EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თბილისის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი 5 თეთრით უძვირდება »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: lolipop
თარიღი: 2017-11-28 16:25:24
თბილისში, ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვარკეთილაირის“ 14500 და „დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება.
დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად „ყაზტრანსგაზ თბილისი" ამარაგებს. გამონაკლისია, გარეუბნების მცირე ნაწილი, სადაც წლების წინ ეს ფუნქცია ოთხ პატარა კომპანიას გადაეცა. 2013 წლიდან ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის შემცირება სუბსიდირების გზით გადაწყვიტა.
2017 წლის ზაფხულში კი სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა. ამიტომ სემეკ-მა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ყაზტრანსგაზს თბილისს ზღვრული ტარიფი 46 თეთრამდე შეუმცირა, პატარა კომპანიებს კი იგივე 50 თეთრ ნახევარი დაუტოვა. სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა ერთ არეალში მცხოვრები მოსახლეობა არათანაბარ მდგომარეობაში.
კომპანია „ვარკეთილაირის“ დირექტორის თქმით, ვითარება მოსახლეობისთვის მართლაც მძიმეა, თუმცა, კომპანიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
„სუბსიდირება მუშაობდა 2017 წლამდე. ივნისიდან კი ჩვენ უკვე ყაზტრანსგაზ თბილისისგან გაძვირებულ გაზს ვყიდულობთ, თუმცა ეს თვეები ჩვენ მოსახლეობისთვის გადასახადი არ გაგვიძვირებია. ამიტომ ჩვენი კომპანია სერიოზულ ზარალზე გავიდა. 41 ათასი ლარი ვიზარალეთ. ზამთარში კი უკვე ესე იოლად ვერ გამოვალთ. ნოემბერ-დეკემბერში ეს ზარალი გახუთმაგდება. იანვრიდან რომ არ გავზარდოთ ტარიფი, კომპანია უბრალოდ ამ ზამთარს ვერ გადაიტანს”, განაცხადა პირველ არხთან საუბარში კომპანია „ვარკეთილაირის“ დირექტორმა, ნუგზარ მღვდელაძემ.
საკითხი უყურადღებოდ არც ენერგოომბუდსმენს დაუტოვებია. სალომე ვარდიაშვილი ერთ გეოგრაფიულ არეალში განსხვავებული ტარიფის არსებობას დისკრიმინაციად აფასებს და ამბობს, რომ ასეთი მიდგომა დაუშვებელია.
„უარყოფითად ვუყურებ კონკრეტულად ამ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ მომხმარებლებს აქვთ აბსოლუტურად სამართლიანი შეკითხვები და უსამართლობის განცდა. სამუშაოები უნდა წარიმართოს ისე, რომ მივიღოთ აბსოლუტურად თანაბარი ხელმისაწვდომობა, თანაბარი პირობები და გადასახადები ერთი და იგივე ქალაქის მომხმარებლებისთვის”, განუცხადა პირველ არხს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ამარაგებს და ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის გაზის კომუნალური გადასახადი უცვლელი რჩება. გამონაკლისი მხოლოდ გარეუბნების მცირე ნაწილი აღმოჩნდა.
guardian.ge