EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ეგნატე ნინოშვილი - ჯანყი გურიაში »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2017-10-12 23:11:10
ჯანყი გურიაში — ეგნატე ნინოშვილის ისტორიული რომანი. რომანზე მუშაობა საფრანგეთმოვლილმა მწერალმა 1888 წლის ბოლოს დაიწყო, მშობლიურ სახლში დაბრუნებულმა და უმუშევარმა. ისტორიული რომანი „ჯანყი გურიაში“„ ავტორისავე გადმოცემის მიხედვით, 1889 წლის მაისის ბოლომდე იწერებოდა და მასში ასახულია გურიის 1841 წლის აჯანყება ბატონყმობის წინააღმდეგ. ამ რომანით დაიწყო ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ცხოვრებააუწყობელი მწერლის შემოქმედებაში. ნაწარმოები მწერლის თვალით დანახული წარსულია, სადაც ორიგინალურად წარმოდგენილი ისტორიული რეალიები, ლიტერატურულ პერსონაჟებად გარდაქმნილი რეალური პიროვნებები, მათი საოცარი თავგადასავლები და მიმზიდველი სიუჟეტებია, რაც გულგრილს არავის ტოვებს.
1841 წლის გურიის აჯანყებაში გლეხებთან ერთად მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობაც მონაწილეობს - ამბოხით სარგებლობს, რომ თავიდან მოიშოროს ხელისუფლება, რომელიც ფეოდალურ პრივილეგიებს ზღუდავს. აჯანყებულებს აჭარის მთავარი ჰასან-ბეგიც უჭერს მხარს. მეფის ჯარის მხარეს მებრძოლი აზნაურები გლეხთა შემოტევის მოსაგერიებლად დახმარებას სამეგრელოს მთავარს, დადიანს სთხოვენ, მაგრამ დადიანის ჯარი აჯანყებულებს ემხრობა. მეფისნაცვალი აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან-ბეგს მოისყიდის და აჯანყებას ჩაახშობს
გურიის აჯანყება - "ჯანყი გურიაში" (რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიიდან)
გურიის აჯანყება 1841
ხალხის მღელვარების საერთო მიზეზი იყო ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეთა თვითნებობა, უშუალო მიზეზი - კანონი, რომლის მიხედვით სახელმწიფო გადასახადები 1841 წლიდან ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო.
ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიების ინიციატივით თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული. დამნაშავეთა შეპყრობა აზნაურ როსტომ ჯაყელს დაევალა, მაგრამ მან გლეხებთან ვერაფერი გააწყო, იგი შეიპყრეს, ცალი წვერი მოპარსეს და სოფლიდან გააგდეს. ჭანჭათელმა გოგია ვადაჭკორიამ გავარვარებული რკინით დადაღა გადასახადების ამკრეფი.
აღნიშნულმა ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი "ფირალი", რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა გლეხებს კვლავ მოსთხოვა გადასახადების გადახდა. ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს და 22 მაისს (3 ივნისს) აჯანყება დაიწყო.
ივლის-აგვისტოში აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო - მასში 7200-მდე კაცი მონაწილეობდა. მღელვარებამ მოიცვა იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფელიც.
9 აგვისტოს აჯანყებულებმა გოგორეთის ბრძოლაში დაამარცხეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმი. მალე აჯანყებულებმა მთლიანად დაიკავეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრეთ-დასავლეთი გურია, ოზურგეთ-ქუთაისის საკომუნიკაციო ხაზი, ოზურგეთისაკენ მიმავალი გზები და სხვა. მთავრობის ხელში მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრი - ოზურგეთი დარჩა. აჯანყებულებმა დაამარცხეს გურიის თავად-აზნაურთა და მთავრობის ჯარის დასახმარებლად მოსული სამეგრელოსა და იმერეთის თავად-აზნაურთა რაზმი. აჯანყებულთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა რჩევით, იმ მხრიდან დაარტყა აჯანყებულებს, საიდანაც ისინი არ ელოდნენ. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულების ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი გლეხი დაიღუპა.
აჯანყების ხელმძღვანელებიდან გამოირჩეოდნენ გლეხები:
აკეთის თემიდან - გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები,
ლიხაურის თემიდან - ოთარ და ნიკოლოზ თოიძეები და გოგიჩა გორდელაძე,
ასკანის თემიდან - მამუკა ანთაძე და მუხარბეგ დოლიძე,
შემოქმედის თემიდან - გოგია და როსტომ მამინაიშვილები და სხვა.
აჯანყებაში მონაწილეობდნენ აზნაურები: აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგოლიშვილი, ქაიხოსრო გუგუნავა, ათარმიზა თოიძე, ლევან გოჯასპირ და სიმონ ჭყონიები, სიმონ და გოგია ქარცივაძეები და სხვა.
