არ მიშვებს, - ხელით გვანიშნა კარში გახიდულ ამერიკელ გუშაგზე, - მე კი მშია და თან სახლში ცოლი და ხუთი ბავშვი მელოდება... მათთვისაც უნდა წამეღო საჭმელი... (ადგილობრივი მამაკაცები და ქალები სასადილოში მიირთმევდნენ საჭმელს და სახლში მიჰქონდათ), - უთხრა ერაყელმა არაბმა.

 

- რაო, რატო არ გიშვებს? - გაუკვირდა ქართველ სერჟანტს. დავინახე, როგორ წაუჭირა კუპრაშვილს ყელში ბრაზმა, - ფეხსაცმლის გარეშე არ შეიძლება შესვლაო, - მორიდებით უპასუხა ერაყელმა და ჭუჭყიან ფეხებზე ამოცმულ ფლოსტებზე დაიხედა... - ხომ იცოდი, ასე რომ იყო, რატომ წამოხვედი ფლოსტებით? - ჩავეკითხეთ ჩვენ... არაბმა თავი უფრო დაბლა დახარა და ისე ხმადაბლა, რომ ძლივს გავიგეთ მისი სიტყვები, თქვა - ფეხსაცმელი აღარ მაქვს... ტანში ჟრუანტელმა დამიარა... შემეცოდა ეს ჩია კაცი. მივხვდი, დანარჩენებსაც შეეცოდათ...

 

კუპრაშვილმა რაღაცნაირად ნაძალადევად გაიღიმა, უხერხულად მიმოიხედა და ასევე ჩუმად ჩაილაპარაკა, - დამშვიდდი, მეგობარო, შენი პრობლემა ახლავე მოგვარდება... - ყველანი მას მივაშტერდით, - რას აპირებო. სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა... სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა... ვერავინ მიხვდა, რას აპირებდა ქართველი. ამასობაში კუპრაშვილმაც ფეხზე გაიხადა და "ბათინკები" არაბს მიაწოდა.

 

- აჰა, აიღე ესენი და გაუფრთხილდი. ამის შემდეგ აქ ფლოსტებით აღარ მოხვიდე, ახლა კი, შენები მე მომეცი კარვამდე რომ მივიდე, - უთხრა და "ბათინკები" მიაწოდა... ამას არც ჩვენ ველოდით. ისედაც დაბალი ტანის არაბი, კიდევ უფრო დაპატარავებული, გაოგნებული იჯდა... კუპრაშვილმა მას თითქმის ძალით გახადა ფეხზე. მერე კი ჩვენ მოგვიბრუნდა, - წავედითო!..

 

სპორტდარბაზში წასვლა არც ერთს გაგვხსენებია. ყველა მისი კარვისკენ დავიძარით... ჯერ ერთი გაუბედავი ტაშის ხმა მოგვესმა, შემდეგ სხვებიც აყვნენ... და ტაშის გრიალი და აღფრთოვანებული შეძახილები გამოგვაყოლეს...

 

რამდენიმე დღის შემდეგ, ის ჩია ერაყელი ისევ შეგვხვდა ბაზის ტერიტორიაზე. როგორც მივხვდით, შემთხვევით არა. დანახვისთანავე, კუპრაშვილს თავისი თეთრი კბილებით გაუღიმა და დამტვრეული ინგლისურით უთხრა, - რაღაც საქმე მაქვს თქვენთან, ეს დაგჭირდებათ და მინდა ჩემს სახელზე გქონდეთო, - შემდეგ, ზურგსუკან უხერხულად დამალული წყლით სავსე მათარა გადმოიღო და ქართველ სერჟანტს მიაწოდა, - ეს საჩუქარი, ჩემი ოჯახისგან, გურჯო!...

 

კუპრაშვილი მოულოდნელობისგან გაშრა... წყალი მათთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ამ ჟესტით, შეეცადა, რამდენიმე დღის წინ უცნობი სამხედროს მიერ გულით გაკეთებული სიკეთე დაეფასებინა... ამის დანახვაზე გული აგვიდუღდა, მაგრამ ემოციების გამოხატვისგან ყოველთვის თავს ვიკავებდით... შუაგულ ერაყში, თაკარა მზის ქვეშ ვიდექი და ერთ რამეზე ვფიქრობდი, - რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების ხარ, მთავარია, ადამიანი იყო და სიკეთის დანახვა შეგეძლოს... 

 

"2005 წელი. ერაყი. ბაზა ვორჰორსი... 
სოსო ომაიძე, უმცროსი სერჟანტი

 

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE