EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Al Jazeera-ს ჟურნალისტი სააკაშვილს - თუ ასეთი უდანაშაულო ხართ, რატომ არ ბრუნდებით საქართველოში »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: Juloboy
თარიღი: 2018-02-11 16:06:46
უკრაინელებს არ უნდათ ჩემი დაპატიმრება, მათ ჩემი არა გასამართლება, არამედ გაძევება, თავიდან მოშორება უნდათ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Al Jazeera-ს ჟურნალისტის მეჰდი ჰასანის გადაცემაში – UpFront სტუმრობისას განაცხადა. გადაცემის წამყვანი სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული სასამართლო დავებით დაინტერესდა. ჰასანმა სააკაშვილს ჰკითხა, თუკი უდანაშაულოა, რატომ არ ბრუნდება საქართველოში. ჟურნალისტის მოსაზრებით, ჩანს, თითქოს სააკაშვილის ერთადერთი გზა ციხეში მიდის, იმის მიუხედავად, რამდენად მწვავეა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
წამყვანი: თქვენ საქართველოს პრეზიდენტად ორჯერ აგირჩიეს და ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდით. ახლა კი საქართველოს მიერ ძებნილი ხართ. თქვენ პრეზიდენტობიდან გადახვეწილ პირად იქეცით. როგორი გრძნობაა?
სააკაშვილი: პრეზიდენტობის ვადა საკმაოდ კარგი შედეგებით დავასრულე. საქართველო იყო ყველაზე წარმატებული რეფორმების მაგალითი მსოფლიოს ამ რეგიონში. შემდეგ რეგიონში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ცვლილების შედეგად ახალი მთავრობა მოვიდა, რომელმაც მთავარ მიზნად სააკაშვილის დაკავება დაასახელა და საბოლოოდ, მათ განაჩენი გამომიტანეს პატიმრების შეწყალების უფლების გამოყენებისთვის. ეს თანამედროვე სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ არა დანაშაულისთვის, კორუფციისთვის ან სხვა დარღვევისთვის, არამედ შეწყალების უფლების გამოყენებისთვის.
წამყვანი: საქართველოში 11 წლამდე პატიმრობა მრავალი ბრალდების საფუძველზე გემუქრებათ, რომელიც თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება, მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების. უკვე მოგისაჯეს დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. მიმდინარე კვირას უკრაინის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა საქართველოში ექსტრადირებისგან დაცვის შესახებ თქვენს მოთხოვნაზე. ჩანს, თითქოს ერთადერთი გზა ციხეში მიდის იმის მიუხედავად, რამდენად მწვავეა თქვენ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
სააკაშვილი: საქართველოს მთავრობის განცხადებების მიუხედავად, მათ ძალიან ეშინიათ ჩემი ექსტრადირების საქართველოში, რადგან იქ ძალიან პოპულარული ვარ. მე თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ვარ და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მაქვს.
წამყვანი: თქვენ უკან უკრაინის დროშაა. რამ გაიძულათ, ერთი ქვეყნის – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს წასულიყავით სხვა ქვეყანაში – უკრაინაში და იქ პრემიერ-მინისტრობა გეცადათ? ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს საკმაოდ არაპატრიოტულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.
სააკაშვილი: უპირველესად, ამის არაერთი ისტორიული პრეცედენტი არსებობს, იყო ასეთი დიდი ისტორიული ფიგურა სიმონ ბოლივარი. თუმცა, მეორე მხრივ, თუ უკრაინა დაეცემა, გატყდება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაზე, საქართველო, რომელიც გაცილებით პატარაა, შესაძლოა, რუკიდან საერთოდ გაქრეს. ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი მოტივაციაა.
ამასთან, ჩემი ზრდასრული ცხოვრების 14 წელი გატარებული მქონდა უკრაინაში. უკრაინის ორი რევოლუციის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ პირველი მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი. უკრაინასთან ძლიერი კავშირები მაქვს.
წამყვანი: თქვენ ამბობთ, რომ უკრაინასთან ძლიერი კავშირები გაქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელები მხარს არ გიჭერენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელების 75%-ი, ამ ქვეყანაში ყოველი ოთხი ადამიანიდან სამი თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობილია. რატომ არ დაუთმობთ გზას, რომ უფრო პოპულარულმა კანდიდატმა იბრძოლოს უკრაინის პრემიერობისთვის? თქვენ არ ხართ იქ პოპულარული.
მიხეილ სააკაშვილი - არასდროს ვყოფილვარ მდიდარი, ახლა იმაზე ღარიბიც ვარ, ვიდრე პრეზიდენტობამდე ვიყავი
მსგავსი: მიხეილ სააკაშვილი - არასდროს ვყოფილვარ მდიდარი, ახლა იმაზე...
სააკაშვილი: იგივე კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი კიდევ უფრო არაპოპულარულია. თუ კვლევის შედეგებს შევხედავთ, ყველა უკრაინელ პოლიტიკოსს ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით.
წამყვანი: გასული წლის ბოლოს თქვენი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ ერთი პროცენტი იყო – ერთი პროცენტი!
სააკაშვილი: ერთსა და 7-8 პროცენტს შორის, ეს დამოკიდებული კვლევაზე. პრეზიდენტის პარტიის შედეგები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება. პრობლემა ის არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს ცვლილება და განახლება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. მე მოდერნიზებული, დემოკრატიული, ევროპული, კორუფციისგან თავისუფალი და ოლიგარქებისგან თავისუფალი ეკონომიკის მქონე უკრაინის იდეას ვუჭერ მხარს.
წამყვანი: თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ საქართველოში თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული და გაყალბებულია. თქვენ სისხლის სამართლის ბრალდებები გემუქრებათ უკრაინაშიც. ამ ინტერვიუს ჩასაწერად სტუდიაში უნდა მოსულიყავით, თუმცა, ვფიქრობ, იმდენად ღელავდით, რომ შესაძლოა, დაეპატიმრებინეთ, რომ ამ ინტერვიუს ჩაწერამ „სკაიპით“ მოგვიწია. თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას ის, რომ სადაც არ უნდა მიდიოდეთ, იქნება ეს საქართველო, თუ უკრაინა, დანაშაულებში გდებენ ბრალს?
სააკაშვილი: უკრაინელებს არ უნდათ ჩემი დაპატიმრება. მე მათ არაერთხელ ვუთხარი, თუ ჩემი გასამართლება გინდათ, გამასამართლეთ, რადგან ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს. მაგრამ არა, მათ ჩემი არა გასამართლება, არამედ გაძევება, თავიდან მოშორება უნდათ. ეს სულ სხვა თამაშია. მიზეზი, რატომაც უნდათ ჩემი თავიდან მოცილება, არის ის, რომ მათ ჩემ წინააღმდეგ რეალური საქმე არ აქვთ, რადგან მე გზა გადავუჭერი ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანას ძარცვავდნენ. პოტენციურად, ეს არის ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა თავისი რესურსებით, თუმცა ახლა ის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რადგან მთელი მისი სიმდიდრე შვიდი ოლიგარქის ხელშია. ეს ოლიგარქები ჩემში მთავარ მტერს ხედავენ.
წამყვანი: თქვენ საკუთარ თავს ოლიგარქების მტერს უწოდებთ. უკრაინის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის მმართველის თანამდებობა 18 თვის შემდეგ, 2016 წელს დატოვეთ ისე, რომ კორუფციის დონე არ შემცირებულა და ამავე დროს, საქართველოში თქვენ წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალი თქვენ მიერ სახელმწიფო ფონდების მასობრივ გაფლანგვას ეხება.
სააკაშვილი: მათ არ უპოვიათ ჩემი არც ერთი პირადი ანგარიში, არანაირი პირადი ქონება, რაც ძალიან იშვიათია რეგიონში, სადაც ყველა იპარავს. ჩვენ ვიყავით ერთადერთი მაგალითი, როდესაც პრეზიდენტმა იგივე ქონებით დატოვა თანამდებობა, რა ქონებასაც მის დაკავებისას ფლობდა. არასდროს ვყოფილვარ მდიდარი და არც ახლა ვარ. ახლა იმაზე ღარიბიც ვარ, ვიდრე პრეზიდენტობამდე ვიყავი.
წამყვანი: თუ თქვენ ასეთი უდანაშაულო ხართ, რატომ არ ბრუნდებით საქართველოში და არ ამტკიცებთ ამას სასამართლოში, თქვენს საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში მართავდით?
სააკაშვილი: რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობა გამოიყენება არამიზნობრივად…
წამყვანი: როდესაც თქვენ იყავით პრეზიდენტი, ცხრა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაკრიტიკებდათ ამ სასამართლო სისტემის გამო. თქვენ იქ ასობით ადამიანი გამოკეტეთ და მაშინ ამ ქართულ სასამართლო სისტემასთან პრობლემა არ გქონიათ. ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით იქ საკუთარი თავდაცის მინისტრი დააპატიმრეთ.
