EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი - დამიყვირა, წადით და შეასრულეთ ჩემი ბრძანებაო! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-10-12 19:23:18

გოგი თათუხაშვილი

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის, სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ "ვერსიასთან".


_ ერთხელ, შუაღამისას, მიშამ კანცელარიაში გამომიძახა. გარეთ ტელევიზიები იცდიდნენ. მასთან, კაბინეტში დამხვდა ზურაბ ჟვანიაც. გავიფიქრე, რაღაც მორიგი ოინია-მეთქი. მიშა უკვე მანქანაში მეუბნება, რამდენიმე სამხედრო ნაწილში ძალოვნების მზადყოფნა უნდა შევამოწმოთო. მივუგე, ძალიან კარგი იდეაა, შემოწმებას პერიოდულად მეც ვატარებ, ოღონდ თუ რეალური სურათი გაინტერესებს, ერთი სამხედრო ნაწილი უნდა შეამოწმო, თორემ მერე ერთმანეთს გადასცემენ-მეთქი. საუბარში ზურიკო ჩაერია, არანაირად, მოქმედების გეგმა ჩვენ უკვე შედგენილი გვაქვს. დავინტერესდი, საიდან დავიწყოთ, სად მივდივართ-მეთქი. სად და, შინაგანი ჯარის პირველ ოპერატიულ ბრიგადაშიო. ბატონ ზურიკოს ,,პატივდებისთვის'' მადლობა გადავუხადე.
მოკლედ, პირდაპირ შინაგანი ჯარის პირველ ოპერატიულ ბრიგადას მივადექით. დათვალიერება-განგაში თანმხლები შენიშვნებითა და შეკითხვებით ტელევიზიების პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ,,პირველმა ოპერატიულმა'' გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

2004 წელია... ჯარიანად სამაჩაბლოში ვარ. ჩემმა დაზვერვამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ გორში, ლევან ნიკოლეიშვილთან ერთად, მანქანაში ისხდნენ ჩეჩნები, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებში მუშაობდნენ. მეორე დღეს ჩემთან, ბაზაზე ამოვიდნენ მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი. მეუბნებიან, პრეზიდენტის ბრძანებაა, შენთან მყოფი რუსული სპეცსამსახურების აგენტი ჩეჩნები დავაპატიმროთო. რა თქმა უნდა, გამეცინა, ამით რის თქმა გინდათ, გუშინ თქვენს მანქანაში მსხდომი ჩეჩნები პატრიოტები იყვნენ და არ ასრულებდნენ რუსეთის დავალებას, ჩემი ჩეჩნები კი, რომლებიც საბრძოლო პოზიციებზე შინაგანი ჯარის ჯარისკაცებთან ერთად ათენ-აღამებენ, რუსეთის აგენტები არიან-მეთქი?

საუბარი გამწვავდა. ბოლოს, ვუთხარი, ჩემს ხალხს არ ვუღალატებ, თითსაც ვერ დააკარებთ-მეთქი. ირაკლიმ მითხრა, გოგი, ეს ჩემი იდეა არაა. პრეზიდენტის ბრძანებაა, წადი და იმას ელაპარაკეო.

_ მიშას დაელაპარაკეთ?

_ კი, შევხვდი. მკაცრად მელაპარაკა, ლექცია წამიკითხა და მითხრა, რომ პოლიტიკურ შეცდომებს ვუშვებდი. ბოლომდე უსიტყვოდ მოვისმინე. მერე მკითხა, ამიხსენი, რა ხდებაო. ვუპასუხე, პოლიტიკოსი არ ვარ, ჯარისკაცი ვარ. თუ ჩეჩნებთან კავშირი პოლიტიკური შეცდომაა, მაშინ ვინც ეს ამბავი მოგიტანა, მათთან ურთიერთობა რატომ ჰქონდა. რა გამოდის _ მისთვის, ვინც ინფორმაცია მოგიტანა, ჩეჩნებთან ურთიერთობა შეიძლება, ჩემთვის კი _ არა-მეთქი? ყველაფერი დროის, ადგილისა და მანქანის პატრონის დასახელებით მოვუყევი; ასევე, ისიც, ჩვენი და მათი მხრიდან მოლაპარაკებებს ვინ ესწრებოდა; შემდეგ ისევ ვკითხე, რა გამოდის, ვინც იმ მანქანაში იჯდა, რუსეთის აგენტები არ არიან და ვინც დღე და ღამე ჩემს ჯარისკაცებთან ერთადაა, აგენტები არიან? მიშა, აშკარად მოსკოვის დავალებაა, რომ გავანეიტრალოთ და დავაპატიმროთ პატრიოტი ჩეჩნები და ამის გაკეთება შენი ხელით უნდათ-მეთქი.

