EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ღმერთები და ქალღმერთები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2018-02-05 14:08:24

ღმერთები და ქალღმერთები

ღმერთები და ქალღმერთები

ღვთაებები, რომლებსაც ხალხები ეთაყვანებოდნენ და ეთაყვანებიან, იმ არასრულყოფილი ადამიანების მიერ არიან შექმნილი, რომლებსაც „დაუჩლუნგდათ გონება“ და „უხრწნელი ღვთის დიდება ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის გამოსახულებად აქციეს“ (რმ. 1:21—23). ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს ღვთაებები თავიანთ არასრულყოფილ თაყვანისმცემლებს ჰგვანან და მათნაირი ნაკლოვანებები აქვთ. კერპებისა და ცრუღმერთების აღსანიშნავად გამოყენებული ერთ-ერთი ებრაული სიტყვა არაფრის მაქნისსა და უსარგებლოს ნიშნავს (ლვ. 19:4; ეს. 2:20).
 
ბიბლია სატანა ეშმაკს „ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს (2კრ. 4:4). ქვეყნიერების ღმერთი რომ სატანაა, იმავე მუხლიდან ჩანს, სადაც ნათქვამია, რომ ის გონებას უბრმავებს ურწმუნოებს. გამოცხადების 12:9-ის მიხედვით მას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. სატანამ თაყვანისცემის სანაცვლოდ იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“ შესთავაზა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთელი ქვეყნიერება, მათ შორის ხელისუფლებები, მის ხელშია (მთ. 4:8, 9).
 
ადამიანები, რომლებიც კერპებს განადიდებენ და ეთაყვანებიან, ფაქტობრივად, დემონთა მსახურები გამოდიან და არა ღვთისა (1კრ. 10:20; ფს. 106:36, 37). იეჰოვა ღმერთი განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს. ვინც კერპებს ემსახურება, ჭეშმარიტ ღმერთს უარყოფს და იეჰოვას მთავარი მოწინააღმდეგის, სატანისა და მისი დემონების ინტერესებს ემსახურება.
 
ბიბლიაში ძველი ხალხების მრავალი ღმერთი თუ ქალღმერთი მოიხსენიება, თუმცა მათი ზუსტი ვინაობის დადგენა ყოველთვის არ ხერხდება.
 
ღვთაებების წარმოშობა. ძველი ხალხების ღვთაებებს შორის მსგავსება იმდენად თვალსაჩინოა, რომ შეუძლებელია ეს უბრალო შემთხვევითობას მიეწეროს. ჯ. გარნიე წერს: „ეგვიპტელების, ქალდეველების, ფინიკიელების, ბერძნებისა თუ რომაელების, თვით ინდუსების, ჩინელი და ტიბეტელი ბუდისტების, გუთების, ანგლოსაქსების, დრუიდების, მექსიკელების, პერუელების, ავსტრალიელი აბორიგენებისა და სამხრეთის ზღვის კუნძულების ველური ტომების რელიგიური წარმოდგენები საერთო წყაროდან და კერიდან იღებს სათავეს. ჩვენ გასაოცარ მსგავსებას ვხვდებით მათ რიტუალებში, ცერემონიებში, ჩვეულებებსა თუ ტრადიციებში, აგრეთვე ღმერთებისა და ქალღმერთების სახელებსა და მათ შორის არსებულ კავშირში“ (The Worship of the Dead, ლონდონი, 1904, გვ. 3).
 
ბიბლიური ცნობით ცრუ რელიგიურ წარმოდგენებს დასაბამი წარღვნის შემდეგ შინარის მხარეში მიეცა. ფაქტია, იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერი მონადირის, ნიმროდის, ინიციატივით დაიწყო ქალაქ ბაბელისა და მისი კოშკის, სავარაუდოდ, ზიკურათის მშენებლობა. მშენებლობა მიზნად ისახავდა არა იეჰოვა ღმერთის განდიდებას, არამედ მშენებლებისთვის სახელის განთქმას. გარდა ამისა, ეს წამოწყება აშკარად ეწინააღმდეგებოდა ღვთის განზრახვას, რომლის თანახმად კაცობრიობა მთელ დედამიწაზე უნდა დასახლებულიყო. ენების არევ-დარევით ყოვლისშემძლემ ჩაფუშა მშენებლების გეგმები. მათ ერთმანეთის აღარ ესმოდათ, ამიტომ თანდათანობით მიატოვეს ქალაქის მშენებლობა და მიმოიფანტნენ (დბ. 10:8—10; 11:2—9). ნიმროდი, როგორც ჩანს, ბაბილონში დარჩა, თავისი სამფლობელო გააფართოვა და პირველი ბაბილონური იმპერია დააარსა (დბ. 10:11, 12).
 
გაფანტულებმა თან გაიყოლეს თავიანთი რელიგიური შეხედულებები. ამგვარად, მათ განაგრძეს ცრუ ღმერთების თაყვანისცემა, ოღონდ ახალი სახელებით, ახალ ენაზე და ახალ ტერიტორიებზე. ხალხი ფელეგის დროს გაიფანტა, რომელიც წარღვნიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ დაიბადა და 239 წლისა მოკვდა. ნოემ და მისმა ვაჟმა, სემმა, ფელეგზე მეტხანს იცოცხლეს. აქედან გამომდინარე, ხალხი გაიფანტა მაშინ, როცა ძველი ამბები, მათ შორის წარღვნის ისტორია, ყველასთვის ცნობილი იყო (დბ. 9:28; 10:25; 11:10—19). ეს ამბავი უეჭველად დაილექებოდა გაფანტულ ხალხთა მეხსიერებაში. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ბიბლიურმა ისტორიებმა გამოძახილი პოვა ძველ ხალხთა მითოლოგიაში, თუმცაღა დამახინჯებული და პოლითეისტური ფორმით. ლეგენდები ზოგ ღმერთს გველის მკვლელად წარმოგვიდგენს. ძველ ხალხებს ისეთი ღმერთიც ჰყავდათ, რომელიც კაცთა საკეთილდღეოდ ძალადობრივ სიკვდილს ეზიარა დედამიწაზე და შემდეგ მკვდრეთით აღდგა. სავარაუდოდ ეს იყო გაღმერთებული ადამიანი, რომელსაც შეცდომით აღთქმულ შთამომავლად მიიჩნევდნენ (შდრ. დბ. 3:15). მითები მოგვითხრობენ ღმერთებსა და მიწიერ ქალებს შორის სასიყვარულო კავშირებზე და მათი ჰიბრიდული შთამომავლების საგმირო საქმეებზე (შდრ. დბ. 6:1, 2, 4; იუდ. 6). არ არსებობს დედამიწის ზურგზე ერი, წარღვნის შესახებ ლეგენდა რომ არ ჰქონდეს; კოშკის მშენებლობის ისტორიაც მსოფლიო ხალხთა ლეგენდებშია შემონახული.
 
ბაბილონელთა ღვთაებები. ნიმროდს, როგორც ქალაქის დაამარსებელს, პირველ ხელმწიფესა და პირველი ბაბილონური იმპერიის შემქმნელს, სიკვდილის შემდეგ ბაბილონელები უდავოდ დიდ პატივს მიაგებდნენ. გადმოცემის თანახმად ნიმროდი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარდუქს (მეროდაქი) ბაბილონის ფუძემდებლად მიიჩნევდნენ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი გაღმერთებული ნიმროდი უნდა ყოფილიყო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა აზრი საკმაოდ განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ადამიანი რომელ ღვთაებასთან არის გაიგივებული.
 
დროთა განმავლობაში პირველი ბაბილონური იმპერიის ღმერთების რიცხვიც მომრავლდა. მათი პანთეონი ღმერთების რამდენიმე ტრიადისგან შედგებოდა. ერთ-ერთ ტრიადაში შედიოდა ანუ (ცის ღმერთი), ენლილი (მიწის, ჰაერისა და ქარიშხლის ღმერთი) და ეა (წყალთა მეუფე). კიდევ ერთ ტრიადას ქმნიდა მთვარის ღმერთი სინი, მზის ღმერთი შამაში და ნაყოფიერების ქალღმერთი იშთარი, თამუზის ცოლი და საყვარელი . ბაბილონელებს ჰყავდათ დემონთა ტრიადებიც, მაგალითად: ლაბართუს, ლაბასუსა და ახაზუს ტრიადა. გავრცელებული იყო ციურ სხეულთა თაყვანისცემაც. სხვადასხვა პლანეტა სხვადასხვა ღმერთთან ასოცირდებოდა. პლანეტა იუპიტერი გაიგივებული ჰყავდათ ბაბილონის ღვთაება მარდუქთან, ვენერა — ნაყოფიერებისა და სიყვარულის ქალღმერთ იშთართან, სატურნი — ომის, ნადირობისა და მიწათმოქმედთა მფარველ ღვთაება ნინურთასთან, მერკური — სიბრძნისა და მიწათმოქმედების ღმერთ ნებოსთან, მარსი — ომის, ჭირისა და ქვესკნელის მბრძანებელ ნერგალთან.
 
ძველი ბაბილონის ქალაქებს თავ-თავიანთი მფარველი ღვთაებები ჰყავდათ, რომლებიც რაღაცით თანამედროვე „მფარველ წმინდანებს“ მოგვაგონებენ. ურს სინი მფარველობდა, ერიდუს — ეა, ნიფურს — ენლილი, ქუთას — ნერგალი, ბორსიპას — ნებო, ხოლო ბაბილონს — მარდუქი (მეროდაქი). მას შემდეგ, რაც ხამურაბიმ ბაბილონის სამეფოს დედაქალაქად ბაბილონი აქცია, მარდუქის, როგორც ქალაქის მთავარი ღვთაების, ავტორიტეტი გაიზარდა. თანდათანობით მარდუქს სხვა ღმერთების ნიშან-თვისებები მიაწერეს, რის შედეგადაც მან ბაბილონურ მითოსში ამ ღვთაებების ადგილი დაიკავა. მოგვიანებით „მარდუქი“ შეიცვალა სახელით „ბელი“ (ბატონი, მეუფე). ასე რომ, ის უკვე ბელის სახელით გახდა ცნობილი. მის ცოლს ბელითი (ქალბატონი) ეწოდებოდა (იხ. ბელი; ნებო №4).
 
ძველბაბილონურ ტექსტებში აღწერილი ღმერთები და ქალღმერთები ცოდვილ და მოკვდავ ადამიანებს განასახიერებდნენ. ისინი იბადებოდნენ, მათ უყვარდებოდათ, ჰყავდათ ოჯახები, იბრძოდნენ და კვდებოდნენ კიდეც, როგორც თამუზი. წარღვნით შეშინებულ ღვთაებებზე ნათქვამია, რომ „ძაღლებივით იყვნენ ჩაცუცქული“. ისინი წარმოდგენილი ჰყავდათ ხარბ, ხშირ შემთხვევაში, ღორმუცელა და ლოთ არსებებად; საკმაოდ მრისხანენი, შურისმაძიებლები, ეჭვიანები იყვნენ და ერთმანეთი სძულდათ. მაგალითად, ტიამატს, რომელმაც სხვა ღმერთების განადგურება მოიწადინა, მარდუქმა სძლია, ორად გაჭრა და მისი ერთი ნაწილი ცად აქცია, მეორე კი — მიწად. ქვესკნელის ქალღმერთ ერეშქიგალის მითითებით ჭირის ღვთაება ნამთარმა მისი და იშთარი დაატყვევა და 60 ვაება მოუვლინა (იხ. ნერგალი).
 
ზემოთ განხილული წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა გარემოს დატოვება მოუწია აბრაამს ქალდეველთა ქალაქ ურში, სადაც ბაბილონური კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა. საუკუნეების შემდეგ სწორედ ბაბილონში, ქანდაკებებისა და „ნეხვიანი კერპების“ ქვეყანაში, წაასხეს ტყვედ ათასობით ებრაელი (იერ. 50:1, 2, 38; 2მფ. თ. 25).
 
ასურელთა ღვთაებები. ასურელთა ღვთაებები, საზოგადოდ, ბაბილონელთა ღვთაებების იდენტურია. აღსანიშნავია, რომ აშური იყო მთავარი ღვთაება, რომელიც მხოლოდ ასურულ პანთეონს ჰყავდა. ვინაიდან ასურეთის სახელწოდება აშურიდან მომდინარეობს, სავარაუდოდ, ეს ღვთაება იყო კერპთაყვანისმცემლების მიერ გაღმერთებული სემის ვაჟი აშური (დბ. 10:21, 22).
 
ბაბილონელთა მარდუქისგან განსხვავებით, რომელსაც ასურელებიც სცემდნენ თაყვანს და რომლის საკულტო ცენტრი ყოველთვის ქალაქი ბაბილონი იყო, აშურის საკულტო ცენტრი ასურეთის მეფეების სატახტო ქალაქის მიხედვით იცვლებოდა. აშურს სამლოცველოებს ასურეთის სხვადასხვა ნაწილში უგებდნენ. მისი მთავარი სიმბოლო სამხედრო ბაირაღი იყო, რომელსაც ბრძოლებში დაატარებდნენ. აშური გამოისახებოდა წვეროსანი კაცის სახით ფრთიან დისკოში, ზოგჯერ კი — მშვილდმომარჯვებული კაცის სახით. გარდა ამისა, აშური წარმოდგენილი იყო ტრიადაში — დისკოში გამოსახულ ცენტრალურ ფიგურას ფრთებზე აქეთ-იქიდან ორი ადამიანის თავი ედგა (იხ. სურათი, ტ. 2, გვ. 529; ასურეთი; ნისროქი).
 
სწორედ ასურელთა ხელში აღმოჩნდა ძვ. წ. 740 წელს, სამარიის დაცემის შემდეგ, ისრაელის ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფო (2მფ. 17:1—6). მოგვიანებით წინასწარმეტყველმა ნაუმმა ასურეთის დედაქალაქ ნინევესა და მის ღმერთებს განადგურება უწინასწარმეტყველა, რაც ძვ. წ. 632 წელს შესრულდა (ნამ. 1:1, 14).
 
ეგვიპტელთა ღვთაებები. ეგვიპტელთა სათაყვანო ღვთაებები აშკარად ბაბილონური მითოლოგიის გადმონაშთია. მათ ჰყავდათ არათუ ღვთაებათა ტრიადები, არამედ სამმაგი ტრიადები. ერთ-ერთი ცნობილი ტრიადა იყო ოსირისი, მისი ცოლი ისიდა და მათი ვაჟი ჰოროსი (სურათი, ტ. 2, გვ. 529).
 
ეგვიპტელთა შორის ყველაზე გავრცელებული ოსირისის კულტი იყო. ის მიჩნეული ჰყავდათ მიწის ღვთაება გებისა და ცის ქალღმერთ ნუტის ძედ. ის იყო ისიდას ქმარი და ეგვიპტის მბრძანებელი. მითების მიხედვით ოსირისი მოკლა თავისმა ძმა სეთმა, მაგრამ ის აღდგა და მიცვალებულთა მეფე და მსაჯული გახდა. თუ ოსირისისა და ისიდას სახასიათო ნიშნებს და მათ შორის არსებულ კავშირს გავითვალისწინებთ, აშკარად დავინახავთ მსგავსებას ბაბილონურ თამუზთან და იშთართან. ამიტომ მრავალი მეცნიერი მათ იდენტურებად მიიჩნევს.
 
ეგვიპტეში აგრეთვე გავრცელებული იყო ყრმისა და დედის კულტი. ისიდა ხშირად გამოსახული ჰყავდათ კალთაში მჯდომ ჩვილ ჰოროსთან ერთად. მისი გამოსახულება საოცრად ჰგავს ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულებას, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში ბევრი უმეცრების გამო ეთაყვანება (სურათი, ტ. 2, გვ. 529). რაც შეეხება ჰოროსის მითებს, აშკარად საქმე გვაქვს ედემში დადებული აღთქმის დამახინჯებულ ვერსიასთან. ამ აღთქმის თანახმად შთამომავალს გველისთვის თავი უნდა გაეჭეჭყა (დბ. 3:15). ზოგჯერ ჰოროსი გამოსახულია, როგორც ნიანგებზე მდგომი და გველებისა და მორიელების მსრესელი. ერთ-ერთი მითის თანახმად, როცა ჰოროსმა მამამისის, ოსირისის მკვლელობისთვის სეთზე შურისძიება მოინდომა, გველად გარდაისახა.
 
ეგვიპტურ ქანდაკებებსა და მოხატულობაში ხშირად გვხვდება წმინდა სიმბოლო, ეგვიპტური ჯვარი, იგივე ანხი (კრუქს ანსატა). ეს ე. წ. სიცოცხლის სიმბოლო T-ს ფორმისა იყო და თავზე მარყუჟი ჰქონდა. იგი სავარაუდოდ ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების კომბინაციას წარმოადგენდა. ეგვიპტელთა ღმერთებს ხშირად გამოსახავდნენ ანხით ხელში (სურათი, ტ. 2, გვ. 530).
 
