EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ მართავს მწვანე ქაღალდი მსოფლიოს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: ქართველი

თარიღი: 2017-05-03 18:00:07

რატომ მართავს მწვანე ქაღალდი მსოფლიოს

one-dollar

ერთ-ერთი მთავარი გასაოცარი საკითხი ის არის, რომ, თუკი მსოფლიო კრიზისი ამერიკაში დაიწყო, მაშინ რატომ იზრდება მათი დოლარის ავტორიტეტი? ბაქსს დიდი ხანია, უწინასწარმეტყველებენ კრიზისს ისევე, როგორც შტატებსაც, მაგრამ დოლარი ძველებურად კვლავ რჩება პლანეტის მთავარ ვალუტად. როგორ მოხდა, რომ ამ მწვანე ქაღალდმა, რომლის ფაქტობრივი ღირებულებაც კაპიკის ტოლია, უბრძოლველად დაიპყრო ქვეყნები და კონტინენტები?

ვერცხლის მაღაროთა სიღრმეში
ოცი წლის წინათ ვიყავი დოლარის სამშობლოში. პრაღიდან პატარა ქალაქ იახიმოვში ჩასვლას «ჟიგულით» სამი საათი მოვანდომეთ, რომლის შესახებაც მკითხველთა 99 პროცენტს წარმოდგენაც არ აქვს. კარლოვი ვარის შესახებ მეტი იცის ხალხმა. იახიმოვი კი კურორტიდან ოც ვერსშია, მთებში მიკარგული.

იქ მე («კომსომოლსკაია პრავდას» საკუთარი კორესპონდენტი ჩეხოსლოვაკიაში) მიხმო შტატგარეშე ქალაქის საშინელმა საიდუმლომ – წყეულმა მაღაროებმა, სადაც ურანს მოიპოვებდა ათეულობით ათასი პატიმარი. იახიმოველები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში იძულებული იყვნენ, ენისთვის კბილი დაეჭირათ, კმაყოფილი იყვნენ გულახდილი საუბრებით.

(უცნაური პირამიდის ქვეშ წარწერაა: «ახალი მსოფლიო წესრიგი»)

შუა საუკუნეებში აქაური ადგილების მთავარი სიმდიდრე იყო არა სამკურნალო წყლები, არამედ ვერცხლის მაღაროები. ძვირფას ლითონთან ერთად აქ ხვდებოდნენ უცნაურ მადანს, რომელსაც «ფისს» უწოდებდნენ. მაღაროელები მას ყრიდნენ. გერმანელმა ქიმიკოსმა მ. კლაპროტმა ამ «ფისის» ანალიზის დროს (1789 წელს) აღმოაჩინა ახალი ქიმიური ელემენტი – ურანი. 1898 წელს ცოლ-ქმარმა კიურებმა, ნობელის პრემიის მომავალმა ლაურეატებმა, იახიმოვის «ფისში» აღმოაჩინეს რადიუმი, რომელიც ურანზე მილიონჯერ უფრო აქტიურია.

ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ აქ ფაშისტები თავიანთი ატომური ბომბისთვის მოიპოვებდნენ ურანს. ომის დამთავრებისთანავე უკვე ჩვენებმა იახიმოვის მიდამოები ერთ დიდ აკრძალულ ზონად გადააქციეს. ჯერ ურანს ტყვე გერმანელები მოიპოვებდნენ, შემდეგ – თავიანთი პოლიტიკური პატიმრები.

როდესაც ბიჭებმა «ამიხსნეს» ატომის ყველა საიდუმლო, ერთ-ერთმა პანმა, ლუდს რომ ყლურწავდა, მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა: «ჩვენი იახიმოვი დოლარის სამშობლოა!»

– პირველი სპილოებიც თქვენთან ხომ არ გაჩენილან? – წავიბურტყუნე მე.

