EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ბახტრიონის ბრძოლა 1659 — ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-12-02 19:07:11

ბახტრიონის ბრძოლა 1659 — ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ

bakhtrioni

საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. სწორედ ასეთ დროს ირგვლივ გამეფებულ სულიერ წყვდიადსა და საშინელ ბოროტებაში მნათობებივით ბრწინავდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის, იდეალების, სიმართლის გულისათვის თავისუფლად მიდიოდნენ სიკვდილზე. საქართველოს ისტორია ამგვარ მოწამეთა სისხლით არის დაწერილი. ისევე, როგორც ქრისტეს სისხლმა სიკვდილის მონობისგან გამოისყიდა კაცობრიობა, ქართველ მოწამეთა სისხლის წვეთებიც ჩვენი ქვეყნის იმედის, ხსნისა და მომავალი გაბრწყინების თესლებად იქცნენ.
 
ავიღოთ თუნდაც XVII საუკუნე. ამ პერიოდში საქართველოს მძიმე განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა – იგი სპარსელთა სათარეშოდ იქცა. მაგრამ... ,,სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემატოს მადლი ღვთისა'', ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ სასუფეველს წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმიდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმიდა 6000 გარეჯელი ბერი, წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსი, წმიდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან ერთად 9000 მხედარი მარაბდის ველზე და ამავე საუკუნეში მოუვლინა ყოვლადსახიერმა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელმა ქართველობამ მიწიერი სამშობლო დაუტევა და ზეციურ სამშობლოს მიაშურა და... ამ საუკუნეს ნიკოლოზ მროველი ეპისკოპოსი ასე აფასებს: ,,შაჰ-აბასი მძვინვარებდა, სახიერი ქრისტე დასტკბებოდა, ტანჯვანი ძნიალობდეს, მოსაგებელი ძვირ-ფასობდა’’. მართლაც, ქართველი ხალხისთვის ეს პერიოდი იყო უჭკნობი გვირგვინის მოპოვების ჟამი, ჟამი ,,ცრემლით თესვისა’’, ,,სათნოებათა მჭელეულების შეკრებისა’’.
 
შაჰ-აბას პირველი და შაჰ-აბას მეორე ყორნებივით დასტრიალებდნენ თავს ივერიას, ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებსა და ციხესიმაგრეებს, ათიათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდნენ და სპარსეთში მიერეკებოდნენ. მდგომარეობას ვერც შაჰ-აბას პირველის სიკვდილმა უშველა. თუმცა კი გაიქნია მეფე თეიმურაზმა ხმალი, მაგრამ შაჰ-აბას მეორემ ქართლ-კახეთში დიდი ჯარი გამოგზავნა, ქართლის მმართველად როსტომ-ხანი დაადგინა, კახეთი კი სელიმ-ხანს უბოძა. ქართლის ფეოდალების ნაწილი როსტომ-ხანს ეახლა, ნაწილმა კი თეიმურაზს ყიზილბაშებთან ომი არ ურჩია და ისიც მცირე ამალით იმერეთს გადავიდა. შემდგომში შაჰმა კახეთიც როსტომ-ხანს გადასცა სამართავად.
 
კახეთის გაუტეხელობა და თეიმურაზ მეფის დაუცხრომელი საქმიანობა ირანის წინააღმდეგ, რაც მის მიერ რუსეთთან კავშირის გაძლიერებაში გამოიხატებოდა, არ ასვენებდა სპარსელებს. განსაკუთრებით მთიულეთი შფოთავდა. თუშ-ფშავ-ხევსურებმა არაერთი ელჩობა გაუგზავნეს რუსეთის მეფეებს და დახმარება სთხოვეს, მაგრამ დაუძლურებული საქართველოსთვის ირანს მტრად ვინ გაიხდიდა?!
 