მიშა დაფიქრდა და მკითხა, რას აკეთებენ, ჩეჩნები რაში გეხმარებიანო. მივუგე, მათ რუსებთან ბრძოლის უახლესი გამოცდილება აქვთ-მეთქი; ასევე შევახსენე, შინაგანი ჯარი, პრაქტიკულად, რამდენიმე ასეული ჩავიბარე, ახლა კი ათასობით მყავს. გამოცდილი კადრები მჭირდება-მეთქი. ისიც ვუთხარი, ჩეჩნები კონკრეტულად რას ასწავლიდნენ ჩვენს ჯარისკაცებს. მიშამ შემაწყვეტინა, ჰოდა, გყავდეს, მაგრამ მე არ გავიგოო...

მოკლედ, მიშა მაგარია! აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩეჩენ პატრიოტ ძმებს.
ჩემი დაზვერვა ყველა მიმართულებით მუშაობდა _ ამუშავებდა დედოფლისწყაროს თავდაცვის სამინისტროს ბაზას და ვიცოდით, რაც იქ ხდებოდა, მაგრამ გადასამოწმებელი იყო და ფაქტები უნდა დადებულიყო. ერთ დღესაც დამირეკეს, ,,კამაზები'' დატვირთულია და რკინიგზის ეშელონით სამხედრო ტექნიკა-შეიარაღება უნდა გავიდეს საქართველოს გარეთო. ცხადია, მაშინვე პრეზიდენტს შევატყობინე, ბატონო პრეზიდენტო, სამხედრო ტექნიკა ისევ იყიდება-მეთქი და რევოლუციამდელი თხოვნაც შევახსენე, რომ ტექნიკა-შეიარაღების ერთი ერთეულიც არ განადგურდებოდა, პირიქით, მოხდებოდა რესტავრაცია-მოდერნიზება. ჩემგან რა გინდაო? _ მკითხა მიშამ. ვუპასუხე, რა და, მხოლოდ ბრძანება, რათა აღვკვეთოთ ეს უმსგავსობა-მეთქი. ასევე, გავაფრთხილე, რომ ამ საქმით მაღალი ეშელონები იყვნენ დაკავებულნი. დამიყვირა, წადით და შეასრულეთ ჩემი ბრძანებაო!
დედოფლისწყაროში გაფრენამდე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე გივი თარგამაძეს ვთხოვე, სპეცოპერაციაზე გამოყოლოდა. ასევე, წავიყვანეთ მედიის რამდენიმე წარმომადგენელი _ ალბათ, ბევრს გახსოვთ ამ თემაზე თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი. ადგილზე რაც დაგვხვდა, ჩვენს ინფორმაციასა და ფანტაზიას ბევრად აღემატებოდა. ამ სამხედრო ტექნიკის ნაწილი აფხაზეთის ომის დროს რომ გვქონოდა, ცხადია, შედეგი სხვანაირი იქნებოდა. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით დაწყებული, საარტილერიო და ა.შ., ახალი ჭურვებითა და ვაზნებით დამთავრებული _ ყველაფერი იჭრებოდა, იშლებოდა და იყიდებოდა, საქართველოდან გადიოდა...

_ ამას ვინ კურირებდა?

_ ამ გზით შემოსული თანხის გარდა, საქართველოს ბიუჯეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იყო საკმაოდ მსუყე სახსრები გამოყოფილი ამ ე.წ. უტილიზაციისთვის. შირმად ჰქონდათ, ეს რუსული და ,,მორალურად დაძველებული'' შეიარაღებაა. საქართველოს კი ნატო-ს სტანდარტების ტექნიკა-შეიარაღება სჭირდებაო. შე დალოცვილიშვილო, ჯერ შეიძინე და მერე გაანადგურე! იმიტომ რომ ძველია, სახლი ვის დაუნგრევია და ქუჩაში ვინ დარჩენილა? ისე, რომელ ძველ ტექნიკაზეა საუბარი, როცა უმეტესობა ,,ტაოტიანი'' და შეფუთული იყო. რამდენიმე დღეში ,,კს-19''-დან საკონტროლო გასროლაც კი გავაკეთეთ პოლიგონზე. გარდა ამისა, 31-ე ქარხანასთან გვქონდა მოლაპარაკება, მაშინ დირექტორი ბატონი თორდია იყო, რომელიც სხვათა შორის, ბევრ რამეში დაგვეხმარა _ ერთობლივი მონდომებით შინაგანი ჯარისთვის ქართული წარმოების ბევრი სამხედრო პროდუქტი გაკეთდა, მათ შორის, 200 ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტმყორცნი და ა.შ... 120-იანი ნაღმმტყორცნის გამოსაშვებად უვარგისი ,,კს-19''-ის ლულები ითხოვა, საიდანაც ერთიდან ორი გამოჰყავდა.