– ეს რუსეთია სპილოების სამშობლო. ჩვენ კი დოლარიც გვყოფნის, – ეწყინა საიდუმლო მაღაროს ყოფილ უფროსს. კომპანია მღელვარედ მარწმუნებდა, რომ დოლართან დაკავშირებული ისტორია წმინდა წყლის სიმართლეა. ადგილობრივ მუზეუმში – სამეფო ზარაფხანაში წაყვანაც კი შემომთავაზეს, მაგრამ უკვე ღამე იყო. ექსკურსია მეორე დღისთვის გადავდეთ. დილით, როგორც კი თვალი გავახილე, სასწრაფოდ მივატოვე ქალაქი: მაშინ ამბობდნენ, რომ იახიმოველთა სახლებში გაზრდილი რადიოაქტიურობააო.

ტალერიდან დალერისაკენ

იახიმოველებს არ მოვუტყუებივარ. პრაღაში დაბრუნების შემდეგ ცნობები შევაგროვე. იმ ადგილებში ჯერ რკინის მადანს მოიპოვებდნენ. ქალაქს კი იოახიმსტალს (წმიდა იოახიმის ველს) უწოდებდნენ. 1516 წელს აქ ვერცხლი აღმოაჩინეს. მიწის მეპატრონე, ღარიბი გრაფი სტეფან შლიკი ბედს ეწია. დაიწყო საკუთარი ვერცხლის მონეტების ჭედვა. ადგილს, როგორც ქალაქს, «იოახიმსტალერი» უწოდეს. მონეტის ერთ მხარეს გამოსახული იყო წმიდა იოახიმი, მეორეზე – ლომი, ჩეხეთის გერბი. მოგვიანებით რთული სახელწოდება შეამოკლეს – გაჩნდა ტალერი.

შლიკმა გარდაცვალებამდე (არავინ იცის – თავისი სიკვდილით, თუ ვინმე დაეხმარა) 2 მილიონზე მეტი ტალერი გამოუშვა. მეტად ხელსაყრელი ბიზნესი იყო. კარლ მეხუთემ მაშინვე ჩამოართვა დაობლებულ ოჯახს მონეტების ჭედვის უფლება იმპერატორის კარის სასარგებლოდ. მხოლოდ მეფეების, ხელმწიფეების, მოგვიანებით კი სახელმწიფოს ხელში უნდა ყოფილიყო ფულის გამოშვების მონოპოლია (დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა. ჩვენ მას კვლავ დავუბრუნდებით გამოკვლევაში დოლარის შესახებ)!

ტალერი მალე პოპულარული გახდა ევროპაში. ფაქტობრივად, იგი იყო პირველი მსოფლიო ვალუტა. ესპანეთსა და იტალიაში მას ტალეროს უწოდებდნენ, ნიდერლანდში – დალრეს, სკანდინავიაში – დალერს, ინგლისსა და შოტლანდიაში – დალერს, შემდეგ – დალარს… დოლარს. ამ სახელწოდებით დამკვიდრდა იგი ამერიკაში, სადაც ოკეანის გადალახვით ჩავიდნენ ინგლისელები. 1785 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება დოლარის ქვეყნის ფულად ერთეულად გადაქცევის შესახებ.

მართალია, იახიმოველი ბიჭები მარწმუნებდნენ, რომ ხალხში ტალერს ტოლარი უწოდეს, მაგრამ ეს უფრო ლეგენდას ჰგავს, თუმცა ნუმიზმატიკაში ასეთი ვერსიაც არსებობს.

მიმზიდველი უფრო სხვა რამაა. დოლარიც (რომლის გამოც საგონებელშია ჩავარდნილი მსოფლიო), რადიოაქტიურობაც ხიროსიმადან ჩერნობილამდე, ბირთვული იარაღიც (რომელსაც თვალისდახამხამებაში შეუძლია, ამობუგოს მთელი პლანეტა) იახიმოვის მაღაროებიდან იღებს სათავეს. ზოგჯერ მათი ბედიც ერთმანეთს უკავშირდება. ეს უბრალოდ მისტიკური კავშირი როდია, არამედ – რაღაც ეშმაკისეული დაცინვა. სხვათა შორის, ხიროსიმა და ნაგასაკი მისი უდიდებულესობის დოლარის სახელით გადაწვეს!