ეგვიპტელები ცხოველებსაც აღმერთებდნენ. მათთვის წმინდა იყო ხარი, კატა, ძროხა, ნიანგი, შავარდენი, ბაყაყი, ბეჰემოთი, იბისი, ტურა, ლომი, ვერძი, სკარაბეუსი, მორიელი, გველი, სვავი და მგელი. თუმცა ის, რაც ეგვიპტის ერთ მხარეში წმინდად იყო შერაცხული, სხვა მხარეში წმინდად არ ითვლებოდა, რაც ზოგჯერ სამოქალაქო ომის მიზეზი ხდებოდა. გარდა იმისა, რომ ზოგიერთ ცხოველს წმინდად თვლიდნენ, მათ განსხეულებულ ღვთაებებადაც მიიჩნევდნენ. მაგალითად, აპისი, ღვთაებრივი ხარი, ოსირისის გასულდგმულებული ხატება და ღვთაება პტაჰის ცოცხალი სახე იყო.
 
ჰეროდოტეს (II, 65—67) თანახმად, თუ ვინმე განზრახ მოკლავდა წმინდა ცხოველს, სიკვდილით ისჯებოდა, მაგრამ, თუ უნებლიეთ შემოაკვდებოდა, ქურუმების მიერ დაწესებული ჯარიმა უნდა გადაეხადა. თუმცა, თუ ვინმე იბისს ან შავარდენს მოკლავდა, გინდ განზრახ, გინდ უნებლიეთ, სიკვდილით ისჯებოდა, უმრავლეს შემთხვევაში განრისხებული ბრბოს მიერ. თუ ვინმეს სახლში თავისი სიკვდილით მოკვდებოდა კატა, ოჯახის ყველა წევრი წარბებს იპარსავდა, ხოლო თუ ძაღლი მოკვდებოდა — მთელ სხეულს. წმინდა ცხოველებს მუმიფიცირებას უკეთებდნენ და მდიდრულად მარხავდნენ. მუმიფიცირებულ ცხოველთაგან აღმოჩენილია ხარი, კატა, ნიანგი, შავარდენი და სხვ.
 
მითოლოგია ეგვიპტურ ღვთაებებს ადამიანური სისუსტეებითა და ნაკლოვანებებით წარმოგვისახავს. ისინი განიცდიდნენ ტანჯვასა და შიშს და ხშირად საფრთხეში ცვიოდნენ. მაგალითად, ოსირისი მოკლეს; ჰოროსს ბავშვობაში თავისა და მუცლის ტკივილი და დიზენტერია აწუხებდა. ის მორიელის ნაკბენით მოკვდა და შემდეგ გაცოცხლდა. მიაჩნდათ, რომ ქალღმერთ ისიდას მკერდი ჰქონდა დაჩირქებული. მზის ღმერთი რა ასაკთან ერთად ისე დაუძლურდა, რომ პირიდან დორბლი სდიოდა. ის ისიდას შექმნილმა ჯადოსნურმა გველმა დაგესლა და რომ არა ისიდას შელოცვა, სიცოცხლეს გამოესალმებოდა. სახმეტი, მზის გამანადგურებელი ძალის სისხლმოწყურებული ქალღმერთი, ისე გაერთო ადამიანთა ხოცვა-ჟლეტით, რომ რას შეეშინდა, კაცთა მოდგმა არ გაეწყვიტა. კაცობრიობა გადაშენებისგან რომ ეხსნა, რამ 7 000 დოქი ლუდისა და ბროწეულის წვენის ნარევი დაღვარა ბრძოლის ველზე. სახმეტს ადამიანის სისხლი ეგონა და დაეწაფა, სანამ არ დათვრა და ხალხის ხოცვას თავი არ ანება. ნეფთისმა თავისი ძმა და თავისი დის, ისიდას ქმარი, დაათრო და მასთან დაწვა. მზის ღმერთი ატუმი და ჰოროსი მასტურბაციას ეწეოდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ფარაონმა იოსები ეგვიპტეში მეორე კაცად დანიშნა, ის ეგვიპტის ცრუღმერთთა ყველა თაყვანისმცემელზე ამაღლდა (დბ. 41:37—44).