გურიის აჯანყების საერთო ხელმძღვანელები იყვნენ თავადები ამბაკო შალიკაშვილი და დავით გუგუნავა. აჯანყების აღმავლობის პერიოდში (აგვისტო) თავადაზნაურობა მასობრივად ჩაება მოძრაობაში და ცდილობდა იგი საკუთარი მიზნებისათვის გამოეყენებინა, მაგრამ როცა აჯანყებამ აშკარად ანტიბატონყმური ხასიათი მიიღო, უმრავლესობა
მთავრობას მიემხრო (დ. გუგუნავა და სხვა), მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული (ა. შალიკაშვილი და სხვა). გურიის აჯანყებაში გარეშე ხელიც ერია. ქობულეთის ბეგი ჰასან თავდგირიძე ვერ ურიგდებოდა გურიაში რუსეთის გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს შეუერთდა, მაგრამ კავკასიის მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა დაეტოვებინა გურია.
გურიის აჯანყება მარცხით დამთავრდა. ცალკეული სოფლის გლეხებს, რომლებიც აჯანყების ძირითად ძალად შეადგენდნენ, ერთობლივი მოქმედების წინასწარ შეთანხმებული პროგრამა არ ჰქონდათ. მეფის მთავრობამ მოძრაობის 50 მეთაური ქუთაისის ციხეში ჩასვა, შემხეგ კი სამხედრო წესით გაასამართლა, მაგრამ 1842 წელს ხალხის მღელვარების თავიდან აცილების მიზნით ყველა გაათავისუფლა, მხოლოდ ამბაკო შალიკაშვილი გადაასახლეს ციმბირში.
გურიის აჯანყება მხატვრულად აღწერა ეგნატე ნინოშვილმა ისტორიულ რომანში "ჯანყი გურიაში".
ამ ნაწარმოების მიხედვით 1928 წელს გადარებული იქნა მუნჯური მხატვრული ფილმი "ჯანყი გურიაში" (14 ნაწილი, 5200 მეტრი (188 წთ.) სს "სახკინმრეწვი"პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 09.09.1929 წელს).
დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე
მონაწილეობენ: ალექსანდრე მესნიაევი (გენერალი ბრუსილოვი), კოწია ერისთავი (ბატონიშვილი–პოლკოვნიკი), ი. კორსუნსკაია (ბატონიშვილის ცოლი), ტ. გურიელი (თავადი ტელემაკი), თამარ ბოლქვაძე (ტელემაკის ქალიშვილი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ტელემაკის ცოლი), გაიოზ მელიავა (ბესია–აჯანყებული გლეხების მეთაური), ვლადიმერ ტრაპაიძე (თოლიკა), ალექსანდრე წითლიძე (ანტონია), სანდრო კანდელაკი (როსტომი), დავით ჩხეიძე (სიმონი–აზნაური), არკადი ხინთიბიძე (ივანე–აზნაური), სიკო ფალავანდიშვილი (ივანეს შინაყმა), ისია ნაზარიშვილი (მანა–ბესიას და), კოტე ანდრონიკაშვილი (ჰასან ბეგი), შ. საფაროვი (თავადი გიტო), ნ. ელიოზიშვილი (ადიუტანტი), დუდე ძნელაძე (გიორგი), სეფე ლორთქიფანიძე, ვიქტორ გამყრელიძე (ამბაკო), ნიკო გვარაძე (თარჯიმანი), ზაალ ტერიშვილი, შალვა ხუსკივაძე, ალექსანდრე გუგუშვილი, ვასილ ბალანჩივაძე, მიხეილ მგელაძე, დავით ქობულოვი (ქობულაშვილი), შალვა ღამბაშიძე, ნიკოლოზ მამულაშვილი, ლევან ხოტივარი, მარგარიტა ქილარჯიშვილი
გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
1841 წლის გურიის აჯანყებაში გლეხებთან ერთად მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობაც მონაწილეობს - ამბოხით სარგებლობს, რომ თავიდან მოიშოროს ხელისუფლება, რომელიც ფეოდალურ პრივილეგიებს ზღუდავს. აჯანყებულებს აჭარის მთავარი ჰასან-ბეგიც უჭერს მხარს. მეფის ჯარის მხარეს მებრძოლი აზნაურები გლეხთა შემოტევის მოსაგერიებლად დახმარებას სამეგრელოს მთავარს, დადიანს სთხოვენ, მაგრამ დადიანის ჯარი აჯანყებულებს ემხრობა. მეფისნაცვალი აჯანყებულთა მოკავშირე ჰასან-ბეგს მოისყიდის და აჯანყებას ჩაახშობს.