ბაქსის მსოფლიო წესრიგი

ამერიკულ დოლარს ბევრი საიდუმლო აქვს, რომელთაგან აღსანიშნავია 1928 წლის ერთდოლარიანი კუპიურა. მას ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ვიცე-პრეზიდენტის უოლესის თხოვნით აფორმებდა რუსი ემიგრანტი სერგეი მაკრონოვსკი. ითვლება, რომ ამ ფსევდონიმით იმალებოდა ცნობილი მხატვარი, მისტიკოსი, თეოსოფი ნიკოლაი რერიხი.

ამ ვერსიის სასარგებლოდ ბევრი რამ მეტყველებს. 1920 წელს რერიხი ცოლთან ერთად გადასახლდა ამერიკაში, ჩამოაყალიბა «საზოგადოება აგნი-იოგი», ნიუ-იორკში შექმნა გაერთიანებული ხელოვნების ინსტიტუტი. ის მეგობრობდა მისტიკოს ჰენრი უოლესთან, რომელიც მოგვიანებით რუზველტის უახლოესი თანაშემწე გახდა. აშკარაა, რომ ჰენრის წინადადებით 1935 წელს თეთრ სახლში მსოფლიოს 21 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი რერიხის პაქტს ხელოვნების ძეგლების დაცვის შესახებ.

(ამერიკულ დოლარზე საიდუმლო სიმბოლოები რუსმა მხატვარმა ნიკოლაი რერიხმა დახატა)

აი, ასე, იმ ერთდოლარიან კუპიურაზე ჩნდება უცნაური ნიშანი – წაკვეთილი პირამიდა ამერიკის დიდ ბეჭედზე. პირამიდის მწვერვალი თითქოს სხივებშია გამოკიდებული საძირკველის თავზე. წარმოქმნილ სამკუთხედში გამოსახულია «ყოვლისმხილველი თვალი». ლენტაზეა ლათინური წარწერა: «ახალი მსოფლიო წესრიგი». ცხადია, თავად რერიხსაც არ მისცემდნენ შესაძლებლობას, დაეხატა ეროვნულ ვალუტაზე ყველაფერი, რაც უნდოდა. მაშასადამე, იყო ვიღაცის დაკვეთა.

აშკარაა, რომ ეს დაკვეთა არც ჰენრი უოლესს ეკუთვნოდა. მას ჯერ არ ჰქონდა დიდი პოლიტიკური ძალა. ჯერ რუზველტიც არ ფიქრობდა პრეზიდენტობაზე, იგი ნიუ-იორკის გუბერნატორი იყო. მაშასადამე, ჰენრის ზურგს უკან იყო მეტად გავლენიანი ადამიანი ან პიროვნებათა ჯგუფი, ვისაც შეეძლო, ასე უბრალოდ შეეცვალა ეროვნული ვალუტის დიზაინი. მიაქციეთ ყურადღება, კუპიურა გამოუშვეს 1928 წელს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ამერიკის ეკონომიკა რამდენიმე დღეში დაინგრა. დაიწყო დიდი დეპრესია. ეპიდემია გადავიდა ევროპაში. ყველაზე მეტად გაუჭირდა გერმანიას. მაშინ კრიზისის ფონზე ხელისუფლებაში მოვიდა ჰიტლერი. დეპრესიისაგან ამერიკის განკურნება კი უცნაური ბანკნოტის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ მოუხდა რუზველტს.

დღეს ბევრს საუბრობენ რუზველტის «ახალ კურსზე», რომელმაც იხსნა ქვეყანა დეპრესიისაგან. სინამდვილეში კი ის ლეგენდარული New Deal ითარგმნება სხვაგვარად – ახალი გარიგება, რომელიც დიდ სახელმწიფოსა და დიდ ბიზნესს შორის დაიდო. დიდ ბიზნესს, იმისათვის რომ ყველაფერი არ დაკარგულიყო, ევალებოდა შემოსავლების გაყოფა. ამ ახალი გარიგების ნამდვილ მიზანს, რომელიც სიმბოლურად დაშიფრული იყო 1928 წლის ერთდოლარიან ბანკნოტზე, აფიშირებას არ უკეთებდნენ. ეს მიზანი 1840 წლიდან ერთადერთი მსოფლიო ვალუტის – გირვანქა სტერლინგის განდევნა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრება გახლდათ, სადაც ერთადერთი ბატონი დოლარი უნდა ყოფილიყო.