შაჰ-აბას მეორემ მამამისის გეგმა გაიხსენა და კახეთში თურქმან მომთაბარეთა ჩასახლება გადაწყვიტა. 1656 წელს მან როსტომ-ხანს კახეთი ჩამოართვა და სამართავად ისევ განჯის ხანს, სულიმს, გადასცა და თურქმანთა ჩამოსახლებაც მას მიანდო. გადაწყდა – კახეთში თურქმანთა 25 000 ოჯახი უნდა ჩამოესახლებინათ, კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდა გაენაწილებინათ, ეს მომთაბარე-მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე უნდა დაემაგრებინათ, რათა ხვნა-თესვასა და შენებას შესდგომოდნენ.
 
შაჰ-აბას მეორეს სახსრები არ დაუზოგავს თურქმანთა გადასახლებისა და მათი დაცვის ორგანიზაციისათვის. ადარბადაგანიდან გადმოყვანილმა თურქმანთა დიდმა ურდოებმა მთელი კახეთის ბარი დაიჭირეს (80 000 ოჯახი ჩამოსახლდა). შაჰმა ირანის სარდალ ალავერდი-ხანს დაავალა კახეთში სამი ციხის აგება. ამ ციხეების გარნიზონებს თურქმანები ქართველთა თავდასხმებისგან უნდა დაეცვა. ციხეების ასაშენებლად კახეთში გაუგზავნიათ ხუროთმოძღვრები, კალატოზები, მშენებელი მუშები და საჭირო ფული.
 
ირანელებმა ალავერდის მონასტრის გალავანი ციხესიმაგრედ გადააკეთეს და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენეს. ალავერდის ტაძარში მწუხრი-ცისკრის ნაცვლად ნიზამი აღესრულებოდა. ქართველებს ბარში აღარ დაედგომებოდათ და მთებში ილტვოდნენ. ,,ქართლის ცხოვრების'' მემატიანე მოგვითხრობს: ,,აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის’’. ყოველ დილით მუეძინის ყვირილი აღვიძებდა კახეთს.
 
ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით აშენდა ასევე ბახტრიონის ციხე, რომლის სიგრძე ას მეტრს აღემატებოდა. ბახტრიონის ციხე სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. იგი კახეთის მთიანეთიდან ბარში ჩამომავალ გზებს აკონტროლებდა და ალაზნის ზემო წელში დასახლებულ თურქმანებს მთიელთა
 
 
თავდასხმებისაგან იფარავდა.
მომთაბარე ელები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ. მათ ვრცელი საძოვარი ველები სჭირდებოდათ. კახეთში მევენახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა. საშიშროების წინაშე აღმოჩნდა მთიანეთის მოსახლეობაც, რომელიც ბარის პურ-ღვინითა და ზამთრის საძოვრებით ირჩენდა თავს. ამას ემატებოდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა სიმკაცრე და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ თავხედობა.
 
თვით სპარსელი ისტორიკოსიც ვერ მალავს – ,,ელებს მისწრაფება ჰქონდათ ქართველებზე ებატონათო’’.
 
კახელები ხედავდნენ, თუ როგორ აშენებდნენ ციხეებს ყიზილბაშები, ჩეხდნენ ვენახებს, ბილწავდნენ ღვთის სახლებს... ქვეყანა ზღუდემოხდილ ვენახს დაემსგავსა და ,,მოჰყურძნიდნენ მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი’’ (ფს. 69,12). ქართველთა საყოველთაო უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა. თუშ–ფშავ–ხევსურებმა სალაშქროდ მზადება დაიწყეს. ქართულ ხალხურ პოეზიაში დაცული ცნობების მიხედვით, ამ მოძრაობის ლიდერი სახალხო გმირი – ზეზვა გაფრინდაული იყო. თურქმანებისაგან შეურაცხყოფილი კახელები დუშეთს ზაალ ერისთავს ეახლნენ, დაუჩოქეს და შესჩივლეს: ,,გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა... და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც, ვინათგან შენდა რწმუნებულ არს კახეთიო’’.
 
ზაალ ერისთავმა აშკარა დახმარება ვერ გაბედა, მაგრამ ,,მცირედნი ოდენ კაცნი რჩეული მხედრები მისცნა თანაშემწედ საიდუმლოდ’’.
 