სააკაშვილი: ევროპული სასამართლო არასდროს უჭერდა მხარს ამ საქმეს და ის მაშინ მთავრობას უჭერდა მხარს. დიახ, ამაყი ვარ, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ საკუთარი მთავრობის კორუმპირებული მაღალჩინოსანი. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანა იყო აბსოლუტურად კორუმპირებული, ეს იყო არარსებული სახელმწიფო. ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულებისას, ბიუჯეტი იყო 11-ჯერ გაზრდილი, ხოლო ეკონომიკა ოთხჯერ. საქართველო ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებდა. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-16 ადგილზეა…
წამყვანი: თუმცა მე თქვენ სასამართლო სისტემაზე გეკითხებით…
სააკაშვილი: ყველაფერი ეხება გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას. ფაქტია, ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და ახლა მას აკონტროლებს ოლიგარქი, რუსული „გაზპრომის“ აქციონერი, რომელსაც მკაფიო მიზანი აქვს – ჩემი დაპატიმრება. მას აქვს მკაფიო მიზანი, რომ წინასწარ პატიმრობაში ვიყო მრავალი წლის განმავლობაში, ჩემი გასამართლების გარეშე…
წამყვანი: მე მესმის თქვენი არგუმენტები, თუმცა მე გეკითხებით – როდესაც თქვენ საქართველოს სასამართლო კორუფციაში გადანაშაულებთ, ამბობთ, რომ საქმე გაყალბებულია, თუმცა როდესაც თქვენ ადანაშაულებთ ვინმეს კორუფციაში, მიიჩნევთ, რომ ისინი უნდა დააკავონ. ამ დროს თქვენ ხართ გაკრიტიკებული უფლებადამცველი ჯგუფების მიერ.
სააკაშვილი: ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო…
წამყვანი: თუმცა ისინი აკრიტიკებდნენ ასევე თქვენ მიერ ხალხის დაპატიმრებას. თქვენ გაგაკრიტიკათ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს, როდესაც პრეზიდენტი იყავით, თქვენ გაგაკრიტიკათ „ჰიუმან რაითს ვოტჩმა“ და მრავალმა სხვა ჯგუფმა.
სააკაშვილი: და რა?
წამყვანი: ეს თვალთმაქცობაა.
სააკაშვილი: მაპატიეთ, ამას არ მივიღებ…
წამყვანი: ეს არის ის, რასაც ბევრი იტყვის, ეს ორმაგი სტანდარტია…
სააკაშვილი: ვფიქრობ, სიტყვები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, რადგან მსოფლიო ბანკმა გამოსცა წიგნი, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ერთადერთი მაგალითი არის საქართველო. საქართველო იყო წარმატებული რეფორმების ნომერ პირველი მაგალითი მსოფლიოში. თქვენ მითხარით, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ ხალხი, დიახ, დავაპატიმრეთ კრიმინალები, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანა იყო…
წამყვანი: თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალებს აპატიმრებდით. ICG საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი აცხადებდა, რომ შეშფოთებულია თქვენი ავტორიტარული ქმედებებით, „ჰიუმან რაითს ვოტჩმა“ განაცხადა, რომ თქვენმა მთავრობამ გამოიყენა გადამეტებული ძალა დედაქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად, საერთაშორისო საზოგადოება იცავდა ჟურნალისტებს და აღნიშნავდა, რომ თქვენ ორი სატელევიზო არხი დახურეთ. ყველა ისინი კრიმინალები იყვნენ?
სააკაშვილი: რა თქმა უნდა არა. ეს იყო აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო პუტინის ფულით. ჩვენი უსაფრთხოების ძალები არ იყო იდეალური, ჩვენ ვერ ვაქცევდით საქართველოს რვა წელიწადში ლიბერალურ დემოკრატიად, თუმცა არარსებული სახელმწიფო იქცა ევრაზიაში წარმატებული რეფორმების საუკეთესო მაგალითად. არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა ცვლილებები ასე კარგად ცხრა წლის ვადაში და ეს კარგად ნაცნობი ფაქტია. სწორედ ამიტომ მომიწვიეს უკრაინაში, სწორედ ამიტომ მაქვს ახალგაზრდების, ახალგაზრდა რეფორმატორების, განათლებული უკრაინელების მხარდაჭერა, ასევე საქართველოში…
წამყვანი: ახსენეთ პუტინი. თქვენ დასავლეთი და მთელი მსოფლიო ყველაზე კარგად გიცნობთ იმით, რომ 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი იყავით, როდესაც თქვენი ქვეყანა წავიდა ომზე რუსეთთან და ხუთ დღეში დაახლოებით ათასი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. ევროკავშირის კომისიის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ ამომწურავ ათასგვერდიან ანგარიშში საქართველო, თქვენ და არა პუტინი, დადანაშაულებულია ამ ომის დაწყებაში. ბევრი იტყვის, რომ სისხლი თქვენს ხელებზეა.