შტატების ოქროს ძარცვა

ამ იდეის ავტორებს კარგად ესმოდათ, რომ მსოფლიოს ხელში ჩაგდებამდე რკინის წესრიგი, უპირველესად, სახლში უნდა დამყარდეს. დეპრესიის დროს ხალხი «მწვანეს», ანუ დოლარს ნაკლებად ენდობოდა. ამერიკელები უფრო საიმედოდ მიიჩნევდნენ ოქროს მონეტებს, ზოდებს, რომლებიც ქაღალდის ბაქსებთან ერთად იყო მიმოქცევაში. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუზველტმა ლამის პირველ საქმედ ხალხისთვის ოქროს კონფისკაცია მიიჩნია. აი, ამონარიდები ამ ცნობილი 6102 ბრძანებიდან:

«მე, ფრანკლინ დ. რუზველტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ არსებობს ეროვნული მასშტაბის კრიტიკული სიტუაცია, ამიტომ… ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ვაცხადებ აკრძალვას კერძო პირების, ამხანაგობების, ასოციაციებისა და კორპორაციების მიერ ოქროს მონეტების, ოქროს ზოდებისა და ოქროს სერტიფიკატების საიდუმლო დაგროვებაზე… ვბრძანებ, მიღებული იქნეს შემდეგი ზომები: 1933 წლის 1 მაისამდე ყველა პირი ვალდებულია, ჩააბაროს ფედერალურ სარეზერვო ფონდს… ოქროს მონეტების, ოქროს ზოდებისა და ოქროს სერტიფიკატების სახით მათთან არსებული დანაზოგები…

(იახიმოვის ტალერი – დოლარის მამა (მარცხნივ). ეს ქანდაკება კი ესალმება იახიმოვში ურანისა და ვერცხლის საბადოების მემკვიდრე რადონული სანატორიუმის პაციენტებს)

მოქალაქეებისაგან ოქროს მონეტების, ოქროს ზოდების ან ოქროს სერტიფიკატების მიღების დროს ფედერალური სარეზერვო ბანკი ანდა ნებისმიერი მისი ქვედანაყოფი ვალდებულია, გადაუხადოს მოქალაქეებს ეკვივალენტური კომპენსაცია ნებისმიერი სხვა მონეტებით ან ვალუტით, რაც ბრუნვაშია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

ამ ბრძანებულების ბოროტად დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე პირი ან პირები შეიძლება დაჯარიმდნენ თანხით, რომელიც არ აღემატება 10000 დოლარს, ანდა ექვემდებარებიან დაპატიმრებას ათ წლამდე, ან ორივე სასჯელს ერთდროულად».

ხედავთ, როგორ მკაცრად მოიქცა «დემოკრატი პრეზიდენტი» ერის იმედი?

ჩაბარებულ ოქროს ანაზღაურებდნენ მხოლოდ «მწვანით», კურსით – 22,6, კეთილშობილი ლითონის უნციაზე. როცა ხალხის ოქრო დათვალეს, რუზველტმა უნციის ფასი 35 დოლარამდე გაზარდა. მაგრამ ეს შეეხებოდა მხოლოდ უცხოელებს. ამერიკის მოქალაქეებისათვის ოქრო მრავალი წლის განმავლობაში აკრძალული გახდა. დოლარის დევალვაცია კი ქვეყნის ეკონომიკას წაადგა.