თბილისში ჩასვლისთანავე პრეზიდენტთან შევიკრიბეთ. გივი თარგამაძე პრეზიდენტს ნანახს ისეთი შეშფოთებული უყვებოდა, რომ ჩემგან სიტყვის ჩამატებაც კი არ იყო საჭირო. ანალოგიური რეაქცია ჰქონდა მიშასაც. ვანო მერაბიშვილს უსაყვედურა, ასეთ საქმეებს შინაგანი ჯარი უნდა ხსნიდეს, რას აკეთებს შენი დაზვერვა და კონტრდაზვერვაო. ამასობაში, შემოდიან ზურაბ ჟვანია და გია ბარამიძე წინადადებით, მოდი, გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება, რომ შინაგანი ჯარის სარდალს შეეშალაო...

_ ამაზე სააკაშვილმა რა უპასუხა?

_ არ გავაგრძელებ მოყოლას, იქ რაც მოხდა... 
ამ საქმეს კონტრდაზვერვა იძიებდა, საიდანაც მითხრეს, საუბარი მილიარდზეა და ფრთხილად იყავი, ამას არ შეგარჩენენო. ჩემი სიტყვები დადასტურდა.

_ რა სიტყვები?

_ მილიონების კეთებას თავი რომ დავანებოთ, ეს, რა თქმა უნდა, მოსკოვის დავალება იყო. ბევრი მათგანი, ვინც იმ საქმის სათავეში იდგა და ფარულად ასრულებდა მოსკოვის დავალებას, დღეს ღიად მოქმედებს და მდიდარი, ,,წარმატებული'' ბიზნესმენია! ჭეშმარიტად ყოვლისშემძლეა წითელი ინტელიგენციაც!

სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა. წლების განმავლობაში მთელი 

სქემა იყო აწყობილი: ჯერ ჯარიდან პროფესიონალ არტილერისტებს იცილებდნენ. შემდეგ, სამხედრო ტექნიკას, არტილერიას, აფუჭებდნენ და ხდებოდა ჩამოწერა. შესაბამისად, ნადგურდებოდა საბრძოლო მასალაც, რადგანაც დანადგარი აღარ არსებობდა. ეს _ საუკეთესო შემთხვევაში, თუ არადა, საწყობში ,,ჩნდებოდა'' ხანძარი.

2004 წელს თავდაცვას 18 ჩამოწერილი ,,დ-30'' გამოვართვი (ეს ეპიზოდიც გაშუქდა ტელევიზიით), თვრამეტივე გარედან იყო გაფუჭებული, თუმცა ის ვერ გათვალეს, რომ შიგნიდან უჟანგავი მეტალით იყო გაკეთებული და ჟანგი ადვილად აეცალა. ყველა საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე. თავდაცვას ასევე გამოვართვი გაპარტახებული, ჩამოწერილი ,,გრადები'', აღვადგინე და საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე. მინდა, ყველას, ვინც ამ საქმეში ბევრი უძილო ღამე გაატარა, მადლობა გადავუხადო! ეს _ ორი სიტყვით, უფრო ვრცლად შემდეგ...

_ ბატონო გოგი, რით ასაბუთებთ, რომ ყველაფერ იმის კვალი, რაზეც ახლა საუბრობთ, მოსკოვამდე მიდის?

_ საერთოდ, კრემლი მთელ მსოფლიოში და ამიერკავკასიაშიც, კერძოდ, საქართველოში უამრავ კონფლიქტს გეგმავს, აფინანსებს და ახორციელებს.. კონფლიქტები ხორციელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობლებთან. პრინციპი და სცენარი ერთი და იგივეა. კონფლიქტის გაღვივების ადგილებში ორივე მხარეს ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით. ეს დიდი თემაა, თუ დაგაინტერესებთ, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა საქართველოს დავუბრუნდეთ.

_ ანუ, ადასტურებთ მოარულ ხმას, რომ იგივე თბილისის ომის დროს კრემლი გამსახურდიას მომხრეებსაც ეხმარებოდა და მოწინააღმდეგეებსაც?

_ კრემლი ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ოდნავ ეხმარებოდა, ოპოზიციას კი _ სრულად. სამაჩაბლოში კონფლიქტის დროს ჩვენც გვეხმარებოდა და მათაც. აფხაზეთში ომის დროსაც ასე იყო. იმავდროულად, სამართავი ბერკეტები ყოველთვის მის ხელში რჩება. ასე რომ, ან ისე დაამთავრებს კონფლიქტს, როგორც აფხაზეთში მოხდა, ან დააკონსერვებს, როგორც _ სამაჩაბლოში.




წყარო: ვერსია