სააკაშვილი: ეს სრული სიცრუეა. მათ არასდროს დავუდანაშაულებივართ, მით უმეტეს ცალმხრივად. მათ თქვეს, რომ თავდაპირველად რუსეთის ჯარი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენმა სამხედრო შენაერთებმა უპასუხეს სხვა ქვეყნის ჯარს, რომელიც შეიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე ომის დასაწყებად.
წამყვანი: მე მაქვს ანგარიშის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ომი საქართველომ გამოიწვია, როდესაც თავს დაესხა ცხინვალს მძიმე არტილერიით. არ არის დადასტურებული, რომ რუსეთმა დაიწყო შეტევა, როგორც თქვენ ამტკიცებთ.
სააკაშვილი: არა, ეს ასე არ არის, წაიკითხეთ ყურადღებით, მანამდე ნათქვამია, რომ ჩვენ დავუპირისპირდით რუსულ ჯარს, რომელიც უკვე შეჭრილი იყო ჩვენს ტერიტორიაზე და ამის შემდეგ თქვენი ციტატა.
წამყვანი: თუმცა ჩემ მიერ მოყვანილ ციტატაში ნათქვამია, რომ ომი დაიწყო საქართველომ, თქვენ გამოიწვიეთ ომი, რომელსაც თითქმის ათასი ადამიანი შეეწირა!
სააკაშვილი: როდესაც ისინი უკვე შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვუპასუხეთ. ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ უპასუხებს მის ქვეყანაში შეჭრილ უცხო ქვეყნის ჯარს, არის მოღალატე. ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც მის ქვეყანაზე თავდასხმისას არ იყენებს სამხედრო ძალას, არის მოღალატე.
წამყვანი: ანგარიშში ნათქვამია, რომ თქვენ გადააჭარბეთ, როდესაც მძიმე არტილერია გამოიყენეთ.
სააკაშვილი: ღვთის გულისათვის! ასჯერ პატარა ქვეყანაში შეიჭრა ასჯერ დიდი მტერი. ჩვენ გვბომბავდა 200 რუსული თვითმფრინავი, ასი ათასიანი ჯარი და თქვენ გინდათ, რომ ჩვენ წინააღმდეგობაც არ გაგვეწია? რაზე მესაუბრებით?!
წამყვანი: მე არა, მე მომყავს ევროკავშირის კომისიის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით. კითხვა შემდეგია, არის თუ არა ეს გამართლებული საერთაშორისო სამართლით? ანგარიში ამბობს, რომ არა. ეს ჩემი სიტყვები არ არის! ეს არის ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში.
სააკაშვილი: ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ მსხვერპლის დადანაშაულება.
წამყვანი: ანუ თქვენ გჯერათ, რომ შვეიცარიელი დიპლომატი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიკერძოებული იყო?
სააკაშვილი: მე მჯერა, რომ ფაქტები იყო ძალიან სასტიკი. ჩვენ თავს დაგვესხნენ, ჩვენ ვერ დაგვადანაშაულებენ იმაში, რომ თავს დავესხით, ჩვენზე თავდასხმა განხორციელდა და ეს ფაქტია. დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი, ისინი დედაქალაქის მიმართულებით მიდიოდნენ და ჩვენს დედაქალაქში შესვლა ვერ შეძლეს, რადგან აშშ ჩაერია, რადგან ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა, რადგან ექვსი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა და ჩვენს ხალხს გვერდში დაუდგა რუსული ბომბდამშენების ქვეშ და ამან ფიზიკურად დაიცვა ქვეყანა.
ინტერვიუს დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ოლიგარქებისგან უკრაინისა და საქართველოს გასათავისუფლებლად იბრძოლებს.
„უკრაინა აუცილებლად გახდება ევროპის სუპერსახელმწიფო, საქართველო კი კვლავ დაიბრუნებს ყველაზე წარმატებული რეფორმების ნათელი მაგალითის სტატუსს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
1tv.ge