სხვათა შორის, ვიყოთ სამართლიანები. ოქროს წართმევის სანაცვლოდ რუზველტმა ხალხს ალკოჰოლი მისცა. გააუქმა 1919 წლის «მშრალი კანონი». ადრე მაფია კონტრაბანდულ ვისკიზე ხელს ითბობდა. ახლა შემოსავალი ხაზინაში შევიდა. ამერიკელებს შორის პოპულარული იყო ხუმრობა: «1933 წლის დასაწყისში ქუჩაში მიდიოდა ორი კაცი. ერთს ჯიბეში ოქროს მონეტა ედო, მეორეს – ვისკის ბოთლი. ერთი მათგანი კანონგარეშე იყო. 1933 წლის ბოლოს ერთი მათგანი კვლავ კანონგარეშე იყო, მაგრამ – პირიქით».

 

ომი – «მწვანეს» დედა!

ასე გენიალურად აიძულა რუზველტმა, მისი პრეზიდენტობის პირველსავე წელს ქვეყანას, პატივი ეცა ქაღალდის დოლარისათვის. ბაქსისადმი პატივისცემას სხვა ქვეყნების მხრიდან ხელი შეუწყო მეორე მსოფლიო ომმა. მანვე გამოიყვანა აშშ დიდი დეპრესიიდან.

მხოლოდ ლენდ-ლიზით ამერიკამ მოკავშირეებს გაუგზავნა 48 მილიარდი დოლარის შეიარაღება, სურსათი, სხვა საქონელი. წარმოიდგინეთ, როგორ გაიზარდა აშშ ეკონომიკა! აქვე გავითვალისწინოთ, რომ მან საკუთარი გადაიარაღებაც მოახერხა, ნურც ატომურ პროექტს დავივიწყებთ.

(აშშ პრეზიდენტი რუზველტი (მარცხნივ) და ვიცე-პრეზიდენტი უოლესი დოლარის საიდუმლოში ჩახედულნი იყვნენ)

უკვე 1944 წელს, როდესაც ოკეანის გადაღმა კვლავ მძვინვარებდა ომი, აშშ ვაშინგტონის გარეუბანში – ბრეტონ-ვუდსში აწყობს მოკავშირეების მორიგ შეხვედრას მსოფლიოს მომავალი მოწყობის შესახებ. ფაქტობრივად, იქ დაამტკიცეს ომისშემდგომი საერთაშორისო საფინანსო სისტემა და დოლარი დანიშნეს ერთადერთ მსოფლიო ვალუტად ქვეყნებს შორის ანგარიშსწორებისათვის. რატომ ასეთი პატივი? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ დროისათვის დააგროვა ოქროს მსოფლიო მარაგის 70 პროცენტზე მეტი. ოქროთი იყო უზრუნველყოფილი დოლარიც. კურსით – 35 ერთ უნციაზე, როგორც რუზველტმა დაადგინა ათი წლის წინათ. არც გირვანქა სტერლინგს, არც ფრანკს ასეთი ძალა არ გააჩნდა. უცნაურია, რატომ არ წავიდა მოკავშირე სტალინი დოლარის წინააღმდეგ? ამერიკელები მიიჩნევდნენ, რომ რუსებს არ ესმოდათ ფინანსების მნიშვნელობა. შეიძლება, სტალინმა შეგნებულად არ ატეხა ალიაქოთი, ვინაიდან მას იმ მომენტში ჰიტლერზე გამარჯვებისთვის სჭირდებოდა ოკეანისგაღმელების იარაღი, სურსათი ლენდ-ლი­ზით. ჰიტლერის შემდეგ კი მას იმედი ჰქონდა, რომ გაუსწორდებოდა ბატონ კაპიტალისტებს და მათ ფინანსებს. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი – 6 მილიარდ დოლარად ღირებული. მოლოტოვი იმედოვნებდა, რომ მიიღებდა ასეთ სესხს ამერიკისგან ომის დამთავრებისთანავე რუსეთის აღდგენისათვის. რუზველტი ჰპირდებოდა, ამიტომ შეხვედრამ წყნარად ჩაიარა. გადაწყვეტილება მიიღეს, დოლარი დაამტკიცეს, ამასთან, შექმნეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და კიდევ მთელი რიგი სერიოზული საფინანსო ინსტიტუტებისა.

