EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სათამაშოები და ბავშვის ინტელექტუალური განვითარება »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2017-12-28 18:12:03
7 ივნისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ბავშვების განვითარებას მიეძღვნა. რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა სათამაშოებით თამაში, როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი ასაკის მიხედვით, როგორ იზომება ბავშვის ინტელექტუალური განვითარება თამაშის მიხედვით, რომელია ფუნქციური და განსავითარებელი სათამაშოები, რატომ გახდა ბოლო დროს პოპულარული ტყლარწი და სპინერი და რა როლს ასრულებს წიგნი ბავშვის მეტყველების ჩამოყალიბებაში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა, ბავშვთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა. საინტერესოა, რომ ბავშვის განვითარების ყველა ეტაპზე მშობლებს კონკრეტული რეკომენდაციების მიღება ბავშვის განვითარების ინსტიტუტშიც შეუძლიათ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზეა შექმნილი.
რა ასაკიდან სჭირდება პატარა სათამაშო?
სათამაშო არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს და ზოგადად თამაში არის ის აქტივობა, რომელიც ბავშვის ასაკის ძირითადი შემადგენელია. ბავშვი თამაშობს ჩვილობის ასაკშიც, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მოტორული უნარები ისე განვითარებული, რომ შეძლოს სათამაშოს ხელში დაჭერა. ამისათვის მას სჭირდება კონკრეტული მოტორული უნარები, კერძოდ უნდა შეეძლოს ტაცება, ჩაჭიდება და ა.შ. სათამაშოს შემოტანა მის ფიზიკურ გარემოში შესაძლებელია ძალიან ადრეული პერიოდიდან და ეს შეიძლება იყოს ერთი თვის ასაკი. მანამდე ბავშვები თამაშობენ საკუთარი სხეულის ნაწილებით, ან ერთობიან ახლობელი ადამიანების, დედების, ან მომვლელების სახის ნაკვთების თვალიერებით. მნიშვნელოვანია, მშობელს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის სათამაშო უნდა შეარჩიოს და როგორ ეთამაშოს მას. იმის განცდა, რომ თამაში მარტივი აქტივობაა და ეს ყოველთვის ყველას გამოუვა, ბოლომდე სწორი არ არის. შესაძლებელია, თამაშის, როგორც უნარის ჩამოყალიბება და განვითარება. ამისთვის მშობლებს ცოტა მეტი დაფიქრება სჭირდებათ. სათამაშო არის განსხვავებული ასაკის მიხედვით და იმის მიხედვით თუ რა ფუნქციას ავითარებს ის.
ადამიანის განვითარება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს არის ემოციური და სოციალური განვითარება, მოტორული განვითარება და მეტყველება.
უნდა აღინიშნოს, რომ მოტორიკას თავისი ნაწილები აქვს – ე.წ. მსხვილი მოტორიკა, რომელიც მსხვილი კუნთების აქტივობას გულისხმობს და დახვეწილი მოტორული უნარები, რომლებიც ხელის თითებით მანიპულაციას მოიცავს – ეს ყველაფერი ადამიანის ნორმალურ განვითარებას განაპირობებს. თითოეული ამ ფუნქციის განვითარებისთვის ბავშვს სჭირდება სათამაშო, გარდა იმისა, რომ მას სჭირდება კომუნიკაცია და ადეკვატური სოციალური გარემო.
დღეს ბაზარზე სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორი უნდა იყოს პირველი სათამაშო?
უნდა დავაკვირდეთ ჩვენი ბავშვის ინდივიდუალური განვითარების მაჩვენებელს. პირველი სათამაშო, რომელიც მას გამოადგება, შეიძლება იყოს დაფიქსირებული მის საწოლზე. ასეთი ტიპის სათამაშო გამოსცემს ხმას, ტრიალებს და არის მკვეთრი ფერის. სასურველია იყოს რბილი ქოსვილისგან დამზადებული, რადგან ეს სათამაშო მოგვიანებითაც დაგვჭირდება, როდესაც პატარა 3-5 თვის ასაკში ხელის ჩაჭიდებას ისწავლის, არ დაიზიანებს სხეულს.
მნიშვნელოვანია სათამაშოს მასალის შემადგენლობა, სათამაშოები, რომლებიც მავნე პლასტმასს არ შეიცავენ, უფრო ძვირია, მაგრამ სჯობს ჩვენს შვილს რამოდენიმე ხარისხიანი სათამაშო ჰქონდეს, ვიდრე ბევრი და უხარისხო. ხარისხის დადგენა შესაძლებელია მწარმოებელი ქვეყნისა და ფასის მიხედვით, რა თქმა უნდა.
ყოველდღიურად ბავშვს ახალი უნარები ემატება, როდის უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და რა უნდა იყოს მეორე ეტაპის სათამაშო?
მას შემდეგ, რაც პატარა დათვალიერებას კარგად ისწავლის და შეუძლია ოდნავ თავის ტრიალი და ცხადია, თავის ტრიალს თავისი კუთხეები აქვს, თუ რამდენი გრადუსით ატრიალებს, შემდეგ მოდის ე.წ. ხელის გაწვდენის აქტივობა, რომელიც მსხვილი მოტორული აქტივობაა და ამას თან მოყვება დახვეწილი მოტორული აქტივობის ნიუანსები, ამ დროს თითი უნდა იყოს ჩართული.
თუ ბავშვს ჩვენს თითს მივაწვდით და ის მას ეჭიდება, ეს რეფლექსური ჩაჭიდებაა და თუ გამოვქაჩავთ, სავარაუდოდ არ გვიშვებს. ეს მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ სათამაშო ზომიერი სახელურით, რომელსაც ბავშვი ჩაეჭიდება. რადგან თვალისა და ხელის მოტორიკის კოორდინაცია დახვეწილი არ არის, ის სავარაუდოდ იწყებს სათამაშოს ქნევას არა მიზანმიმართულად და ეს მას ეხმარება თვალისა და ხელის მოძრაობა ერთმანეთს დაამთხვიოს. თუ სათამაშო ჩხარუნაა და ასეთიც უნდა იყოს დასაწყისში, ხმა ყურადღებას მიიქცევს და ხელს, რომელშიც სათამაშო აქვს, თვალისკენ წაიღებს. სათამაშოს მოძრაობა და ხმა იწვევს გართობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თვალი-ხელის მოტორული კოორდინაციის განვითარებისთვის. ნელ-ნელა ის ისწავლის, რომ უნდა დაიჭიროს ხელი თვალის წინ და სათამაშო კარგად დაათვალიეროს. სათამაშო გარდა წაგრძელებულ სახელურისა, შეიძლება ოდნავ მომრგვალებული იყოს და თითებით კარგად ჩაეჭიდოს. შეიძლება იყოს ზანზალაკებიანი რბილი ბურთები. ძალიან მნიშვნელოვანია ხმის, ფაქტურის, ფორმისა და ფერის კომბინაცია იყოს წარმატებული.
წითელი, მწვანე, ყვითელი არის ძირითადი ფერები პირველ სათამაშოებში, განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია აქვთ წითელ ფერზე და ადვილად ამჩნევენ. შემდეგ, 6-7 თვიდან შემოდის ისეთი სათამაშოები, როდესაც ბავშვი ჯდება და თვალისა და ხელის კოორდინაცია უკვე დახვეწილია. ამ დროს შეგვიძლია შემოვიტანოთ ე.წ. ფიშერის პირამიდა. ეს არის ნაძვის ფორმის ჩამოსაცმელი სათამაშო, რომელიც კონსტრუქტული სათამაშოების რიგში შედის. კონსტრუქტულია სათამაშო რომელიც აწყობასა და აშენებაზეა ორიენტირებული და მინდა გითხრათ, რომ თამაშის ეს ფორმა დიდხანს მიყვებათ ბავშვებს, მოზრდილ ასაკამდე და ეს შეიძლება დასრულდეს ფაზლისა და წვრილი ”ლეგოს” აწყობით, რაც ასევე კონსტრუქტულია.
ამ ასაკში ბავშვს არ მოეთხოვება რომ აწყობდეს პირამიდას, მთავარია იყოს მცდელობა. შესაძლოა მშობლის აწყობილი პირამიდა ამოაყირავოს და დაშალოს. თავიდან, სანამ აწყობას ისწავლის, ადამიანების უნარები გათვლილია იმაზე, რომ აწყობილი დაშალოს და თუკი ბავშვი აწყობილ ფიშერის პირამიდას შლის, ეს ნორმაა და ყველაფერი კარგადაა.
რა ასაკში უნდა ააწყოს ბავშვმა ფიშერის პირამიდა?
გააჩნია ბავშვის განვითარებას. ერთი წლის ასაკიდან, როდესაც ის ფეხს კარგად იდგამს და აქვს თამაშის პრაქტიკული გამოცდილება. ყველაფერი დამოკიდებულია პრაქტიკაზე და იმაზე, რამდენად ხშირად ეთამაშებიან პატარას. თუ მას ასწავლიან ფიშერის პირამიდის აწყობას და დასაწყისში ეს არის მაქსიმუმ 5-6 რგოლი, შესაძლოა, პატარამ თანმიმდევრობა ვერ განსაზღვროს, მაგრამ მთლიანად შეავსოს ღერძი. მოგვიანებით შეეცდება, რომ ზომებიც გაითვალისწინოს და თუკი 5 რგოლიანი ფიშერი კარგად აითვისა, გადავიდეს უფრო მაღალ ფიშერზე. შეიძლება შემოვიდეს ”კუბიკები”, ალბათ გინახავთ რბილი კუბები, რომლებსაც კარი ეღება და რაღაც უნდა გამოიღო. 1 წლის ასაკში 2-3 კუბის ერთმანეთზე დადება ნორმაა. 2-3 წლის ასაკში იზრდება 5-6 კუბამდე.
როდესაც ფსიქოლოგები ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას ვაფასებთ ხოლმე, სწორედ იმას ვარკვევთ, თუ რამდენი კუბის აწყობა შეუძლია თანმიმდევრულად მას კონკრეტულ ასაკში.
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს კუბის ფორმა და ზომა. კუბი, რომელსაც არ აქვს ჩასასმელი და ადვილად ჯდება ერთმანეთზე, ისე რომ სიზუსტის დაცვა მაინცდამაინც საჭირო არ არის, არის სწორედ ის, რაც მან უნდა შეძლოს. თუ აწყობაში გამოცდილება არ ექნება, ალბათობა იმისა, რომ ამას დამოუკიდებლად გააკეთებს, ნაკლებია. ის უნდა ხედავდეს მშობელს, როგორც მოდელს და უნდა ბაძავდეს მას.
თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია გავახმოვანოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რატომ?
მეტყველება ადამიანის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქციაა და ისევე როგორც მოტორული უნარები, ან სოციალური კომუნიკაციის უნარები ან ემოციური სფერო, თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს. თუ არ ვისმენთ სხვების მეტყველებას, ცხადია, რომ გვიჭირს ამის ათვისება იმიტომ , რომ მეტყველების შესწავლა ხდება სხვისი ნათქვამის მოსმენით და მცდელობით, რომ გავიმეოროთ.
მნიშვნელოვანია რამდენ ენას ვისმენთ ერთდროულად და რამდენად აქტიურია ის ადამიანი, ვინც დიდ დროს ატარებს ბავშვთან და ესაუბრება თუ არა მას ისე, როგორც საჭიროა.
ჩვენს ქვეყანაში ძიძების საგანმანათლებლო სისტემა არ არსებობს და ძიძა შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მინიმალური გამოცდილება აქვს. ძიძების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომლებიც ამ ბოლო წლებში ძირითადი მომვლელები არიან, მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს ცოდნა ბავშვის განვითარების თვალსაზრისით. ძიძას, რომელსაც ალბათ თავისი პრობლემა აქვს, იღლება და მიიჩნევს, რომ ერთი წლის ასაკის ბავშვი მაინც ვერ გაიგებს საუბარს, ურჩევნია იყოს ჩუმად. თუ დაბადებიდანვე არ ვახმოვანებთ იმას, რასაც ვფიქრობთ, არ მოხდება ბგერების ერთმანეთზე გადაბმა და სიტყვის წარმოება. უნდა მოხდეს თითოეული მარცვლის წახალისება. თუ ბავშვი ტიტინებს, უნდა ჩავეხუტოთ, შევაქოთ და მომავალში ტიტინი გარდაიქმნება სიტყვებად.
შეგვიძლია თუ არა ჩვენ თვითონ შევაფერხოთ მეტყველების განვითარება?
რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მიზანმიუმართავად შევაფერხოთ იმიტომ, რომ არ ვიცით, რომ უნდა ვეკონტაქტოთ, არ ვიცით, რომ ბევრ ენაზე მეტყველება არ უნდა მოვასმენინოთ, არ ვიცით, რომ არ უნდა დავსვათ კომპიუტერთან და ტელევიზორთან, არ ვიცით, რომ მათ ზემოდან კი არ უნდა ველაპარაკოთ, არამედ მათ დონეზე უნდა ჩავიდეთ და თვალებში უნდა ვუყუროთ, არ ვიცით, რომ ნებისმიერი ბგერა უნდა წავახალისოთ ღიმილით, ტაშის დაკვრით. ამ ყველაფერმა შეიძლება პირდაპირ გამოიწვიოს მეტყველების განვითარების შეფერხება და საკმაოდ გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომლებსაც აქვთ მეტყველების განვითარების შეფერხება. მიზეზი მხოლოდ ერთია, მათ გარშემო მშობლები არ არიან საკმარისად აქტიურნი, რომ ბავშვმა მეტყველება განივითაროს. როდესაც ბავშვი თამაშობს, ყველა მოქმედება უნდა გავახმოვანოთ, მარტო ხელი რომ მივადოთ ცხვირზე და არ ვუთხრათ, რომ ეს ცხვირია, ვერ ისწავლის ბავშვი სახელდებას.
რა უნდა ისწავლოს ბავშვმა წიგნების დახმარებით, რა ასაკიდან უნდა შემოვიდეს წიგნი ბავშვის ცხოვრებაში ან როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი არ ინტერსდება წიგნებით?
ეჭვი მეპარება, რომ არსებობდეს ბავშვი, რომელსაც წიგნი არ აინტერესებს, მაგრამ არსებობენ მშობლები, რომლებიც შესაბამისად ვერ აინტერესებენ ბავშვს წიგნით. წიგნი დასაწყისში შეიძლება იყოს რბილი ქსოვილის და მასში გამოსახულ ერთ ფიგურას მშობელი ან მომვლელი შეეხოს და თქვას, რომ ეს არის მაგალითად გოგო, ან ბურთი, ან ძაღლი და ა.შ. არის ბანაობის დროს გამოსაყენებელი წიგნი და ამითაც შეგვიძლია გავართოთ. როგორც კი ბავშვი ჯდება აბაზანაში, უკვე შეგვიძლია მას წყლის წიგნი მივცეთ. თავდაპირველად სასურველია სქელფურცლიანი წიგნები, თუკი პატარას მივცემთ თხელფურცლიან წიგნს, ის მას ვერ გადაშლის და დაკარგავს ინტერესს. თუკი წიგნი სქელი ფურცლებისგან შედგება და მისი გადაშლა მარტივია, იმის ალბათობა, რომ კიდევ და კიდევ გამოიყენებს, მაღალია. ორი ასაკისთვის შეგვიძლია დავათხელოთ წიგნის ფურცლები. ასევე, არის წიგნები, რომელშიც სენსორულთან დაკავშირებული აქტივობებია, მაგალითად ძაღლი, რომელსაც შიგნით ბეწვი აქვს, ან გოჭი, რომელსაც აქვს ხაოიანი ზედაპირი და შეხებით შეგრძნებები ადამიანს ავითარებს და უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. რაც უფრო ემატება ბავშვს ასაკი, შეგვიძლია გავახმოვანოთ პატარ-პატარა მოთხრობები. წიგნის სიყვარული ჩვილობიდან იწყება.
როდიდან არის რეკომენდებული ზღაპრის მოყოლა ძილის წინ?
ეს შეიძლება იმის მიხედვით გავაკეთოთ, რამდენად გვისმენს და დაინტერესებულია. 1.5 წლის შემდეგ რიგი ბავშვები უსმენენ ზღაპრებს, თუმცა, უნდა იყოს მოკლე, მარტივი და ნაცნობი სიტყვებით გადმოცემული. ყველაფერი დამოკიდებულია უფროსზე, მათ შორის ბაგა-ბაღის აღმზრდელებზეც. საჭიროა თამაშის ცოდნა, პატარების განვითარების ეტაპების ცოდნა. თუ ისეთივე დონის უფროსი არ დახვდა ბავშვს ბაღში, როგორიც ჰყავს ოჯახში, შეიძლება განვითარება შეფერხდეს.
რა სათამაშო უნდა ჰქონდეს პატარას ერთი წლის შემდეგ და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მან ხატვა და ძერწვა?
ბავშვი ზრდასთან ერთად ინვითარებს მოტორულ უნარებს, როგორც კი ხოხვიდან გადადის სიარულზე და შეუძლია ნივთების კარგად დაჭერა, ეს ნიშნავს, რომ მისი მოტორული უნარები ისე განვითარდა, რომ უნდა შეიცვალოს მისი სათამაშო არეალი. ის ცდება შემოფარგლულ არეალს და გადაადგილდება სახლში. პირველი აქტივობები, რომელიც შეიძლება პატარამ განახორციელოს, შეიძლება იყოს ბურთზე ფეხის დარტყმა და ბურთის ზომა უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკს, რომ ადვილად დაარტყას ფეხი. ორი წლის შემდეგ ბავშვები იყენებენ ისეთ სათამაშოებს, რომლებიც მოძრაობენ, ეს მათთვის ძალიან სახალისო აქტივობაა. პულტიანი მანქანები ხშირად ისეთი კარგი არ არის მოტორული უნარების განვითარებისთვის, როგორც ის ავტომობილები, რომლებიც ბავშვებმა თავად უნდა ამოძრავონ. მნიშვნელოვანია სათამაშო, რომელიც ვიბრირებს, სათამაშო რომელიც ხმას გამოსცემს, ან ფერებს იცვლის. შემოდის ისეთი აქტივობა, როგორიც არის ქვიშაში თამაში, შევუძინოთ ნიჩაბი, ვასწავლოთ მისი გამოყენება, კონტეინერში ქვიშის ჩაყრა-გადმოყრა. 2 წლიდან შეიძლება შემოვიდეს ცომი, პლასტელინი, ან ნივთიერება რომელიც იწელება და იღებს ფორმას. შეიძლება ტყლარწიც, თუმცა მნიშვნელოვანია ხარისხი, რადგან შეიძლება ბავშვმა პირში ჩაიდოს. თუ არ გვაქვს საშუალება, შევიძინოთ ხარისხიანი ტყლარწი ან საძერწი მასალა, შეგვიძლია ცომი მოვამზადოთ და ფერები თავად მივცეთ. საინტერესოა, თიხაზე მუშაობაც. ორი წლიდან ბავშვს უნდა მივცეთ ფანქარი, რომელიც კვალს ადვილად ტოვებს და შედეგის მიღება პატარასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ისეთ ფანქარს მისცემთ, რომლსაც ძლიერად სჭირდება დაჭერა და პატარას არ გამოუვა კვალი დატოვოს, დაკარგავს ინტერესს.
რა ასაკში უნდა ხატავდეს ბავშვი კონკრეტულ ფიგურებს, მაგალითად ბურთს…
სამი წლის ასაკის შემდეგ უკვე შესაძლებელია შეკრას ბურთის წრე. ისინი ამ ასაკში ხატავენ ე.წ. „კარაკულებს”, ტალღის, ან წრის მაგვარ ფიგურებს. მნიშვნელოვანია ხელის საღებავები, შესაძლებელია მივცეთ ფუნჯი და გუაში. ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დაისვრება, იმიტომ რომ კედელს დასვრის და არ მივცემთ საღებავს, ეს არის ის, რითიც ვაფერხებთ ჩვენი შვილების განვითარებას.
რა დრო უნდა გაატაროს მშობელმა ბავშვთან?
პრაგმატულად რომ გამოვთვალოთ ეს დრო და რეცეპტივით გამოვწეროთ, რა დრო სჭირდება ბავშვს ემოციური სიჯანსაღისთვის – შაბათ-კვირას საჭიროა 3-4 საათი და სამუშაო დღებში მინიმუმ ნახევარი საათი, რომლის დროსაც მშობელი შვილთან დროს აქტიურად ატარებს, აქ იგულისხმება მხოლოდ ბავშვთან გატარებული დრო და არა პარალელურად ტელეფონზე საუბარი, ან საჭმლის მომზადება.
აკვიატებული სათამაშოების თემას რომ შევეხოთ, ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულად უყვართ პატარებს, რა არის ამის მიზეზი?
ბავშვს, რომელსაც მხოლოდ ერთი სათამაშოთი უყვარს თამაში, უნდა დავაკვირდეთ რამდენ ხანს გრძელდება და რამდენად ერთგვაროვანია ეს. თუ ბავშვი მხოლოდ მანქანებით თამაშობს 4-5 თვის განმავლობაში და ნებისმიერი სხვა სათამაშო არ შედის მისი ინტერესის სფეროში, უნდა წავიდეთ სპეციალისტთან, რადგან ვიწრო ინტერსები ახასიათებს კონკრეტული ტიპის დარღვევებს. თუკი პატარა ინტერესდება კონკრეტული სათამაშოთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს პრობლემა არ არის, თუ ბავშვი იძინებს რომელიმე კონკრეტული სათამაშოთი, ასევე არ არის პრობლემა, რადგან მათ სჭირდებათ სათამაშოები თავის დასამშვიდებლად.
არსებობს „დამამშვიდებელი სათამაშოები“, რომლებიც იმისთვის არის, რომ ჩვილობიდან დავუდოთ პატარას და მან დაიძინოს. ეს არის ოთხკუთხა „პლუშის“ ნაჭერი, რომელსაც შუაში სათამაშო აქვს. მიიჩნევა, რომ დედის გვერდით დაძინება 4-5 წლის ასაკში ნორმა არ არის და რაიმე ნივთით დაძინების ჩვევა უნდა ჩამოვუყალიბოთ. ეს შეიძლება იყოს დედის რაიმე სამოსი, ან საბნის კიდე და ა.შ.
რა სიხშირით უნდა ვუყიდოთ ბავშვს სათამაშო?
ამ სიხშირის შერჩევაზე ერთმნიშვნელოვნად გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა, თუ ბევრი სათამაშო აქვს ბავშვს, ეს დაბნეულობას იწვევს. ამიტომ მე ვურჩევ მშობლებს, სათამაშოების ნაწილი დამალონ და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვაჩინოთ, რომ სიახლის განცდა ჰქონდეს.
ყოველ ჯერზე სახლში დაბრუნებისას სათამაშო არ სჭირდება, რადგან სათამაშოს მიღება, კონკრეტული პირობების გარეშე, იწვევს იმას, რომ ბავშვი დგას კართან და ელის რა მოუტანეს. სათამაშოს უნდა ჰქონდეს წახალისების ფუნქცია.
სათამაშო, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია – სპინერი. რამ გამოიწვია მისი პოპულარობა?
ცოტა ხნის წინ ტყლარწის ბუმი გვქონდა, ახლა სპინერის ბუმია. ჩვენ გვყავს ოთახის ბავშვები, რომლებსაც სენსორული სტიმულაცია აქვთ მინიმალური. ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა შეეხონ ხეებს, ბალახს, მიწას და ა.შ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ შეხებით აღიქვან სამყარო. როდესაც მსგავსი გამოცდილება არ არის, სახეზეა სენსორული დეფიციტი, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სტიმულები საკმარისი არ გვაქვს, ვეძებთ რაღაცას, რაც ძალიან ჰგავს თვით სტიმულაციას, ანუ მე თვითონ ვპოულობ აქტივობას.
მეცნიერულად არ არის დადასტურებული, მაგრამ არის მოსაზრება, რომ კონკრეტული პრობლემების შემთხვევებში, როგორიც არის ყურადღების დეფიციტი, აუტიზმი ან ჰიპერაქტიურობა, სპინერი იწვევს სენსორული დეფიციტის შევსებას, ადამიანი ატრიალებს და შეუძლია კონცენტრირდეს საგანმანათლებლო აქტივობაზე. თუკი ბავშვს პრობლემა არ აქვს და ბავშვის მიერ სპინერის გამოყენება შემაწუხებელი ხდება და პირიქით, ხელს უშლის კონცენტრირებაში, ბავშვს უნდა ავუხსნათ, სჭირდება თუ არა და როდის უნდა გამოიყენოს.
დაახლოებით იგივეა, რომ უნდა შევზღუდოთ კომპიუტერთან გატარებული დრო. მნიშვნელოვანია სჭირდება თუ არა კონკრეტულ ბავშვს და არ ვთქვათ რომ ან კარგია, ან მავნეა. სპინერი რატომ უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან ცუდი, ამას მე ვერ ვხვდები, ეს არის მარკეტინგული ხერხი და ეს ბუმი აუცილებლად ჩაივლის. ყველა ბავშვს უჭირავს იმიტომ, რომ ბავშვები ბაძავენ ერთამანეთს.
რა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას სხვა ბავშვებთან, სადაც სწავლობენ როგორც კარგ, ასევე ცუდ თვისებებს…
მას შემდეგ რაც ბავშვი მეტყველებას და მოტორიკას კარგად განავითარებს, სხვა სოციუმში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი გაიზრდება, განვითარდება, მას სჭირდება განივითაროს უნარები, სათამაშოების მიცემა, არ მიცემა, რიგის დაკავება და ა.შ. ამას სწავლობს სწორედ სხვა სოციუმში – ეზოსა და საბავშვო ბაღში.
ანიმაციური ფილმების გავლენა ბავშვის განვითარებაზე – ხშირად მშობლები არ ეთანხმებიან ფსიქოლოგების მოსაზრებას, რომ სასურველია ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა, რადგან ბევრ რაიმეს სწორედ ასე სწავლობენ…
ეკრანის როლს ვერ გამოვრიცხავთ, რადგან არსებობს სპეციალური ფილმები, რომლებიც ანგარიშის უნარს, ფერების, ფორმების აღქმას ავითარებენ. ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია ბავშვს ვაყურებინოთ კადრები 5-10 წუთის განმავლობაში მშობლიურ ენაზე, ან სადაც არ არის მეტყველება გამოხატული.
წლის შემდეგ საათობით ბავშვის ეკრანთან დასმა, სადაც არამშობლიურ ენაზე გადის მულტფილმი გაუგებარი სიუჟეტით, არაფრის მომტანია. თუ მათ ესმით არამშობლიურ ენაზე საუბარი, ისინი ითვისებენ და იწყებენ რუსულად და ინგლისურად საუბარს. თუ ბავშვს მშობლიური ენის ლექსიკური მარაგი კარგად არ აქვს განვითარებული, ამან შეიძლება შეაფერხოს განვითარება.
სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საჭიროა გადაცემის შერჩევა, სიმღერა მშობლიურ ენაზე. სამი წლის შემდეგ არსებობს სპეციალური რგოლები, რომლებიც რაოდენობის, ფერების უნარებს ავითარებს და რადგან ქართულად ასეთი რგოლები ცოტაა, სჯობს ჩვენ ვეკონტაქტოთ. თუ 4-5 წლის ასაკში ბავშვის მეტყველება განვითარებულია, შემოიტანეთ რომელი ენაც გსურთ, მაგრამ მხოლოდ თამაშის ფორმით. არ ვფიქრობ, რომ სამი წლის ასაკიდან რამდენიმე ენა უნდა ისწავლოს ბავშვმა. 6-7 წლის ასაკშიც მზად იქნება ბავშვის ტვინი კარგად აითვისოს ენები. თუ ბავშვი ინფორმაციულად გადაიტვირთება პატარა ასაკში, შეიძლება მოხდეს „ტიკების“ გამოწვევა, საწოლის დასველება, შფოთვა და ა.შ.
არაერთი მოსაზრება არსებობს მულტფილმებთან დაკავშირებით, რა განაპირობებს იმას, რომ მაგალითად ”მაშა და დათვი”, ”გოჭი პეპა” ასეთი პოპულარულია…
შეიძლება, მაგრამ ზომიერად. არ მინახავს არსად მტკიცებულებებზე დამყარებული კვლევა, რომ პეპა, ან მაშა აზიანებენ ბავშვის განვითარებას. თუკი 2-3 საათის განმავლობაში ბავშვი უყურებს მაშას, პატარას აქვს უნარი მოახდინოს ქცევების კოპირება, რა თქმა უნდა ის მოიქცევა მაშასავით, ამიტომ შეავსეთ დრო არა მხოლოდ პეპათი და მაშათი. უნდა უყუროთ მულტფილმებს ბავშვებთან ერთად და პასუხი გასცეთ იმ შეკითხვებს, რაც პატარს ამ დროს გაუჩნდება.
fortuna.ge