აჯანყების უშუალო ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო კახეთის სუფრაჯი (სუფრის ზედამხედველი), მხნე რაინდი – ბიძინა ჩოლოყაშვილი.
 
,,არა განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელსყოს’’. უფალმა თავისი არსი გამოაჩინა ჩვენზედ და ,,აღამაღლა რჩეული ერისაგან ჩუენისა’’ (ფს. 88,20). ღმერთმა ბიძინა ჩოლოყაშვილს შთააგონა კეთილი განზრახვა. იგი მივიდა ქსნისა და არაგვის ერისთავებთან და დახმარება სთხოვა; მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ, ,,აწ უკვე აღვდგეთ მათ ზედა, დაღაცათუ შეუძლებელ არს ჩვენ მიერ, არამედ ძალითა და შეწევნითა დამბადებელისა და ღვთისა ჩვენისა და წინაძღომითა და განძლიერებითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და თანა დგომითა ახოვანისა მხედრისა წმიდისა გიორგისათა, რამეთუ დიდებული ტაძარი მისი (ალავერდი) დაიპყრეს და შეაგინეს და პატიოსანი ხატი მისი შემუსრეს’’.
 
ბიძინა ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა. ღვთის მიმართ სასოების დამდებელს სწამდა, რომ უფლის წყალობა შეგვეწეოდა, რადგან სიმართლე ჩვენ მხარეზე იყო. მართლმსაჯული, ძლიერი და სულგრძელი უფალი სამართალს განსჯიდა და არ უგულებელყოფდა ქართველთა ჭირ-ვარამს. ,,მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყვარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან’’. ხოლო მტერს კი მიაგებდა ,,უსჯულოებისა და უკეთურებისა მათისაებრ’’.
 
ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავებმა ,,დიდითა გულმოდგინებითა მოირთეს ძალი, რაისაცა შემძლებელ იყვნეს სპითა თვისითა. მოვიდნენ თიანეთს, იხმეს თუშ-ფშავ-ხევსურნი, ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს გარდავლეს მთა და ჩავიდნენ ახმეტას’’. ზეზვა გაფრინდაულთან ერთად აჯანყების აქტიური მონაწილეები იყვნენ: ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშავი გოგოლაური და სხვ.
 
დიდმა განსაცდელმა ქართული საზოგადოების ყველა ფენა გააერთიანა. სამშობლოს დასაცავად აღდგა მთელი კახეთის მოსახლეობა. აჯანყებას მხარი ქართლშიც დაუჭირეს.
 
შურისძიების ჟამი დადგა. ქართველები საკუთარ ძალზე როდი ამყარებდნენ იმედს, არამედ ღმერთზე. ,,რამეთუ სიქადულ ძალისა მათისაი’’ უფალი იყო და ,,ნება ღვთისა ამაღლდეს რქა ჩვენი’’ (ფს. 88,17). და აი, უფალმა სამშობლოს დასახსნელად დაძრულ ქართველთა ლაშქარს უდიდეს შემწედ ბრძოლის ველზე ახოვანი მხედარი, დიდმოწამე გიორგი მოუვლინა. ეს ბრძოლა საღვთო იყო და ღმერთმაც საღვთო დახმარება აღმოუჩინა ქართველებს. აღდგნენ ქართველები რჯულისა და მამულის დასაცავად, – და ,,აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ მტერნი მისნი’’...
 
ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო: ერთი ბახტრიონის, მეორე კი ალავერდის ასაღებად გაემართა. მტერს თავისი ძალები ძირითადად აქ ჰყავდა გამაგრებული. ილოცეს ქართველებმა და საომრად მოემზადნენ. 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე აჯანყებულთა რაზმებმა თითქმის ერთდროულად ბახტრიონსა და ალავერდს შეუტიეს. ბრძოლა ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მოხდა.
 
ბახტრიონის ციხეში შეჭრილმა ქართველთა ლაშქარმა ყიზილბაშ მეციხოვნეთა დიდი ნაწილი გაანადგურა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა და ალავერდის ციხეს მიაშურა. ამასობაში კახელებს ალავერდის ციხე აეღოთ, იქიდან გამოქცეული მტერი ბახტრიონისკენ მირბოდა თავშესაფარებლად. თვით უფალი დევნიდა მათ: ,,ეგრეთ სდევნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნე იგინი’’ (ფს. 72,15). ლტოლვილები ალვანის მინდორზე შეეფეთნენ ერთმანეთს. სწორედ იქ მოუსწრეს მათ ქართველებმა და მტრებს მუსრი გაავლეს. იმ ადგილს, სადაც ეს მოხდა, ხალხი ახლაც ,,გაწყვეტილას’’ ეძახის.
 
ქართველებმა პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აოტეს და განაბნიეს მტერი. ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა ჰმადლობდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის, ,,რამეთუ ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავლად მათდა’’.
 
თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა. ამ დღის მერე ,,კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდნენ’’. საკვირველი იყო ეს გამარჯვება. მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. ,,ღმერთი შურისძიებათა განცხადნა’’ (ფს. 92,8) და ,,შემუსრა უფალმან მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა’’ (ფს. 9).
 
ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა. კახეთის გმირულმა ბრძოლამ შაჰ-აბასი აიძულა, ხელი აეღო თავის
 
 
საზარელ გეგმაზე. მან თურქმანთა კვლავ გადმოსახლების განზრახვა დროებით უარყო.
ბახტრიონის აჯანყება ქართველი ხალხის ისტორიაში სარწმუნოებასა და მამულისათვის ბრძოლის უბრწყინვალესი ფურცელია. ბახტრიონის აჯანყება ქართველი ხალხის გამარჯვების ზეიმია ყველა დროსა და ყველა ეპოქაში. ბახტრიონის აჯანყების დაგვირგვინება მიწიერი საქართველოდან ზეციური სასუფევლისთვის გაღებული უძვირფასესი ძღვენი იყო – წმიდა მოწამენი ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
 
განრისხებული შაჰ-აბასი საქართველოს ამას არ აპატიებდა. მან ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები – ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები, მასთან გამოეგზავნა. შაჰ-აბასმა ისინი იმ ურდოებს გადასცა, რომელთა ნათესავებიც ბახტრიონის ბრძოლაში ამოწყვიტეს. აბასმა თურქმანთა სულთანს შეუთვალა: ,,ეგენი კარგი მებრძოლები არიან. ეცადე, რჯული შეაცვლევინო. თუ დაგიჯერეს, პატივით შეიწყნარე, თუ არა და მწარე სატანჯველით დასაჯეო’’. თავიდან ლიქნით შემოუკვალა შაჰმა ქართველ დიდებულებს, დიდ ნიჭსა და პატივს მოგაგებთ სანაცვლოდო. მაგრამ ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით შეუთვალეს: ,,ჩვენ ნიჭთა და პატივთა თქვენთათვის არა გული გვითქვამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქვენთა, რამეთუ ჩვენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი... მზად ვართ ყოვლისავე დათმენად, რათა მის თანა ვსუფევდეთ და მის თანა ვიხარებდეთ’’ (ეს სიტყვები განმსჭვალულია წმინდა წერილის სულით).
 
ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერანაირმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები, ,,განკვირდნენ თათარნი სიმხნესა და ახოვნებასა მათსა და კადნიერებით სიტყვის გებასა’’. მაშინ შაჰის ბრძანებით გმირები შეიპყრეს, მიწაზე ათრიეს და სასტიკად სცემეს. წმიდანები ერთმანეთს ამხნევებდნენ, ტანჯვას ითმენდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ შეწევნასა და გაძლიერებას, რათა სიხარულით შეეწყნარებინათ მათზე მოწევნული სატანჯველი.
 
შემდეგ წმიდანები გააშიშვლეს და გზაზე დაყარეს მწერთა დასაგესლად, ხელფეხშეკრულნი, მშიერ-მწყურვალნი. შემდეგ ეშმაკებივით შეუჩნდნენ, ემუქრებოდნენ და ათასგვარ სატანჯველს ჰპირდებოდნენ, მაგრამ მოწამენი ,,უახოვნეს იქმნებოდეს''. განრისხებულმა სელიმ-ხანმა გადაწყვიტა წმ. ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმინდა ელიზბარისა და შალვასთვის. ,,არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა’’ – თქვა წმ. ბიძინამ.
 
