EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ომის გამოცხადება 1,5 მილიარდი მუსლიმის და ასობით მილიონი ქრისტიანისთვის »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2017-12-14 00:29:03

ომის გამოცხადება 1,5 მილიარდი მუსლიმის და ასობით მილიონი ქრისტიანისთვის

tramp

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ამ ქალაქში ამერიკული საელჩოს გადატანისთვის მზადებაზე ბრძანება გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადის განმავლობაში აშშ თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. ტრამპამდე, ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო ამერიკის ვერცერთმა პრეზიდენტმა.
 
მსოფლიო იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს
 
1947 წლის ნოემბერში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბრიტანული მანდატის დასრულებას პალესტინაში 1948 წლის 1 აგვისტოს და მის ტერიტორიაზე ორი უსახელო - ებრალური და არაბული სახელმწიფოების შექმნაზე რეკომენდაციას გასცემდა. ამ გეგმის თანახმად იერუსალიმი და ბეთლემი საერთაშორისო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა. არაბულმა თანამეგობრობამ გეგმა არ მიიღო, რადგან ის არაბებისთვის უსამართლოდ მიიჩნია, რაც გახდა კიდეც ისრაელს და არაბებს შორის პირველი ომის (1947-1949 წლები) მიზეზი. ამ ომის შედეგად იერუსალიმი ორად გაიყო - ისრაელმა კონტროლი დაამყარა დასავლეთ იერუსალიმზე, იორდანიამ კი აღმოსავლეთზე.
 
1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმიც დაიპყრო, რომელიც პალესტინელებს თავისი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მიაჩნიათ. მას შემდეგ აღმოსავლეთ იერუსალიმში 200 ათასი ებრაელი დასახლდა. გაერო ამ დასახლებებს უკანონოს უწოდებს და მიაჩნია, რომ ტერიტორია ისრაელის მიერ ოკუპირებულია. ისრაელი კი ამტკიცებს, რომ იერუსალიმი სრულად ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი და მისი დედაქალაქია. ქალაქს ისრაელი უკვე ათწლეულების განმავლობაში დეფაქტო აკონტროლებს. გაერო-ს უშიშროების საბჭო, გაერო-ს გენერალური ასამბლეა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები მუდმივად მოუწოდებენ მას შეწყვიტოს ოკუპაცია, რაც არ ხდება.
 
ექვსდღიანი კონფლიქტი ერთი მხრივ ისრაელს და მეორე მხრივ ეგვიპტეს, სირიას, იორდანიას, ერაყს და ალჟირს შორის, 1967 წელს 5-დან 10 ივნისამდე გრძელდებოდა. არაბი მოკავშირეები ავიაციის გარეშე დარჩნენ, ისრაელმა კი ტერიტორიები მნიშვნელოვნად გაიფართოვა.
 
იერუსალიმში საელჩოები არ არის
 
იმის გამო, რომ ამ ქალაქის სტატუსი სადავოა, ისრაელის საერთაშორისო პარტნიორები საელჩოებს ძირითადად თელ-ავივში ხსნიან. იერუსალიმში რამდენიმე დიპლომატიური წარმომადგენლობაა, მათ შორის ამერიკულიც, მაგრამ ეს საკონსულოებია ან მისიები იერუსალიმისა და პალესტინის ავტონომიისთვის. აშშ-ის გადაწყვეტილება გახსნას სრულფასოვანი საელჩო იერუსალიმში - უპრეცედენტოა. აქამდე პირიქით იყო, საელჩოები იერუსალიმიდან თელ-ავივში გადაჰქონდათ. მაგალითად 2006 წელს, კოსტა-რიკის საელჩო თელ-ავივში გადაიტანეს. საქართველოს საელჩოც თელ-ავივშია.
 
აშშ ისრაელის დიდი ხნის პარტნიორია
 
ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, ექვსდღიანი ომის დროს არაბებს და ისრაელს შორის, აშშ-ის იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის ისრაელის მხარეს იბრძოდა. ვაშინგტონში ბევრი ისრაელელი ლობისტი მუშაობს. ორივე ამერიკული პარტია, დემოკრატებისც და რესპუბლიკელებიც, ტრადიციულად მხარს უჭერენ ისრაელს, მაგრამ დემოკრატების პოზიცია უფრო ზომიერია: ის აღიარებს პალესტინელების უფლებას თვითმმართველობასა და საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე, რესპუბლიკელები კი კატეგორიულად უარყოფენ იმას, რომ ისრაელს ვინმეს ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მიაჩნიათ, რომ პალესტინელებთან არანაირი მოლაპარაკება საჭირო არ არის.
 
როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მმართველობის დროს, აშშ ვეტოს ადებს გაერო-ს რეზოლუციებს, რომლებიც გმობს ისრაელის ამა თუ იმ ქმედებებს. ისრაელის აშკარა მხარდაჭერის მიუხედავად, ამ სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში, აშშ ყოველთვის ცდილობდა რეგიონში ინტერესთა ბალანსის დაცვას და სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდებას. ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის მრავალწლიან დიპლომატიურ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მან საერთაშორისო სტატუს-ქვოს გამოწვევა გაუგზავნა.
 
იერუსალიმში საელჩოს გადატანის საკითხი აშშ-ში დიდი ხანია განიხილება. წინასაარჩევნო კამპანიების დროს ეს დაპირება გასცეს პრეზიდენტებმა ბილ კინტონმა და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. მაგრამ ვერცერთმა ვერ შეასრულა.
 
პალესტინელები ომით იმუქრებიან
 
პალესტინური დაჯგუფების ჰამასის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ომის გამოცხადების ტოლფასია. დაჯგუფებამ 8 დეკემბერი „რისხვის დღედ" გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარასკევის ლოცვის შემდეგ პალესტინელები იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან თავიანთ დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ ყველა შესაძლო გზით გამოხატავენ. პალესტინის ავტონომიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში მანულ ჰასასიანმა თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არის „ომის გამოცხადება 1,5 მილიარდი მუსლიმის და ასობით მილიონი ქრისტიანისთვის, რომლებსაც არ უნდათ, რომ რელიგიური სიწმინდეები ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს".
 
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს.
 
ფაქტი გააპროტესტა ირანმაც და დაიმუქრა, რომ „ამ ამბავს ასე არ დატოვებს", ასევე თურქეთმა, რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
 
5 დეკემბერს, როდესაც ცნობილი გახდა რომ ტრამპს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად უნდა ეღიარებინა, ისრაელის ბევრ ქალაქში და ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები ჩატარდა, რომლებზეც პალესტინელები ამერიკის და ისრაელის დროშებს, და ტრამპის პორტრეტებს წვავდნენ.
 
დღეს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები დაიწყო.
 
 
 
qartuliazri.ge