მიაქციეთ ყურადღება: რერიხის შიფრით დოლარის კუპიურის გამოჩენიდან სულ რაღაც 16 წლის შემდეგ დამყარდა ახალი მსოფლიო წესრიგი. ჩინებული ნამუშევარია! ხოლო იმისათვის, რომ ურჩებისათვის ეჩვენებინათ, თუ ვინაა პლანეტის ბატონ-პატრონი, 1945 წლის აგვისტოში ამერიკამ ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბები ჩამოყარა – ისევ და ისევ დოლარის განსამტკიცებლად!

მაგრამ იგორ კურჩატოვი «პასუხს ამზადებდა» ამერიკისათვის. ამიტომ გახდა იახიმოვი აკრძალული ზონა და იქიდან (დოლარის სამშობლოდან) სსრ კავშირისკენ მოემართებოდა ურანის მადნით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობები პირველი საბჭოთა ატომური ბომბისათვის. ასე უცნაურად ხუმრობს ხოლმე ზოგჯერ ისტორია.

ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების რატიფიკაცია მის ყველა მონაწილეს 1945 წლის ბოლომდე უნდა მოეხდინა. მაგრამ ყოფილი მოკავშირეების ურთიერთობები დღითი დღე მწვავდებოდა. საბჭოთა კავშირს სესხის ნაცვლად ბრანწი უჩვენეს. აღშფოთებულმა სტალინმა დეკემბრის ბოლოს პირადად დაადო ვეტო სსრ კავშირის მონაწილეობას ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებაში. ოფიციალური მიზეზი: «იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ შესთავაზა სსრ კავშირს სესხი, ჩვენი შესვლა ამ ორგანიზაციაში შეიძლება აღქმულ იქნეს ჩვენს სისუსტედ, როგორც აშშ ზემოქმედებით გადადგმული იძულებითი ნაბიჯი. ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატავს ჩვენს დამოუკიდებელ პოზიციას ამ საკითხში».

(თავისუფლების ქანდაკების ჩრდილქვეშ ჩაისახა «ბაქსის» ძალაუფლება)

საინტერესოა, სად იყო ამ დროს სესხის გარანტი რუზველტი? ჯერ კიდევ აპრილში სულ სხვა სამყაროში გადასახლდა. ჯანმრთელი კაცი მხატვარ ქალთან პოზირებდა. სეანსის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე უეცრად გადმოვარდა დივანიდან. ტვინში სისხლის ჩაქცევით დაიღუპა, – იტყობინებოდა ოფიციალური ვერსია. ხდება ხოლმე… თუმცაღა, არ გაუკვეთავთ. ერის მამასთან დამშვიდობების ცერემონია დახურულ კუბოსთან გაიმართა… იყო სიკვდილის ბევრი სხვა უცნაური დეტალი, რამაც გამოიწვია ჭორები, ლეგენდები, წიგნები რუზველტის საიდუმლო გარდაცვალების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს კეფაში ესროლეს და ფეთქებადმა ტყვიამ სახე დაუმახინჯა. ჰიტლერიც 45 წლის აპრილში დაიღუპა. ხელისუფლებაში ორივე 1933 წლის დასაწყისში მოვიდა. მავრებმა გააკეთეს თავიანთი საქმე? ერთ-ერთი ვერსია ასეთია: რუზველტი არ იყო მზად, ბოლომდე გაეწყვიტა რუსეთთან ურთიერთობა და არც ხიროსიმისა და ნაგასაკის თავზე ატომის სოკოს ამოსვლის ნებას მისცემდა ვინმეს.

ეს კი ხელს შეუშლიდა დოლარს, გამხდარიყო მსოფლიოს მეფე…

სხვათა შორის, მხატვარი ქალი, ვინც იმ საბედისწერო დღეს რუზველტის პორტრეტს ხატავდა, ელენე შუმატოვა გახლდათ… რერიხისა არ იყოს, ისიც რუსი იყო.

 

ევგენი ჩერნიხი