EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« საშიში ბაქტერია აჭარაში - ლეპტო-სპიროზით წელს მესამე ადამიანი გარდაიცვალა »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nisa
თარიღი: 2017-12-02 13:41:07
აჭარაში საშიში ბაქტერია ლეპტო-სპიროზით წელს მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ახლობლები აღნიშნავენ, რომ მამაკაცმა ხელი საქონლის დაკვლის დროს გაიჭრა და მაღალი სიცხეები ქონდა. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს, თუმცა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ინფიცირებული გარდაიცვალა.
ლეპტოსპიროზი - წყლისმიერი ცხელება
ლეპტოსპიროზი მწვავე გენერალიზებული ინფექციაა, რომელსაც ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია იწვევს. ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპიროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, - რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება.
რას აზიანებს დაავადება
ლეპტოსპიროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების მკვეთრი ტკივილი, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში
- სიყვითლე, ჰემორაგიული სინდრომი, თირკმელების მწვავე უკმარისობა და მენინგიტი. ლეპტოსპიროზის უსიყვითლო ფორმა იწყება უეცრად, წინასწარი მოვლენების გარეშე, ძლიერი შემცივნებით და მაღალი - 39-40 გრადუსამდე - ტემპერატურით (70%-ში), მენინგიტით (20%-ში), ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით (10%-ში). ავადმყოფი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, უძილობას, უმადობას, წყურვილს, წვივის, ბარძაყის,
წელისა და სხვა კუნთების ტკივილს, რაც ძლიერ ზღუდავს, შეუძლებელსაც კი ხდის სიარულს. ზოგჯერ სისხლჩაქცევების გამო თავს იჩენს მუცლის კუნთების ტკივილიც, რომელიც ისეთი ძლიერია, რომ საჭირო ხდება მწვავე მუცლის გამორიცხვა.
ავადმყოფს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა - ჰაბიტუსი:
სახე გაწითლებული და შეშუპებულია;
თვალის სკლერები ჩაწითლებულია, მაგრამ არ შეიმჩნევა კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელი გამონადენი;
ზოგჯერ წითლდება კისრისა და გულმკერდის ზემო ნაწილიც (ე. წ. კაპიუშონის სიმპტომი);
ტემპერატურა 5-7 დღის განმავლობაში მაღალი რჩება, მუდმივია და სწრაფად იკლებს.
ბავშვების ნახევარს კანზე უჩნდება ლაქოვანი, ლაქოვან-პაპულური, აქერცვლადი გამონაყარი, ზოგჯერ სისხლჩაქცევებიც. მე-4-5 დღიდან თითქმის ყველა ავადმყოფს უდიდდება ღვიძლი. ავადმყოფი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას, ხელით გასინჯვისას ღვიძლი მტივნეულია. ელენთა შემთხვევათა 50%-შია გადიდებული. ბავშვების ნახევარს აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც მენინგიზმითა და მენინგიტით ვლინდება. ათიდან ერთ შემთხვევაში ლეპტოსპიროზი სიყვითლით მიმდინარეობს. დასაწყისი ისევე მწვავეა, როგორც უსიყვითლო ფორმის დროს. დაავადების მეორე ტალღა ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციით მიმდინარეობს. ღვიძლი გადიდებული და მტკივნეულია. აღინიშნება სიყვითლე, რომელიც კარგად შეიმჩნევა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე ხანგრძლივობის პერიოდის განმავლობაში. სისხლში მომატებულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ბილირუბინი. აღინიშნება ალატ-ისა და ასატ-ის ზომიერი მომატებაც. დაავადება შესაძლოა 4-5 კვირას და მეტხანს გაგრძელდეს. რეციდივები (3-4 ტალღა) არაადეკვატური ანტიბიოტიკოთერაპიით არის გამოწვეული. ლეპტოსპიროზი შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ. მსუბუქი ფორმის დროს ზოგადი ინტოქსიკაცია სუსტად არის გამოხატული, ტემპერატურა არ აღემატება 38-38,5 გრადუსს, ღვიძლისა და ელენთის დაზიანება უმნიშვნელოა, სისხლჩაქცევები არ აღინიშნება. საშუალო სიმძიმის შემთხვევაში ტემპერატურა 38,5-39 გრადუსს აღწევს, კუნთების ტკივილი ზომიერია, შესაძლოა, თავი იჩინოს სიყვითლემ, თირკმლის დაზიანების ნიშნებმა, ჰემორაგიული სინდრომი ზომიერად არის გამოხატული. მძიმე ფორმას ჰიპერთერმია, კუნთების ძლიერი ტკივილი, ჰემორაგიული სინდრომი, სიყვითლე, თირკმელების დაზიანება, მენინგიტი ახასიათებს. რა გვაეჭვებინებს ლეპტოსპიროზს:
დაავადების უეცარი დასაწყისი მაღალი ტემპერატურით;
კუნთების ძლიერი მტკივნეულობა (მიალგია);
დამახასიათებელი სახე - მყვინთავის ჩასისხლიანებული თვალები;
ღვიძლისა და ელენთის მტკივნეული გადიდება;
ჰემორაგიული გამონაყარი;
მენინგეალური მოვლენები;
ეპიდანამნეზში - დაავადების დასაწყისი ზაფხულში ბანაობის ან ფეხშიშველა სიარულის შემდეგ.
ლეპტოსპიროზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ჩირქოვანი მენინგიტი, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰუს), ვირუსული ჰეპატიტი, მენინგოკოქცემია, გრიპი, იერსინიოზი.
მკურნალობა
მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ინიშნება სათანადო დიეტა (რძისა და მცენარეული პროდუქტები). თერაპიის ძირითადი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია. ყველაზე ეფექტურია პენიცილინოთერაპია. დანარჩენი სამკურნალო ღონისძიებები ინიშნება ძირითადი სიმპტომების მიხედვით. დაავადების თავიდან ასაცილებლად:
დაიცავით მღრღნელებისგან წყლის რეზერვუარები და სურსათი;
ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატევებიდან;
ნუ შეჭამთ ავადმყოფი ცხოველის ხორცს სათანადო თერმული დამუშავების გარეშე;
იზრუნეთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე.