EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თუ პატარამ დამწვრობა მიიღო »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: lolipop
თარიღი: 2018-01-09 14:53:05
დამწვრობა ბავშვებში ყველაზე ხშირი ტრავმაა. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა დამწვრობა მიიღო? ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს, როგორ გაუწიოს პირველი დახმარება ექსტრემალურ ვითარებაში. თემაზე გვესაუბრება პედიატრი ლალი ქორიძე.
- რა შეიძლება გახდეს დამწვრობის მიზეზი?
- დამწვრობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მაღალი ტემპერატურა - ცეცხლის ალი, ცხელი წყალი, ორთქლი, ცხელი საკვები. ასეთ დამწვრობას თერმულს უწოდებენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის შემთხვევათა უდიდესი წილი - 80% - ცხელი წყლით, საკვებით დამწვრობაზე მოდის, ხოლო მოზარდებში - 65% ცხელი წყლის ალით დამწვრობაზე.
მცირე ასაკის ბავშვებში ცხელი წყლით დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მდუღარე წყალმა, არამედ ნაკლები ტემპერატურის მქონე წყლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამაც. მაგალითად, 50-გრადუსიანი წყალი 7-10-წუთიანი ზემოქმედების შედეგად I-II ხარისხის დამწვრობას იწვევს. ქიმიური საყოფაცხოვრებო დამწვრობა თერმულზე იშვიათია. ის შეიძლება გამოიწვიოს ძმრის ესენციამ, კონცენტრირებულმა გამწმენდმა საშუალებამ, ელექტროელემენტების ტუტე შიგთავსმა
(როდესაც ბავშვი ხელში ათამაშებს დაზიანებულ ელემენტს). საოჯახო ელექტროხელსაწყოების მომრავლებამ ელექტროდამწვრობის გახშირება განაპირობა. მზის სხივების ჭარბი, ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ვითარდება სხივური დამწვრობა. ბავშვის ნაზ კანს იოლად წვავს მზე, ამიტომაც გირჩევთ, ზაფხულში მოარიდეთ ბავშვი 11 სთ-დან 18 საათამდე მზეზე ყოფნას.
- რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას დამწვრობამ ბავშვს?
- დამწვრობა საშიშია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანის დამწვარი უჯრედები ზიანდება და კვდება. დიდი ფართობის მომცველ, მძიმე დამწვრობას თან სდევს ძლიერი ტკივილები და ორგანოების მძიმე დაზიანება. ყოველივე ეს ტრავმას აყენებს ბავშვის ფსიქიკას. შესაძლოა, განვითარდეს დამწვრობითი დაავადება. არცთუ იშვიათად დამწვრობა მძიმე, შეუქცევადი პროცესების მიზეზად იქცევა. ძალიან მძიმე შემთხვევები კი სიკვდილით სრულდება. პრაქტიკულად ყველა ღრმა დამწვრობას თან ახლავს ნაწიბურების წარმოქმნა, რომლებიც ხელს უშლის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ განვითარებას და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.
- დამწვრობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორი დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულს. ასეთ დროს აუცილებელია პირველი დახმარების ცოდნა. როგორ მოვიქცეთ ექსტრემალურ სიტუაციაში?
- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოვაცილოთ დამწვრობის მიზეზი.
პირველი დახმარება თერმული დამწვრობის დროს
რაც უფრო მაღალია დამაზიანებელი ფაქტორის (წყლის, გახურებული ნივთის) ტემპერატურა, მით უფრო ნაკლები დროა საჭირო დაზიანების გამოსავლენად. მაგალითად, თუ წყლის ტემპერატურა 70 გრადუსია, საკმარისია ერთი წამი, რომ ბავშვს III-ა ხარისხის დამწვრობა განუვითარდეს. თუ დაზიანებული უბნები დაფარულია ტანსაცმლით, სწრაფად, მაგრამ ფრთხილად უნდა გახადოთ. თუ დამწვრობა მშრალი სიცხით (ცეცხლის ალით) მოხდა, ტანსაცმელი ცივი წყლით უნდა დაასველოთ და შემდეგ გახადოთ. თუ ტანსაცმელი სხეულს მიეკრო, ხელი არ ახლოთ, რომ კანი უფრო მეტად არ დააზიანოთ. კანის დაზიანებული უბანი უნდა გავაგრილოთ. ამისათვის ის ან ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ (თუ მაგალითად, კიდურია დამწვარი), ან დავადოთ ყინულის პაკეტი. ეს შეამცირებს დაზიანების ხარისხს და შეამსუბუქებს ტკივილს. სითბური ენერგიის ქსოვილთა სიღრმისაკენ გადაცემა რომ შევაჩეროთ, 15-20 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს გაგრილება. ამავე დროს, ეცადეთ არ გადააჭარბოთ - თუ გაგრილება 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი და დაზიანებული უბნის სისხლით მომარაგება უფრო მეტად დაირღვას.
პირველი დახმარება ქიმიური დამწვრობისას
დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვბანოთ ცივი გამდინარე წყლით. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიზეზი გოგირდმჟავაა - ასეთ დროს წყალი უფრო მეტად გააღრმავებს დამწვრობას. თუ ქიმიური ნივთიერება სამოსზე მოხვდა, სასწრაფოდ უნდა გავხადოთ. პირის ღრუს, საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობისას ქიმიური ნივთიერების ნეიტრალიზაცია უკუნაჩვენებია. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სანთლების სახით, უკანა ტანიდან შეყვანით. აუცილებელია სპეციალიზებულ საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანა. თუ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა, ბავშვს გადააყლაპეთ უმი კვერცხის ცილა ან დაალევინეთ ცივი რძე (არა უმეტეს 1 ჭიქისა). ასე მეტ-ნაკლებად დავიცავთ საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსს.
პირველი დახმარება ელექტროდამწვრობისას
ელექტროდამწვრობა დამწვრობის მძიმე ფორმაა. მას თან ახლავს ელექტროტრავმაც. სიმძიმე დამოკიდებულია ელექტროდენის ძაბვასა და სიძლიერეზე, დაზიანებული ადგილის ფართობზე, ორგანიზმში გამავალი დენის მიმართულებაზე. ყველაზე მეტი საფრთხე მაშინ არის, როცა დენი გულის ან თავის ტვინის მიმართულებით გაივლის. პირველი დახმარება დამაზიანებელი ფაქტორის მოშორებას გულისხმობს. ან უნდა გამოვრთოთ დენის წყაროდან, ან ხის ჯოხის საშუალებით მოვაშოროთ ბავშვს. ხელზე აუცილებლად უნდა გვეცვას რეზინის ხელთათმანი ან მჭიდროდ გვქონდეს შემოხვეული მშრალი ქსოვილი. დენის გამორთვამდე შიშველი ხელით შეხება არ შეიძლება. ამის შემდეგ დამწვრობის ადგილას უნდა დავაფაროთ მშრალი სტერილური სახვევები და მაქსიმალურად სწრაფად გადავიყვანოთ სტაციონარში, სასურველია, რეანიმობილით.
პირველი დახმარება სხივური დამწვრობის დროს
საყოფაცხოვრებო პირობებში სხივური დამწვრობის მხოლოდ ერთი სახეობა - მზით დამწვრობა გვხვდება. მზის სხივებით დამწვრობა თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც მიუღია. თუ მოზრდილ ადამიანს მზით დამწვრობა სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს, ბავშვზე იმავეს ვერ ვიტყვით. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდება. დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ გრილ შენობაში ან ჩრდილში, თუ საშუალება გაქვთ, ქსოვილი გადააფარეთ. პირველ საათს რეკომენდებულია 15-20-წუთიანი გრილი შხაპი ან აბაზანა. ეს დააცხრობს ტკივილს და ორგანიზმს უჯრედშორისი სითხის აღდგენაში დაეხმარება. მოგვიანებით შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალების, პანთენოლის შემცველი კრემის, სპრეის ან მალამოს გამოყენება. მზის სხივებით დამწვარი ადგილის შეხორცებას აჩქარებს ბიოგენური სტიმულატორები - ალოეს წვენი და სხვა. თუ დამწვრობა II ხარისხისაა და დაზიანებული ფართობი 18%-ზე მეტია ან სახეზეა ლოკალიზებული, ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ. დამწვრობითი დაავადების პროფილაქტიკისთვის ბავშვს დიდი რაოდენობით უნდა დაალევინოთ სითხე - საბავშვო ჩაი, წვენი, თუ ტემპერატურამ მაინც აიწია, რეკომენდებულია სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება.
- უმეტეს შემთხვევაში დამწვრობის მიღებისას სახლის პირობებში სხვადასხვა შინაური მალამოთი მკურნალობენ. მაგრამ შესაძლებელია ამან პროცესის გართულება გამოიწვიოს. რა შემთხვევებში არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია?
- არსებობს ჰოსპიტალიზაციისთვის აუცილებელი ჩვენებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაყოვნება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის ორგანიზმს. ასეთია I ხარისხის დამწვრობა 5%-ზე მეტი ფართობით; 3%-ზე მეტი ფართობის მომცველი IIIა ხარისხის დამწვრობა; ნებისმიერი სახეობის IIIბ და IV ხარისხის დამწვრობა; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილების - სახის, სახსრების ზედაპირის, მტევნების, ტერფების, შორისის მიდამოს - ყოველგვარი დამწვრობა; სასუნთქი გზების ნებისმიერი სახის დამწვრობა ან მდგომარეობა, როცა მათ დამწვრობას ვეჭვობთ.
- ასევე აქტუალური საკითხია ზაფხულში ჩვილებში საფენების არასწორად გამოყენება, რის გამოც შესაძლებელია განვითარდეს გამოყელვა. როგორ დავიცვათ პატარა ასეთი დისკომფორტისაგან?
- გამოყელვა დამწვრობა არ არის, მაგრამ იგი არანაკლებ ტკივილსა და ზიანს აყენებს ბავშვის ნაზ კანს. სიცხეში თუ პატარა დიდხანს დარჩა გამოსაცვლელი საფენით, ეს იწვევს კანის დაზიანებას, რაც გარეგნულად ძალიან ადვილი შესამჩნევია: კანი გაწითლებულია ბუნებრივი ნაკეცების მიდამოში. თუ დროულად არ ხდება კანის დამუშავება, ირღვევა მისი მთლიანობა, ჩნდება ნახეთქები, საიდანაც გადმოედინება გამჭვირვალე - მოყვითალო სითხე, სისხლი. ინფექციის შეჭრის და შემდგომი არასასიამოვნო გართულებების საშიშროებაც არის. ამ მდგომარეობას ადვილად ააცილებთ პატარას, თუ დროულად გამოუცვლით დაბინძურებულ საფენს, შემდეგ თბილი ან ოთახის ტემპერატურის წყლით დაბანთ, გაამშრალებთ რბილი პირსახოცით, ცოტა ხნით დატოვებთ ჰაერზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააცვამთ ახალ, სუფთა საფენს. არ არის რეკომენდებული სველი ხელსახოცების ხშირი ხმარება, იგი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი - თუ მგზავრობისას, სეირნობისას ან სტუმრად ყოფნისას მოგიწიათ საფენის გამოცვლა და წყლით ჩაბანის საშუალება არ არის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დაბანის შემდეგ კანი კარგად უნდა იყოს გამშრალებული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წაუსვათ სხვადასხვაგვარი საცხი, ზეთი თუ ტალკი. უკვე დაზიანებულ, გამოყელილ კანს კი ისევ და ისევ ჰიგიენური დამუშავებით უშველით. მსუბუქი გამოყელვის დროს კანი დაამუშავეთ გვირილისა და ორკბილას სპირტიანი ხსნარით, საბავშვო ვიტამინის შემცველი ზეთით. საშუალო სიმძიმის დაზიანებისას ბავშვი რამდენიმე ხნით საფენის გარეშე დატოვეთ - ამ დროს ძალიან კარგია ჰაერის აბაზანები, ხოლო დაზიანებული ადგილები ბრილიანტის მწვანით დაამუშავეთ. უფრო მძიმე გამოყელვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს. ჩვილის ნაზ კანს სათუთი მოვლა სჭირდება, ყოველდღიური ჰიგიენური დამუშავება და დაბანა აგაცილებთ მსგავს პრობლემებს. დაბოლოს, კიდევ ერთხელ გირჩევთ: განურჩევლად დამწვრობის სახეობისა, ხარისხისა და სიმძიმისა, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მას, მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს.
mkurnali.ge