ქსნის ერისთავებმა მახვილს ,,სიხარულით წაუპყრნეს ქედნი''. წმიდანები თათრებს აღემატებოდნენ სიმაღლით, ამიტომ ჯალათემა ,,ხერხი იხმარეს’’ – ჰკრეს წვივებზე მახვილი, მუხლზე დასცეს მოწამენი და მერეღა მოახერხეს მათთვის თავის მოკვეთა.
 
თანამებრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმიდა ბიძინა. ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს შეურაცხყოფით მოეტეხათ მისი სიმხნევე. ახოვან გმირს ჩადრი ჩამოაფარეს, ვირზე უკუღმა შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს. დასცინოდნენ მას, წმიდა ბიძინა კი ჰმადლობდა ღმერთს იმის გამო, რომ მსგავსად უფლისა, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში.
 
ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმიდანი. ,,აღიღეს მახვილი და დაიწყეს ჭრად და კვეთად’’. სხეულის ყოველი ასოს მოკვეთის დროს წმიდა ბიძინა მრწამსს იმეორებდა დაუცხრომლად. უხმობდა ქრისტეს და ტკივილს აღიმსუბუქებდა. უფალი ანუგეშებდა და განაძლიერებდა მას. ბოლოს დარჩენილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და წმიდანის გული გაჩერდა. ეს მოხდა 1661 წელს.
 
წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა, რადგან ვერავინ ბედავდა მათთან მიახლებას. ღამით მათ ბრწყინვალე ნათელი დაადგა. შუაღამისას ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტები.
 
რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა, სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტების ჩამოსასვენებლად. საფლავი გათხარეს და ნახეს: სამივე წმიდა მოწამის ნაწილები ისე შეერთებულიყო, რომ ვერ განარჩევდი, რომელი რომლისა იყო. წმიდანთა ნაწილები წამოაბრძანეს და პატივითა და დიდებით იკორთის მთავარანგელოზთა მონასტერში, ერისთავთა საგვარეულო სამარხში დაკრძალეს.
 
ზეზვა გაფრინდაული და მისი თანამებრძოლები, როგორც ხალხური საისტორიო პოეზია მოწმობს, ერთხანს კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას კახეთში დარჩენილი ყიზილბაშების წინააღმდეგ და დიდ ზიანსაც აყენებდნენ მტერს. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწია ზეზვას. ისტორიოგრაფიამ სახალხო გმირი ისტორიაში არ შეიყვანა. ხალხმა ზეზვას მრავალი სიმღერა და ლექსი უძღვნა, რითაც უკვდავყო მისი სახელი.
 
ისტორიულ დრამაში, ისტორიულ პროცესთა მდინარებაში როგორც ხორბალი ღვარძლისაგან, ისე განირჩევა კეთილისმოქმედთა და ბოროტისმოქმედთა ღვაწლი. ,,მეორედ მოსვლისას სიკეთის მოქმედნი გამობრწყინდებიან, როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის უფალ იესო ქრისტესთან, მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ’’ (წმ. იოანე დამასკელი).
 
პროვიდენციალისტური მსოფლმხედველობის თანახმად, ღვთის მადლით, ერის ხსნა მომდინარეობს რჩეული ადამიანების მეოხებით, ადამიანებისა, რომელნიც მონანიებისათვის გამზადებულ საწყაულებად იქცევიან.
 
თავიანთი თავდადებით, განგებისადმი მორჩილებით, ღვთის ჭეშმარიტებისათვის მოწამეობით ისინი უფლის კეთილგანწყობასა და მოწყალებას მოიზიდავენ. ეს მოწყალება მთელ ერზე განცხადებულად ვლინდება, რათა განდიდდეს უფლის სახელი: ,,ნუსადა თქვან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თვალთა ჩვენთა შურისგება სისხლისა მის მონათა შენთასა, რომელ დაითხია’’ (ფს. 78,11).